როგორ დაისვენა თურქეთში და ბოლომდე გაერთო პრეზიდენტთან ერთად ვასო ფხაკაძე და რაში არ ჩამორჩა მას
ვასო ფხაკაძეს მკითხველის წინაშე წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ კამერებისა და იმ „სკეტჩების“ მიღმა, რომელსაც ტელევიზიით უყურებს მაყურებელი, სულ სხვა ვასო დგას. საკმაოდ მშვიდი, სერიოზული, ცოტა მორიდებული (როდესაც საქმე გოგონებზე საუბარს ეხება), დადებითი, რომლის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადგილი ეკლესიას და მართლმადიდებლობას უკავია.
ვასო ფხაკაძე: წელს თურქეთში დავისვენეთ მე და გიო აფციაურმა. ერთი სიტყვით მე და „პრეზიდენტი“ ვისვენებდით ერთად თურქეთში. ძალიან კარგი იყო მასთან ერთად დასვენება, მშვენივრად გავერთეთ. კარგად რომ გვინდოდა დაგვესვენა, ამიტომ წავედით ერთად უცოლოები.
– აქტიურად დაისვენეთ თუ მშვიდად?
– რა აქტიურად, პირიქით, მონატრებული ვარ სიმშვიდეს, სიწყნარეს. დისკოთეკებზე არ წავედით, თუმცა, რამდენჯერმე, თორემ მერე წავედით. სამაგიეროდ, თურქებს კარგი ტკბილეული აქვთ და ამ მხრივ მე და გიო არ ჩამოვრჩით ერთმანეთს.
– გარუჯული გოგონებიც იყვნენ...
– გარუჯული გოგონებიც იყვნენ – რუსებიც, უკრაინელებიც და ირანელებიც. ჩემთვის ვცურავდი და ერთი ირანელი ქალი ჩამოხტა, სპეციალური საცურაო სამოსი ეცვა – მთელი ტანი ჰქონდა დაფარული. ვიფიქრე, ვიღაც ნინძა ბანაობს-მეთქი. არაჰიგიენურია, მაშინვე წამოვედი.
– მთელი წლის განმავლობაში მუშაობ, იღლები, შვებულების დროს აღდგენილი ენერგია, საინტერესოა, რამდენ ხანს გყოფნის?
– აღარ მყოფნის. სამსახურში რომ მოვალ დილის 10 საათზე, აღარ არის ენერგია, მორჩა. აქ მთავრდება ყველაფერი. სახლზე მეტ დროს სამსახურში ვატარებ და როცა ვისვენებ, მაშინაც მენატრებიან ბიჭები.
– არ მითხრა ახლა, თურქეთში, რომ ისვენებდი, მიშა, ნიკა და დანარჩენი ბიჭები გენატრებოდა?
– სიტუაციები მენატრებოდა, ბიჭებიც მენატრებოდნენ და კიდევ უფრო, რომ მოგვნატრებოდა ერთმანეთი, არ დავრეკე. ახლა რაღაც თევზაობა შემოვიდა მოდაში ჩვენს „სასტავში“. მე ვნადირობ კიდეც, ვთევზაობ, მაგრამ ესენი ვერ ავიყოლიე. ისე, გრიგოლია და ვართე ჩემზე მაგარი „რიბაკები“ არიან. მე ნადირობა უფრო მხიბლავს. ძირითადად, ფრინველზე ვნადირობ. ჩემი მეგობრის, ახალი, გაუხსნელი თოფი მქონდა, „კარდონის“ ყუთში იდო. არ ამომიღია ყუთიდან, ვიცოდი 12-კალიბრიანი იყო. შესაფერისი ტყვიები ვიყიდე და წავიღე. თავისი თოფი ყველამ კაბურიდან „დააძრო“. მე ეს ყუთი ამოვიღე, დამცინოდნენ, სანადიროდ „ბანბანერკით“ მოვიდაო.
– სხვა რა გატაცებები გაქვს?
– ავტომობილები, საერთოდ, მოტორი რასაც აქვს, ყველაფერი მიყვარს. ჭაც მიყვარს, იმიტომ, რომ მოტორი აქვს. სწრაფად სიარულიც მიყვარს, ოღონდ, როდესაც მარტო ვარ. თუ ვინმე მიზის ავტომობილში, არ დავდივარ სწრაფად. ცუდ ხასიათზე, ჩემი საჭესთან დაჯდომა არ შეიძლება, ძალიან ჩქარა დავდივარ.
– როგორია ვასო ცუდ ხასიათზე?
– უმიზეზოდ არასდროს ვჯაჯღანებ. ისე, მომთხოვნი, წესრიგის მოყვარული ვარ. კიდევ, არ მიყვარს, როცა აგვიანებენ, ლოდინს ვერ ვიტან.
– გოგონებს უყვართ, ბიჭებს რომ ალოდინებენ.
– პაემანზე ვიყავი, მითხრა ახლა ჩამოვალო, გავიდა 5 წუთი. დავურეკე, თმას გავისწორებ და ჩამოვალო. ვიცი, რომ თმის გასწორებას დიდი დრო სჭირდება. არა, მალე ჩამოვალო. გავიდა 10 წუთი. 15 წუთი რომ გავიდა, აღარ დავხვდი.
– ასაკის მატებასთან ერთად, ალბათ, გოგონების მიმართ მოთხოვნებიც გეცვლება.
– მართალი ხარ, ჩემი კრიტერიუმები მაქვს, პრეტენზიული ნამდვილად არ ვიქნები. გააჩნია, გოგონა რისთვის მოგწონს. ერთჯერადი ურთიერთობის დროს მოთხოვნები ძალიან მცირდება, ვიზუალურ მხარეს არ ვგულისხმობ. ზოგადად, კომუნიკაბელური ადამიანი უნდა იყოს, მარტო იმაზე რომ გელაპარაკება – იმან ეს მუსიკა ჩაწერა; ჯეკსონი რომ მოკვდა; ვაჟა-ფშაველა დიჯეი რომ „გონია, ასეთ ადამიანთან ვერ მექნება ურთიერთობა. ზოგს ვაჟა-ფშაველა „ვაჟელი“ ჰგონია და ასეთ ადამიანთან, რომ გაქვს ურთიერთობა, მერე უკვე აღარაფერი ხდება.
– ალბათ, ყველა გეკითხება, ვასო რატომ არ მოგყავს ცოლიო. ისე, მგონი, ამ შოუ-ბიზნესში შენ დარჩი დასანიშნი.
– ხშირად მეკითხებიან, ვასო, უკვე ახალ სახლში გადახვედი, რატომ არ მოგყავს ცოლიო. ყველაფერს თავისი დრო აქვს, არ ვბრაზდები, ხალხს აინტერესებს. ყველაფერი კარგად არის, როცა იქნება, მაშინ მოვიყვან.
– მშობლები არ გსაყვედურობენ, შვილიშვილები გვინდაო?
– ჩემმა დამ გადამარჩინა, თორემ აქამდე მომკლავდნენ. ჩემი დისშვილები სიტუაციას ანეიტრალებენ და ისე ხშირად აღარ მსაყვედურობენ. ძალიან ყურადღებიანი ბიძა ვარ. ვანებივრებ ბავშვებს. დავურეკავ, აბა, ჩაიცვით-მეთქი და სადმე გავასეირნებ. ყველაფერს ვუსრულებ, რაც კი უნდათ. რა უნდა თქვან, რომ მე არ შევუსრულო.
– წარმოგიდგენია, როგორი მეუღლე იქნები?
– ძალიან კარგი, ყურადღებიანი, ბავშვები მიყვარს და ჩემს გვერდით ვინც იქნება, ისიც მეყვარება.
– გახსოვს, შენი პირველი საქმე, პირველი შემოსავალი?
– პირველად 10 წლის ვიქნებოდი, ფული რომ ვიშოვე. თუმცა, უფრო პატარა ვიყავი, როდესაც რაჭაში მე და ჩემი და კონცერტებს ვატარებდით, ფულს ვიღებდით, 10 წლის კი ვცეკვავდი და გასტროლებზე დავდიოდი. მახსოვს, დედაჩემს ბუდაპეშტიდან ყავის სერვიზი ჩამოვუტანე, დანარჩენი ფულით კი სულ კანფეტები ვიყიდე. ძალიან გაუხარდა, დღემდე შენახული აქვს. ბავშვობიდან მიყვარს, როდესაც ვინმეს რამეს ვჩუქნი, არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება. მეც, რომ მჩუქნიან ძალიან მიხარია, მაგრამ უფრო მიყვარს, როდესაც მე ვუკეთებ სხვას საჩუქარს.
– რას სჩუქნი გოგონებს?
– ძირითადად, ორიგინალური ვარ და ორიგინალურ საჩუქრებსაც ვუძღვნი ხოლმე მათ. გააჩნია ვინ არის, რა სტატუსი აქვს, ზოგს საერთოდ არაფერს ვჩუქნი.
– შენთვის თუ გაუკეთებიათ ძვირფასი საჩუქარი?
– შარშან მაჩუქეს „როლექსის“ საათი, ძალიან მაგარია. საერთოდ, მიყვარს საათები და ბევრი მაქვს.
– როგორც მივხვდი, ძალიან საყვარელი ბავშვი ყოფილხარ – ბოლოს და ბოლოს დედას ყავის სერვიზი ჩამოუტანე.
– არა, რა საყვარელი, ძალიან ცელქი ვიყავი. ბოროტი ხუმრობები არ ვიცოდი, მაგრამ ყველაფერს ვაფუჭებდი. ხიფათიანიც ვიყავი და ახლაც ვარ – ხელი, ნეკნი, ფეხი მაქვს მოტეხილი, თავი და შუბლი კი – გატეხილი. რამდენიმე დღის წინ, მიშამ ხელი მომტეხა. არ სჯეროდათ, რომ მოვიტეხე. საავადმყოფოში წავედი, რომ ჩამისვეს, აააააა – ვბღაოდი თურმე. თუ კაცი ხარ, შრამიც გექნება და ხიფათიანიც იქნები.
– რა არის შენთვის ყველაზე დიდი კომფორტი?
– ძალიან მიყვარს ბუნება, მეგობრებთან ერთად ყოფნა. სტრესულ სიტუაციაში მიწევს მუშაობა – გადაღება, განათებები, იღლები ადამიანი. გინდა, გახვიდე, დაისვენო. ამიტომ, მიყვარს სანადიროდ წასვლა. შეიძლება, არაფერი მოვინადირო, მაგრამ 10-15 კილომეტრი გავიარო. მერე კარგად გეძინება და მეორე დღეს კი, ფეხები გტკივა, მოკლედ, კარგად დაღლა მიყვარს.
– ყველას ცხოვრებაში არის წინააღმდეგობები, როგორ ცდილობ მათ გადალახვას?
– ეს ცხოვრება წინააღმდეგობით არის სავსე და უნდა გადალახო. რამდენჯერაც წაიქცევი, იმდენჯერ უნდა წამოდგე. მაშინ ხარ ვაჟკაცი, რაც მეტ გამოცდას უძლებ. ელემენტარულად, როდესაც შენი შრომით იყიდი რაღაც ნივთს, გსიამოვნებს და სხვა მუღამი აქვს.
– როგორც ვიცი, შენს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ეკლესიას, სარწმუნოებას. მონასტრებში მოსალოცადაც დადიხარ.
– ამას ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ცოტა ხნის წინ, სტიქარი ჩამაცვეს. ბევრი მეგობარი მყავს სასულიერო პირებს შორის. მათთან ყოფნა ძალიან მიყვარს და ყოველთვის კარგი ემოცია მეუფლება. მათთან ერთად ტრაპეზზე ყოფნა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა.