რას უნდა შეეგუოს ერთი წლის განმავლობაში „ვიცე-მის საქართველოს“ შეყვარებული და რის ჩახშობას ცდილობს ეკა ღურწკაია საკუთარ თავში
24 წლის „პირველი ვიცე-მის საქართველო“ ეკა ღურწკაია, მშვენიერი გარეგნობის გოგონაა, სასიამოვნოდ დადებითი აურით, რაც მასთან ურთიერთობას საინტერესოს ხდის. მისი სხეულის პარამეტრებია: სიმაღლე – 1,81 მეტრი, წონა – 58 კილოგრამი, მკერდის გარშემოწერილობა – 88 სანტიმეტრი, წელი – 60 სანტიმეტრი, ხოლო თეძო – 90 სანტიმეტრი.
ეკა ღურწკაია: პროფესიით ტელე-რადიოჟურნალისტი ვარ, რადიოშიც ვმუშაობდი. ჟურნალისტის პროფესია ძალიან საინტერესოა, აქტიური ცხოვრება გაქვს. მინდა, მომავალში ჩემი ძირითადი პროფესიით ვიმუშაო და ალბათ, ასეც მოხდება. 16 წლის ვიყავი, როდესაც ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში მივედი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, იქიდან წამოვედი. 21 წლის სხვა სააგენტოში მივედი და მას შემდეგ დაიწყო ჩემი აქტიური სამოდელო საქმიანობა. ძალიან შეიცვალა ჩემი ცხოვრების სტილიც, მრავალფეროვანი და მოულოდნელობებით აღსავსე გახდა. ყოველი დღე განსხვავებული იყო, ერთმანეთს არ ჰგავდა. შემდეგ უკვე გადავწყვიტე „მის საქართველოზე“ გამოვსულიყავი, ეს იყო პირველი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე. კონკურსები მაინცდამაინც არასდროს მიყვარდა, ამიტომ არ მინდოდა, მასში მონაწილეობა. მეგობრები, ახლობლები სულ მირჩევდნენ, მიდი, ბედი სცადე, მიიღე სილამაზის კონკურსში მონაწილეობაო. ბოლოს, მეგობრებისა და განსაკუთრებულად ჩემი შეყვარებულის დაჟინებული თხოვნის შემდეგ, გადავწყვიტე კონკურსში მონაწილეობის მიღება. მან მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება. სამსახურიდან ახალი წამოსული, უმუშევარი, ცუდ ხასიათზე ვიყავი, დეპრესია მეწყებოდა. ამიტომ მირჩია, იქნებ, ბედი სცადოო. თავიდან წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ყველამ – მეგობრებმა, შეყვარებულმა პირი შეკრეს ჩემს წინააღმდეგ, ლამის, ჩემს მაგივრად შეავსეს ანკეტა. ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. ჩემს შეყვარებულს ძალიან მოსწონს სამოდელო სფერო და ყველანაირად ხელს მიწყობს.
– მისთვის, ალბათ, არა მარტო „ვიცე-მის საქართველო“, „მის სამყაროც“ ხარ.
– კი, მითხრა კიდეც, რომ მისთვის „მის სამყარო“ ვარ.
– როდესაც ასეთი ტიპის კონკურსში მონაწილეობ, ალბათ, გამარჯვების იმედიც გაქვს. შენ რამდენად ელოდებოდი ასეთ წარმატებას?
– როგორც ყველას, მეც მქონდა გამარჯვების სურვილი, თუმცა ხუთეულში გასვლაც ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, მით უმეტეს მეორე ადგილი – „პირველი ვიცე-მის საქართველო“. მომავალ წელს მომიწევს „მის სამყაროზე“ გამგზავრება, ერთი სული მაქვს, როდის წავალ. კონკურსის დროს გოგონები ძალიან ვნერვიულობდით. განსაკუთრებით ფინალის წინა დღეს ვიყავით საშინლად დაძაბულები. როცა ხუთეულში ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს, ძალიან ბედნიერი ვიყავი და მერე კი, რომ გავიგე, „პირველი ვიცე-მის საქართველო“ გავხდი, თავი უფრო ბედნიერად ვიგრძენი.
– ამ ტიტულმა, ალბათ, ბევრი რამ შეგმატა – გამოცდილება, თავდაჯერებულობა.
– საკმაოდ თვითკრიტიკული ვარ და უფრო თავდაჯერებული გავხდი. გამოცდილება შევიძინე, დამოუკიდებლად ცხოვრებასაც მივეჩვიე. ყოველდღე გადაღებები მქონდა, კამერასთან ვმუშაობდი, დილით ადრე ვიღვიძებდი, ვვარჯიშობდი და ეს ყველაფერი მომავალში ძალიან დამეხმარება. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
– როგორი ხასიათი გაქვს?
– საკმაოდ ჯიუტი ვარ, ზოგჯერ ჩემი სიჯიუტე რაღაცეებში ხელს მიშლის. ადრე უფრო ზარმაცი ვიყავი, ამ ბოლო დროს უფრო მიზანდასახული გავხდი. არ არსებობს, ადამიანმა რამე დაისახოს მიზნად და იმას არ მიაღწიოს. ჩემს ცხოვრებაში ადვილად არაფერი ხდება, გარკვეული დრო, ეტაპი მჭირდება იმისთვის, რომ რაღაც წარმატებას მივაღწიო. ამიტომ ვიცი, რომ ხელი არასდროს უნდა ჩავიქნიო და ბევრი შრომით, ადრე თუ გვიან, წარმატება აუცილებლად მოვა. ვერ ვიტყვი, რომ უიღბლო ადამიანი ვარ, თუნდაც იმაში გამიმართლა, რომ ძალიან მინდოდა, ჯავახიშვილში მესწავლა, ჟურნალისტიკაზე და მოვხვდი. ადრე ძალიან მეზარებოდა ვარჯიში, არადა, ეს მოდელისთვის აუცილებელია. მაგრამ, ახლა, კონკურსზე მივდივარ და შევეცდები, საუკეთესო ფორმაში ვიყო, სიზარმაცე დავძლიო. რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა „მის სამყაროზე“ ღირსეულად წარვადგინო.
– შენ მითხარი, როცა საქმე არ მაქვს დეპრესიული ვარო.
– როცა უმუშევარი ვარ, მაშინ მეწყება დეპრესიული მომენტები, მაგრამ ამ დროს ჩემს თავს ვაიძულებ, დეპრესია ჩავიხშო, რაღაც გავაკეთო და არ ვიყო ცუდ ხასიათზე. არასდროს ვიკეტები საკუთარ თავში და ვცდილობ, ადამიანებს დავეკონტაქტო. თუ სახლიდან არ გავედი, უფრო ცუდად გავხდები.
– ლამაზი ქალის წინაშე ბევრი კარი უფრო იოლად იხსნება, შენ თუ დაგხმარებია გარეგნობა რამეში?
– სასიამოვნოა, როდესაც კარგი გარეგნობა გაქვს და ადამიანს ერთი შეხედვით ყველაფერი უადვილდება. მაგრამ მთლად ასე არ არის, წინააღმდეგობებიც გხვდება. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს ტვირთია. პირიქით, როდესაც ლამაზი ხარ, ეს ღმერთის საჩუქარია და მას მოფრთხილება სჭირდება.
– შეყვარებული ახსენე რამდენჯერმე. დიდი ხანია, შეყვარებულები ხართ?
– ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ დაახლოებით 2 წლის წინ, საერთო მეგობრების მეშვეობით, უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს და წელიწად-ნახევარია, ერთად ვართ. სერიოზული ურთიერთობა გვაქვს.
– ამ გადასახედიდან რას ფიქრობ, რით მოგხიბლა?
– თავისი თვისებებით, თუმცა ფიზიკურმა მხარემაც დიდი როლი ითამაშა. ძალიან კეთილია, რასაც ადამიანში ყველაზე მეტად ვაფასებ. ასევე, არის ყურადღებიანი, თბილი, ძალიან ვუყვარვარ. სიურპრიზებიც უყვარს და ხშირად მიწყობს. მეც ასევე ვარ, მაგრამ მას უფრო კარგად ეხერხება ეს. ბევრი საერთო თვისება გვაქვს და დროთა განმავლობაში ერთმანეთს დავემსგავსეთ.
– როდესაც ბათუმში იყავი, ალბათ, ჩამოვიდა და გგულშემატკივრობდა, სტიმულს გაძლევდა.
– მას არ უყვარს, როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, ხასიათზე მომიყვანოს. ამას კი ადვილად ახერხებს, გამოსდის კარგად. საერთოდ, ქალისთვის დიდი სტიმულია, როდესაც შეყვარებული ხარ და იცი, მასაც ძალიან უყვარხარ. ამ დროს სხვანაირად ანათებ, ბრწყინავ, ბედნიერი ხარ. რაც მთავარია, ისეთი ადამიანია, რომ არ არის აზიატი. არ აქვს გართულება არც ჩაცმაზე, არც ჩემს მოდელობაზე. როდესაც ბათუმში ვიყავი, კონკურსამდე სამი დღით ადრე ჩამოვიდა. თუმცა, ვერ ვახერხებდი მის ნახვას. სასტუმროდან გარეთ გასვლის უფლება არ გვქონდა. მაგრამ, სულ მირეკავდა, მამხნევებდა. ფინალის დროს ჩემზე მეტად ნერვიულობდა. თავიდან ეგონა, მესამე ადგილზე გავედი და რომ გაიგო, მეორეზე ვიყავი ძალიან გაუხარდა.
– არაფერი გაჩუქა?
– ველოდები საჩუქარს, შემპირდა. თუმცა, არ ვიცი, რა იქნება. წინასწარ არაფერს მეუბნება, იცის, ჩემი გემოვნება და იმის მიხედვით მასაჩუქრებს მოულოდნელად.
– ერთი წელი მაინც ვერ დაქორწინდებით.
– „მის სამყაროზე“ უნდა წავიდე და მერე უკვე ვიფიქრებთ, ოჯახის შექმნაზე.
– ეს კონკურსი ერთი წლის მერე იქნება. ამას ეგუება?
– სხვა რა გზა აქვს, ეგუება. მისთვის მთავარია მე ვიყო ბედნიერი, წარმატებული. როდესაც გავთხოვდები, აუცილებლად ერთმანეთს შევუთავსებ საქმეს და დიასახლისობას. მეყოლება, მინიმუმ, 3 შვილი და მექნება წარმატებული კარიერა. დიდი სურვილი მაქვს, ბოლომდე ისეთი შეყვარებულები ვიყოთ ერთმანეთზე, როგორც ახლა.