კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნინო: „ლადოს დახმარებით აბსოლუტურად სხვა სამყაროში აღმოვჩნდი“


მუსიკოსები, ნინო ღავთაძე და ლადო ბურდული, როგორც თავად აღნიშნავენ, პროფესიული მეგობრები არიან. მათ მუსიკა აერთიანებთ და ერთად ბევრი კარგი რამის გაკეთებას გეგმავენ. პირველი შეფასება ნინომ ლადოსგან, პროექტ „ვარსკვლავების აკადემიაში“ გამოსვლისას მიიღო. მაშინ ლადო ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო, ხოლო ნინო – პროექტის მონაწილე. შეფასების დროს მომღერალმა ლადოსგან ის დაპირებაც მოისმინა, რომ მასთან ერთად დიდი სიამოვნებით ჩაწერდა სიმღერას. სხვათა შორის, დაპირება დაპირებად არ დარჩა, რადგან, როგორც ლადო ამბობს, მისი სიტყვა ქართულ ლარზე მყარია.


– რამდენი ხანია, ერთმანეთს იცნობთ და მეგობრობთ?

ლადო ბურდული: ეს მოხდა პეტერბურგში (იცინის). რა ერქვა იმ პროექტს? „აბრეშუმის ფაბრიკა?“

– „ვარსკვლავების აკადემია.“

– ჰო, „ვარსკვლავების აკადემიის“ ერთ-ერთი კონცერტის დროს, ჩემდა გასაკვირად, ჟიურიში ამიყვანეს. ცხოვრებაში არ მქონდა ასეთი რამ წარმოდგენილი. ვიღაცეები გამოდიოდნენ და მღეროდნენ. ყველაზე ძალიან ნინო მომეწონა – ძალიან მომხიბვლელი, ნიჭიერი, უბრალო და ქალური იყო. აქედან გამომდინარე, შეფასების დროს ვუთხარი, რომ მასთან ერთად აუცილებლად ვიმღერებდი სიმღერებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს სიტყვებს ძალიან ვუფრთხილდები და ჩემი სიტყვა უფრო მყარია, ვიდრე ქართული ლარი, დანაპირებიც შევასრულე. სხვათა შორის, რამდენჯერმე ვცადე ნინოს ტელეფონის ნომრის გაგება, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, „რუსთავი 2-ის“ არც ერთ თანამშრომელს არ აღმოაჩნდა. რაღაც დროის შემდეგ ნინო ვახო კაკულიას ნახატების გამოფენაზე შემხვდა შემთხვევით. ავუხსენი, რომ ახალი პროექტის გაკეთებას ვგეგმავდი და, მინდოდა, მასაც მიეღო მონაწილეობა. ასე რომ, დანაპირები შევასრულე, პროექტი გავაკეთეთ და გამოგვივიდა. კონცერტიც გაიმართა, სადაც ნინომ იმღერა. მალე კლიპს გადავიღებთ, ალბომიც გამოვა და ასე შემდეგ. მინდა, სხვა პროექტზეც ერთად ვიმუშაოთ. საქართველოში ძალიან ძნელია, იპოვო ზუსტად ისეთი ადამიანი, როგორიც ამა თუ იმ პროექტისთვის გყავს წარმოდგენილი. ამიტომ, ნინოსთან ერთ და ორდღიან ურთიერთობას არ ვაპირებ.

ნინო ღავთაძე: სხვათა შორის, მეც მეგონა, რომ ეს ერთ-ერთი ჩვეულებრივი დაპირება იქნებოდა, რომელიც მეტ-ნაკლებად შესრულდებოდა. ჩემდა გასახარად, ლადო სიტყვის კაცი აღმოჩნდა, რასაც მე ძალიან ვაფასებ მამაკაცებში – რასაც ამბობს, ყოველთვის აკეთებს.

ლადო: შეიძლება, ცოტა მაგვიანდება, მაგრამ, მაინც ვაკეთებ. ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

– პროექტზე ერთად იმუშავეთ და, შესაბამისად, დამეგობრდით?

– დავმეგობრდით, რადგან ნინოს ყველა ის თვისება აქვს, რაც ადამიანებში მომწონს: ის ძალიან უბრალო, პირდაპირი ადამიანია. აქვს მაღალი ინტელექტი, რასაც ძალიან ვაფასებ ადამიანში; ფიზიკურად შეხედეთ, რა გოგოა – ის რომ გაივლის, ზამთარში ხეები ხარობენ და ყვავილები იშლებიან.

ნინო: არც ვიცოდი ლადო ასეთი კარგი თვალით თუ მიყურებდი, დიდი მადლობა. მეც ვიტყვი რამდენიმე სიტყვით ლადოს შესახებ. მართლა აღფრთოვანებული ვარ მისი პიროვნებით. რამე სხვანაირად არ იფიქროთ, ჩვენ, უბრალოდ, მართლა კარგი მეგობრები ვართ.

ლადო: მე კიდევ, იმაზე „ვჩალიჩობ“, იქნებ, იფიქრონ-მეთქი (იცინის)... ვხუმრობ, რა თქმა უნდა.

ნინო: შეიძლება, ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ, წარმოიდგინეთ, ლადო ბურდულის და ქერათმიანი ქალის მეგობრობაც შესაძლებელია. მინდა, ლადოს ალბომზე და კონცერტზეც ვთქვა რამდენიმე სიტყვა: ჩემთვის მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო. ლადოს დახმარებით აბსოლუტურად სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. ვგრძნობდი, რომ რაღაც ძალიან ღირებული კეთდებოდა. ისეთი მუსიკა გამოვიდა, რომელიც ერთ და ორდღიანი არ არის. კონცერტზე სიმებიანი კვარტეტი უკრავდა, რაც ძალიან მენატრებოდა. მოკლედ, მიხარია, რომ ამ ყველაფერში პატარა მონაწილეობა მეც მივიღე.

ლადო: ნინო წითელი კაბით გამოვიდა კონცერტზე. ირგვლივ ყველაფერი შავ-თეთრი იყო და მარტო ეს ანათებდა თავისი ქერა თმით. როცა ეს მუსიკა იწერებოდა, ხმა განსხვავებული უნდა ყოფილიყო და მუზის ხმად წარმომედგინა. ასეც გამოვიდა. ძალიან კარგი კონცერტი იყო.

– ლადო, როგორ ფიქრობ, ნინო მეტხანს უნდა დარჩენილიყო „ვარსკვლავების აკადემიაში?“

– თუ დამიჯერებთ, ჟიურიში რომ ვიყავი, იმ დღის შემდეგ საერთოდ აღარ მინახავს „ვარსკვლავების აკადემია.“ იქ დაიწყო და იქ დამთავრდა ჩემი ამ პროექტთან შეხება. მითხრეს, ჟიურიში კიდევ იყავიო, ამისთვის კი მე თანხები მოვითხოვე, ეგრე სად არის! ერთი საღამო რომ ვიჯექი ჟიურიში, მივხვდი, რომ არაორდინარული რაღაცეები ვილაპარაკე – რაც ვარ, ის ენერგია შევიტანე და შოუ გაკეთდა იმ თვალსაზრისით, რომ საინტერესო გახდა. ყველა მე მიყურებდა და ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი. შოუ კი ფული ღირს, ამიტომ, აღარ დავთანხმდი.

– როგორ შეაფასებთ დღევანდელ ქართულ შოუ-ბიზნესს?

– არ ვუსმენ და, რომც ვუსმენდე, ჩემი რეცეფტორები მაინც ვერ აღიქვამენ, ანალიზებს ვერ ვაკეთებ, რადგან, ეს ის მუსიკა არ არის, რაც მე დამაინტერესებს. მომღერლებს რომ ვუყურებ – მღერიან, წვალობენ, რესტორნებში დარბიან. სიმართლე გითხრა, მეცოდებიან.

ნინო: ანუ, ჩემნაირი ხალხი ეცოდება.

ლადო: არა, ნინო, შენ რესტორანში არ მღერი, მუშაობ. კარგ რესტორნებში არა, მაგრამ, სახინკლე რესტორნებში მაგრა „ტეხავს“ სიმღერა.

– აღნიშნე, ნინო რესტორანში კი არ მღერის, მუშაობსო. როგორ ფიქრობ, აძლევს ეს ყველაფერი მომღერალს იმის შესაძლებლობას, რომ მუდმივად ფორმაში იყოს?

– როცა მაგას გავაკეთებ, მერე მეცოდინება, ზეპირად ვერ გაგცემ პასუხს.

ნინო: რა თქმა უნდა, გამოცდილებისთვის ძალიან კარგია კარგ რესტორანში ყოველ საღამოს სიმღერა, მაგრამ ამ ყველაფერს თავის მინუსებიც აქვს – შემოქმედებითი მხარე ცოტა ზიანდება, რადგან, ვეღარ იცლი იმისთვის, რომ ახალი სიმღერა ჩაწერო და საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმო. ლადომ სწორად აღნიშნა: რესტორანში კი არ ვმღერი, ვმუშაობ.

– ყველაზე მეტად ერთმანეთის რა თვისება მოგწონთ?

ლადო: ნინოსი ის მომწონს, რომ უბრალო გოგოა, ცხოვრებანანახი ადამიანია, არ გოიმდება და ყალბი ფასეულობები არ აქვს, რაღაცეებზე რომ ავარდეს. ზუსტად ისეთს ხედავს საგნებს, როგორიც არის – ეს ჩემთვის ადამიანის შეფასების დროს ძალიან დიდი ფაქტორია.

ნინო: ლადოში ის მომწონს, რომ აბსოლუტურად სხვა ტიპაჟია. როგორ ვთქვა, ძალიან არა- ქართულია, თითქოს მთვარიდან არის ჩამოვარდნილი.

ლადო: არადა, მე ვიცი, რომ ძალიან ქართველი ვარ.

ნინო: მე ისეთი აღქმა მაქვს, რომ ლადო ძალიან თავისუფალი და ძლიერი პიროვნებაა. საკუთარ თავს ამ დონის თავისუფლება რომ მისცე, ძალიან დიდი ძალა გჭირდება. არის ძალიან პირდაპირი და უნიჭიერესი ადამიანი. რა თქმა უნდა, ლადო ბურდული ვინ იყო, ვიცოდი, მაგრამ, მის შემოქმედებას კარგად არ ვიცნობდი. რაც გავიცანი, მივხვდი, რომ გენიოსია. ლადოს „გენიოსას“ ვეძახი. მინდა, რომ ამ ადამიანს გაუფრთხილდნენ და აფასებდნენ. კიდევ, ლადოში ძალიან მომწონს ის თვისება, რომ უერთგულესი მეუღლეა. მისგან არასდროს შემინიშნავს ისეთი გამოხედვა, როგორც კაცი ქალს უყურებს. ამიტომ ამ მხრივაც ძალიან დიდ პატივს ვცემ.

– როცა ორ ადამიანს რამდენჯერმე ერთად დაინახავენ, მაშინვე ჭორების ტალღა გორდება. თქვენს შემთხვევაში თუ იყო მსგავსი რამ?

ლადო: ყველა თავისი გადმოსახედიდან იყურება. მაინც ვერაფერს შეცვლი, მაინც ისე იფიქრებენ, როგორც აწყობთ. მთავარია, ჩვენი საქმე გამოვიდეს და ჩვენი მიზანი იყოს მიღწეული პროფესიულ ვარიანტში. ვინ რას იფირებს და რას იტყვის, საერთოდ არ მაინტერესებს. შემხედეთ: ვინ რას ფიქრობს, იმაზე რომ ვდარდობდე, მეტყობა რამე?! ეს ჩემთვის მეათეხარისხოვანია, რაც უნდათ, ის უფიქრიათ.

– ლადო, ძალიან განსხვავებული იმიჯი გაქვს, არავის არ ჰგავხარ. შენი იმიჯი გარკვეულ სიტუაციებში ხომ არ გზღუდავს? სადაც აუცილებელია ეტიკეტის დაცვა, შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი მიხვალ თუ მაინც შენი სტილის ერთგული დარჩები?

– იცი, რა არის? რაც არ უნდა ჩავიცვა, მაინც შორტები მეცმევა და, რა აზრი აქვს? ჩემი შარვალ-კოსტიუმიც სხვანაირია. ჩემი იმიჯი ადრე უფრო მიშლიდა ხელს ქუჩაში სიარულის დროს და „პრიშჩიკებიან“ თინეიჯერ ტიპებთან ბევრი კონფლიქტიც მქონდა. რაღაცას რომ მოგაძახებენ, მე ვერაფერს ვერ „ვატარებ,“ ყველასთან მივდივარ და, უხერხულად ჟღერს, მაგრამ, ამხელა კაცი ლაწირაკებსაც შევკამათებივარ. რა ვქნა, ასეთი ვარ, ყურებს იქით ვერ ვატარებ და არ ვიქცევი ისე, ვითომ ვერ გავიგე. მიშამდელ საქართველოში ძალიან სერიოზული კონფლიქტებიც მქონია. ახლა უკვე რაღაც დონეზე პატრულს უმუშავია და ეს ჩაცუცქული ბიჭები ქუჩაში აღარ სხედან, არც იმდენი უაზრო ნარკომანია.

– ნინო შენ თუ მოგწონს ლადოს იმიჯი?

ნინო: დავიწყოთ იმით, რომ ყოველთვის მომწონდა გრძელთმიანი მამაკაცები, რაც ჩემში აღფრთოვანებას იწვევდა. სტილს რაც შეეხება... ლადო ბურდულია, რა! რა ვთქვა მეტი?

ლადო: სხვათა შორის, მე არასდროს ვმუშაობ იმაზე, რომ გოგონებს მოვეწონო – ამას პირდაპირ გეტყვით. ვცხოვრობ ისე, როგორც კომფორტულად ვგრძნობ თავს.

– ერთმანეთის მიმართ კრიტიკულები ხართ?

– ნინოს თუ რამე არ მოსწონს ჩემს მუსიკაში, მეტყვის და მე თუ რამე არ მომეწონა – ვეტყვი.

– მუსიკის გარდა?

– ჩვენ ასე ღრმად არ ვმეგობრობთ. როცა საქმეს სჭირდება, ერთად ვართ, სხვა შემთხვევაში კი, ნინოს თავისი ცხოვრება აქვს და მე – ჩემი. ჩვენ ერთმანეთთან პროფესიული მეგობრობა გვაკავშირებს.

– ერთმანეთს რას უსურვებთ?

– ნინოს ვუსურვებ, რესტორანი, სადაც მუშაობს, მისი ყოფილიყოს, იქ გაეკეთებინოს კლუბი, სადაც მარტო თავისი და ჩემი მუსიკა იჟღერებს (იცინის).

ნინო: ლადო ყველაფერს იუმორის თვალით უყურებს, მე უფრო სერიოზულად ვიტყვი: ვუსურვებ, რისი ღირსიც არის, ის ჰქონოდეს. ის ყველაფრის ღირსია. რაც მთავარია, ჰქონდეს ჯანმრთელობა და ბევრი ფული, დანარჩენს კი, რასაც უნდა, იყიდის.


скачать dle 11.3