კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ შეიძინა შერის შავი ბიუსტჰალტერი და რამდენად გაიყიდა ლეგენდარული ჯონ ლენონის ყელსაბამი-თილისმა


თავიანთი კერპების გამო, თაყვანისმცემლები და ფანატები თითქმის ყველაფერზე არიან წამსვლელნი. ისინი ყველა შესაძლებლობას იყენებენ, რომ ვარსკვლავებს მიუახლოვდნენ და ხელით შეეხონ, ხოლო თუ მათი კერპი მიუწვდომელია, ფანები ნებისმიერი თანხის გადახდაზე არიან თანახმანი, თავიანთი კერპის ნაქონი ნივთის ხელში ჩასაგდებად. სწორედ ასეთი „გიჟმაჟი“ თაყვანისმცემლებისთვის პერიოდულად იმართება აუქციონი, სადაც ვარსკვლავების ნაქონი ნივთები და სხვადასხვა წვრილმანები იყიდება.

მერლინ მონროს ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ვარსკვლავური მომენტი 1962 წლის 19 მაისი იყო. იმ დღეს ქერათმიანმა სექს-სიმბოლომ პრეზიდენტ ჯონ კენედის 45-ე დაბადების დღის აღსანიშნავად შეასრულა სიმღერა „ჰეფი ბიორს დეი მისტერ პრეზიდენტ“. კაბა, რომელიც იმ დროს მონროს ეცვა, მოგვიანებით 1,27 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა ერთ-ერთ აუქციონზე. თუმცა, მონროს ფანატები, არა მხოლოდ თავიანთი კერპის გარდერობით ინტერესდებოდნენ, სულ ახლახან აუქციონის მეშვეობით, მავანმა თაყვანისმცემელმა მერლინ მონროს გულმკერდის რენტგენის სამი სურათი 45 ათას ამერიკულ დოლარად შეიძინა. ყველასთვის ცნობილ „კრისტის“ აუქციონზე კი, 2005 წელს 90 ათას დოლარად გაიყიდა მერლინის ტელეფონების წიგნაკი, სადაც ვარსკვლავის ხელით იყო ჩაწერილი ჯო დი მაჯიოს, არტურ მილერის, ფრენკ სინატრას, ჰენრი ფონდას და სხვა მამაკაცების ნომრები, რომლებთანაც მონროს რომანტიკული კავშირები ჰქონდა.

2000-იანი წლების დასაწყისში პოპ-შემსრულებელი ბრიტნი სპირსი არანორმალურად პოპულარული იყო თინეიჯერებში. მისი ნაღეჭი საღეჭი რეზინი „იბეის“ ინტერნეტაუქციონზე 14 ათას დოლარად გაიყიდა.

მომღერლისა და მსახიობის შერის, ანუ უბრალოდ შერილინ სარკისიანის შავი ბიუსტჰალტერი სასტუმროების ქსელ „ჰარდ როკ ჰოტელის“ წარმომადგენლებმა შეიძინეს. ვარსკვლავური აზღუდი ლას-ვეგასში მიმდინარე ქვედა საცვლების გამოფენისთვის იყო შეძენილი. უცნობია, რამდენი გადაიხადეს ბიუსტჰალტერში, თუმცა შერის განცხადებით, მთლიანი თანხა ქველმოქმედებას მოხმარდა.

როკენროლის მეფის, ელვის პრესლის მავანმა თაყვანისმცემელმა 15 ათასი დოლარი გადაიხადა თავისი კერპის თმის კულულებში. გაცილებით არაჩვეულებრივი სააუქციონე ლოტად ითვლება ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ბოთლში ჩაბერილი ჰაერი, რომელიც 530 ამერიკულ დოლარად შეიძინა ანონიმმა მყიდველმა.

ყვავილებით მოჩითული კაბა, რომელიც ბრიტანელ ვარსკვლავ ოდრი ჰეპბერნს ეცვა ფილმში „მხიარული სახე“ ერთ-ერთ აუქციონზე 56 ათას დოლარად გაიყიდა. მავანმა მყიდველმა უარი განაცხადა თავისი ვინაობის დასახელებაზე, ხოლო კაბა იმით არის აღსანიშნავი, რომ ის ახლაც ახლებურად გამოიყურება და მისი ჩაცმა ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში შეიძლება. სხვაგვარად არის საქმე სერ ელტონ ჯონის ტანსაცმელთან მიმართებაში. ცნობილი მუსიკოსი პერიოდულად, სხვადასხვა აუქციონების მეშვეობით ყიდის თავის საკონცერტო სამოსს, თუმცა მათი ფასი იმდენად მაღალია, რომ მყიდველები თავს იკავებენ ჩაცმისგან და მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატებად იყენებენ.

ლეგენდარული ჯონ ლენონის ყელსაბამი-თილისმა, რომლითაც მან მონაწილეობა მიიღო იოკო ონოსთან ჩაწერილი პირველი ალბომის – „თუ ვირჯინის“ ყდის გადაღებაზე, ინტერნეტაუქციონზე, რომელიც „ონლაინ“-რეჟიმში“ გაიმართა, 528 ათას ამერიკულ დოლარად გაიყიდა. ლენონის კიდევ ერთი ყელსაბამი, ამჯერად ტყავის, რომელსაც ლენონი სიცოცხლის ბოლო წლებში ატარებდა „კრისტის“ აუქციონზე 234 ათას დოლარად გაიყიდა. სულ ახლახან კი, მისმა ფანმა 15 ათას დოლარად შეიძინა ლენონის უნიტაზი, რომლითაც ვარსკვლავი 1969-1971 წლებში სარგებლობდა – ბერკშირის საგრაფოში, იოკო ონოსთან ერთად ცხოვრების პერიოდში. აღსანიშნავია, რომ „ბითლზის“ წევრების თითოეული ნივთი აუქციონებზე უპრობლემოდ იყიდება. ასე, მაგალითად, ჯორჯ ჰარისონის გიტარა კერძო კოლექციონერს 567 ათას დოლარად შეხვდა.

2001 წელს „სოთბის“ ინტერნეტაუქციონზე 23 ათას დოლარად გაიყიდა მადონას შავი, ბისერებით გაფორმებული „დოლჩე და გაბანას“ ბიუსტჰალტერი, რომლითაც პოპ-ვარსკვლავი 1993 წელს, „ზი გელს შოუ უორლდ ტურში“ გამოდიოდა კონცერტებზე.

ბრიტანული სააუქციონე სახლის – „აუქშონ უორლდის“ მეშვეობით, 2001 წელს მავანმა კოლექციონერმა ჯეკ ნიკოლსონის 11 კბილი შეიძინა. თუ რა ვითარებაში აღმოჩნდა ვარსკვლავის 11 სარძევე კბილი აუქციონერთა ხელში, არ ხმაურდება, სამაგიეროდ, ცნობილია, თუ რამდენი გადაიხადა მათში ანონიმმა მყიდველმა – 10 ათასი დოლარი.

2000 წელს ჯასტინ ტიმბერლეიკი ნიუ-იორკის ერთ-ერთი რადიოს შოუს სტუმარი გახლდათ და სიჩქარეში ბოლომდე არ შეჭამა ფრანგული ტოსტები, რომლითაც მას გაუმასპინძლდნენ. ხუთი წლის შემდეგ, ტიმბერლეიკის შეუჭმელი ტოსტის ნაწილი „იბეის“ აუქციონზე 3 100 ამერიკულ დოლარად გაიყიდა. იმავე „იბეის“ ინტერნეტაუქციონის მეშვეობით 2007 წელს 2 500 დოლარად იყიდებოდა იმ სახლის შესასვლელი კარი, სადაც ლეგენდარულმა ჯიმ მორისონმა თავისი ცხოვრების პირველი ექვსი წელი გაატარა.

უელსში გამართული კონცერტის შემდეგ, მომღერალ ბრაიან ადამსს საგრიმიოროში ორი წყვილი წინდა დარჩა, რომელიც მისმა თაყვანისმცემელმა „იბეის“ დახმარებით 1 100 დოლარად შეიძინა.

2004 წელს „კრისტის“ აუქციონზე 175 დოლარად გაიყიდა შამპუნის ცარიელი ბოთლი, რომლითაც თავის დროზე თავს იბანდა ლეგენდარული „ნირვანას“ ლიდერი კურტ კობეინი.

დაბოლოს, 2010 წლის მარტში ლას-ვეგასში გაიმართა პოპ-მეფის მაიკლ ჯეკსონის ნივთების გამოფენა-გაყიდვა. 190 ათას დოლარად გაიყიდა ჯეკსონის ცნობილი ხელთათმანი, გაფორმებული სვაროვსკის თვლებით, რომლითაც იგი 1984 წელს „ვიქტორი ტურის“ ფარგლებში გამოდიოდა კონცერტებზე. 90 ათას დოლარად გაიყიდა ჯეკსონის ფეხსაცმელი, ხოლო მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ავტოგრაფი, რომელიც მან 2009 წლის 24 ივნისს მისცა მავან თაყვანისმცემელს, 21 ათას დოლარად გაიყიდა.


скачать dle 11.3