ვისთან იხსნიან კომპლექსებს ქართველი მომღერლები და რა დათმობებზე მიდის მათთან თეა გობეჯიშვილი
დღეს, თუ დიდ სცენაზე გინდა დგომა, აუცილებელია, სიმღერასთან ერთად, კარგი პლასტიკა და დახვეწილი მანერები გქონდეს. სამწუხაროდ, ქართული შოუ-ბიზნესის ბევრი წარმომადგენელი ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, საკუთარ ჩარჩოში იკეტება და მხოლოდ ხმასა და სასიმღერო შესრულებაზე აკეთებს აქცენტს.
თეა გობეჯიშვილთან ბევრმა მომღერალმა გაიარა ცეკვის გაკვეთილები და, როგორც ის ამბობს, მათი უმეტესობა დამჯერი და დამყოლია. თეას თქმით, თუ ადამიანმა მოინდომა, ყველაფერი გამოუვა და სცენაზეც ისეთ ცეცხლს დაანთებს, რომლის შემდეგაც, მაყურებელიც კმაყოფილი დარჩება, შემსრულებელიც და ცეკვის მასწავლებელიც.
თეა გობეჯიშვილი: დედაჩემმა გადაწყვიტა, მოცეკვავე გამოვსულიყავი და ძალიან მოინდომა, ყველაფერი გააკეთა, არც დრო დაზოგა და დღეს მისი მადლიერი ვარ. თავად უნდოდა, მოცეკვავე ყოფილიყო და ეს ოცნება ვერ აისრულა. მე რომ გავჩნდი, გადაწყვიტა, თავისი ოცნება ჩემით აესრულებინა და მოახერხა კიდეც. 6 წლიდან ვცეკვავ. ყველანაირ ცეკვაზე მატარა და მთელი ჩემი ცხოვრება ამ საქმით ვარ დაკავებული. ასე რომ, ბავშვობიდან ცეკვის აზარტში დედამ ჩამაგდო და ეს დღესაც არ გამნელებია (იცინის). საერთოდ, ვამბობ, რომ ბავშვი 4 წლის ასაკიდან უნდა მიიყვანოს მშობელმა ტანვარჯიშზე, რომ პლასტიკა ჩამოუყალიბდეს და ამის შემდეგ უნდა დააწყებინოს ცეკვა. მეც ასე მოვიქეცი: ჩემი გოგონა, ნიტა, 4 წლის იყო, ტანვარჯიშზე რომ მივიყვანე.
– თეა, „ვერნისაჟი” საქართველოში პირველი საცეკვაო ჯგუფი იყო, რომელიც თავისი თამამი ცეკვითა და ჩაცმულობით გამოირჩეოდა. როგორ მიგიღოთ მაშინდელმა საზოგადოებამ და თუ იყო ჩვენი ხალხი ამისთვის მზად?
– იცით რა, ვფიქრობ, რომ ყველა ცეკვას თავისი ესთეტიკა და სამოსი აქვს. მაგალითად, ლათინურ-ამერიკულ ცეკვას სწორედ ის ფორმა უხდება, რომელსაც მოცეკვავეები იცვამენ. მე ეს ფორმა ბავშვობიდან მეცვა და არანაირი კომპლექსი არ მქონდა. როგორ შეიძლება, ამ ცეკვის სხვა სამოსით შესრულება?! ეს იგივეა, ზღვაზე რომ წახვიდე და უთხრა ვინმეს, გახდილი რატომ ირუჯებიო. ასე რომ, საზოგადოებამ ჩვენი ცეკვა და სასცენო ჩაცმულობა ნორმალურად მიიღო. დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ ყველაფერს როგორ მიაწვდი მაყურებელს – სწორედ აქედან გამომდინარე იქმნება მერე შენდამი დამოკიდებულება. მართალია, თამამი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ, არა გამაღიზიანებელი. არასდროს მიგრძნია მაყურებლისგან რაიმე უარყოფითი. შეიძლება, მაშინ, როცა ჩვენ გამოვჩნდით თამამი ცეკვებითა და ჩაცმულობით, ქართული საზოგადოება ამისთვის არ იყო მზად, მაგრამ, ახლა ხომ მზადაა? (იცინის) ჩვენ სანახაობაზე ვაკეთებდით აქცენტს და ამიტომ არ იწვევდა ეს მაყურებელში არასწორ რეაქციას. გეტყვით იმასაც, რომ ქალმა ქალურობა, ეშხი და სინაზე, სცენაზეც არ უნდა დაკარგოს. მერწმუნეთ, არც ერთ პარტნიორ ბიჭს არ მოსწონს სცენაზე ხესავით გოგოსთან ცეკვა. მამაკაცური ტემპერამენტი და სიძლიერე ქალმაც უნდა იგრძნოს ცეკვის დროს – ეს სცენაზე აუცილებელია.
– თეა, ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები თუ გაკითხავენ ცეკვის შესასწავლად და რამდენად ნიჭიერები და მოქნილები არიან ისინი?
– თითქმის ყველა იმ მომღერალთან გვიწევს ერთობლივი რეპეტიციების გავლა, რომლებიც სოლო კონცერტს ამზადებენ ან დიდი გამოსვლისთვის ემზადებიან. როცა აუცილებელი ხდება მოცეკვავეების თანხლება, მომღერალიც შესაბამისად უნდა მოძრაობდეს სცენაზე, რომ ორი დამოუკიდებელი გუნდი არ იყოს და ეს ცუდად არ მოხვდეს მაყურებლის თვალს. რაც შეეხება ნიჭიერებას, ქართველი მომღერლები ნამდვილად ნიჭიერები, დამჯერები და პლასტიკურები არიან. მაგრამ, როგორ გამოიტანენ ამას მაყურებლის წინაშე – ეს სხვა საკითხია.
– შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიდან, შენი აზრით, რომელია ყველაზე დამჯერი, პლასტიკური და მოქნილი?
– ცოტა უხერხულია ჩემი მხრიდან მათზე საუბარი, ამას თქვენც კარგად ხედავთ, მაგრამ, გაოცებული და გაოგნებული ვარ თიკა ფაცაციას მონაცემებით. არ დაიჯერებთ, ისე სწრაფად, ერთ რეპეტიციაში შეუძლია, დაიმახსოვროს კომპოზიცია და შეასრულოს ნებისმიერი ცეკვის ილეთი. უნიჭიერესია და იდეალური მეხსიერება აქვს, თანაც ნებისმიერი ილეთის შესრულება უხდება. ისე ირგებს ნებისმიერ მოძრაობასა და ილეთს ერთ წამში, გეგონება, მთელი წელი მასზე მუშაობდა. ლელა წურწუმიას კი სასწაული მეხსიერება აქვს. როდესაც პირველი სოლო კონცერტი ჩაატარა, მაშინდელი მისი ცეკვის ილეთები მე კარგად არც კი მახსოვს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ დააყენოთ ლელა და ჩაურთოთ მუსიკა, ზუსტად იმავე კომპოზიციას შეასრულებს და, თან – უშეცდომოდ. მე მომწონს, როგორ მოძრაობს კახუჩელა – მას თავისებური მანერები აქვს. სტიოპაც ზუსტად ასეთია. საერთო ილეთის გაკეთება რომ გვიხდება სინქრონში, ისინი თავის მანერებს აკეთებენ და კარგადაც ჯდება. ასე რომ, სცენაზე ინდივიდუალური და დამახასიათებელი პლასტიკის სოლისტები არიან კახუჩელა და სტიოპა.
– ყველაზე ჯიუტი და ურჩი მოსწავლე რომელი აღმოჩნდა?
– ყველაზე ჯიუტი პირველ რეპეტიციაზე, აღმოჩნდა რატი დურგლიშვილი (იცინის). რატი დარწმუნებული იყო, რომ ცეკვას ვერასოდეს ისწავლიდა. პირველი რეპეტიცია მისთვის კოშმარი იყო (იცინის), მერე კი მოიხსნა კომპლექსები და ყველაფერი გამოუვიდა. თან, მე არ მიყვარს, როცა ადამიანს ვეხვეწები, უფრო, მომთხოვნი ვარ. მინდა, ყველას უყვარდეს ცეკვა და, როცა ვინმე უგულოდ უდგება ამ საქმეს ან ეზარება, მირჩევნია, საერთოდ თავი დავანებო. რატის შემთხვევაში სიჯიუტე კი არა, უფრო არაბული წიგნის წაკითხვა იყო ცეკვის სწავლა (იცინის). თუმცა, დავინახე, რომ სწავლის სურვილი ჰქონდა და ერთი კვირის რეპეტიციების შემდეგ, მაკა ზამბახიძეს, რომელიც სწრაფად სწავლობდა და ითვისებდა, რატიმ გაუსწრო. მაკას რაღაც-რაღაცეები ავიწყდებოდა ცეკვის დროს, რატის კი – არა. მერე თავადაც სიამოვნებდა ცეკვა. ამბობდა, რეპეტიციის შემდეგ დაღლილი კი ვარ, მაგრამ, კმაყოფილების გრძნობა მაქვსო. ეს კი მთავარია – ხვდები, რომ ცეკვა გიყვარს და ყველაფერი გამოგივა, თუკი მოინდომე. ყველა უცხო ქვეყანაში მომღერლები ცეკვას დიდ დროს უთმობენ და სწავლობენ ამ ყველაფერს. ქართველს კი სიმღერა და ცეკვა რომ უხდება, უდავოა. ვერავინ დამაჯერებს, თუ ნიჭიერი არ ხარ, ვერ იცეკვებო. დამიჯერეთ, თუ მოინდომე და არ იზარმაცე, ყველაფერი გამოგივა. საკუთარ თავზე ბევრი მუშაობით შედეგს აუცილებლად მიაღწევ. ნინო ჩხეიძე ძალიან მონდომებული ადამიანია. ვივარჯიშეთ და რამდენიმე რეპეტიციის შემდეგ მივხვდი, რომ რაღაც მოძრაობები ძალიან გაითავისა და მოირგო, მოუხდა და მისგან უფრო მეტი ქალურობა წამოვიდა, უფრო გათამამდა და გალამაზდა.
– დათმობებზე წასვლა თუ გიწევს და, რამ შეიძლება, წყობიდან გამოგიყვანოს?
– როცა მთხოვენ, ცოტა მარტივი მოძრაობა გავაკეთოთო, ზოგჯერ ვუთმობ, ზოგჯერ კი – არა. კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე რომ დაიწყებ მზადებას, ეს ნორმალური არაა, ამას ბევრი შრომა სჭირდება. მაგრამ, როცა დრო არ გყოფნის, სამწუხაროდ, ზოგი ცეკვის გამარტივებაც გვიწევს და დათმობაზე წასვლაც. რასაკვირველია, ბევრი კურიოზიც ახლავს თან სცენაზე დგომას და ეს ბუნებრივია. ასეთი რამ თავად დამემართა, როცა სცენაზე ცეკვის დროს ფეხსაცმელი გამძვრა და მაყურებელს თავში მოვარტყი (იცინის). ერთხელ კი მოცეკვავე გადმოვარდა რუსთაველის თეატრის სცენიდან და ისე გავბრაზდი, ვიფიქრე, ახლა ამას მოვკლავ-მეთქი. სპორტული ილეთი უნდა გაეკეთებინა, მანძილი ვერ მოზომა და გადავარდა. შემატყო, რომ ძალიან გავბრაზდი, იფიქრა, არ მეჩხუბოსო, მოვიდა და მითხრა: თეა, მე კი წავიქეცი, მაგრამ, ნახე, როგორ სექსუალურად წამოვდექიო? (იცინის) ლელა წურწუმიას ჰქონდა ერთი იმპროვიზაცია, როცა ბევრ ბიჭთან ერთად ცეკვავდა. მამულიჩა რომ მოვიდა რეპეტიციაზე, გადაირია: არ დაგინახოთ სიახლოვეს გაეკაროთ ლელას, ხელები ძალიან ახლოს მიგაქვთო. მან კი იხუმრა, მაგრამ ბიჭებმა კონცერტის დროს უფრო უარესი ჩაატარეს (იცინის). მომღერლის მაღლა აწევა სცენაზე ყოველთვის რთულია, ისეთ არაადამიანურ ხმებს გამოსცემენ ამ დროს მოცეკვავეები, შეიძლება, მათი ცოდვით დაიწვა (იცინის). ვურჩევ ხოლმე მომღერლებს, იქნებ დიეტა დაიცვათ, თორემ, ბიჭები წელში გაწყდნენ-მეთქი და, თქვენ წარმოიდგინეთ, მიჯერებენ.
– ყველაზე მძიმე ასაწევი ვინ აღმოჩნდა?
– მომღერლის აწევა ბიჭებისთვის არ არის პრობლემა, მაგრამ, გოგონებისთვის ძალიან მძიმე ასაწევი აღმოჩნდა აჩიკო მეფარიძე. მოკლედ, ასეთი დადგმა იყო: გოგონები ჩაწყობილები იწვნენ სცენაზე, მათზე უნდა გაწოლილიყო აჩი და გოგონებს უნდა გადაეგორებინათ საკუთარი სხეულით. აჩიკო აზარტში შევიდა სიმღერის დროს, ვეღარ მოზომა და ისე დაახტა გოგონებს, კინაღამ წელში გაწყვიტა. მესმის, მან ემოცია ვეღარ მოზომა, მაგრამ, მე გული მისკდებოდა, ჩემი მოცეკვავეები არ დამისახიჩროს-მეთქი. მთელი ორი კვირა გოგონები გაშეშებულები დადიოდნენ. კიდევ კარგი, ნავარჯიშები არიან და კუნთები აქვთ დაყენებული, თორემ არ იყო გამორიცხული წელში გადატეხილიყვნენ. მახსოვს, ინგრიდი რომ ჩამოვიდა საქართველოში, ჩვენთან ერთად ისწავლა ცეკვა და არც შენიშვნა სწყენია ჩემგან რეპეტიციის დროს. გემრიელად იმუშავა და ეს სცენაზეც გამოჩნდა. სოსო პავლიაშვილიც კარგი მოსწავლეა, ახასიათებს ინდივიდუალიზმი, საკუთარი მიხრა-მოხრა და ზედმიწევნით ასრულებდა ჩემს მითითებებს, ქეთა თოფურია კი უდავოდ ნიჭიერი, ლაღი, თამამი და გონიერი ადამიანია, ჰარმონიაშია საკუთარ თავთან.