ვის კრიტიკას პასუხობს მუდმივად ნანუკა ჟორჟოლიანი და რას სთავაზობს ჟურნალ „თბილისელების“ საშუალებით ის მაია ასათიანს
უსაყვარლესი ანიმაციური გმირი დღეში რამდენჯერმე გვამცნობს, რომ „ნანუკას შოუ“ 5 ოქტომბრიდან ეთერში ბრუნდება. ორი კონკურენტი გადაცემის ურთიერთობაზე ამ ბოლო დროს პრესაში ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა დაიწყო. სადაც არ უნდა შეიკრიბოს რამდენიმე ადამიანი ჭიქა ყავაზე, მათი საუბრის თემა ნანუკა ჟორჟოლიანისა და მაია ასათიანის ურთიერთობაა. რა ხდება რეალურად, ამაზე თავად ნანუკა საუბრობს, თუმცა ინტერვიუ მაინც პრეზიდენტის თემით დავიწყეთ, რომლის კულუარებზეც პრესაში ჯერ არ დაწერილა.
ნანუკა ჟორჟოლიანი: ჩვენი პირველი გადაცემა არ იქნება იმდენად პომპეზური, როგორიც გადაცემის დახურვა იყო, რადგან მერე უკვე ტემპს ვეღარ დავაგდებთ და ყველა მომდევნო გადაცემა იმაზე უკეთესი უნდა იყოს. თან, საახალწლოდ დიდი შოუს გაკეთებას ვაპირებ და მთელი ჩემი შოუს რესურსს მობილიზაციას იქ გავუკეთებ. საახალწლოსთვის კი არა, ბოლო გადაცემისთვისაც კი ვემზადები უკვე. ახალ წელს უკვე ვიცოდი, სად დავხურავდი სეზონს. ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა ბათუმი, ეს იქნებოდა სანაპიროზე, მაშინ მაგარი „გარეკილი“ მქონდა და მეგონა, ზღვასთან ისე ახლოს ჩავწერდი, რომ ტალღები პირდაპირ გადაცემაში შემოვიდოდა. მაგრამ, მერე მითხრეს, ჯერ პატარა ხარ, ასეთი რაღაცეები შეუძლებელიაო (იცინის).
– საშინელებაა, როდესაც შენს ოცნებებს ერთ წუთში გადაუსვამენ ხაზს.
– კი, ფანქველამ, ჩემმა რეჟისორმა, მითხრა: ნანუკა, ჩემო კარგო, ასე არ ხდებაო და მიწაზე დამანარცხა. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც მაგარი გამოვიდა.
– პრეზიდენტთან ინტერვიუზე მინდა ვისაუბროთ. რამდენ ხანს მიდიოდა მოლაპარაკება ამ გადაცემის ჩაწერაზე?
– თავიდან ვიოცნებე: აუ, რა მაგარი იქნება, მიშა პირადზე რომ ჩავწეროთ-მეთქი, ეს ჩემთვის ჩავილაპარაკე და, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამაზე თანხმობას მივიღებდი, რადგან მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან გახსნილი და უშუალოა, ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არავინ იცოდა, მის ამ საქციელს რა შეფასებები მოჰყვებოდა. ვფიქრობ, იცი, რისი ეშინოდა?! იმდენად გულწრფელია, იმდენად ღია პასუხებს იძლევა, რომ, შეიძლება ის, სრულიად სხვადასხვაგვარად ყოფილიყო გაგებული. მგონია, რომ პირადზე ლაპარაკს მხოლოდ ეს ფაქტორი „უკეტავდა“. რაღაცნაირი ჭრელი საზოგადოება ჩამოყალიბდა. ძველისა და ახლის გასაყარზე ვართ, ტრადიციებზე უარი ვთქვით, მაგრამ, თან ვებღაუჭებით. სიახლეები მოგვწონს, მაგრამ ამ სიახლეებში სულ ცუდს ვეძებთ და თან ვცდილობთ ეს ყველაფერი ერთმანეთთან შევათავსოთ.
– მაგრამ, ეს ოცნება შემდეგ...
– ამიხდა! პრეზიდენტს მივწერე „ესემესი“, საკმაოდ ვრცელი. მერე პრესმდივანმა დამირეკა. დარეკვას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გავბედავდი, პრესმდივანს კი ეს საკითხი ვერ ვანდე – არ გავრცელდეს ეს ამბავი და სხვებმაც არ მოინდომონ-მეთქი და, ასე თავხედურად, როგორც ამას ჩემი ელენი და ჩემი ოპრა იზამდნენ, ავდექი და მივწერე „ესემესი“. დაახლოებით ისევე ვიმოქმედე, როგორც ოპრამ დაითანხმა ობამა ინტერვიუზე (იცინის). მივწერე ვრცლად, რომ გადაცემას ვაკეთებ აქა და აქ, ამა და ამ სტილში და ძალიან მინდა, თქვენ იყოთ ჩემი გადაცემის ბოლო სტუმარი-მეთქი. არ მიპასუხა და ამაზე ძალიან ვინერვიულე. ორი დღის შემდეგ, საღამოს, დამირეკეს და მითხრეს, რომ პრეზიდენტი თანახმაა შენთან ინტერვიუზეო.
– რომ არა ეს თანხმობა, ვის ჩაწერდი, გქონდა ალტერნატივა?
– მქონდა რაღაც ალტერნატივები, მაგრამ, იმ მომენტში კონკრეტული არავინ და, მხოლოდ ერთი მიზეზით: პრეზიდენტთან მოლაპარაკება იმდენად დიდი ხნით ადრე დაიწყო და გაირკვა, რომ მასთან ინტერვიუს ჩავწერდი, რომ კონკრეტულ ფიგურებზე აღარ მიფიქრია. ჩემთვის მთავარი რა არის, იცით?! მოგასმენინოთ ისეთი ადამიანების პირადი, რომლებიც ამაზე ხშირად არ საუბრობენ. ეს იყო ჩემი მიზანი, როდესაც პრეზიდენტთან ინტერვიუ ჩავწერე. თუ ის უარს მეტყოდა, მერე ვიფიქრებდი, ვისი ინტერვიუ შეიძლებოდა, ყოფილიყო ასეთივე ბომბი. მაგალითად, პირველი გადაცემისთვის ძალიან მინდოდა ვანო მერაბიშვილის მოყვანა, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან ასევე პომპეზური გამომივიდოდა და მერე უკან-უკან წამოვიდოდი – აბა, ვანოს შემდეგ ვისთან უნდა ჩამეწერა ინტერვიუ, რომ თქვენი ინტერესი დამეკმაყოფილებინა?! ამიტომ, ამ იდეას ჩემთვის ვიტოვებ და, ადრე თუ გვიან, განვახორციელებ.
– კითხვები შეთანხმებული იყო?
– არა. ვიდრე დავსხდებოდით, მითხრა, მოდი გავიაროთ კითხვებიო. როგორ გავიარეთ, იცი?! რაღაც თემებად, მესიჯების სახით მქონდა ჩამოწერილი: ახლო მეგობარი, ბოლო ზარი, საჩუქარი... ეს გავიარეთ, მაგრამ, ორი ჭიქა რომ დავლიე, იქ მივხვდი, რომ ძალიან ბევრი ისეთი კითხვა დავსვი, რომელიც გავლილი არ გვქონია. მაგალითად – ვინ არის თქვენი ძმაკაცი? – თან, კითხვები როგორ შევადგინე, იცი?! გარდა იმისა, რომ ვუყურე ყველა იმ შოუს, სადაც პრეზიდენტი იყო, ჩამოვრეკე მთელ თბილისთან და ყველას ვეკითხებოდი, შანსი რომ გქონდეთ, მიშას რა კითხვას დაუსვამდით-მეთქი. უმრავლესობამ მითხრა, ვკითხავდი, სახლში ოდესმე თუ არის, ოჯახში როგორიაო, რასაც შემდეგ ჩემი არაჩვეულებრივი „ჩუსტი“ დაემატა. სხვათა შორის, ბევრმა მითხრა ძმაკაცზეც – მაინტერესებს, ვინ არის მისი ძმაკაციო.
– ჩაკითხვას რომ იწყებდი, ამაზე პრეტენზია არ ჰქონია?
– არა. ხომ იცით, ჟურნალისტებთან ურთიერთობა უყვარს. საერთოდ, ეს ადამიანი ყველაზე კარგად ჟურნალისტებთან და ამერიკაში გრძნობს თავს, ამ დროს არის თავის ამპლუაში. მერე იყო განხილვა: დაგესვა ეს კითხვა, დაგესვა ის კითხვაო. ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა გამაკრიტიკა – „ჩუსტის“ მაგივრად, ამაზე რომ დრო დაკარგა, სხვა რაღაც ეკითხაო. ასეთ ჟურნალისტებს ყოველთვის ვეუბნები: ყველაზე ხელმისაწვდომი პრეზიდენტი გვყავს, რომელიც ძალიან ბევრს დადის და ყველამ წინასწარ ვიცით, სად იქნება. თუ გინდათ ამ კითხვების დასმა, პრობლემა არ არის, მე თქვენ წინა დღით გაგაგებინებთ, სად იქნება პრეზიდენტი, თქვენ მიდით ჩართული დიქტოფონით და აუცილებლად მიიღებთ პასუხს-მეთქი. მე რატომ მაიძულებ, რომ შენი კითხვა დავსვა, წადი და თვითონ ჰკითხე რაც გინდა.
– ამას წინათ „ფეისბუქზეც“ ვნახე, აბსოლუტურად ყველა კრიტიკაზე ვრცელი პასუხი გაქვს გაცემული.
– ჰო, ამით ვცხოვრობ (იცინის). ყველა მეუბნება, როგორ შეგიძლია, ყველაფერს პასუხი გასცე, სად გაქვს ამის დრო და ნერვებიო, მაგრამ, იცი, როგორი ტიპი ვარ?! თუ გავიგე, შენზე ეს თქვეს, ვიგებ, ვინ თქვა, ვურეკავ და ვარკვევ ყველაფერს. თან, ეს მარტო მეგობრებთან კი არ ხდება, ყველასთან. თუ გახსოვთ, ეროსისა და მამაჩემის ინციდენტის დროს, „საკანში“ მივედი და იქ ვთქვი, აქ მოვიდეს და დამელაპარაკოს-მეთქი. იქ რომ ვყოფილიყავი, არ მოვიდოდა, მაგრამ, ადგეს ახლა და აქ მოვიდეს-მეთქი. არ შემიძლია რაღაცეების გაურკვევლობაში დატოვება. თან, ზოგჯერ იმდენად იდიოტობამდე მიდის ჩემი გულწრფელობა, რომ აღარ ვიმსახურებ ზედმეტ ჭორს. მართლა ძალიან ბევრს ვლაპარაკობ ჩემს ცხოვრებაზე და რაღა საჭიროა ზურგს უკან რაღაცეების მოგონება?!
– რატომ არის შენ მიმართ კლიშე, რომ ზედმეტად ფამილარული ხარ? სულ ამბობენ, ყველასთან როგორ შეუძლია ურთიერთობაო.
– მართლა ასეა, არ ვარ ფამილარული, უბრალოდ ასეთი ვარ და, ალბათ, ამ თვისების გამო ვუყვარვარ ყველას. თქვენ რომ ნახოთ, „ფეისბუქზე“ პირადი წერილების რა რაოდენობას ვპასუხობ, ეს კითხვა აღარავის გაუჩნდებოდა. ყველას როგორი რეაქცია აქვს იცი?! არ მეგონა თუ მიპასუხებდიო. ანუ, ვირტუალურ სამყაროშიც ვანგრევ ჩემ გარშემო შექმნილ ნებისმიერ კლიშეს, დისტანციას არ ვიტოვებ. ყველაზე მეტად რა მიკვირს, იცი?! ისეთი ადამიანები საუბრობენ უბრალოებაზე და ურთიერთობებში სიმარტივეზე, მართლა გაოცებული ვარ. მილიონჯერ მითქვამს, რომ წყალტუბოში დავიბადე და გავიზარდე. მგონი უკვე ყველას ეზიზღება ეს თემა, მაგრამ, მაინც გავიმეორებ. ისიც ხომ მილიონჯერ მითქვამს, რომ ძალიან მიჭირდა...
– და ჯართს იპარავდი.
– არა, არასდროს. ასეც არ მიჭირდა, თუმცა, ფულს ვიზოგავდი მაშინ, როდესაც მარიამი პატარა მყავდა. არც იმის ფუფუნება მქონდა, რომ ის პამპერსში გამეზარდა. მაგრამ, ახლა არ დავინახო, რომ ამაზე ვინმემ იტიროს, პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ იმ წლების გამო. სხვა რამეს ვამბობ. დღეს ისეთი ადამიანები იქმნიან იმიჯს, რომ ისინი უბრალოები არიან, დადიან მეტროთი და იცვამენ ბაზრობაზე, რომ ვგიჟდები. ხელვაჩაურის ქარხანაში რომ შეხვალთ, ჩემი ფოტო კიდია. იცით, რატომ?! იმიტომ, რომ ყველაზე ხშირად იქ ვყიდულობ ტანსაცმელს. ახლავე გაჩვენებთ ჩემს პერანგს, ისიც ხელვაჩაურშია ნაყიდი (იარლიყს მიჩვენებს, – ავტორი). უბრალოდ, გული მწყდება რომ ადამიანები მხოლოდ ამ ტიპის შეფუთვაზე აკეთებენ გათვლას, თითქოს ისინი „მარშუტკებით“ დადიან ბაზრობებზე, „მარშუტკითაც“ მიმგზავრია, ბაზრობაზე ხშირად დავდიოდი, ხელვაჩაურშიც ისე ვიმოსები, არ მგონია, მსოფლიოში სადმე შეიძლებოდეს ასე გემრიელად და იაფად ჩაცმა, უბრალოდ, არ ვფიქრობ, რომ ამის დემონსტრირება უნდა მოვახდინო. შემეკითხებით? გიპასუხებთ. ძალიან ზედმეტად მიმაჩნია, დავდგე და ვილაპარაკო, როგორ მესმის უბრალო ხალხის გულისცემა. მესმის, ძალიან კარგად მესმის მათი გუსლისცემა, თუმცა, მეორეა, გავაკეთებ თუ არა იმას, რაც, შეიძლება, კარგად გაიყიდოს, მაგრამ ამისგან ცუდად გავხდე. არის რაღაცეები, რაც მხოლოდ გაყიდვის გამო არ უნდა გააკეთო. რა არის ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი – რეიტინგი თუ ხარისხი?! ერთმნიშვნელოვნად – ხარისხი!
– „პროფილის“ პირველი გადაცემა იყო თუ არა სავსე შენზე მინიშნებებით?
– მიცეკვია თუ არა „ტრულაილაზე“?! რა თქმა უნდა, მიცეკვია (იცინის). ძალიან ხშირად მესმოდა სიტყვა „ელიტა“. რატომ ვიგულისხმები ელიტაში და, საერთოდ, რას ნიშნავს სიტყვა „ელიტა“?
– თეონა კონტრიძემ მითხრა გადასარევად მოსკოვის ელიტაზე: „ყოფილი ბოზები, გათხოვილები ყოფილ ბანდიტებზე“!
– ვაიმე, რა მაგრად უთქვამს! ესე იგი, ძალიან შორს ვარ ელიტისგან. რას ნიშნავს სიტყვა „სვეცკი“?! თუ „სისვეცკე“ გამომდინარეობს იქიდან, სად ცხოვრობ და რა მანქანით დადიხარ, მთელი სოფელი ჩამოვედით (ჩემი ჩათვლით) და ვცხოვრობთ ვაკეში. მეორე საკითხია უკვე „პროფილი“. კი, არ უარვყოფ, მივიღე მთელი გადაცემა როგორც „კბენა“, მაგრამ, ვერ მივხვდი, რატომ მოიქცა ასე. ვიცოდი, რომ მაია თვლიდა თავის სეგმენტზე, მე – ჩემს სეგმენტზე. მე არასდროს მაიას მაყურებლისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და არც მივაყენებ. მოდი, ასე დავსვათ კითხვა: ვის მიაყენეს ამით შეურაცხყოფა – მე თუ ჩემს მაყურებელს? უბრალოდ, მართლა გამიკვირდა, ვერ მივხვდი, რატომ მოიქცა ასე. უცებ რომ გამოვხტე და ვანო ჯავახიშვილის გადაცემაზე ხუმრობები ვთქვა. ხომ იქნება საშინელება? მაია ასათიანი და მე ერთად ვმუშაობდით „ალიონში“, ის იყო ჟურნალისტი, წამყვანი, რომელსაც არ ედგა სუფლიორი. მისი „აიქიუ“ იმ დროსაც ძალიან მაღალი იყო. ვერ ვიტყვი, რომ მეგობრები ვიყავით, მაგრამ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. მაიას ბავშვი, მისი სახლი – ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ახლოს იყო. მას, ალბათ, ახსოვს ნანუკა, რომელიც გარეუბანში ცხოვრობდა და მინდა, რომ ყოველთვის ახსოვდეს. მას ალბათ, ის ნანუკაც ახსოვს, მუხიანის ბაზრობაზე რაღაცეებს რომ ყიდულობდა. მაიამ ეს ყველაფერი კარგად იცის და მეც მახსოვს ის – ჭკვიანი ჟურნალისტი, რომელიც ტელევიზიის წინ ცხოვრობდა. მინდა, მას მოკითხვა შევუთვალო თქვენი ჟურნალის მეშვეობით და ვუთხრა, რომ ჩემს გადაცემაში ვეპატიჟები სტუმრად და, თუ ის უარს მეტყვის, მაშინ მან დამპატიჟოს თავის გადაცემაში.
– და მიხვალ „სვეცკად“, „პაჩკაში“.
– „სვეცკად“ არა, ვერ ვიტან ამ სიტყვას. პირველად თქვენი ჟურნალის საშუალებით ვპატიჟებ მას ჩემთან, თუ არა და, მე მივალ.
– რას ჰკითხავ?
– საერთოდ არ ვკითხავ არაფერს. დავდგამ ლამაზ შოუს და დავარწმუნებ, რომ იმ მითქმა-მოთქმაზე გაცილებით უფრო მაღლა ვდგავარ.
– იმასაც ამბობენ, რომ მაია იძულებულია, რაღაცეები პირდაპირ უთხრას ნანუკას, რადგან ის საოცრად იბრძვის რესპონდენტებისთვის, ანუ, ექსკლუზივების „ახევები“ მიდისო.
– აბა, სხვანაირად როგორ წარმოგიდგენიათ?! თქვენ არ ომობთ კონკურენტებთან ექსკლუზივებზე?! მაგრამ, რაც შეეხება გავლენის, კავშირებისა და ძალის გამოყენებას, დამერწმუნეთ, მაია ჩემზე გაცილებით გავლენიანია. რას ნიშნავს გავლენა?! – ამდენ ხანს ბაზარზე ყოფნას, სტაბილურ რეიტინგს. სულ ვამბობ, რომ მაია ასათიანი სუპერრეიტინგული გადაცემის წამყვანია. ქართველები როგორი ხალხი ვართ, იცი?! ან რაღაცაზე ვგიჟდებით, ან – ვილანძღებით. ხშირად ვკითხულობ პოსტებს: „მაია ასათიანი მოკვდეს“, „მოაშორეთ ეკრანს“, „გული მერევა ნანუკა ჟორჟოლიანზე“. ზუსტად ვიცი, ასეთ დროს მაია დამიცავს, ისევე, როგორც მე – მას. ეტყობა, ეს აურა მასზეც მოქმედებს. ამას წინათ წავიკითხე – გადაცემას ვამთავრებ, სახლში მივდივარ და მარტო ვრჩებიო. უცებ გვერდიდან შევხედე მთელ ამ სიტუაციას: გოგო კვირაში შვიდი დღე შეუსვენებლად შრომობს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი გადაცემა რეიტინგული იყოს, მაქსიმუმს აკეთებს, მერე მიდის სახლში და რჩება მარტო. ამ დროს კი, შეხედეთ მეორე გოგოს, რომელიც არის ახტაჯანა, ჩვეულებრივი თავხედი, რომელიც აკეთებს გადაცემას, თან, მაგრად ერთობა, მერე სახლში მიდის და – ბედნიერია. ამის წაკითხვის შემდეგ, მინდა, ვუთხრა: თუ რამე მიწყენინებია მისთვის, ბოდიშს ვუხდი.
– რა იქნება შენს პირველ გადაცემაში?
– ცნობილ ადამიანებს მოვატანინე ჩემოდნები, რომ ყველას ენახა, რითი დადიან ისინი დასასვენებლად. ისეთები უდევთ იმ ჩემოდნებში, გადაირევით. რატომ ჩადეს, არ ვიცი, ალბათ, იცოდნენ, რომ გავახსნევინებდი. შოკირებული ვიყავი და დიდი მადლობა მათ, რომ ხელი შემიწყეს შოუს გაკეთებაში. ასევე, იქნებიან კალათბურთელების ცოლები. მაქვს ფაჩულიას ტელეექსკლუზივი – მან ჯვარი დაიწერა, „ნანუკას შოუ“ დაპატიჟა და გადავიღეთ ეს ლამაზი მოვლენა. მოკლედ, ყველა გადაცემა სულ სიურპრიზები იქნება.