როგორ აკურთხა ქურდებად პატიმრები ქურდულ ზონაში მილიციის კაპიტანმა
ზონის მაყურებელი
ჩემი პროფესიის მიუხედავად, თოთხმეტი თვე პატიმრობაში მაქვს გატარებული და მაგადანში ერთ-ერთი ქურდული ზონის მაყურებელიც კი ვიყავი. ეს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ-ერთ უმაღლეს საბჭოთა ხელისუფალს ძვირფასი ქვების უნიკალური კოლექცია მოჰპარეს ქურდებმა. ბოროტმოქმედების უშუალო მონაწილეები აყვანის ოპერაციის დროს დაიღუპნენ, მაგრამ მოპარული ნივთები გაქრა. ამ საქმეს უშიშროება იძიებდა და მათ რამდენიმე ქურდი ისე დაამუშავეს, რომ შემოაკვდათ, თუმცა მოპარული ნივთების კვალს მაინც ვერ მიაგნეს. ამიტომ, „შეგზავნის“ ოპერაციის ჩატარება გადაწყდა და ამ როლისთვის მე შემარჩიეს. ერთი თვის განმავლობაში „კაგებემ“ სათანადოდ მომამზადა. შემდეგ სათანადო ქურდული ბიოგრაფია შემირჩია და მაგადანის ერთ-ერთ შავ ზონაში გამამწესეს, სადაც კანონიერი ქურდები და ცნობილი ავტორიტეტები იხდიდნენ სასჯელს. იმ ზონაში ისხდნენ ისინიც, რომლებმაც სავარაუდოდ, მოპარული ნივთების ადგილსამყოფელი იცოდნენ. მე სწორედ მათთან უნდა დამემყარებინა კონტაქტი და მოპარული ნივთები აღმომეჩინა.
იმ პერიოდში 32 წლის ვიყავი და კაპიტნის ჩინი მქონდა. ზონაში „კაპიტნის“ სახელით შევედი. ლეგენდის მიხედვით, ეს ტიტული ახალი შეძენილი მქონდა პერმის ერთ-ერთ ზონაში. ქურდებმა გადაამოწმეს და როდესაც დადებითი პასუხი მიუვიდათ, უკვე თამამად მიმიღეს თავიანთ ქურდულ ოჯახში. ყველა ქურდული „ქსივა“ ჩემ შესახებ, რა თქმა უნდა, „კაგებეში“ იწერებოდა, მაგრამ ეს ქურდებმა არ იცოდნენ და ეგონათ, მეც ქურდი ვიყავი.
მე ჩემი ქურდული განათლების აქტიურად გამოყენება დავიწყე და ქურდული მოძრაობა გავააქტიურე. თან, ის ქურდებიც შევამოწმე, რომლებმაც, სავარაუდოდ, გატაცებული ძვირფასეულობის ადგილსამყოფელი იცოდნენ. მე გამორიცხვის მეთოდით ვმოქმედებდი და ბოლოს ორ ქურდზე შევაჩერე ყურადღება. ჩემი აზრით, სწორედ ერთ-ერთ მათგანთან ინახებოდა ძვირფასი კოლექცია. ამასობაში ზონის მაყურებლად ამირჩიეს და დიდი ძალაუფლების პატრონი გავხდი. სამ ქურდს გავუწიე რეკომენდაცია და ისინი კანონიერ ქურდებად ვაკურთხეთ. თან, იმდენს მივაღწიე, რომ ის ქურდი, რომელზეც ეჭვი მქონდა, ზონის „ობშჩიაკის“ განმგებლად დავნიშნეთ.
ზონაში დიდი რაოდენობით ფული შემოდიოდა და როცა სალაროში 120 ათასი მანეთი შეგროვდა, უშიშროების აგენტებმა ის ოსტატურად მოპარეს სალაროს განმგებელს. მე ეს, რა თქმა უნდა, ვიცოდი და მეორე დღეს მას ვუთხარი:
– ამ დღეებში ეტაპს 30 ათასი მანეთი უნდა გავატანოთ ჩვენს ძმებთან და ხვალისთვის ფული გაამზადე.
– კაპიტანო, ფული გაქრა, მაგრამ ერთი კვირა მაცადე და ყველაფერს უკლებლივ დავაბრუნებ, – მითხრა ზედამხედველმა.
– ხომ არ გაგიჟდი, არ იცი, რომ ამისთვის თავს წაგაცლიან? ნუთუ შენ ფიქრობ, რომ ერთ კვირაში დაკარგულ ფულს იპოვი? – ვუთხარი ზედამხედველს.
– არა, „კაპიტანო“, მოპარულს ვინღა დააბრუნებს, უბრალოდ, გასაყიდი საქონელი მაქვს და ერთ კვირაში ფული აქ იქნება. შენ კი, როგორმე გადადე ფულის გაგზავნა და მთელი ცხოვრება შენი მოვალე ვიქნები.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ ქურდის მეუღლე მოპარული ქვების კოლექციით დააპატიმრეს მოსკოვში. კოლექცია პატრონს დაუბრუნეს. დაბრუნდა ქურდული ფულიც და სალაროს ზედამხედველი სიკვდილს გადაურჩა. მე კი ისევე მოულოდნელად გავქრი, როგორც გამოვჩნდი. ჩემ შესახებ ხმები გაავრცელეს, რომ თითქოს ზღვაში დავიხრჩვი. საინტერესო კი ისაა, რომ ჩემ მიერ ნაკურთხი ქურდები ცნობილი ავტორიტეტები გახდნენ და დღესაც რუსეთში ცხოვრობენ.
პოდპოლკოვნიკ კარლო პაპავას ნაამბობის მიხედვით