კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

30 თებერვალი


გაგრძელება. დასაწყისი იხ. „თბილისელები“ N30–39(509)

„ჩეკაში“ მოყვანილი უწმინდური წყვილი ინკოგნიტო დამბეზღებლის წერილის შედეგად იყვნენ დაპატიმრებულები. ამ „ანონიმკის“ ავტორი კი ჟანა იყო, რომელსაც მამისეულ სახლში პელოსა და ყასაბი თედოს გარეშე უნდოდა ცხოვრება და ამ გზით გადაწყვიტა მათი თავიდან მოშორება.

„ჩეკაში“ გაგზავნილ წერილში ეწერა, რომ პელო და თედო საბჭოთა ხელისუფლების მოწინააღმდეგეები იყვნენ, სისტემატურად ლანძღავდნენ კომუნისტებს, მათ დამხობაზე ოცნებობდნენ და მზად იყვნენ, აქტიური მონაწილეობა მიეღოთ კონტრრევოლუციაში. წერილში განსაკუთრებით ხაზგასმული იყო სტალინისა და ბერიას ლანძღვა და იქ ასეთი ფრაზა ეწერა: „ერთ საღამოს თედო და პელო სახლში გვიან ღამით დაბრუნდნენ. სადარბაზოში სინათლე არ ენთო და მათ მე ვერ დამინახეს, ამიტომ თავისუფლად ლაპარაკობდნენ და ჩემი ყურით გავიგონე, თუ როგორ უთხრა პელომ თედოს:

– სტალინი ჯალათია და ბევრ ხალხს ხოცავს, ბერია კი იმ საზიზღარს ამ ბოროტებაში ეხმარება და თვითონაც არანაკლები ჯალათიაო.

ამ სიტყვებზე თედომ პელოს უპასუხა:

– ორივე უნდა დაიხოცონ, რომ ეს ზღვა სისხლი შეჩერდეს, ხალხმა ამოისუნთქოს. საშუალება რომ მქონდეს, ჩემი ყასბის ნაჯახით დავხოცავდი სტალინს და ბერიასო.

აი, ასეთი ნაძირლები ცხოვრობენ ჩვენ გვერდით და თქვენი ვალია, რომ გველებივით ჩაბუდებული ხალხის მტრები გამოააშკარავოთ და საკადრისი მიუზღოთ“.

„ჩეკაში“ მიყვანილმა პელომ და თედომ პირდაპირ უმცროსი გამომძიებლის კაბინეტთში ამოყვეს თავი, რომელიც მათ უკიდურესად მტრულად შეხვდა. ცალთვალა მიხომ კარგა ხანს ათვალიერა პატიმრები, რომლებიც ფეხზე იდგნენ, რადგან მათთვის არავის შეუთავაზებია დაჯდომა და ნებართვის გარეშე ამის გაკეთებას ვერ ბედავდნენ.

– რა ჯორებივით დგახართ, დაეყარენით! – უთხრა მიხომ ახალმოყვანილებს, თვითონ კი წამოდგა, სკამზე ჩამომჯდარ თედოს ზურგიდან მიადგა და ჰკითხა:

– თედო შენა ხარ?

– დიახ, მე ვარ, – ხმის კანკალით მიუგო ყასაბმა და ფეხზე წამოდგომა სცადა, მაგრამ უმცროსმა გამომძიებელმა ის ძალით დააბრუნა უკან და გააფრთხილა:

– მანდ ეგდე, თავიც არ მოაბრუნო და არ მომატყუო, თორემა! – გონებაშეზღუდულმა „ჩეკისტმა“ პაუზა გააკეთა და განაგრძო: – თედო ხარ და ყასბის ნაჯახით აპირებდი ამხანაგ სტალინისა და ამხანაგ ბერიას დახოცვას, არა?

– არა, ბატონო, რას ბრძანებთ? – უკიდურესად გაოცდა ყასაბი თედო, რადგან ასეთი რამ არასოდეს უფიქრია და პელოსთან ლოგინში გორაობისა და ხორცის გაყიდვის გარდა, სხვა არაფერი აინტერესებდა.

– ბატონო?! – ხმას აუწია გამომძიებელმა, – ვის უბედავ, შე ტერორისტო და ხალხის მტერო, შენა, ვის ეძახი, ბატონსა, ჰა?

– ბოდიში, მაპატიეთ, აღარ დაგიძახებთ, – ოთხად მოიკეცა ყასაბი თედო და ციებიანივით აკანკალდა.

– ჩქარა გამოტყდი, როგორ და როდის აპირებდი ჩვენს ძვირფას ბელადებზე თავდასხმას, ჩქარა, თორემა! – ცალთვალა მიხომ მარცხენა ხელის მაჯა ყელზე ამოსდო თედოს, მარჯვენა ხელისგული კეფაზე დააჭირა და კბილებში გამოსცრა, – თავს მოგაწყვიტავ, შენი დედაც, ჩქარა, ყველაფერი მომიყევი!

– არა, შენი ჭირიმე, მართლა არა, აქ რაღაც შეცდომაა და ვიღაცაში გეშლებით, არა, შენი ჭირიმე! – ატირდა ყასაბი მიხო.

– ჭირს დაგატაკებ მე შენა, ჭირსა! – ასისინდა უმცროსი გამომძიებელი, ხალხის წამებაში გაწაფული ხელები უფრო მაგრად მოუჭირა ატირებულ თედოს და დაამატა: – შენა აქ ყოფნა ამ ბოზთან გორაობა ხომ არა გგონია! ჩქარა, ყველაფერი დაფქვი, თორემ აქვე გაგათავე!

– არ ვარ დამნაშავე, ბატონო, – წამოსცდა თედოს, მაგრამ, უკვე გვიან იყო – უმცროს გამომძიებელს თვალები ჩაუსისხლიანდა და ყასაბ თედოს უღრიალა:

– ვის ეძახი ბატონსა, შე დედ-მამაჩაძაღლებელო, რა გითხარი მე შენა?!

ცალთვალა მიხომ ყასაბი თედო სკამიანად დაანარცხა იატაკზე, ჯერ წიხლებით შეადგა და მაგრად უბაგუნა, შემდეგ ცოცხალ-მკვდარ თედოს ფეხებშუა დააჭირა წიხლი და პათოლოგიური გამომეტყველებით უთხრა:

– აღიარე დანაშაული, თორემ, მაგ საოხრეს მოგაგლეჯ და ამბაკოს შავაჭმევ! იცი, ვინ არის ამბაკო?

– არ ვიცი! – ამოიკვნესა თედომ, რომელიც ისე იყო დაუძლურებული, თვალებს ვეღარ ახელდა.

– ვირთხაა, გალიაში მყავს დამწყვდეული და ხალხის მტრების ხორცით ვკვებამ, – განუმარტა ყასაბს უმცროსმა გამომძიებელმა და გაუმეორა, – აღიარებ დანაშაულსა?

– ვა-ღი-არ-ებ, – წყვეტილად აღმოხდა თედოს და გონებაც დაკარგა.

ცალთვალა მიხომ კი, თითქოს არაფერი მომხდარაო, ბადრაგი გამოიძახა, გონმიხდილ ყასაბზე მიუთითა და უბრძანა:

– ექიმთან მიათრიე და აზრზე მაიყვანოს. მერე „პადვალში“ ჩაათრიე, დაისვენოს და ერთ საათში ისევ ამამითრიე, რომ „პაკაზანიე“ დავაწერინო.

ბადრაგმა მყისვე შეასრულა ბრძანება: გონდაკარგულ თედოს ქეჩოში ჩაავლო ხელები და უმცროსი გამომძიებლის კაბინეტიდან გაათრია. ცალთვალა მიხო ახლა პელოს მიუბრუნდა:

– შენც ეგრე დაგმართო თუ ჩამიკაკლავ ყველაფერსა?

– ისეთს დაგმართებ, შე მუდრეგო შენა, რაც აქამდე არ დაგმართნია! – შეჰკივლა უმცროს გამომძიებელს მანამდე ჩუმად მყოფმა პელომ და ცალთვალა მიხოს მისივე საწერი მაგიდიდან მოპარული წვეტიანი ჩხირი მოუქნია, რომელსაც მიხო პატიმრების საწამებლად იყენებდა და ყბებში გაუყარა, შემდეგ თავისი უზარმაზარი სხეულით დაეტაკა, იატაკზე დააგდო, ზემოდან დაახტა და კბილებით ყელში სწვდა გაშმაგებული.

ცალთვალა მიხო ისე გააოგნა პელოს საქციელმა, რომ თავიდან წინააღმდეგობის გაწევაც კი ვერ შეძლო. მაგრამ, ყელი რომ აეწვა, პელოს თმებში სწვდა, მთელი ძალით დაქაჩა და განზე მოისროლა. ქალს კბილებში ჩარჩენილი მისი გამობდღვნილი ყელის ნაწილი ეჭირა.

გამომძიებელს ყელიდან თქრიალით მოსდიოდა სისხლი, თან გაჰყვიროდა – მიშველეთ, მიშველეთ, სული ამომაძრო ამ ნაბოზარმაო. ამ ყვირილზე კაბინეტში ერთდროულად ექვსი თანამშრომელი შეცვივდა, რომლებმაც საკმაოდ უჩვეულო სურათი იხილეს: – ყბებში ჩხირგაყრილი და ყელგამობდღვნილი ცალთვალა მიხო კაბინეტის კუთხეში იყო მიმწყვდეული და თმაგაწეწილი და სისხლით მოთხუპნული პელო მას თავში სტალინის უზარმაზარ, თეთრ ჩარჩოში ჩასმულ პორტრეტს ურტყამდა, რომელიც კედლიდან ჩამოხსნა. მუხის ხისგან დამზადებულმა მასიურმა ჩარჩომ მხოლოდ ოთხ დარტყმას გაუძლო, მეხუთეზე კი ის უმცროსი გამომძიებლის უზარმაზარ თავზე დაიშალა და, რაც ყველაზე საშინელი იყო, დიდი ბელადის შავ-თეთრი პორტრეტი შუაზე გაიხა:

– ესეც შენა, შე ვერანო! – შეუღრინა გონდაკარგულ გამომძიებელს პელომ, შემდეგ კაბინეტში შემოცვენილ „ჩეკისტებს“ მიუბრუნდა და უთხრა: – ჩემი დაჯაბნა მოინდომა ამ ბრუტიანმა და, რაც ეკუთვნოდა, ის მიიღო. მე კოჭლი ზახარა ვერაფერს მიბედავდა და ეს ღორის ტილი ვინ ოხერია!

პელოს კაბინეტშივე დაადეს ხელბორკილები და „ენკავედეს“ ციხის კარცერში ჩააგდეს. უმცროსი გამომძიებელი კი სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს და ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს სიკვდილს.

სტალინის შუაზე გახეული სურათი „ჩეკისტებმა“ დიდი გულმოდგინებით შეაწებეს, გაასწორეს, ახალ ჩარჩოში ჩასვეს და კვლავ თავის ადგილზე დაკიდეს, მის ქვეშ კი ახალი უმცროსი გამომძიებელი დაჯდა, რომელმაც ცალთვალა მიხო შეცვალა – ახლა უკვე ის იძიებდა ბელადებზე დაგეგმილი ტერაქტების საქმეს. ახალმა გამომძიებელმა თავისი კოლეგის გამოცდილება გაითვალისწინა და პელოს დასაკითხად თავად ჩადიოდა კარცერში, სადაც პელო ხელბორკილებით იყო მიბმული ფოლადის გისოსებზე. ცალთვალა მიხოს დამჯაბნელი ჯალათის ქვრივი თავიდან ურჩობდა, უხეშობდა და ეგონა, გამომძიებელი მასთან ვერაფერს გახდებოდა, მაგრამ, მწარედ ცდებოდა, რადგან, ერთი შეხედვით გამოუცდელი, სუსტი აღნაგობის ყმაწვილი, რომელიც ჭლექით იყო დაავადებული, სინამდვილეში ისეთი მონსტრი იყო, ცალთვალა მიხო მასთან შედარებით ჰუმანისტად მოეჩვენებოდა კაცს. ახალ უმცროს გამომძიებელს ვასო ერქვა და მუდამ შავი ტყავის საკვოიაჟით დადიოდა, რომლის შიდა ნაწილი ვასომ საკუთარი ხელით გააკეთა, უამრავ უჯრებად დაყო, რომლებიც ელვა-შესაკრავებით იკეტებოდა და მათში პატიმრების საწამებელი სხვადასხვა იარაღი ჰქონდა ჩალაგებული, დაწყებული ბასრი დანებით, უზარმაზარი წითელი ჭიანჭველებით დამთავრებული. ვასო ყოველთვის მარტო, დამსწრეების გარეშე აწარმოებდა დაკითხვას და ისე პედანტურად და საქმის დიდი ცოდნით აკეთებდა ამას, ბევრ გამოცდილ ჯალათსაც კი შეშურდებოდა.

მუშაობის დროს იგი არასდროს უწევდა ხმას და არ ღელავდა. არც მის მიერ ნაწამები ადამიანების გოდება იწვევდა მასში განსაკუთრებულ რეაქციას. ნელ-ნელა მიჰყვებოდა დასახულ გეგმას და ყოველთვის აღწევდა მიზანს. პელოს უკიდურესი ურჩობის მიუხედავად, ვასომ მესამე დაკითხვაზე გამოტეხა ქალი – პელომ ტერაქტის მომზადება და სტალინ-ბერიას მკვლელობის მცდელობა აღიარა. კოჭლი ზახარას ქვრივი მას მერე გატყდა, რაც ვასომ ის გააშიშვლა, სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ბასრი სამართლებით ღრმა ჭრილობები გაუკეთა, შიგ კი ხუთ-ხუთი უზარმაზარი ჭიანჭველა ჩაუსვა და მშვიდად დაელოდა შედეგს. სისხლისმსმელმა მწერებმა გაშმაგებით დაიწყეს პელოს ხორცების კვნეტა, რაც ქალში უსაშინლეს, გაუსაძლის ტკივილს იწვევდა. ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ პელომ აღიარებითი ჩვენება დაწერა, რის შემდეგაც უწმინდურ წყვილს ეგრეთ წოდებულმა „ტროიკამ“, სამკაციანმა სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და პელო და ყასაბი თედო სამი დღის მერე ვაკის ხევში, იმავე ადგილას დახვრიტეს, სადაც კოჭლი ზახარა ხოცავდა სიკვდილმისჯილებს.

დედისა და მისი საყვარლის თავიდან მოშორების შემდეგ ჟანამ მათი ლანძღვით სავსე წერილი გაგზავნა საქართველოს ცენტრალურ კომიტეტში, რომელშიც, აგრეთვე, აღნიშნა, რომ იგი დამსახურებული „ჩეკისტის“ ღირსეული შვილი იყო და მამისეული ბინის მისთვის გადაცემა მოითხოვა. ჟანას თხოვნა მალევე დააკმაყოფილეს: ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ჟანა, ჟანი და 8 თვის ჟუჟუნა „ჩეკას“ მიერ გადაცემულ კოჭლი ზახარას ბინაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც მათ ორი წელი იცხოვრეს, მაგრამ მათაც იგივე დაემართათ, რაც მათ დედას: ერთ მშვენიერ დღეს და-ძმა ცოლ-ქმარი „ენკავედემ“ წაიყვანა, ჟუჟუნა კი უპატრონო ბავშვთა სახლში ჩააბარეს.

ტყუპების დაპატიმრებაც ანონიმური წერილის საფუძველზე მოხდა, რომელშიც ისინი ხალხის მტრებად და საბჭოთა ხელისუფლების მოწინააღმდეგეებად იყვნენ მოხსენიებულნი. წერილის ავტორი კი მათი ბავშვობის მეგობარი და კარის მეზობელი კეშელავა იყო. სწორედ ის კეშელავა, რომელიც კოჭლი ზახარას ქელეხში უგონოდ დათვრა, ფხალში ცხვირ-პირჩარგულს ჩატეხილ სუფრაზე ეძინა და ჟანს მისი ცოლ-შვილის საავადმყოფოში წაყვანაში დაეხმარა. წითურ კეშელავას ბინის გაფართოება ჰქონდა დასახული მიზნად, რადგან დაოჯახებას აპირებდა და ჟანასა და ჟანის თავიდან მოშორება ამიტომ გადაწყვიტა. „ჩეკაში“ მიყვანილი და-ძმაც ვასოს ხელში აღმოჩნდა, რომელიც იმ პერიოდისთვის უკვე უფროსი გამომძიებელი იყო და კარიერულ კიბეზე საკმაოდ სწრაფად მიიწევდა ზევით. ვასომ სამ დღეში გატეხა ცოლ-ქმარი, რომლებსაც აგრეთვე წითელი ჭიანჭველები მიუსია და მათ ყველა ბრალდება აღიარეს. ერთი კვირის შემდეგ კი, „ტროიკის“ განაჩენით, ვაკის ხევში გამოასალმა სიცოცხლეს.

უდედმამოდ და უახლობლოდ დარჩენილი ჟუჟუნა 16 წლამდე უპატრონო ბავშვთა სახლში იზრდებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ორი წელი სამედიცინო ტექნიკუმში ისწავლა, სანიტრის კურსები გაიარა და, როგორც კი დიპლომი აიღო, ახალგახსნილ ფსიქიატრიულ კლინიკას მიაშურა, სადაც ის ტექნიკუმიდან გაამწესეს.

– ეგ გიჟებთან სამუშაოდ თუ გამოდგება, – თქვა სამედიცინო ტექნიკუმის დირექტორმა, როდესაც კურსდამთავრებულებს სამსახურებში ანაწილებდა, – ჯანიანია, ბრიყვი და უწიგნური, ფსიქიატრების ბრძანებებს გულმოდგინედ შეასრულებს, ცემა-ტყეპა მაგას არ შეეშლება და გიჟებთან წესრიგის დამყარება. იქ კი სხვაგვარი სანიტრები არც სჭირდებათ. სწორედ რომ შესაფერისი კანდიდატურაა ჩვენი ჟუჟუნა საგიჟეთში სამუშაოდ და, დარწმუნებული ვარ, მადლობასაც კი მეტყვიან მისი იქ გამწესებისთვის.

ტექნიკუმის დირექტორი არ შემცდარა – საგიჟეთის ადმინისტრაცია მართლაც კმაყოფილი იყო ჟუჟუნა სანიტრის კლინიკაში „მოღვაწეობით“ და, თუ არ ჩათვლით შორენასთან კონფლიქტს, მისთვის არამცთუ ხელი, სიტყვაც არ შეუბრუნებია პაციენტს. ამჯერად კი, წამალშეშხაპუნებული ჟუჟუნა სანიტარი გათიშული ეგდო პალატაში და საწოლის თავზე შემდგარი დიტო სულაბერიძე ხარხარს განაგრძობდა.

– აბა, ბიჭებო, შევიპყროთ და გავკოჭოთ! – მოუწოდა ერთ-ერთმა სანიტარმა კოლეგებს და ექვსივე დიტო სულაბერიძისკენ გაემართა. საწოლი ალყაში მოაქციეს და ქვევით ჩამოსვლა უბრძანეს.

ჟურნალისტმა ხარხარი შეწყვიტა და ბრაზიანი მზერა მოავლო სანიტრებს. შემდეგ ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს ორივე ხელში ავტომატები ეჭირა და სანიტრების მიმართულებით ვირტუალური ცეცხლი გახსნა, თან გაახმოვანა: „დ, დ, დშ, დრ, დრ, დრ!“

– ისევ აუშვა. აბა, მარდად, ბიჭებო, დროა დავაშოშმინოთ! – სანიტარმა მოწოდება გაიმეორა და ექვსივე დიტოსკენ გაქანდა.

– ი-ა! – დასჭყივლა სულაბერიძემ კარატისტივით, გაოცებულ სანიტრებს თავზე გადააფრინდა და სანამ საწოლის მეორე თავზე დახტებოდა, ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს სამურაის ხმლით აჩეხა სანიტრები.

„ეს რა მაგარი ნავარჯიშები ყოფილა!“ – გაიფიქრა ჯაბამ, – რომელიც დიტო სულაბერიძის დახვეწილი მოძრაობებით აღფრთოვანებული იყო.

დიტო სულ ორიოდე წამით შეჩერდა საწოლის მეორე თავზე და ამ დროის განმავლობაში სანიტრების მიმართულებით ექვსი „ალესილი ფოლადის ფირფიტის“ გაშვება მოასწრო. შემდეგ უკუსალტოთი ხალიჩაზე დახტა, კარატისტის საბრძოლო პოზაში დადგა და სანიტრების მობრუნებას დაელოდა, თან დააყოლა: „ოსს!“

არანაკლებ გაოცებული სანიტრები დიტოსკენ დაიძრნენ და მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თვალით ნახეს მისი დახვეწილი მოძრაობები და წესით უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ მას ასე ადვილად ვერ დაიმორჩილებდნენ, მაინც ერთბაშად ეკვეთნენ. დიტომ კი თითოეული მათგანი ისე იოლად მოიგერია, ერთმა სანიტარმაც ვერ მოახერხა დიტოს შეხება – ხელ-ფეხის ოსტატური დარტყმით ყველანი იატაკზე დაყარა.

– ოსს! – დაიძახა დიტომ და კვლავ საბრძოლო პოზაში დადგა. სანიტრები კი ფეხზე წამოდგნენ და ექვსის ნაცვლად უკვე ხუთი სანიტარი ეკვეთა ჟურნალისტს. მეექვსე გარეთ გავარდა, რომ მაშველი ძალა მოეყვანა.

ჟურნალისტი ჩვეული სიმსუბუქით გაუსწორდა სანიტრებს და როდესაც საბრძოლო პოზას დაუბრუნდა და დაიძახა: „ოსს“, პალატაში გაქცეული სანიტარი შევარდა, რომელიც ექვს თავის კოლეგას მიუძღოდა წინ. კოლეგების ხილვით გამხნევებული დამარცხებული სანიტრები მესამეჯერ ეკვეთნენ დიტოს და მესამეჯერაც დამარცხდნენ. თუმცა, ბრძოლა ამით არ დასრულებულა. ჟურნალისტს უკვე სანიტართა მეორე ექვსეული ეკვეთა, რომლებსაც პირველი ექვსეულიც წამოეხმარა და ერთობლივი ძალებით, რის ვაი-ვაგლახით, მოახერხეს დიტოს შეპყრობა და გაკოჭვა.

მთელი ის შოუ, დაწყებული ჟუჟუნა სანიტრის წაქცევიდან, დიტო სულაბერიძის გაკოჭვამდე, 20 წუთი გაგრძელდა და „ლუქსელები“ სულგანაბული ადევნებდნენ თვალყურის ამ სპექტაკლს და რა თქმა უნდა, ჟურნალისტს გულშემატკივრობდნენ. თუმცა, ხმამაღლა მაინც არ გამოხატავდნენ თავიანთ განწყობას. მხოლოდ მაშინ, როდესაც სანიტრებმა დიტოს გაკოჭვა დაიწყეს, ჯემალ ჯიოშვილმა მიხმარება დააპირა და სანიტრებისკენ წაიწია, მაგრამ მას ჯაბამ მაჯაში ჩაავლო ხელი და უჩურჩულა:

– არ გინდა, ჯემალ, ეს ჩვენი ომი არაა!

– ბატონო ედუარდ, – მიუგო ჯაბას პოლკოვნიკმა, – მას ხომ საშინელ დღეში ჩააგდებენ და შეიძლება, სამხეცეშიც კი შეაგდონ.

– შენ მაინც ვერაფერს შეცვლი, ჯემალ. ამ პირუტყვებს კი უფრო მეტად გააღიზიანებ და საკუთარ თავსაც ავნებ და ჩვენც. ხომ არ გავიწყდება, რომ თითქმის უკვე დროებითი მთავრობა გვყავს, მხოლოდ დამტკიცებაღა დაგვრჩა და რომ გამოგვაკლდე, ყველაფერი ჩაგვეშლება. დაგავიწყდა, რომ 30 თებერვალი კარსაა მომდგარი? რა დროს ბუნტია. დიტოს მერე ვუშველით, აქედან რომ გავაღწევთ, მაშინ.

ჯაბას სიტყვებმა და განსაკუთრებით კი 30 თებერვლის ხსენებამ, პოლკოვნიკ ჯემალ ჯიოშვილზე მაგიურად იმოქმედა. თავის განზრახვაზე ხელი აიღო და პირქუში მზერა მიაპყრო სანიტრებს, რომლებსაც გაკოჭილი დიტო სულაბერიძე, ჰაერში აწეული კუბოსავით, გაჰყავდათ პალატიდან.

– გაუმარჯოს თავისუფლებას, – ძირს ტირანია, დიქტატურა და ხალხის ტანჯვა-წამება! – სკანდირებდა გაკოჭილი ჟურნალისტი, როდესაც ის პალატიდან გაჰყავდათ.

– ეს რა ვაჟკაცი ყოფილა, – ჩაილაპარაკა პოლკოვნიკმა ჯიოშვილმა, როდესაც დიტო წაიყვანეს და პალატის კარი მიიხურა.

– დაუდგრომელი ყმაწვილია, დაუდგრომელი და ასეთებისთვის ეს სამყარო ძალიან პატარაა, – ფილოსოფიურად დაასკვნა პანტელეიმონ ჯაშმა, – ცოტა ხნით ჩაფიქრდა და დაამატა, – თუმცა, ასეთები ქმნიან დედამიწის ისტორიას.

– მდა, „ბაევოი პარენ“! – წაურუსულა გენერალმა ჯაყელმა და ქართულად დააბოლოვა, – მერწმუნეთ, მეგობრებო, რომ ზოგჯერ ბრძოლას უმოქმედობა ჯობია, რა თქმა უნდა, ტაქტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე.

„ღმერთო, შენ უშველე ამ საცოდავებს“, – გულში შესთხოვა უფალს კედელზე შუბლმიდებულმა მამაომ, რომელმაც მთელი საბრძოლო ბატალიები მოისმინა, თუმცა ერთხელაც არ გაუხედავს მოჩხუბრებისკენ.

ჯაბამ თანაპალატელებს მოავლო მზერა, შემდეგ ჩახველებით მიიპყრო მათი ყურადღება და განაცხადა:

– ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა და ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. იმედია, ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდება და ჩვენი დიტო სულ მალე დაგვიბრუნდება. ახლა კი ჩვენს მთავარ საკითხს დავუბრუნდეთ და დროებითი მთავრობა დავამტკიცოთ. გასაკეთებელი ბევრია, დრო კი არ ითმენს და საჭიროა, ლეგიტიმაცია მივიღოთ, რომ დაუყოვნებლივ შევუდგეთ მუშაობას.

პანტელეიმონ ჯაშის წინადადებით, რომელიც სხდომის მდივანი იყო, დროის მოგების მიზნით, გადაწყდა, კამათი არ გამართულიყო და მთელი მთავრობისთვის ერთად ეყარათ კენჭი. წინადადება ერთხმად მიიღეს, დროებით მთავრობასაც ერთხმად დაუჭირეს მხარი და პროცედურა რომ დასრულდა, სიტყვა ჯაბამ აიღო – თანაპალატელებს განუცხადა:

– გილოცავთ, მეგობრებო! პირველი ნაბიჯი გადადგმულია, დროებითი მთავრობა უკვე დავამტკიცეთ და ფუნქციონირებასაც დაუყოვნებლივ უნდა შევუდგეთ. მაგრამ, სანამ მუშაობას დავიწყებდეთ, გთავაზობთ, ჩვენს მთავრობას 30 თებერვლის მთავრობა ვუწოდოთ. რას იტყვით, მე მგონი, სიმბოლურიც კია, „30 თებერვლის გარდამავალი მთავრობა“ რომ ვუწოდოთ ჩვენს თავს. ჩვენ უნდა მივიყვანოთ ხალხი იმ მიჯნამდე, რომელსაც 30 თებერვალი ეწოდება და იმის იქით უკვე თავისუფლებაა. ჩვენ, ჩემო მეგობრებო, ერთგვარად ბიბლიური მოსეს ფუნქციებსაც კი ვასრულებთ, რომელმაც თავისი ხალხი აღთქმულ მიწაზე მიიყვანა. რას იტყვით, თანახმა ხართ?

– თანახმა ვართ, თანახმა! – ერთხმად შესძახეს „ლუქსელებმა“ მეუფის გარდა, რომელსაც ჯაბას ერთი სიტყვაც არ გამოჰპარვია და გუნებაში გაიფიქრა: „მოსემ მართლა მიიყვანა თავისი ხალხი აღთქმულ მიწაზე, მაგრამ მას იმ მიწაზე ფეხი არ დაუდგამს“.

პალატის კარი გაიღო, ოთახში ზონზროხა სანიტარმა შეყო თავი და ჯაბას უთხრა:

– წამოდი ჩქარა, რაჟდენ რაჟდენოვიჩი გიბარებს.

– მოვდივარ, – მიუგო ჯაბამ სანიტარს და სანამ პალატიდან გავიდოდა, დანარჩენებს უთხრა:

– უჩემოდ დაიწყეთ და მეც მალე შემოგიერთდებით.

ჯაბა და ზორბა სანიტარი იმავე გზით გაემართნენ რაჟდენ რაჟდენოვიჩის კაბინეტისკენ, რომლითაც წინა დღით ჟუჟუნა და ჯაბა მივიდნენ „ლუქსში“. ზუსტად 24 საათი იყო გასული, რაც ჯაბა ფსიქიატრიულ კლინიკაში მიიყვანეს და ყმაწვილს ეს დრო საუკუნედ მოეჩვენა.

„ღმერთო ჩემო, – გაიფიქრა ჯაბამ, – ჯერ ერთი დღე-ღამეა, რაც საგიჟეთში ვარ და უკვე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ თითქოს ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი აქ მაქვს გატარებული და სამი თვე რა გამაძლებინებს. მართლა არ გავგიჟდე, ღმერთო, შენ მიშველე!“

– არსენ, გააღე! – უთხრა ზორბა სანიტარმა ცვლაში გამოსულ კარისკაცს, რომელმაც ხარიტონი შეცვალა და სულ რაღაც ერთი საათის წინ შეუდგა სადღეღამისო მორიგეობას.

– ახლა? – ჰკითხა სანიტარს არსენამ და ჯაბაზე მიანიშნა.

– გუშინ მოიყვანეს, – უთხრა არსენას ზორბა სანიტარმა და ჯერ მარცხენა ხელის ნეკა თითი შეიყო ცხვირის მარცხენა ნესტოში და საგანგებოდ გაზრდილი ფრჩხილით ათიოდე წამი იჩხიკინა, თან, დედას იგინებოდა; შემდეგ, მარჯვენა ნესტოზე მარჯვენა ხელის ცერა თითი მიიჭირა, ღრმად ჩაისუნთქა და მარცხენა ნესტოდან ჰაერის ძლიერი ნაკადი გამოუშვა. თან, მოზრდილი შიგთავსიც გამოაყოლა, რომელიც კედელზე მიეტყეპა და მას უმალვე გიგანტური ზომის ბუზი დააჯდა.

– ძლივს არ მოვიშორე ჟღვინტები? – ჩაუკახურა სანიტარმა და ბურდღუნით ჩაილაპარაკა, – წუხელ გავცივდი, ალბათ, მთელი ღამე ვიმუშავე და ოფლიანზე დამარტყა ნიავმა.

– სხვაგანაც მუშაობ? – დაინტერესდა არსენა, რომელიც რკინის კარის უზარმაზარ გასაღებს ზანტად ეძებდა.

– ბიჭებმა ბოზები წავიყვანეთ ხუდადოვის ტყეში და მთელი ღამე ვგულაობდით, – განუმარტა არსენას ზორბა სანიტარმა და თვითკმაყოფილი იდიოტის ღიმილი გამოესახა ფიზიონომიაზე.

– სულ ასე იცით, ჯო, – გაუნაწყენდა სანიტარს არსენა, – მხოლოდ მაშინ გახსენდებით, როცა ვირული სამუშაოა გასაკეთებელი, მაგარმ „გულაობაზე“ რომ მიდგება ჯერი, არსენა არავის უნდა.

– ნუ ბრაზობ, არსენ, მეც სხვებმა დამპატიჟეს, – თავი იმართლა სანიტარმა, – სხვა დროს შენც წაგიყვანთ.

– კარგები იყვნენ? – დაინტერესდა არსენა.

– აი, ასეთები, – მარცხენა ცერა თითი გაბზიკა სანიტარმა, – მარწყვივით გოგოები იყვნენ. იგრეთი ტუჩები ჰქონდათ, იგრეთი, რომ ტუჩს ვერ მოწყვეტდი. ისე გვასიამოვნეს, ისე, რომა ოც-ოცი ლარი ჰო გადავუხადეთ, ზემოდან კიდევ ათ-ათი დავუმატეთ.

– საიდან წამაიყვანეთ?

– „ნაბერეჟნიდან“, ჯო, ხიდის ასახვევთან რო დგანან, იქიდან, – განუმარტა სანიტარმა არსენას და ძლივს მიახვედრა, რომ ქალები მეძავთა იმ ბირჟიდან იქირავეს, რომელიც ბარათაშვილის ხიდის ქვეშ მდებარეობდა. იქ მომუშავეთა ნახევარზე მეტი სხვადასხვა სახის ვენერიული სნეულებით იყვნენ დაავადებულები.

– შენი გულისა! – ემოციურად შემართა მუშტი არსენამ, – ისე მადიანად მამიყევი, რომ გული შამიტოკდა და შამითამაშდა. ჯანდაბას, 40 ლარი, გინდ გქონია და გინდ არა, მორიგეობას რომ მოვრჩებით ი მარწყვივით გოგოებს გავუაროთ და შევეთამაშოთ, მე გპატიჟებ.

– მასე იყოს, – დაეთანხმა არსენას სანიტარი, ამოახველა და კედლის ძირში დააფურთხა, რომელსაც უმალვე დააჯდა მეორე მოზრდილი ბუზი...

– ესაც გასაღები! – თქვა არსენამ, უზარმაზარი გასაღები საკეტში შეაცურა, გადაატრიალა და სანამ კარს გააღებდა, ჯაბას ჰკითხა:

– რა გქვია, ჯო?

ჯაბა, რომელიც ყურადღებით უსმენდა და აკვირდებოდა სანიტარს და არსენას, კვლავ შევარდნაძის ტყავში შეძვრა და არსენას ედუარდისეულად უთხრა:

– ედუარდი მქვია, მეგობარო, მაგრამ ჩემი ასაკის კაცს ჯოთი არ უნდა მიმართავდეთ. რაც არ უნდა იყოს, თქვენზე ბევრად უფროსი ვარ და თანამდებობას თუ არა, ჭაღარას მაინც უნდა სცეთ პატივი.

არსენამ უცებ ვერ მოტვინა, რაში იყო საქმე და ჯაბას უთხრა:

– რაო, ჯო?

– ეს უკვე უმსგავსობაა, – შევარდნაძის ხმით თქვა ჯაბამ, არსენას ცხვირი აუბზუა და მარცხნივ მიატრიალა თავი.

– რაო, ვინა ვარო? – ახლა უკვე სანიტარს ჰკითხა არსენამ.

– ედუარდ შევარდნაძეა, – განუმარტა არსენას სანიტარმა, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი საფეთქელზე მიიდო და ამით მიანიშნა მას, რომ ყმაწვილი გიჟი იყო.

– გასაგებია, – ჩაიბურტყუნა არსენამ და ჯაბას უთხრა:

– მობრძანდით, ბატონო ედუარდ, კარი ღიაა.

შევარდნაძისეული ხმით მოლაპარაკე ჯაბამ ტრადიციას არ უღალატა და სიტუაცია ედუარდისეული იუმორით განმუხტა:

– „ნატოს“ და ევროკავშირის კარსაც გავაღებთ, სულ მალე. ახლა კი ეს კარი ვიკმაროთ, გმადლობთ, მეგობარო, – ჯაბამ ხელი ჩამოართვა პირდაღებულ არსენას და ზღურბლს გადააბიჯა.

ჯაბა და სანიტარი უფანჯრო დერეფანს გაუყვნენ და მოსახვევს რომ მიუახლოვდნენ, სადაც გზა ორად იყოფოდა, ორი თეთრხალათიანი სანიტარი გამოჩნდა, რომლებიც საკაცეს მოაგორებდნენ. როდესაც ისინი ჯაბას და ზორბა სანიტარს გაუსწორდნენ, ჯაბამ საკაცეზე მიბმული დიტო სულაბერიძე დაინახა და გაოგნდა.

ჟურნალისტი, რომელიც სულ რაღაც ნახევარი საათის წინ სიცოცხლით აღსავსე იყო და ზეემოციებს ამჟღავნებდა, აბსოლუტურად უმოძრაო და, რაც მთავარია, უემოციო იყო. მისი ფართოდ გახელილი თვალები უაზროდ იყურებოდნენ ზევით და ჯაბა მიხვდა, რომ სულაბერიძეს რაღაც ზეძლიერმოქმედი საშუალება შეუშხაპუნეს ორგანიზმში. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი გაქვავებული იყო, მისი უაზრო თვალები ერთი წამით გამოცოცხლდა, როდესაც ჯაბა დაინახა და ედუარდ შევარდნაძის ტყავში შემძვრალ ყმაწვილს მოეჩვენა, რომ დიტო სულაბერიძემ მას თვალებით დახმარება სთხოვა.

„ღმერთო, ძლიერო! რა დღეში ჩაუგდიათ ეს უბედური“, – გაიფიქრა ჟურნალისტის შემხედვარე ჯაბამ და სანიტრების გადალაპარაკება მოისმინა.

– „სამხეცეში“ ჩაგყავთ? – ჰკითხა ზორბა სანიტარმა თავის ერთ-ერთ კოლეგას.

– აბა, რა! – სიამაყით მიუგო თეთრხალათიანმა ზორბას.

– მაგრად დაგიმუშავებიათ.

– თავად რაჟდენ რაჟდენოვიჩმა ჩაასო, – მიუგო ზორბას მისმა კოლეგამ.

სანიტრებმა გზა განაგრძეს, არსენას რკინის კარი გააღებინეს და საკაცეზე მიბმული დიტო სულაბერიძე ეგრეთ წოდებულ „სამხეცეში“ ჩაიყვანეს, რომელიც სარდაფში იყო განთავსებული. იქ ჩასასვლელი კიბეები რკინის კარის ხელმარჯვნივ მდებარეობდა.

სამხეცეში ჩასასვლელი, სააგიტაციო სტენდით იყო შენიღბული. სტენდი ზევით იწეოდა და მის მიღმა მდებარე რკინის კარს უკან იწყებოდა სარდაფში ჩასასვლელი.

სააგიტაციო სტენდზე ლამაზი პლაკატები იყო გაკრული. პლაკატები კი, სხვადასხვა ჰუმანური მოწოდებებით, ადამიანებს მოუწოდებდა სულიერი ავადმყოფების მოვლა-პატრონობისკენ.

სტენდის ნამდვილი დანიშნულების შესახებ საგიჟეთის ყველა თანამშრომელმა იცოდა, მაგრამ რაჟდენ რაჟდენოვიჩისგან მკაცრად იყვნენ გაფრთხილებული, ამის შესახებ არავისთან დაეძრათ სიტყვა და ამ გაფრთხილებას მკაცრად იცავდნენ.

– შეიძლება, რაჟდენ რაჟდენოვიჩ? – ჰკითხა საგიჟეთის დირექტორს ზორბა სანიტარმა, რომელმაც ჯერ კარზე დააკაკუნა და მხოლოდ ამის შემდეგ შეჰყო თავი კაბინეტში.

– მოიყვანე? – მშრალად ჰკითხა სანიტარს რაჟდენ რაჟდენოვიჩმა.

– დიახ, – მლიქვნელური ღიმილით მიუგო სანიტარმა დირექტორს.

– შემოიყვანე, – იმავე ტონით თქვა საგიჟეთის შეფმა, რომელიც თავის უზარმაზარ სავარძელში, ტრადიციულ ბალიშზე იყო მოკალათებული.

სანიტარმა ჯერ ჯაბა შეუშვა კაბინეტში, შემდეგ უკან მიჰყვა მას, კარი მიხურა და იქვე გაჩერდა.

– მობრძანდით, ბატონო ედუარდ, აქ დაბრძანდით, – შეიპატიჟა რაჟდენ რაჟდენოვიჩმა ჯაბა, სავარძელზე მიუთითა და შემდეგ სანიტარს უთხრა, – წადი, დანიელ და საქმეს მიხედე, მე და ბატონ ედუარდს საქმე გვაქვს. შენ კი, როცა დამჭირდები, გამოგიძახებ.

ჯაბა სავარძელში მოკალათდა და ყელი მოიღერა. ოთხად მოკეცილმა დანიელმა კი, რომელსაც სახიდან მლიქვნელური ღიმილი არ სცილდებოდა, უკუსვლით, მონასავით დატოვა რაჟდენ რაჟდენოვიჩის კაბინეტი და უზარმაზარი კარი გაიხურა.

როგორც კი დანიელი გავიდა, რაჟდენ რაჟდენოვიჩს მყისვე შეეცვალა ჰაბიტუსი, სახეზე მხიარული გამომეტყველება აღებეჭდა, სავარძლიდან ჩამოძვრა, ჯაბასთან მივიდა, ხელი ჩამოართვა და უთხრა:

– როგორ ხარ, ჩემო ჯაბა, როგორ ჩაიარა შენი ჩვენთან სტუმრობის პირველმა დღემ, რა შთაბეჭდილებები შეგექმნა აქაურობაზე?

„რა სისულელეს მეკითხება, ამისი გიჟი დედაც!“ – გუნებაში გაიფიქრა ჯაბამ, საგიჟეთის დირექტორს კი უთხრა:

– სიმართლე გითხრათ, რაც უფრო მალე გავალ აქედან, მით უკეთესი ჩემთვის და ერთი სული მაქვს, აქედან წავიდე. თანაპალატელებს რაც შეეხება, უწყინარი ადამიანები ჩანან და რომ არა დღევანდელი სამწუხარო ინციდენტი, მათ მიმართ არანაირი პრეტენზიები არ მაქვს.

– ნუ იტყვი, ჩემო ჯაბა, ნუ იტყვი, – თავის ქნევით და ხელების სავსავით თქვა რაჟდენ რაჟდენოვიჩმა, – პროფილი კი გვაქვს ისეთი, რომ პაციენტისგან ამგვარი საქციელი არ უნდა იყოს გასაკვირი, მაგრამ ეს ჩვენთან გამონაკლისია, ვიდრე წესი. თუმცა ეგ არაფერი, ყველაფერი მოგვარდება. სულაბერიძე სპეცპალატაშია გადაყვანილი, ექიმთა გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშაა და როგორც კი გამომჯობინდება, მაშინვე უკან დაბრუნდება.

„მეტი შენ მახინჯ თავს რა ვუთხრა, რომ სულაბერიძე ნებით არ დააბრუნო „სამხეცედან“, – გაიფიქრა ჯაბამ და რაჟდენ რაჟდენოვიჩს ჰკითხა:

– მალე მომჯობინდება?

– ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დაექვემდებარება ჩემ მიერ დანიშნულ მკურნალობის კურსს. ვნახავ, დავაკვირდები, რა მეჩქარება. მე აქ იმიტომ ვარ, რომ პაციენტები აბსოლუტურად ჯანმრთელები დავუბრუნო საზოგადოებას და ჩვენს საქმეში სიჩქარე არ შეიძლება. ხომ მეთანხმები?

– რა თქმა უნდა, ბატონო პროფესორო, რა თქმა უნდა, – გაუღიმა ჯაბამ საგიჟეთის დირექტორს და მისი კომიკური ფიგურის შემხედვარემ გაიფიქრა: „რა სასაცილო და ბოროტი კაცუნაა და ღმერთმა უწყის, თუ რა საშინელ ექსპერიმენტებს ატარებს ის გიჟებზე „სამხეცეში“. ჩემგან, ნეტავ, რა უნდა, რატომ მომიყვანა აქ?“

თითქოს ჯაბას ფიქრებს ჩაწვდაო, რაჟდენ რაჟდენოვიჩმა მას უთხრა:

– აქ იმიტომ მოგიყვანე, ჩემო ჯაბა, რომ შენი დახმარება მჭირდება და იმედია, უარს არ მეტყვი.

– ბრძანეთ, ბატონო პროფესორო, და თუკი რამ შემიძლია, უარს როგორ გეტყვით?

– მაშ ასე, ჩემო კარგო, – თქვა რაჟდენ რაჟდენოვიჩმა მას მერე, რაც თავის უზარმაზარ სავარძელზე აბობღდა, ბალიშზე მოხერხებულად მოკალათდა და განაგრძო, – შენს პალატაში რომ გრძელთმიანი და გრძელწვერიანი კაცია, ის ადრე მეუფე იყო, ეპისკოპოსი და ერთ-ერთ ეპარქიას მეთაურობდა, შემდეგ კი, – პროფესორს სიტყვა გაუწყდა, რადგან მის კაბინეტში ყოველგვარი დაკაკუნების გარეშე შორენა შემოვიდა. მას წითელი მოკლე კაბა ეცვა და ისე მოხდენილად მოაბიჯებდა, რომ ნებისმიერ მამაკაცში ქალის უზომო სურვილს აღძრავდა. „საგიჟის ამორძალის“ დანახვაზე რაჟდენ რაჟდენოვიჩს ვნებები მოეძალა და ისე აღეგზნო, რომ თავის შეკავება უჭირდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3