კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღამის საჩუქარი


გაგრძელება. დასაწყისი იხ. „თბილისელები“ N26–39(509)

დღეს ღამე ყოველთვის მირჩევნია, ძველ ცხოვრებაშიც და ახლაც. იმიტომ არა, რომ ჩემს ბოროტ ზრახვებს დღის სინათლის ეშინიათ. არც ვამპირი ვარ და არც მაქცია. ფანტაზიას დიდ გასაქანს ნუ მისცემთ, იმედი რომ არ გაგიცრუვეთ. ეს ნამდვილად არ არის ჩემი მიზეზით. პირიქით, ვცდილობ, ცოტა გაგამხიარულოთ. ღამით ემოციები ცხრება... ყველა და ყველაფერი როლისთვის ემზადება და სწორედ ეს მზადების პროცესი მგვრიდა და მგვრის სიამოვნებას. ღამით მაქვს შანსი, გონება ნეგატივისგან გავწმინდო და ჩვილი ბავშვივით განახლებულმა გავიღვიძო... ღამე მაძლევს შანსს, ხვალ ყველაფერი თავიდან დავიწყო და ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალო... სხვა საქმეა, რამდენად გამოვიყენებ ამ შანსს... ღამე გულუხვია ჩვენ მიმართ, ჩვენ კი, რატომღაც, მას დღე გვირჩევნია... და ესეც ჩვენი, ადამიანური უგუნურების „დამსახურებაა“... არა, ისე არ გამიგოთ, თითქოს დღის საწინააღმდეგო მქონდეს რამე. მით უმეტეს, თუ ის მზიანიც არის, მაგრამ, ღამესაც უნდა მივაგოთ ჯეროვანი პატივი და მისი უჩინარი ღირსებებიც დავაფასოთ...

***

ანდრომ თითებს შორის ჩარჩენილი სიგარეტი საფერფლეზე ისე დასრისა, თითქოს მასზე უნდოდა ჯავრის ამოყრა და ხმადაბლა შეიგინა. მერე ოთახში მყოფებს მიუბრუნდა.

– ესე იგი, „სუფთაა“. რატომ ხართ ასე დარწმუნებულები?

– ამ ჩანაწერების მიხედვით ასე ჩანს. მესამედ ვნახულობ და ერთი საეჭვო დეტალიც არ შემინიშნავს, არც ერთი ისეთი მოძრაობა, რასაც ჩავებღაუჭებოდი და ვიტყოდი, რომ სერიოზულ თაღლითთან გვაქვს საქმე.

– არასერიოზულ თაღლითს რას ეძახი? – გაღიზიანდა ანდრო, – გამაგებინე, რას გულისხმობთ? ერთი ფსიქოლოგი და ერთიც დეტექტივი, ოთხი საათია, აქ სხედხართ და ვერაფერს მეუბნებით. რა ვქნა, სხვა ფსიქოლოგი და სხვა დეტექტივი მოვძებნო? ხომ არ დაგავიწყდათ, ფულს ვინ გიხდით?

– ბატონო ანდრო, – სიტუაციის განეიტრალება საკუთარ თავზე აიღო ფსიქოლოგმა, – ტყუილად ნერვიულობთ. ყველაფერი წესრიგშია. დიახ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას.

– ჰო?! მაშინ, მითხარი, როგორ იგებს?

ფსიქოლოგმა ამოიოხრა და ადვოკატს გადახედა – მიშველეო. ანდრო არ ცხრებოდა.

– გინდა, დამაჯერო, რომ ასეთი იღბლიანი ადამიანები არსებობენ? ეს გინდა?

– მიუხედავად შენი ასეთი რეაქციისა, ასეთი ადამიანები მართლა არსებობენ. მე ფსიქოლოგი ვარ და ვიცი. ადამიანს შეუძლია, საკუთარი თავი დააპროგრამოს წარმატებისთვის. ეს ადვილი არ არის, მაგრამ ერთეულები ახერხებენ.

– ჰმ, სწორედ ზღაპრების მოსმენა მინდოდა, – ანდრომ მაგიდის ზედაპირზე აათამაშა თითები, – „მეკაიფები“?!

– როგორ გეკადრებათ! მე ვიცნობ რამდენიმე ასეთ ადამიანს... ბატონო ანდრო, თუ საშუალება გექნებათ, თამაშის მსვლელობისას რომ დააკვირდეს, კარგი იქნება.

– ჰმ, მე რა ვიცი, როდის მოვა, დაბარებული კი არ მყავს. იქნებ, საერთოდაც აღარ მოვიდეს.

– მოვა. მე თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში, – მშვიდად თქვა ფსიქოლოგმა, – აი, ზურაც დამეთანხმება.

დეტექტივმა ისე დააქნია თავი, განსაკუთრებული ენთუზიაზმი არ ეტყობოდა.

– რომ აღარ მოვიდეს? ხომ შეიძლება, ცდებოდეთ?!

– მაშინ, აღარც პრობლემა იარსებებს. როგორც მითხრეს, ძალიან დიდი ზარალი არ მოუყენებია – რამდენიმე ათასი დოლარი თქვენთვის კატასტროფა არ არის.

– კატასტროფა ის არის, რომ ვიღაც მათხოვარი მასხრად მიგდებს, ჩემ ცხვირწინ თაღლითობს, მე კი მხოლოდ ვუყურებ, – ანდრო დეტექტივს მიუბრუნდა: – ზურა, შენ მე რამდენი ხანია, მიცნობ?

ის ასეთ შეკითხვას არ ელოდა და დაიბნა.

– მგონი, დიდი ხანია. ზუსტად არ მახსოვს, ექვსი ან შვიდი წელი იქნება. უნდა დავფიქრდე.

– მაგას არ გეკითხები, საკმარისი დრო თუა იმისთვის, რომ კარგად გაგეცანი-მეთქი.

– ალბათ.

– მერე, როგორ გგონია, მე ვარ ის ადამიანი, ვინც დაცინვას აპატიებს? ვარ?

– ანდრო, შენ ვერ გაიგე, ჩვენ იმას კი არ გირჩევთ, რომ...

ანდრომ ხელის აქნევით შეაჩერა.

– სულ არ მაინტერესებს, თქვენ რას ფიქრობთ, ყველაფერი ძალიან კარგად გავიგე, მაგრამ ზურა, შენი მიკვირს, რატომ არ უშვებ იმას, რომ შეიძლება, მას მოკავშირეები ჰყავდეს? იქნებ, სერიოზულ თაღლითურ სქემასთან გვაქვს საქმე, არც ერთს არ გაგიჩნდათ ასეთი ეჭვი?

– რა თქმა უნდა, ბატონო ანდრო, იმიტომაც მინდა, ჩანაწერებს კი არა, თვითონ მას დავაკვირდე. მოგვეცემა ამის საშუალება, ის რომ მოვა, ჩვენც აქ ვიქნებით.

– ესე იგი, მოცდის გარდა აღარაფერი დაგვრჩენია, – ირონიულად ჩაიცინა ანდრომ.

– არ დაგვჭირდება დიდხანს ლოდინი, ბატონო ანდრო, – სითამამე მოემატა ფსიქოლოგს.

– ესე იგი, სპეცსამსახურები არ უნდა ჩავრიოთ. თქვენ ამას მირჩევთ?

– დიახ. ყოველ შემთხვევაში – ჯერჯერობით. დავაკვირდეთ და მერე ვნახოთ.

– კარგი, ამჯერად ასე იყოს, გენდობით. იმედია, თქვენი დაკვირვება-ექსპერიმენტი ძალიან ძვირი არ დამიჯდება.

***

... დამავიწყდა წეღან რაზე ვსაუბრობდი... ჰო, მართლა... ღამე რომ მიყვარს ძალიან, იმაზე... აქვს მას თავისებური ხიბლი და დამეთანხმეთ... პირადად მე საკმაოდ გვიან შევიცანი მისი მომაჯადოებელი ანდამატი. თქვენც, თუკი ჯერ არ დაკვირვებიხართ იმ ჰარმონიულ ბალანსს, რომელსაც ღამე ამყარებს, სცადეთ და არ ინანებთ. საოცარი გრძნობა დაგეუფლებათ, როცა თავისი რბილი მკლავებით ჩაგიხუტებთ და ვნებებს ჩაგიცხრობთ. დღისით მიღებულ განცდებს გაგინეიტრალებთ და მშობელი დედასავით მოგეფერებათ. ვალში არ დაგრჩებათ...

***

ლაშა ყავის სუნმა გამოაღვიძა. თვალები გაახილა და მიაყურადა. სამზარეულოდან აშკარად გაიგონა ჭურჭლის ხმაური. გახარებულმა, ლამის ლოგინიდან ისკუპა, მაგრამ, უცებ მოაგონდა, რომ ეს ლიკა არ იქნებოდა. ლიკამ სამუდამოდ მიატოვა – ამას როგორმე უნდა შეგუებოდა. ჯერ კი ეს შეუძლებლად მიაჩნდა. ადგომის ხალისიც გაუქრა. აღარც ყავის სურნელი იყო ისეთი არომატული და მიმზიდველი. უხალისოდ, მაგრამ მაინც ადგა. შარვალი ჩაიცვა და სააბაზანოში შესვლამდე სამზარეულოში შეიხედა. ქურასთან ვახო იდგა და რაღაცას ურევდა. ლაშას მოზეიმე სახით დაუქნია ხელი:

– ახლა უნდა გამეღვიძებინე. მიდი, ხელები დაიბანე და ვისაუზმოთ. კვერცხი შევწვი ყველით. მგონი, გამომივიდა. ყავა კი „სუპერია“. ეს ვიცი. რას მიყურებ...

ლაშა ისევ ჩუმად იდგა და ერთ წერტილს მიშტერებოდა?..

– ლაშა, რა მოხდა, არ გამოვიდა? ე, რა სახე გაქვს, ბიჭო!..

– გამოვიდა, ყველაფერი რიგზეა. რაღაც გადაწყვეტილება მივიღე.

ვახომ ამოიხვნეშა:

– მოიცა, ჯერ გაზქურას გამოვრთავ. რაღაც ისეთი არ მითხრა, გული არ გამიხეთქო!

ლაშას ყურადღება არ მიუქცევია მისი სიტყვებისთვის, უფრო საკუთარ თავს ელაპარაკებოდა:

– ჰო, მივიღე გადაწყვეტილება: ბევრი ფული მჭირდება, ძალიან ბევრი...

– ჰმ, ეგ რა ახალი ამბავია, ბევრი ფული ვის არ სჭირდება! მშვენიერი გადაწყვეტილებაა, არაჩვეულებრივი...

– მოიცა, შენ ვერ გაიგე. ფული იმისთვის არ მჭირდება, რისთვისაც შენ. მე ლიკას გამო მივიღე ასეთი გადაწყვეტილება.

– აუ, გამაგიჟებ, რა... ისევ ლიკაზე ლაპარაკობ? დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა: თუ დროზე არ მოეგები გონს და არ ეცდები, შენს ცოლზე ცოტა ხნით მაინც არ იფიქრო, არაფერი გამოგივა. აღარ უნდიხარ იმ ქალს, რით ვერ გაიგე? მგონი, შემცვლელიც მოგიძებნა უკვე და შეეშვი.

ვახო შეცდა. ლიკას ხსენებაც კი, ლაშაში წარმოუდგენელ რეაქციას იწვევდა. ამჯერადაც ვერ შეიკავა თავი და იფეთქა:

– შენ ლიკას ხსენებას გიკრძალავ, საერთოდ!.. – იბღავლა მთელი ხმით, – და გაფრთხილებ! – თუკი, ერთხელ მაინც კიდევ გაბედავ და ჩემს ცოლზე რაღაცას „ისე“ იტყვი, სასტიკად ინანებ!

– ჰო, კარგი, ოღონდ ნუ ბღავი! რა უბედურებაა! მე ის გითხარი, რაც ვიფიქრე და...

– ჰოდა, ნუღარ იფიქრებ, ნუღარასდროს! გასაგებია?

– გავიგე. ნუღარ ყვირი. ძალიან კარგად გავიგე, ძალიან. სიტყვას აღარ დავძრავ. საერთოდ არ ამოვიღებ ხმას. თუ გინდა, წავალ კიდეც და, როცა დამშვიდდები, დამირეკე.

– არა, არა, იყავი... – ცოტათი „ჩაცხრა“ ლაშა, – მშვიდად ვარ, ხელებს დავიბან და მოვალ. არა, უმჯობესია, შხაპი მივიღო...

ვახომ სინანულით გადააქნია თავი, ლაშა რომ გავიდა თავისთვის ჩაილაპარაკა:

– ნეტავი გამაგებინა, რა აქვს იმ ქალს ამისთანა, რომ შეშლილი ჰყავს ეს კაცი. არა, სიყვარულის მართლა არაფერი გამეგება და, ალბათ, ვერც ვერასოდეს გავუგებ...

***

სოფო კარგ გუნებაზე იყო და, როცა კარგ გუნებაზე იყო, ძირითადად, სისულელეებს აკეთებდა. რა სისულელეებს?! მაგალითად, ემოციურად არამდგრადი ხდებოდა და უმნიშვნელო წვრილმანიც კი გულს უჩუყებდა. უჩნდებოდა სურვილი, მოენახულებინა მეგობრები, მშობლები, რომლებსაც დიდად არ სწყალობდა, რადგან მათი შენიშვნები განწყობას უფუჭებდა. დედის შეგონებები, მაინც, განსაკუთრებით აცოფებდა და, ისე აღიზიანებდა, მერე მთელი კვირა განურჩევლად ყველას უღრენდა. რაც ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვა, მას შემდეგ მარტო ცხოვრობდა და ტკბებოდა თავისუფლებით. შეეძლო, ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც თავად მოესურვებოდა – ისე, რომ არავისთვის შეეთანხმებინა. ჰოდა, რადგან „სისულელეების“ კეთების გუნებაზე ბრძანდებოდა, მშობლიური ბუდის მონახულება გადაწყვიტა. იმის ილუზია ნამდვილად არ ჰქონდა, რომ შვილის ნახვას დანატრებული დედიკო და მამიკო ჩადენილ ცოდვებს აპატიებდნენ და მაგრად ჩაიკრავდნენ გულში, მაგრამ ამაზე არ უფიქრია...

***

ამბობენ, სისულელეების კეთება ნებისმიერ ასაკში შეიძლება, თუკი ეს გინდა, ან, თუ სისულელეს გონივრული საქციელისგან ვერ არჩევ. ეს, ალბათ, სიმართლეა, რადგან სწორედ სოლიდურ ასაკში ჩადენილ ადამიანურ სისულელეებს მივყავართ საერთაშორისო კონფლიქტამდე და ომებამდეც კი. მსოფლიო პოლიტიკა სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლებისმოყვარე, ამბიციური და ჯიუტი სახელმწიფო მეთაურების სისულელეების კეთებისკენ ლტოლვა. მაგრამ მათზე ხმამაღლა არავინ ამბობს, სულელები არიანო. მიზეზი მარტივია – მათ ძალაუფლება აქვთ, რაც ბუნებრივად გამორიცხავს სისულელეს. სისულელეს არასდროს უთვლიან ნაკლად იმასაც, ვისაც ბევრი ფული აქვს, ოღონდ, ეს „ბევრი“ მართლა ძალიან ბევრი უნდა იყოს, იმდენი, რომ მოქმედების თავისუფლება მოგანიჭოს. ორი-სამი მილიონი იმდენი სისულელის ჩადენის საშუალებას მოგცემთ, გულს მოიჯერებთ. რაც უფრო ნაკლებია ფული, მით ნაკლები სისულელის ჩადენის უფლება გრჩებათ. ასე რომ, ახლა თავად განსაჯეთ: გინდათ, აკეთოთ სისულელეები და ამისთვის არავინ გაგკიცხოთ? უფრო მეტიც – თავზე ხელიც კი გადაგისვან? მაშინ, კეთილი ინებეთ და, ჯერ ტკიცინა კუპიურები დააგროვეთ...

***

ლიანამ ჯერ შორიდან „დაზვერა“ შვილი. მასთან საუბარი ღამითვე უნდოდა, მაგრამ დაინდო – მიხვდა, რაღაც ისეთი მოხდა, რასაც ლიკასთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა და რაც მისთვის მძიმე შედეგების მომტანი შეიძლებოდა, ყოფილიყო. სიტყვებსაც დიდხანს არჩევდა, არ იცოდა, როგორ დაეწყო. ბოლოს ის თქვა, რაც პირველად მოადგა ენაზე:

– ამ სისულელის გაკეთების უფლებას არ მოგცემ!

ლიკამ ფინჯანი დადგა და შეხედა. ლიანამ გადაწყვიტა, რომ შვილმა ვერ გაიგო მისი სიტყვების არსი, ამიტომ განუმარტა:

– სისულელეა იმაზე ფიქრიც კი, რომ შენ ოჯახს დაანგრევ.

– ეს მარტო ჩემი და ლაშას გადასაწყვეტია, – ლიკა შეეცადა, არ აჰყოლოდა დედის პრეტენზიულ, მომთხოვნ ტონს.

– არა, არ არის ასე. გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ, მაგრამ, მე უფლება არ მაქვს, გულზე ხელებდაკრეფილმა ვუყურო, როგორ დაუშვებ საბედისწერო შეცდომას.

– ოჯახები ინგრევა, მაგრამ ამას კატასტროფად არავინ მიიჩნევს, არავინ, შენი და მამაჩემის გარდა.

– მამაშენს თავი დაანებე, გული აქვს ცუდად და არ ვეუბნები, მაგრამ, როდემდე დავუმალავ? უკვე მკითხა, ამდენ ხანს აქ რატომ არის, სახლში რატომ არ მიდის, ისევ ხომ არ იჩხუბესო.

– მერე, რა უპასუხე?

– რა უნდა მეპასუხა, გავჩუმდი. ლიკა, გუშინ იჩხუბეთ შენ და ლაშამ? საღამოს სახლში გამოიარე და იჩხუბეთ? მაშინვე მივხვდი...

– ჰმ, დიდი მიხვედრა უნდოდა! ჩანთით რომ მოვედი და ტანსაცმელი მოვიტანე, უკვე გასაგები იყო ყველაფერი.

– ჩემთვის არაფერია გასაგები. რა მოხდა, ამჯერად რით ხარ უკმაყოფილო?

ლიკამ მკერდზე დაიდო გაშლილი ხელი და თვალები აღშფოთებით დაახამხამა.

– მე ვარ უკმაყოფილო? გმადლობ, დედა, აი, ამას ველოდი შენგან! ესე იგი, ლაშა ანგელოზია და მე ვარ ურჩხული, მუდმივად უკმაყოფილო, ანჩხლი დედაკაცი, რომელიც ამ ანგელოზივით კაცს მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს... იცი, რას გეტყვი? ეგ შენი ანგელოზი სიძე მორალურად მანადგურებს, მთრგუნავს და მგუდავს. ეს ის მამაკაცი აღარ არის, ვინც მე მიყვარდა და ვისაც შენ იცნობდი. შეიცვალა, გაგიჟდა და ჭკუიდან გადავიდა, სულ მატყუებს, თანაც, ისეთ ტყუილებს იგონებს, ფანტასტიკის სფეროსაც რომ სცილდება. აღარ შემიძლია, დავიღალე! მითხარი, რა გირჩევნია, ოჯახი მქონდეს და მოვკვდე, თუ ცოცხალი დავრჩე, მაგრამ ქმარს გავცილდე?

– ასე რთულად არის საქმე? ბოლოს რომ ვნახე ლაშა, აგარაკზე რომ ამოვიდა, მსგავსი არაფერი გეტყობოდათ. პირიქით, ბედნიერებისგან ბრწყინავდი და მეორე საქორწინო მოგზაურობაშიც კი აპირებდით წასვლას.

– ვაპირებდით?! ჰო. ვაპირებდით. მერე რა, რომ ვაპირებდით? მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა ნაძირალასთან მქონდა საქმე. არამზადა, თანაც – გიჟი!

– ლიკა, – ლიანა გვერდით მიუჯდა შვილს და თმაზე მოეფერა, – ძალიან გთხოვ, დამშვიდდი. ემოციებს ყვები და შეცდომას უშვებ. რა უნდა გაეკეთებინა ლაშას ისეთი, რომ მისი სიყვარული ასე ერთბაშად ამოგეგდო გულიდან? არ მჯერა მე ამის და, ვიცი, რომ შენც არ გჯერა.

– მისი დანახვაც არ მინდა...

– შეიძლება და, მოდი, ცოტა ხანს ნურც ნახავ. მე შევხვდები ლაშას და დაველაპარაკები.

– არავითარ შემთხვევაში! ეგ არ გააკეთო, თორემ, სახლიდანაც წავალ.

– ეს რა, ულტიმატუმია? – წარბი შეიკრა ლიანამ.

– როგორც გინდა, ისე გაიგე, მაგრამ, ისიც იცოდე, რომ ჩემსა და ლაშას შორის ყველაფერი დამთავრებულია.

– ასეთი კატეგორიული ნუ იქნები. ლიკა, შენ და ლაშას ხომ ძალიან გიყვარდათ ერთმანეთი!

– დიახ, გვიყვარდა. მაგრამ, რას იზამ, დიდი სიყვარულიც კი მთავრდება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი ესაა, მამაჩემს კი, თუ გინდა, თავად ვეტყვი ყველაფერს.

– არავითარ შემთხვევაში! ჯერ ხმა არ ამოიღო, ცოტა ხანს დავიცადოთ. იქნებ, რაღაც ისეთი მოხდეს, რაც აზრს შეგაცვლევინებს. ხომ შეიძლება?

ლიკამ მხრები აიჩეჩა:

– შეიძლება?! ეჰ, დედა, რა ოპტიმისტურად უყურებ სიტუაციას. არადა, საქმე გაცილებით რთულად არის.

– აჰა. აი, ხედავ? რაღაცას არ მეუბნები. რა სჭირს ამ ბიჭს ამისთანა, საყვარელი ჰყავს?

– ჰო, საყვარელი ჰყავს, – თქვა ლიკამ და უცებ იგრძნო, რომ გაუხარდა – ძლივს მიაგნო გამოსავალს. ლიანასთვის ეს არგუმენტი იყო და ახლა დაუსრულებელი შეკითხვებით აღარ შეაწუხებდა.

– საყვარელი ჰყავს? შეუძლებელია!

– შესაძლებელია, ძალიანაც შესაძლებელი! ახლა ხომ გამიშვებ სამსახურში? დამაგვიანდა. ისე, ძალიანაც ნუ გამოიდებ თავს, რომ ყველაფერი შესანიშნავად არის. იქნებ, ხვალ ჩემს ცხოვრებაშიც სხვა ადამიანი გამოჩნდეს და მერე თვითონვე უხერხულად იგრძნობ თავს.

ლიანა გაფითრდა:

– რაო?! ესე იგი, შენ ხარ ამ დაშორების ინიციატორი? ლიკა, შემომხედე, თვალებში შემომხედე და ისე მითხარი – ვინმეს ხვდები?!

***

... ოჰ, ეს სისულელეები... რა კარგად გრძნობ თავს, როცა სისულელეებს სჩადიხარ: არ ხარ დაძაბული, ხელოვნური და მშვილდივით მოჭიმული და თითქოს უფრო თავისუფლადაც სუნთქავ. მოკლედ, ასე გინდა და მორჩა – იმ წუთში ხომ არც შედეგებზე ფიქრობ და, ეს კიდევ ერთი პლუსია სისულელის სასარგებლოდ.

სოფოს ღიმილი მაშინაც არ მოსცილებია სახიდან, როცა დედამისმა მისი ჩვეული რეპერტუარიდან ყველაზე მძიმე ბრალდებები წაუყენა და აგრძნობინა, სულაც არ ვგრძნობ თავს კარგად მხოლოდ იმის გამო, რომ გვიკადრე და დაგვაფასეო.

– მამა სად არის? – მხიარულად იკითხა სოფომ და არხეინად მოიკალათა სავარძელში.

– სამსახურში წავიდა.

– ასე ადრე? – გაიოცა გოგომ.

– თორმეტი საათია. წესით, შენც სამსახურში უნდა იყო. გამოგაგდეს თუ სხვა სამსახური იშოვე, უფრო „თავისუფალი რეჟიმით“? შენგან არ გამიკვირდება.

– ოჰ, რა უცნაური ქალი ხარ! პირიქით, უნდა გიხაროდეს, ასეთი დამოუკიდებელი შვილი რომ გყავს – საკუთარ თავს თავად ირჩენს, სხვათა შორის, არც ისე ცუდად და ხელი თქვენს ჯიბეში არ აქვს ჩაყოფილი.

– სამაგიეროდ, სხვის ჯიბეში აფათურებს, – ბოღმით ჩაილაპარაკა ქალმა. სოფოს არ სწყენია. შეჩვეული იყო დედისგან ასეთ რეპლიკებს და სხვანაირად აღარც წარმოედგინა.

– იმ „სხვას“ ეს მხოლოდ სიამოვნებას ანიჭებს. ასე რომ, პრობლემა მოხსნილია.

– როგორი უსირცხვილო ხარ! მეზობლებში თავი ვერ გამომიყვია შენ გამო.

– ჩემ გამო? – მოჩვენებითი გულწრფელობით გაიოცა სოფომ, – რა უსამართლობაა! იცი, რაშია საქმე? მაგათ შენი შურთ.

ქალი გააოგნა შვილის თავხედობამ.

– რისთვის მოხვედი, ნერვები რომ მომიშალო?

– არა. არ დაიჯერებ, მაგრამ, მომენატრე.

ქალმა ირონიულად გაიცინა. სოფომ თავი გადააქნია.

– ასეც ვიცოდი. არ გჯერა, მაგრამ, მე მაინც მომენატრე. დედაჩემი ხარ, ბოლოს და ბოლოს!

– ჰო, ამ სამწუხარო ფაქტს ვერსად გავექცევი. ერთი რამე არ მესმის შენი: რატომ არ გინდა, როგორც ყველამ, ისე იცხოვრო, როგორც წესი და რიგია?

– აჰა! მივადექით ამ საჭირბოროტო საკითხსაც. თუ სწორად გავიგე, „როგორც ყველამ,“ ისე რომ ვიცხოვრო, აუცილებლად უნდა გავთხოვდე, გავაჩინო შვილები, მოვუარო ქმარს, ვრეცხო მისი ჭუჭყიანი წინდები, ვაუთოო პერანგები, ვუსმინო მის ხვრინვას და თავი ბედნიერად ვიგრძნო – ხომ ეს არის „ცხოვრება წესისა და რიგის მიხედვით“?

– ბოლოს მაინც აქამდე მიხვალ. აი, ნახავ, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები!

სოფომ გაიცინა:

– ეჭვი მეპარება. ჩემთვის ასეთი ცხოვრება მოსაწყენია და უინტერესო. ვერავის მოსამსახურე ვერ ვიქნები. რა ვქნა, არ შემიძლია. ერთადერთი, შეიძლება, შვილი გავაჩინო. ოღონდ, ჯერ არა. ორმოცი წლის ასაკში ვიფიქრებ მაგაზე.

– არანორმალური ხარ. ნუთუ ასეთი, მე გაგაჩინე და გაგზარდე? მე რომ მამაშენთან ვარ, მის მოსამსახურედ უნდა ვგრძნობდე თავს?

– არ ვიცი, ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მე შენ ვერაფერს გიკარნახებ. ვერც მიგითითებ და ვერც გისაყვედურებ. მაგრამ, თუ ცოლის როლში თავს კომფორტულად არ გრძნობ, მაშინ...

– სოფო, ძალიან გთხოვ, წადი აქედან, ძალიან გთხოვ... მირჩევნია, საერთოდ არ გნახო!

– ვითომ საერთოდ არც ვარსებობ, არა?! კარგი, როგორც შენ გინდა! ოღონდ, იცოდე, რომ მართლა მომენატრე. მერჩივნა, მე და შენ ერთმანეთისთვის გაგვეგო.

– მეც მერჩივნა, მაგრამ შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. არ მინდა, ის გიწოდო, რასაც იმსახურებ!

– ისედაც ვიცი და მაინც მწყინს. გულახდილად გეუბნები: მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მიყვარხარ.

– აუტანელი ხარ, – ქალი ადგა და ხელი კარისკენ გაიშვირა, – როგორ უნდა გახვიდე, იცი. კიდევ თუ მოგენატრები, დარეკე, სრულიად საკმარისი იქნება.

სოფომ ერთბაშად მოიწყინა:

– იცი, შენს თვალებში რას ვხედავ? გაცილებით მშვიდად იქნებოდი, ერთ დღესაც რომ მოვმკვდარიყავი.

– ღმერთს ნუ სცოდავ! – მხოლოდ ეს თქვა ქალმა ცივი, გულგრილი ტონით.

– გასაგებია. არ შევმცდარვარ. დათო სად არის?

– სძინავს. ისიც შენნაირი ხდება – მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებს და, თუ საბოლოოდ წავა ხელიდან, ამაში შენ იქნები დამნაშავე. შენი ბრალია ყველაფერი, შენ მიღუპავ ოჯახს! რატომ მიიყვანე იმ სამსახურში, ამას რაღას ერჩოდი? მაგრამ, გინდა, არაფრით იყოს შენზე უკეთესი... მგონი, უკვე ვიღაც კახპას გადაეკიდა.

სოფო აღარ უსმენდა დედის ქოთქოთს. საძინებლის კარი შეაღო და შევიდა. ფართო ლოგინზე, ბალიშში თავჩარგულ ბიჭს ეძინა. სოფო საწოლზე ჩამოჯდა და მიაშტერდა. ერთადერთი ადამიანი, ვინც მართლა უყვარდა და მისთვის სიცოცხლესაც დათმობდა, დათო იყო. ძმას ყოველთვის ესმოდა მისი, ბავშვობიდან დღემდე. ათი წლით უმცროსი იყო, მაგრამ, კაცივით მფარველობდა და დასტრიალებდა, არასდროს საყვედურობდა და ისეთი უყვარდა, როგორიც იყო...

სოფო დაიხარა და ბიჭს მხარზე შეეხო ტუჩებით, თან გაიფიქრა, კიდევ კარგი, დედაჩემი აქაც არ შემომყვაო. ბიჭის გაღვიძებას არ აპირებდა, მაგრამ იმან თითქოს იგრძნო მისი სიახლოვე, გადმობრუნდა და თვალები გაახილა.

– ვა, სოფო? მეგონა, სიზმარში გხედავდი.

სოფო ნეტარებით გაიზმორა:

– უჰ, რა სიამოვნებით დავიძინებდი შენთან ერთად და კარგ, ლამაზ სიზმარსაც ვნახავდი!

დათო მიხვდა:

– დედაჩემმა ისევ „გაჭედა“, არა?

– ჰო. მაგრამ, უკვე შევეჩვიე მის გამოხდომებს და ნერვებიც აღარ მეშლება.

– ვითომ? რაღაც არ გეტყობა, ისეთი სახე გაქვს.

– ყურადღებას ნუ მომაქცევ, გამივლის.

– აუ, რამდენჯერ ვთხოვე, სოფოს საქმეში ნუ ერევი-მეთქი, მაგრამ მაინც თავისას აკეთებს. შენც, დაიკიდე, რა! ხომ იცი, რაც უნდა გითხრას, მაინც უყვარხარ.

სოფომ გადაიკისკისა:

– კი, როგორ არა. ისე ვუყვარვარ, რომ ჩემს საფლავზე სიარული ურჩევნია ჩემს ნახვას.

– ნუ სულელობ! – შეიჭმუხნა დათო, – აბა, რას ამბობ?! უბრალოდ, ასეთი ტიპია. უფრო სწორად, მას სხვანაირად ესმის რაღაც-რაღაცეები.

– ჰო, თანაც, ისეთი რაღაც-რაღაცეები, მისთვის რომ ტრაგედიაა, ჩემთვის კი უმნიშვნელო წვრილმანი, – მაგრამ, მოდი, ნუ ვილაპარაკებთ ამაზე. შენზე მომიყევი. მოგწონს ახალი სამსახური?

დათომ წაუსტვინა. სოფომ მსუბუქად წაუთაქა:

– ე, გენიოსო, ეგ რას ნიშნავს, მოგწონს თუ არა?

– პრინციპში, არა უშავს, მაგრამ, საღამოები დაკავებული რომ მაქვს, ეგ დიდად არ მომწონს.

– სამაგიეროდ, ხელფასი გაქვს დიდი.

– არც ისე დიდი. იქ ისეთი ფული ტრიალებს...

სოფომ გამაფრთხილებლად დაუქნია თითი საეჭვოდ თვალებაციმციმებულ ძმას:

– იცოდე, ჭკუით იყავი. შენი იმედი მაქვს.

– იმედი უნდა გქონდეს, სხვანაირად, ჩვენ შორის ძმაკაცობა არ გამოვა, მაგრამ, ხელფასი ცოტა მეტი რომ მქონდეს, უკეთესი იქნება, საჩუქრებს გიყიდდი...

– არ მინდა შენი ნაყიდი საჩუქრები, მაგისთვის სხვა მყავს, – გაიცინა სოფომ, ძმას ლოყაზე აკოცა და თმაზე მოქაჩა:

– ახლა არ დამიწყო დედაშენივით!

– არა, არც ვაპირებ, მაგრამ, მართლა არ გინდა, ვინმესთან სერიოზული ურთიერთობა გქონდეს?

– შენც მარტო ცოლქმრობა და მენდელსონის ვალსი გგონია სერიოზული ურთიერთობა?

– არა, მე სიყვარულზე გელაპარაკები. მართლა არ გინდა, ვინმე გიყვარდეს?

– მე შენ მიყვარხარ და მყოფნის.

– მოიცა, ხომ იცი, რომ სხვანაირ სიყვარულზე გელაპარაკები. იცი, რა მაგარი გრძნობაა?..

სოფომ თვალები მოჭუტა და ძმა დაკვირვებით შეათვალიერა:

– შენ, რაღაც, სხვანაირად მღერი. აბა, მითხარი, ვინ არის?

– ვინ არის?! რას მეკითხები, ვერ მივხვდი?

– ძალიან კარგად მიხვდი. ვინ არის-მეთქი. ის გოგო, ვინც სიყვარულზე ასე ჩაგაფიქრა. ოღონდ, არ დაიფიცო, რომ ასეთი არ არსებობს.

– ჯერ კონკრეტული არაფერია. ისეთი არაფერი ხდება, რომ ქვეყანა შევყარო.

– მე ვარ ქვეყანა, შე საზიზღარო? ახლავე მომიყევი, ყველაფერი უნდა ვიცოდე! ვინ არის, მე ვიცნობ?

– არ მგონია. ერთად ვმუშაობთ, ჯერ წესიერად არც ვიცნობ.

– და უკვე გიყვარს?

– მიყვარს-მეთქი, ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ, ძალიან მომწონს.

– კარგია, ძალიან კარგია. მაგრამ, მაინცდამაინც ნუ შეიმჩნევ, რომ ბედნიერი ხარ, თორემ, დედაჩვენის ამბავი ხომ იცი, ისეთ კუდს გამოაბამს, ცხოვრებას გაგიმწარებს და მერე ყველაფერს მე დამაბრალებს.

– როგორც კი ცოტა ფულს დავაგროვებ, მაშინვე გადავალ აქედან.

– სახლიდან წასვლა გინდა?

– ჰო. შენ ხომ ცხოვრობ მარტო? მეც ვიცხოვრებ. ვიქირავებ ან ვიგირავებ ბინას და, რასაც მინდა, იმას გავაკეთებ.

– აუ, მარინა გაგიჟდება!

– არ გაგიჟდება, ნუ გეშინია. მე რომ არ მოვებლანდები ფეხებში, უკეთესად იქნება. თან, დედიკოს ბიჭი ხომ არ ვარ, კაბის კალთაზე გამოვეკერო?!

– მარინას აშკარად არ გაუმართლა შვილებში, შენც უმართავი და ჯიუტი ხარ, – ამოიოხრა სოფომ, – იქნებ, მართლა დავაშავეთ მასთან? – ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე ამაზე.

– რა ვიცი, – კეფა მოიქექა დათომ, – მე მაინც მგონია, რომ, ისე უნდა იცხოვრო, როგორც „გისწორდება“ და ჩემს შვილსაც ამას ვასწავლი.

– როცა შვილი გეყოლება, ასე აღარ იტყვი... უჰ, მგონი, მეც მარინასავით „გავჭედე“, – აკისკისდა სოფო, – მორჩა, წავედი, ნუ იკარგები ხოლმე, რა!.. მოდი ჩემთან, გინდა სახლში, გინდა – სამსახურში, თორემ, მერე იძულებული ვხდები, აქ მოვიდე. დედა კი უნდა ნახოს შვილმა ორ თვეში ერთხელ მაინც, მაგრამ, მარინას ნიჭი აქვს, გემრიელად მოგშხამოს. იცი, რა ვქნათ? მოჰკიდე ხელი იმ შენს შეყვარებულს, გამომიარეთ სამსახურის შემდეგ და სადმე დავსხდეთ.

დათომ ქსუტუნით შეისუნთქა ჰაერი:

– ისა... ცოტა დრო მჭირდება... ხომ გითხარი, ჯერ მეც არ ვიცნობ წესიერად-მეთქი. მერე კი აუცილებლად გაგაცნობ, გპირდები...

***

ლაშასთვის მიზანი ხელშესახები გახდა. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ლიკა მეხსიერების ყველაზე შორეულ კუნჭულში გამოემწყვდია, არ ეფიქრა მასზე და არ მიეცა საშუალება, ყოველ წუთს შეეხსენებინა თავი. „ფული მინდა, ჰო, ფული მინდა... ბევრი, ძალიან ბევრი... დანარჩენზე მერე ვიფიქრებ. მერე ყველაფერი სხვანაირად, უფრო მარტივად იქნება. ფულით ყველაფერს იყიდი, სიყვარულსაც, ბოლოს და ბოლოს. ვახო მართალია, არ შეიძლება, მთელი შენი ცხოვრება ერთ ადამიანს დაუკავშირო, მთლიანად მასზე აეწყო და მერე, იმედგაცრუებას რომ იგემებ, დეპრესიაში ჩავარდნილმა, თითები იმტვრიო... საკმარისია, მე ეს აღარ დამემართება, არავითარ შემთხვევაში! დღეიდან ჩემი ცხოვრება იცვლება, მთლიანად იცვლება... დღეიდან მე სხვა ლაშა ვხდები. არავითარი ემოციები და სიყვარული! „იზმენებში“ თექვსმეტი წლის ბიჭები აღარ ვარდებიან, მით უმეტეს, სიყვარულის გამო... ალბათ, როგორი სასაცილო ვარ შორიდან...

ვახომ პერანგის საყელო გაისწორა და სარკეში საკუთარ გამოსახულებას გაუღიმა:

– რა მაგარი ტიპი ვარ! ხომ მაგრად მიხდება კლასიკური სტილი? იცი, რას ვფიქრობ? სამსახურს თავი უნდა დავანებო. აღარ მინდა იმ კომპიუტერთან ჯდომა და თვალების გაწყალება. შენც დაწერე განცხადება და წამოდი!

ლაშამ ქამარი შეიკრა:

– ჯერჯერობით არაფრის შეცვლას არ ვაპირებ და არც შენ გირჩევ. არ არის საჭირო, ხალხს თვალებში შევეჩხიროთ. დრო მოვა და ჩვენც ამოვტივტივდებით, ოღონდ ჯერ საკმარისი თანხა უნდა დავაგროვოთ.

– ჰო, აბა, რა, ფული მართლა გვჭირდება, მერე წავალთ და ლას-ვეგასის კაზინოებს გავასუფთავებთ... აუ!.. – ვახომ წაუსტვინა, – რა „დაცემა“ იქნება?! გადავრევთ იქაურებს...

ლაშამ ამოიხვნეშა, თითი საფეთქელთან მიიდო და მიიკაკუნა:

– ახლა! ნუ „გაუბერე“... ლას-ვეგასში რა გვინდა. აქაც ძალიან კარგად ვახერხებთ ჩვენი საქმის გაკეთებას!

– აბა, რას ამბობ, რა შედარებაა? ლას-ვეგასი ამაში მხეცია, შენი ძალები იქაც უნდა მოსინჯო.

– და დივანიც ავიკიდოთ და თან წავიღოთ?! დაფიქრდი, რა სისულელეს ამბობ!

– რატომ? არც ისეთი სისულელეა. გააჩნია, რამდენს გადაიხდი, თორემ, სახლსაც აიღებენ და სხვა კონტინენტზე გადაიტანენ.

– მორჩი ფანტაზიორობას, ძალიან გთხოვ... წავიდეთ!

– რომელი კაზინო დავლაშქროთ? – ხელები მოიფშვნიტა ვახომ, – სადაც ბოლოს ვიყავით?

– არა, სადაც პირველად ვიყავით. რა იყო, ხომ არ გეშინია?

– მე? რისი უნდა მეშინოდეს? არავითარი შიში, ჩვენ პატიოსნად ვთამაშობთ!

– ჰო, რა თქმა უნდა, პატიოსნად ვთამაშობთ, ძალიან პატიოსნად...

***

ინა არღვევდა საკუთარი თავისთვის მიცემულ პირობას: არავითარი რომანი სამსახურში, მხოლოდ ოფიციალური ურთიერთობები, მკაცრი და მოზომილი! ყოველთვის შეეძლო საკუთარი გრძნობების გაკონტროლება და ამაყობდა ამით, მაგრამ, ეს ბიჭი მასში ყველაზე თბილ, სათუთ გრძნობებს აღძრავდა. ამიტომ ცდილობდა, მასზე არ ეფიქრა, თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ დიდხანს ამას ვერ შეძლებდა, ისეთი ღიმილი ჰქონდა...

– ინა, ყურადღებით იყავი! – გააფრთხილა ანდრომ კაბინეტში შესვლამდე – დღეს რაღაც დაბნეული მეჩვენები...

– დიახ, ბატონო ანდრო, ყურადღებით ვარ.

– ხომ იცნობ? მაშინვე შემოდი ჩემთან, როგორც კი გამოჩნდება, გესმის? საით იყურები?

– მოვიდა, – ჩაილაპარაკა ინამ და შემოსასვლელისკენ გაიქნია თავი.

– რა?!

– მოვიდა, ბატონო ანდრო!

– ზურას და იმ უდღეურს დაუძახე, ჩქარა! ბიჭებს უთხარი, მზად იყვნენ, მაგრამ ისე, რომ არავინ არაფერი შეამჩნიოს, არ უნდა დავაფრთხოთ!..

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3