ვისთვის თვალის ჩაკვრა დაუჯდა სიცოცხლის ფასად 25 წლის ყმაწვილს
მთვრალ ახალგაზრდებს შორის უმნიშვნელო მიზეზით დაწყებული ჩხუბი სისხლისღვრით დასრულდა: მეგობრის წაქეზებით, დანით მოკლა კახაბერ მ-მ თანასოფლელთან რთველში სტუმრად ჩასული 25 წლის ვლადიმერ კ. მკვლელობის მიზეზი ბრალდებულის საცოლის შეურაცხყოფა გახდა, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოკლულმა კახა მ.-ს საცოლეს სუფრაზე რამდენჯერმე თვალი ჩაუკრა და საცეკვაოდ გაიწვია, თავად საქმროს კი, დედა შეაგინა. კახაბერ მ.-ს სასამართლომ 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რომელიც ზემდგომმა ინსტანციამ უცვლელად დატოვა.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, 3 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, კახაბერ მ. და მამუკა გ. თანასოფლელ გიორგი ც.-ს სახლის ეზოში ქეიფობდნენ. მომხდარი ინციდენტის გამო, სუფრა თავდაპირველად კახაბერ მ.-მ, მოგვიანებით კი მამუკა გ.-მ დატოვა. თუმცა, შურისძიების მოტივით, დაახლოებით 40 წუთში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდები უკან დაბრუნდნენ და, სახლში შესვლისთანავე, კახაბერ მ-მ ოჯახში სტუმრად ჩასული ლადო კ. დანით მოკლა, მისმა თანმხლებმა მამუკა გ.-მ კი დაჭრილის ცემა განაგრძო. ხმაურზე გამოსულმა ოჯახის წევრებმა მოძალადეების მოგერიება სცადეს, რა დროსაც ხელში დაიჭრა ოჯახის მასპინძელი გიორგი ც., ხოლო მისი სტუმარი გარდაიცვალა.
სისხლიანი რთველი
საქმის მასალების მიხედვით, დანაშაული კახეთში ზუსტად ერთი წლის წინ მოხდა. მესამე კურსის სტუდენტ გიორგი ც-ს რთველში სტუმრად თბილისიდან ჩასული რამდენიმე თანაჯგუფელი ჰყავდა. ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, სტუმრებმა მთელი დღის განმავლობაში იმუშავეს და, როგორც წესი, საღამოს დიდი სუფრა გაიშალა. ჩასული სტუმრების გარდა, ყურძნის მოკრეფაში ოჯახს მეზობლებიც ეხმარებოდნენ და, ცხადია, სუფრასთან ისინიც იმყოფებოდნენ. ქეიფი ახალი დაწყებული იყო, როდესაც სუფრას ოჯახის კიდევ ერთი ახლობელი – კახაბერ მ., საცოლესთან, მანანასთან ერთად შეემატა. მთელი დღის ნამუშევარი, დაღლილი ახალგაზრდები მალე დათვრნენ და შეზარხოშებულებმა სიმღერა, შემდეგ კი ცეკვა წამოიწყეს. წესით, ყველაფერი კარგად უნდა დასრულებულიყო, მაგრამ, სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც გიორგის ერთ-ერთმა სტუმარმა, ვლადიმერ კ.-მ, ახალგაცნობილი კახაბერის საცოლე საცეკვაოდ გაიწვია. როგორც ჩანს, ეს ჟესტი საქმრომ შეურაცხყოფად მიიღო და გოგონას ცეკვის უფლება არ მისცა და აიძულა, ისევ სუფრასთან დაბრუნებულიყო. ამის გამო, მთვრალი ბიჭები წაკამათდნენ, შელაპარაკება კი იმდენად შორს წავიდა, რომ ბიჭებმა ერთმანეთს შეაგინეს.
სუფრის დანარჩენმა წევრებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს. ბიჭები შეარიგეს, ყველანი ისევ სუფრას მიუსხდნენ და სადღეგრძელოები განაგრძეს, მაგრამ, მოჩხუბრებს შორის მალე ისევ დაიძაბა სიტუაცია. აშკარა იყო, მათი ერთ სუფრაზე ყოფნა აღარ შეიძლებოდა. ოჯახის უფროსმა კახაბერს შენიშვნა მისცა და სთხოვა, დაწყნარებულიყო, რადგან მის შვილთან ჩამოსული სტუმრები უწყინარი ბავშვები იყვნენ და მისი საქციელი ლამაზი არ იყო. ოჯახის უფროსმა ისიც დაამატა, რომ მისი შვილი, გიორგი, მასთან სახლში ასე არასდროს მოიქცეოდა.
როგორც გამოძიება ამბობს, ამ შენიშვნაზე კახაბერ მ. განაწყენდა, თუმცა, აღარ გაუპროტესტებია და საცოლესთან ერთად სუფრა დატოვა. ცოტა ხანში სუფრას სხვა მეზობლებიც გამოაკლდნენ. თუმცა, ვინაიდან ისინი მიიჩნევდნენ, რომ სიმართლე კახას მხარეზე იყო, ნასვამები მასთან მივიდნენ, რომელიც სახლში იმ წუთის დაბრუნებული იყო. ბიჭებიდან ერთ-ერთმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამუკა გ.-მ, კახას მომხდარ კონფლიქტზე დაუწყო საუბარი – შენს ადგილზე არ გავჩუმდებოდი და ვიღაც ჩამოსულ ბიჭს დედის გინებას არ შევარჩენდიო. ამ სიტყვებზე კახა გაღიზიანდა, მაგრამ, მიხვდა, რომ ბიჭები შარს ეძებდნენ და არაფერი უთქვამს. ცოტა ხანში კი დაიშალნენ, მაგრამ წასვლას არ აპირებდა მამუკა გ. მან კახა კიდევ უფრო გააღიზიანა და შეაგულიანა, დედის გინება „შეგეწერა“, სუფრაზე დავბრუნდეთ და მტყუან-მართალი გავარკვიოთო.
როგორც საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი, ღამის დაახლოებით პირველ საათზე, ორივე მეგობარი უკან დაბრუნდა და ყველაფერი სისხლისღვრით დასრულდა.
სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანილი ვლადიმერ კ-ს გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. რაც შეეხება მსუბუქად დაჭრილ მასპინძელს, გიორგი ც-ს, მას საგანგაშო არაფერი სჭირდა გარდა იმისა, რომ მის სახლში სტუმრად ჩასული თანაკურსელი გარდაიცვალა. ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილს ორი ჭრილობა მუცლის არეში დანით ჰქონდა მიყენებული.
მართლია, ეჭვმიტანილებმა მიმალვა შეძლეს, მაგრამ, ინციდენტიდან რამდენიმე დღეში, ძალოვნებმა ისინი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დააკავეს – დაღესტნის ტერიტორიაზე აპირებდნენ გადასვლას. კახაბერ მ.-ს გამოძიებამ განზრახ მკვლელობის, ხოლო მამუკა გ.-ს – თანამონაწილეობის ბრალდება წაუყენა.
სუფრასთან მყოფმა მოწმეებმა მათ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოზეც დაადასტურეს: „ჩვენს ერთ-ერთ სტუმარს კონფლიქტი კახასთან მოუვიდა. ლადოს (გულისხმობს ვლადიმერს) გოგონასთვის ცუდად არაფერი უკადრებია, თუმცა კახას არ მოეწონა მისი საცეკვაოდ გაწვევა და სტუმარს დაარტყა. ჩემმა მეუღლემ ყველანი სუფრასთან დასვა და სთხოვა, დაწყნარებულიყვნენ. კახას კი მიუთითა, რომ სტუმრისთვის არ ეწყენინებინა, რის შემდეგაც კახა წავიდა. ცოტა ხანში მას სხვა ბიჭებიც მიჰყვნენ. სუფრაზე მყოფმა სტუმრებმა მოლხენა განაგრძეს – მღეროდნენ და თან ცოტ-ცოტას სვამდნენ. უცებ ჩვენს სახლში კახა და მამუკა მობრუნდნენ. ალბათ, ბედისწერა იყო, რომ უკან დაბრუნებულებს ეზოს კართან მაინცდამაინც ლადო შეხვდათ და გარეთ გაიყვანეს. ჩვენც მალე გამოვედით და დავინახეთ, როგორ ყავდა მამუკას ლადო გაკავებული და კახა როგორ ურტყამდა. უკვე წაქცეულს, წიხლი მამუკამაც რამდენჯერმე ჩაარტყა. ვკიოდი და შველას ვითხოვდი. უცებ ჩემი შვილის ხმა მომესმა – მგონი, დამჭრაო. შევამჩნიე, ხელიდან სისხლი სდიოდა. მერე გავიგეთ, რომ ლადოც დაჭრილი იყო. სასწრაფოდ გადავიყვანეთ საავადმყოფოში, მაგრამ საოპერაციოში შეყვანიდან ცოტა ხანში გარდაიცვალა. შეძრწუნებული ვარ. უდანაშაულო ბიჭი მოკლეს ჩემს სახლში. ლადო ჩემი შვილის მეგობარი იყო, რამდენჯერმე იყო ჩამოსული ჩვენთან დასასვენებლად. გარდაცვლილის ოჯახი პასუხისმგებლობას ჩვენ, ოჯახს გვაკისრებს, რომ სტუმარს ვერ მოვუარეთ. ამის გამო ჩემმა შვილმა სწავლა მიატოვა, მაგრამ ეს ნაკლებად მადარდებს. მთელი ცხოვრება ვერ მოვისვენებთ, რომ ჩვენს სახლში ჩემი შვილის თანატოლი მოკლეს“, განაცხადა გიორგი ც.-ს დედამ მოწმედ დაკითხვისას.
განსასჯელმა კახაბერ მ.-მ განზრახ მკვლელობაში თავი დამნაშავედ არ ცნო. ითხოვდა, აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციით გაესამართლებინათ. თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა მამუკა გ.-ც. მართალია, მან წინასწარ გამოძიებაში დანაშაული აღიარა და კახასაც ამხელდა, მაგრამ, სასამართლოზე პოზიცია შეცვალა: „წინასწარ გამოძიებაში ვთქვი, რომ მკვლელობაში მონაწილე მეც ვიყავი და კახამაც წინასწარი განზრახვით ჩაიდინა მკვლელობა, მაგრამ, ეს არ არის სიმართლე. სინამდვილეში იმ ჩხუბში მე მონაწილეობა არ მიმიღია. არც კახას ხელში მინახავს დანა და არ ვიცი, მას ჭრილობა ვინ მიაყენა, რადგან იქ ბევრი ადამიანი ირეოდა“. მისი ჩვენების შეცვლა სასამართლოზე გიორგი ც.-მ გააპროტესტა. განსასჯელებს მან ბრალის აღიარებისკენ მოუწოდა. „უდანაშაულო ბიჭი მოკალით და აღიარება და ციხეში წასვლაც არ გინდათ? კაცურად თქვით, რაც ჩაიდინეთ!“ – გაღიზიანებული იყო მოკლულის მეგობარი, რომელმაც დეტალურ ჩვენებაში ორივე მეზობელი ამხილა.
სასამართლოს ჩვენება უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულმა კახაბერ მ.-მაც მისცა: „მანანა ჩემი საცოლე იყო. იმ დღეს, გიორგისთან სტუმრად რომ მივედით, არ ვიცოდი რომ სტუმრები თბილისიდანაც ჰყავდა. სუფრა იყო გაშლილი. ცოტა დავლიეთ და შევნიშნე, რომ ლადომ მანანას რამდენჯერმე თვალი ჩაუკრა. ამაზე არაფერი მითქვამს, მაგრამ შემდეგ გამოიცეკვა. მანანა არ მიჰყვებოდა, მან კი აიძულა, გაჰყოლოდა. მივედი და ვთხოვე, გოგოსთვის თავი დაენებებინა. ამაზე უხეშად მიპასუხა და წავკამათდით, შემდეგ დამარტყა და დედა შემაგინა... მალე სუფრა დავტოვე და სახლში წავედი. ბიჭები რომ მოვიდნენ, მითხრეს, ისევ იგინებოდა შენი მისამართითო. გავბრაზდი. მინდოდა, გამერკვია, რა უნდოდა და მამუკასთან ერთად უკან დავბრუნდი. სახლში რომ შევედით, უცნობი სტუმარი კარებში შემომხვდა. ერთი-ორი წუთი მშვიდად ვლაპარაკობდით. ვკითხე ჩემი წასვლის შემდეგ რატომღა მაგინებდი-მეთქი. ამის პასუხად კი ისევ დედა შემაგინა. მეტი არაფერი მახსოვს, ჯიბეში დასაკეცი დანა მედო, ამოვიღე და, არ მახსოვს, რამდენჯერ დავარტყი. ეს არ იყო განზრახ მკვლელობა, ძალიან გაღიზიანებული ვიყავი. რაც შეეხება მამუკას, ის უდანაშაულოა და, არ ვიცი, რატომ დააკავეს. მას არავინ უცემია და არც დამხმარებია... გიორგი ც. როდის დაიჭრა, არ ვიცი, მე მას არ გავიმეტებდი, ერთად გაზრდილები ვართ, შეიძლება, ის სხვამ დაჭრა...“– აცხადებდა განსასჯელი.
იმის მიუხედავად რომ განსასჯელებმა წაყენებულ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნეს, სასამართლომ ორივეს მკაცრი სასჯელი გამოუტანა. კახაბერ მ.-ს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მამუკას გ.-ს – 9 წელი შეუფარდა. განსასჯელებმა განაჩენი საკასაციო პალატაში გაასაჩივრეს და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას ითხოვდნენ. თუმცა, ამ პოზიციას სახელმწიფო ბრალმდებელი არ დაეთანხმა და განაჩენის ძალაში დატოვება მოითხოვა. პარალელურად, დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვდა მოკლულის დედა.
საბოლოოდ, სასამართლომ დაკავებულების ბრალეულობა დადასტურებულად მიიჩნია. ჩათვალა, რომ საქმეში იყო საკმარისი მტკიცებულებები ბრალის დასადასტურებლად: მათი ქმედება დადასტურებული იყო მოწმეთა ჩვენებებით, მსჯავრდებულთა დაპირისპირების ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებითა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. ამიტომ, ზემდგომმა ინსტანციამ განაჩენი უცვლელად დატოვა.