რატომ გადაიღეს კინოფირზე და გაავრცელეს მთელ მსოფლიოში „გრუელებმა“ თავიანთი ყოფილი კოლეგის დასჯის სცენა
გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების მიწურულს ამერიკის შეერთებულ შტატებში „გრუს“ მაიორი ანატოლი შიშკინი გაიქცა, რომელიც სამხედრო დაზვერვის სპეცდავალებების ოფიცერი იყო. ემიგრაციაში მან ბიოგრაფიული წიგნი დაწერა, სახელწოდებით „გლობალური ტერორი“, რომელშიც ის თავისი თხუთმეტწლიანი საქმიანობის შესახებ წერს. გთავაზობთ ფრაგმენტს ამ წიგნიდან.
სასიკვდილო ტანდემი
ნათან გორმანის უცხოეთში სკანდალური გაქცევის ამბავს 1975 წლის მაისში მსოფლიოს ყველა მოწინავე საინფორმაციო საშუალება გადასცემდა. მაიორი გორმანი „გრუს“ ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, უამრავ საიდუმლო ინფორმაციას ფლობდა და მისმა ღალატმა შოკში ჩააგდო ჩვენი უწყების მესვეურები. ამიტომ, მათ გორმანის ლიკვიდაციის ბრძანება გასცეს. ამ როლისთვის მე ამირჩიეს და მოსკოვში სოჭიდან გამომიძახეს, სადაც სულ რაღაც ოთხი დღის ჩასული ვიყავი და ვისვენებდი. პოლკოვნიკმა შაშიევმა კაბინეტში მიმიწვია. მასთან ტანწერწეტა, შავგვრემანი, ლამაზი გოგონაც იმყოფებოდა და მითხრა:
– უპირველესად, ეს ლამაზმანი გაიცანი – სვეტა საბუროვა, ჩვენი ერთ-ერთი მოწინავე თანამშრომელი და უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალი.
– სვეტა, – ხელი გამომიწოდა საბუროვამ.
მეც ჩამოვართვი და მივუგე:
– ანატოლი.
– დასხედით და კარგად მომისმინეთ, მეგობრებო, – გვითხრა პოლკოვნიკმა შაშიევმა, – ნათან გორმანის ამბავი უკვე იცით. ამ ნაძირალას უკვე გამოტანილი აქვს სასიკვდილო განაჩენი და შემსრულებლად თქვენ ხართ არჩეულები. ის მოღალატე ჩიკაგოში ცხოვრობს, „ცეერუს“ კონსპირაციულ ბინაში და გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშაა. თქვენი ამოცანაა მასთან მიახლოება და იმ ნაძირალას ლიკვიდაცია. აი, სურათები.
შაშიევმა მე და სვეტას მოღალატე მაიორის ოთხნაირი ფოტო გვიჩვენა, ოთხივეში სხვადასხვა გრიმით იყო გადაღებული. თუმცა, სახე დიდად არ იყო შეცვლილი და მისი ამოცნობა არ გაგვიჭირდებოდა. სვეტამ სურათები დაათვალიერა და პოლკოვნიკს ჰკითხა:
– ამხანაგო პოლკოვნიკო, ასეთი დონის ჯაშუშებს პლასტიკურ ოპერაციებს უკეთებდნენ და გორმანის გრიმიანი ფოტოები გამოგვადგება?
– აბსოლუტურად მართალი ხარ, სვეტაჩკა, – გაეღიმა შაშიევს, – ასეთ ნაძირალებს ოპერაციით უცვლიან გარეგნობას. გორმანს კი ოპერაციას ვერ გაუკეთებდნენ, ინფექციური დაავადება სჭირს და ოპერაცია დაუშვებელია. ასე რომ, მისი გარეგნობის შეცვლა მხოლოდ გრიმითაა შესაძლებელი და ამ ნაძირალას ოთხივე სახის ნიმუში ნახეთ. რას იტყვით, თანახმა ხართ?
ბოლო კითხვა, რა თქმა უნდა, სრულიად ფორმალურ ხასიათს ატარებდა. რადგან, დავალებაზე უარის თქმა სიკვდილის ტოლფასი იყო და ეს მე და სვეტამ მშვენივრად ვიცოდით. ამიტომ ერთხმად მივუგეთ:
– რა თქმა უნდა, თანახმა ვართ, ამხანაგო პოლკოვნიკო.
– ძალიან კარგი, – თქვა შაშიევმა, – ახლა ოპერატიულ განყოფილებაში შეიარეთ, იმ ნაძირალაზე დამატებითი ინფორმაციები მიიღეთ და ხვალ უკვე გაემგზავრეთ.
მე და სვეტა ოპერატიულ განყოფილებაში მივედით და გორმანის შესახებ დამატებითი ინფორმაციები შევიტყვეთ. კერძოდ კი, კონსპირაციული ბინის ზუსტი გეგმა და ახლომდებარე ინფრასტრუქტურის განლაგება. აგრეთვე, გორმანის მეთვალყურეების რაოდენობა და განლაგებასაც გავეცანით.
ჩიკაგოში ხუთი დღე დაგვჭირდა, რომ კონსპირაციული ბინის ახლომდებარე ინფრასტრუქტურა აგვეთვისებინა, შესაბამისი გეგმა შეგვედგინა და აქტიური მოქმედებები დაგვეწყო. როდესაც ყველაფერი მზად იყო, მე და სვეტა ერთ-ერთი საკაბელო ტელევიზიის კუთვნილ ფურგონში ჩავსხედით, რომელიც კონსპირაციულ ბინას ემსახურებოდა და დაცულ ტერიტორიაზე, ჩხრეკის შემდეგ, შევედით. მანამდე კი სატელევიზიო კაბელი დავაზიანეთ, რომ ბინიდან ხელოსნები გამოეძახებინათ და სწორედ მე და სვეტა ვიყავით ეს „ხელოსნები“.
კონსპირაციულ ბინაში მხოლოდ ორი მცველი და თავად გორმანი იმყოფებოდნენ, როდესაც დავრწმუნდით, რომ იქ მეტი არავინ იყო, მე და სვეტამ მცველები შიშველი ხელებით გავანეიტრალეთ და გავკოჭეთ. შემდეგ გორმანი შევიპყარით, მისთვის დაუსწრებლად გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი წავუკითხეთ და ჩვეულებრივი გასაშლელი დანით თავი მოვკვეთეთ. ეს ყველაფერი კი მიკროკინოფირზე ჩავიწერეთ და იქაურობა დინჯად დავტოვეთ. მეორე დღეს უკვე მოსკოვში ვიყავით. მოღალატე მაიორის დასჯის ფირს ვუყურებდით ჩვენს ხელმძღვანელობასთან ერთად.
ფირი გადამრავლდა და მსოფლიოს სხვადასხვა ტელევიზიებს დაეგზავნა. დედანი კი არქივში გაიგზავნა. მე და სვეტას წითელი ვარსკვლავის ორდენები და 2-2 ათასი მანეთი პრემია გადმოგვცეს.