კიდევ ერთხელ „ტიტანიკის“ ჩაძირვის შესახებ
ეჭვქვეშ დადგა ვერსია, რომელიც საყოველთაოდაა მიღებული.
„ტიტანიკი“ სულაც არ ჩაძირულა იმის გამო, რომ სწრაფად მიცურავდა და ეკიპაჟმა ვერ მოასწრო აისბერგის შემჩნევა. სინამდვილეში კატასტროფა მესაჭის უხეში შეცდომის გამო მოხდა“, – მოგვითხრობს ეკიპაჟის ერთ-ერთი გადარჩენილი წევრის შვილიშვილის – ლედი პატენის ახალი რომანი.
წიგნის თანახმად, გემს საკმარისი დრო ჰქონდა, რათა თავი აერიდებინა წინაღობისთვის, მაგრამ მესაჭე დაიბნა და საჭე სხვა მხარეს მიატრიალა, თუმცა, ამის შემდეგაც შეიძლებოდა მგზავრებისა და ეკიპაჟის გადარჩენა, თუ გემი ადგილიდან არ დაიძვრებოდა – უახლოესი ხომალდი ოთხი საათის სავალზე იყო და მაშველი გემის მოსვლამდე „ტიტანიკი“ ნამდვილად არ ჩაიძირებოდა, წყლის ზედაპირზე დარჩებოდა.
ყველაზე სენსაციური, რასაც ავტორი მოგვითხრობს, არის ის, რომ თუ მესაჭის მოქმედება მხოლოდ შეცდომად შეიძლება, ჩაითვალოს, ის, რაც შემდეგ მოხდა, იყო მოფიქრებული გადაწყვეტილება. ბრიუს ისმეი, იმ კომპანიის ხელმძღვანელი, რომელსაც „ტიტანიკი“ ეკუთვნოდა, შიშობდა, რომ ინციდენტი, რომელიც გემს შეემთხვა, მისი კომპანიის რეპუტაციას შეარყევდა და კაპიტანი აიძულა, გაეგრძელებინა ცურვა. ამან გააძლიერა წყლის შესვლა გემის დაზიანებულ ნაწილებში და „ტიტანიკი“ რამდენიმე საათით ადრე ჩაიძირა, ვიდრე ეს მისი გაჩერების შემთხვევაში შეიძლებოდა, მომხდარიყო.
სიმართლე იმის შესახებ, რაც იმ ისტორიულ საღამოს მოხდა, თითქმის ასი წელი საიდუმლოდ ინახებოდა ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის, ჩარლზ ლაიტოლერის ოჯახში. ლაიტოლერი იყო ერთადერთი გადარჩენილი, ვინც ზუსტად იცოდა, რა მოხდა იმ ღამეს, მაგრამ ინფორმაცია დამალა, რადგან შიშობდა, რომ გემის მფლობელი კომპანია გაკოტრდებოდა და ის და მისი კოლეგები სამუშაოს დაკარგავდნენ.
„ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჩარლზმა მთელი სიმართლე უამბო, იყო მისი საყვარელი მეუღლე, სილვია, ჩემი ბებია, – წერს პატენი, – იგი გარდაიცვალა, როდესაც მე 16 წლის ვიყავი. მათ სიცოცხლეში საიდუმლოს მეც ვინახავდი, მაგრამ დღეს ბებია და დედა აღარ არიან და, როდესაც ჩემს მეორე წიგნს ვამზადებდი, გამახსენდა, რომ მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ეს საიდუმლო იცოდა და ის გავამჟღავნე“.