კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები


ფრანგიშვილი

ქართველებს მრავლად გვაქვს სადაურობის აღმნიშვნელი გვარები. მათში ჩანს სხვა ტომისა და ხალხის სახელწოდება, როგორიცაა, მაგალითად, არაბი, სპარსი, ებრაელი, ფრანგი და სხვა. ასეთი გვარები მაინცდამაინც მავანი ეროვნების ჩამომავალს არ ნიშნავს. მაგალითად, გვარი ფრანგიშვილი არ ნიშნავს ეროვნებით ფრანგს, ის უფრო სარწმუნოებრივ მომენტს უსვამს ხაზს. ჩვენში, ძველად ფრანგებს ეძახდნენ კათოლიკური სარწმუნოების მიმდევარ ქრისტიანებს. ეს გვარიც აქედან წარმოიშვა.

ამავე ძირისაა გვარი ფრანგულაშვილი. ისინი ძირითადად გურიაში არიან და გვარი ფანგულიანი, მესხეთ-ჯავახეთში.

ქვემო ქართლის 1721 წლის აღწერით, ფრანგიშვილები აზნაურები იყვნენ.

„ფრანგიშვილები, ციციშვილთა აზნაურიშვილები... მათი ხელახლა წყალობის პირობა შაჰნავაზ მეფემ მისცა იმერეთში გადახვეწილ ციციშვილს” (1658-1663 წლები).

ციცი ციციშვილის კუთვნილ ყმათა ნუსხაში, 1668-1675 წლებში, ფრანგიშვილი სეხნია აღნიშნულია და წერია, რომ ოვთეთში მას და გოდერძი ციციშვილს ჰყავდათ ორი კომლი ყმა.

ისტორიულ წყაროებში ასევე მოიხსენიებიან გიორგი, დავით, ზურაბ, ნასყიდა, პაპუნა ფრანგიშვილები.

1995 წლის აღწერის მიხედვით, ვაუჩერი აღებული აქვს 672 ფრანგიშვილს. თბილისში ცხოვრობს 285: სამტრედიაში – 160, აბაშაში – 77 ფრანგიშვილი. არიან სხვაგანაც.

წკრიალაშვილი

ისტორიულ წყაროებში ამ გვარზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ილია მაისურაძე გვარზე – წკრიალაშვილი, მხოლოდ ამას წერს; „სობისი, გორის რაიონი, მოიხსენიება გვარი წკრიალაშვილი.”

გვარში ფუძეა საკუთარი სახელი წკრიალა.

ასევე, პროფესორი ალექსანდრე ღლონტი წერს: „წკრიალა, გვარში წკრიალაშვილი.”

საქართველოში 792 წკრიალაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 180, გორში – 557, კასპში – 19. არიან სხვაგანაც.

ნადიმაშვილი

გვარის ფუძეა ნადიმი, იგივეა, რაც მეჯლისი. სულხან-საბა წერს: „მეჯლისში სპარსთა ენაა, ქართულად ნადიმი ჰქვიან.” ეს სიტყვა ისე დადებია გვარს, რომ ის პირთა სახელად არ ქცეულა.

ჩვენს ხელთ არსებული წყაროებით, ნადიმაშვილი მეთექვსმეტე საუკუნის პირველ მეოთხედში მოიხსენიება.

„ნადიმაშვილი ზაკეს მცხოვრები, გოშფარ და როინ ჯავახიშვილების გაყრის დროს, ის მამულით ერგო გოშფარს” (1527-1558 წლები).

„ნადიმაშვილი ზაკუს მცხოვრები, ზაქარია ჯავახიშვილმა, გიორგი სააკაძესთან შეყრილობის დროს, ის დასდო თავის წილში” (1624 წელი).

საქართველოში სულ 20 ნადიმაშვილი ცხოვრობს.

სურამელაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარ სახელად ქცეული სადაურობის სიტყვა სურამელა. ამავე ფუძისაა გვარი სურამელი, სურამლიშვილი.

ისტორიულ წყაროებში გვხვდება საკუთარი სახელი სურამელა. „სურამელა სურამიდან გადმოხვეწილა და შეჰკედლებია მორდარ მანუჩარ თუმანიშვილს, რომელსაც გიორგი ბატონიშვილმა მისი წყალობა დაუმტკიცა” (1666 წელი).

„სურამელ-ლანიყხელი, ალექსანდრე მეფემ, მისი სახელით შესწირა სვეტიცხოველს” (1601 წელი).

სურამელები იყვნენ ქართლის ერისთავები. „ამადა სურამელი, ქართლის ერისთავი, მსახურთუხუცესი, მოწმე და დამამტკიცებელი დავით მეფის მიერ ჭარმაულ გრიგოლ ჭინჭიაშვილისთვის მიცემული სოფელ ლაუშაის წყალობის სიგელისა” (1297-1298 წლები).

მუხუას მცხოვრები სურამელაშვილი, 1537-1538 წლებში, მამულით წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს.

მეჩვიდმეტე საუკუნეში მოიხსენიებიან ასლამაზა, ბაინდურა, ბერი, ბიძია, შაქარა სურამელაშვილები.

საქართველოში 206 სურამელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 111, მცხეთაში – 70, გორში – 8. არიან სხვაგანაც.

349 – სურამელი, 69 – სურამლიშვილი.

კოჭლაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კოჭლა. ასევე, ამავე ძირით გვხვდება გვარები: კოჭლავაშვილი, კოჭლაძე.

„კოჭლაშვილი ქიტესა, სატივეში მცხოვრები, მოყალნე, ერთი კომლი. ჰყავს ერთი მოლაშქრე ვაჟი და მისი ნაშენი ერთი ვაჟი. მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში, მეჩვიდმეტე საუკუნის პირველ ნახევარში.”

საქართველოში 211 კოჭლაშვილი ცხოვრობს. თბილისში – 93, გორში – 59, ახმეტაში – 28. არიან სხვაგანაც.

ბროლაძე-ბროლაშვილი-გოზალიშვილი-გოზალოვი

გვარი ბროლაძე წარმომდგარია მამაკაცის საკუთარი სახელისგან ბროლა. ამავე ძირისაა გვარები: ბროლაშვილი და ბროლიძე.

„ბროლაძე ბეჟიტას ჰყავს ძმები ნინიკა და შოშიტა. მიჰყიდა დეკანოზის შვილ რამაზა ზუმბულიძეს ბატონის მიერ ნაბოძები უმკვიდროდ დარჩენილი ლაშქარასეული მამულის ნახევარი, დღის ნაფუძარი მიწა” (1652 წელი).

ბროლაშვილი მაზატა – მამასახლისი, მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლო მეოთხედში მოიხსენიება ერთ-ერთ ისტორიულ წყაროში.

ბროლაძეთა ერთი ნაწილი გოზალიშვილებად ჩაწერეს. გოზალ თურქული სიტყვაა და ლამაზს ნიშნავს. გოზალიშვილის გვარს ატარებდნენ ასევე წერეთლები. ბევრმა გოზალიშვილმა აღიდგინა მამაპაპისეული გვარი ბროლაძე.

საქართველოში 761 ბროლაძე ცხოვრობს: თბილისში – 243, ქობულეთში – 130, მცხეთაში – 82. თბილისში – 17. არიან სხვაგანაც.

გეგეშიძე

გვარის ფუძეა გეგე. გეგე მეგრულად, სიტყვა-სიტყვით წმიდა გიორგის აღნიშნავს. ში სუფიქსია, ამავე ძირისაა გვარები – გეგია, გეგელია, გეგეჭკორი.

გვარი გეგეშიძე გავრცელებულია ქვემო იმერეთში. კერძოდ, სოფლებში ლაშე, მაქათუბანი, ხარაგვეში, საყულა, ჭაგანი, ჭყვიში. გვხვდება აბაშის რაიონშიც. ქოლბანში – 10, აბაშაში – 3, პირველ მაისში – 3, სამიქაოში – 3 კომლი. არიან სხვაგანაც.

„გეგეშიძე ნიკორწმინდას მცხოვრები, ერთი კომლი, ბაგრატ მეფემ შესწირა ნიკორწმინდის ეკლესიას” (1544 წელი).

საქართველოში 1 911 გეგეშიძე ცხოვრობს: თბილისში – 469, სამტრედიაში – 431, ქუთაისში – 164, თბილისში – 17. არიან სხვაგანაც.

კულიჯანაშვილი და

არა ყულიჯანაშვილი

ნაწარმოებია თანამდებობის ტერმინიდან კულეიჯი. კულეიჯი თურქული გვარია და კოშკის მფლობელს, მცველს ნიშნავს.

ყულიჯანაშვილის სამშობლო მესხეთ-ჯავახეთია, კერძოდ კი – უდე. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან ყულიჯანა.

საქართველოში 78 კულიჯანაშვილი ცხოვრობს: ყვარელში – 24, რუსთავში – 19, ადიგენში – 10, თბილისში – 17,

115 ყულიჯანაშვილი: თბილისში – 17, ახალციხეში – 42, ადიგენში – 9, თბილისში – 47.

117 ყულიჯანოვი: ყვარელში – 68, დმანისში – 1, მცხეთაში – 1. თბილისში – 47.

ვაჩაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ვაჩა, ვაჩე. გვარი გვხვდება ამბროლაურის რაიონის სოფელ ზნაკვში.

ამავე ძირისაა გვარები: ვაჩეიშვილი, ვაჩნაძე, ვაჩინაძე, ვაჩიძე, ვაჩენისძე, ვაჩაბერიძე, ვაჩიბერაძე.

გვარი ვაჩიძე მოიხსენიება 1700 წელს.

ჩვენი მონაცემებით, ყველა ზემოთ მოხსენიებული გვარი დამოუკიდებლად გაჩენილი გვარებია. მათ ნათესაური კავშირი, ანუ იგივეობა არ აქვთ კახეთის თავადურ გვართან ვაჩნაძეებთან.

საქართველოში 525 ვაჩაძე ცხოვრობს: თბილისში – 195, ამბროლაურში – 124, ქუთაისში – 71, თბილისში – 47. არიან სხვაგანაც.

ომანიძე

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ომა. ის დაფიქსირებულია ხევსურეთში, ბარისახოში.

ომან უძველესი სახელია, შეტანილია წიგნში „საქართველოს სიძველენი.”

ამავე ძირისაა გვარები: ომიაძე, ომაიძე.

საერთო ფუძე ომანის მიუხედავად, თითოეული გვარი ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაა გაჩენილი.

საქართველოში 234 ომანიძე ცხოვრობს: თბილისში – 93, ცაგერში – 25, ქუთაისში – 20. არიან სხვაგანაც.

477 ომანაძე: თბილისში – 47, წყალტუბოში – 135, ქუთაისში – 86. არიან სხვაგანაც.

282 ომანაშვილი: თელავში – 128, მცხეთაში – 88, რუსთავში – 21. არიან სხვაგანაც.

გოგოლაშვილი-გოგოლაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგოლა.

აზნაური მიხლანჯი გოგოლაშვილი მოიხსენიება 1721 წელს ავაზანს. აქვეა მოხსენიებული აზნაური გოგოლაშვილი-გოგოლაძე.

„გოგოლასშვილი თევდორა, ღურაის მცხოვრები, სახლთუხუცესი, ლევან გურამიშვილის ყმა, ერთი კომლი, ერთი თავი, ერთი თოფი” (მეჩვიდმეტე საუკუნე).

გოგოლაშვილები ცხოვრობენ აჭარაში.

საქართველოში 1 675 გოგოლაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 521, ქუთაისში – 229, სიღნაღში – 173. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3