როგორ გადაწყვიტა სტუდენტობის მეგობარმა თავისი თანაკურსელის მოძებნა და ვინ იპოვეს ხარკოვიდან მოსკოვში
45 წლის ვიქტორია ვალენტინის ასული კაშირცევა ეძებდა 46 წლის თეიმურაზ მომცელიძეს (დაბადების წელი 1964).
ისტორია: ვეძებ ჩემს თანაკურსელს, 46 წლის თეიმურაზ მომცელიძეს. თეიმურაზთან ერთად დავამთავრე ხარკოვის სახელმწიფო აკადემია, არქიტექტურის სპეციალობით. რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე, მომეძებნა ჩემი თანაკურსელები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყანაში ცხოვრობდნენ, თითქმის ყველა ნაპოვნია, თეიმურაზის გარდა. ამჟამად ყველას ერთად გვინდა მისი პოვნა. ძალიან გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და გვაპოვნინოთ ჩვენი მეგობარი.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჩვენს ჟურნალში ივლისში დაიბეჭდა. სტატიას გამოეხმაურნენ თეიმურაზ მომცელიძის მშობლები, რომლებსაც ძალიან გაუხარდათ, რომ მათ შვილს მეგობრები ასეთი მონდომებით ეძებდნენ. აღსანიშნავია, რომ თეიმურაზს ვიქტორია საქართველოში, კერძოდ, თბილისში ეძებდა, ის კი მოსკოვში აღმოჩნდა. ამჟამად, თეიმურაზის ჩათვლით ყველა თანაკურსელი ნაპოვნია. ჩვენი რუბრიკის სტუმარი დღეს ვიქტორიაა, რომელიც თავად უამბობს მკითხველს თავისი სიხარულის შესახებ.
– მოგვიყევით, რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ თქვენი სტუდენტობის დროინდელი მეგობარი ნაპოვნია?
– 1992 წლიდან ბევრმა ჩვენმა თანაკურსელმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. მას შემდეგ, რაც მე და ჩემმა თანაკურსელებმა და თანაჯგუფელებმა დავამთავრეთ ხარკოვის სახელმწიფო აკადემიის ქალაქმშენებლობის ფაკულტეტი, დიდი დროა გასული, მაგრამ ჩვენ იმდენად მეგობრული ჯგუფი გვქონდა, რომ შეხვედრა ყველას გვინდოდა. ვინც შევძელით, ჩვენივე ძალებით ვიპოვეთ ერთმანეთი, მაგრამ თეიმურაზზე დიდი ხანია, არავის არ ჰქონია ინფორმაცია, ამიტომაც, გადავწყვიტეთ, დახმარებისთვის თქვენთვის მოგვემართა. ნამდვილად არ გვეგონა, რომ ასე მალე ვიპოვიდით ჩვენს მეგობარს, მით უმეტეს, არა საქართველოში, არამედ მოსკოვში (იცინის). ეს მართლაც სასწაულია! მთელი ჯგუფის სახელით მადლობას გიხდით თქვენ და თქვენი ჟურნალის მთელ რედაქციას ასეთი სიკეთისთვის.
– მაინც, როდიდან ეძებდით თეიმურაზს? რამდენადაც მახსოვს, კარგა ხანია, რაც ოფიციალურად ეძებთ.
– 2005 წელს გადავწყვიტე, მომეძებნა ყველა ის თანაჯგუფელი, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებოდი. ეს იდეა აიტაცეს ჩემმა მეგობრებმაც, რომლებიც ვიპოვე და კონტაქტი აღვადგინე. სწორედ მათ მთხოვეს, „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე განმეთავსებინა განცხადება და მეპოვა ჩვენი თანაკურსელები. ერთი წლის შემდეგ, ანუ 2006 წელს, მე მართლაც ვიპოვე ჩვენი კიდევ სამი თანაჯგუფელი და ვიმედოვნებდი, რომ ვიპოვიდი დანარჩენებსაც. მართლაც, ყველა ვიპოვეთ. აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანი რუსეთშია, ზოგი უკრაინაში დარჩა. არიან ისეთებიც, რომლებიც უცხოეთში წავიდნენ საცხოვრებლად. ბუნებრივია, მათი პოვნა და მათთან დაკავშირება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ, ყველაზე უფრო, გამოგიტყდებით და, თეიმურაზის პოვნა გვინდოდა, რადგან ის ჩვენს ჯგუფში ყველაზე საინტერესო და ორიგინალური სტუდენტი იყო. დანარჩენებისგან განსხვავებით, მისი მოძებნა უფრო რთული აღმოჩნდა და ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, მის მოსაძებნად განაცხადი „ჟდი მენიაში“ გაგვეკეთებინა. თეიმურაზი ყველასგან ძალიან განსხვავდებოდა, საოცრად კომუნიკაბელური და მეგობრული იყო, ასევე, ნიჭიერიც. ახლა ყველას ერთად გვიხარია, რომ მისი მშობლები გამოგვეხმაურნენ, თქვენ რომ არა, ამ ამბავს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოვაგვარებდით. სამომავლოდ ვგეგმავთ შეხვედრას და შეკრებას.
– ანუ, ფიქრობთ, რომ წლების შემდეგ შეიკრიბოთ და აღნიშნოთ, ახალგაზრდობა გაიხსენოთ?
– აუცილებლად. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ერთმანეთი ვნახოთ, წლებია გასული, მაგრამ ისევ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. იმედია, ისევ ისეთი მეგობრულები ვიქნებით, როგორც ხარკოვში ვიყავით. რომ გვცოდნოდა, რომ თეიმურაზი მოსკოვშია, იქ დაფუძნდა და ცხოვრობს, რა თქმა უნდა, უფრო ადვილად მოვძებნიდით, მაგრამ თქვენი რუბრიკა რომ არა, ამას ხომ ვერ გავიგებდით!
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.
ნატალია მახარაშვილი