სკანდინავიელები ამერიკულ „სითიბანკს” მილიონებს ედავებიან
უკვე დიდი ხნის ფინანსური სკანდალები, რომლებიც გლობალურ ეკონომიკურ რეცესიას თან სდევს, არ წყდება. ბოლო ხანებში ნორვეგიის ცენტრალურმა ბანკმა ახალი სკანდალი ააგორა და ცნობილი ამერიკული ბანკის, „სითიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლა. რეგულატორი „სითიბანკს“ კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ გაყალბებული ცნობების გავრცელებაში ადანაშაულებს. საქმე ისაა, რომ „სითიბანკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, ნორვეგიულმა ბანკმა ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიძინა „სითიგრუპის“ აქციები. შედეგად, ნორვეგიული ბანკის ზარალმა 835 მილიონი დოლარი შეადგინა. სკანდინავიელები შეეცდებიან, ეს ზარალი „სითიგრუპისგან“ სასამართლოს გზით ამოიღონ. „სითი“ გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ამიტომაც, მან უკან არ დაიხია და მაქსიმალური მოგების სანახავად დიდ რისკზე წავიდა.
„ამერიკულ ბანკში დაგვიმალეს ის საფრთხე, რის წინაშეც ჩვენ ვიდექით იმ შემთხვევაში, თუ ის გაკოტრდებოდა“, – აღნიშნულია ნორვეგიის ცენტრალური ბანკის მოხსენებაში. ნორვეგიული ბანკი „სითიგრუპის“ აღმასრულებელ დირექტორ ვიკრამ პანდიტსა და მმართველი საბჭოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს – რიჩარდ პარსონს უჩივის.