კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დახოცეს ხალხი დასავლეთ საქართველოში რუსმა გენერლებმა და რაში ვერ დაარწმუნა სტალინმა გლეხები


„ბედნიერი ვიყავი, რომ ჩვენი პარტიის „მთის არწივს” უნდა შევხვედროდი, დიდებულ ადამიანს, როგორც პოლიტიკური, ისე ფიზიკური თვალსაზრისით, რადგან ჩემი წარმოსახვით ლენინი გოლიათური აღნაგობისა იყო”, – იხსენებდა სტალინი. 1905 წლის 26 ნოემბერს პარტიის შეხვედრაზე სტალინი და კიდევ ორი ბოლშევიკი სანკტ-პეტერბურგის ბოლშევიკურ კონფერენციაზე კავკასიის წარმომადგენლებად აირჩიეს. დაახლოებით 3 დეკემბერს სტალინი, „ივანოვიჩის” მეტსახელით, იმპერიის დედაქალაქში ლენინთან შესახვედრად გაემგზავრა. სანამ სოსო და მისი ამხანაგები ჩრდილოეთისკენ მიმავალ მატარებელში ისხდნენ, ტროცკი და საბჭოების წარმომადგენლები დააპატიმრეს. სტალინი, როგორც დავალებული ჰქონდა, „სოციალ-დემოკრატთა“ გაზეთის – „ნოვაია ჟიზნის” პეტერბურგის რედაქციასთან მივიდა, მაგრამ იქ პოლიციის რეიდი დახვდა. ქართველები ქუჩაში დახეტიალობდნენ, სანამ ნევის პროსპექტზე მეგობარს არ შეხვდნენ. მეგობარმა ისინი თავისთან შეიფარა ორი დღით. მერე ლენინის ცოლი, კრუპსკაია იპოვეს, რომელმაც ფული, კოდური სახელები და ბილეთები გადასცა მათ. ისინი ფინეთში, ტამერფორსში უნდა გამგზავრებულიყვნენ. ფინეთი ამ დროს მეფის რუსეთის ნახევრად ავტონომიური სამთავრო იყო. მასწავლებლებივით გამოწყობილი სტალინი და სხვა ბოლშევიკი დელეგატები ტამერფორსში 24 დეკემბერს, დილის 9 საათზე ჩავიდნენ. იქვე, სადგურის სასტუმროში, ბაუერში აიღეს საერთო ოთახები. „ყველა აღტაცებული იყო. რევოლუცია ზენიტს აღწევდა და ამას ამხანაგები განსაკუთრებული ენთუზიაზმით ხვდებოდნენ”, – იხსენებდა კრუპსკაია. მეორე დილას, შობას ლენინმა კონფერენცია გახსნა სახალხო დარბაზში, სადაც ფინეთის წითელი არმიის ბოლშევიკურ მუშათა შტაბი იყო განთავსებული. სტალინი ვარაუდობდა, რომ მიმდევრების მოლოდინი გაემძაფრებინა. მისი აზრით, ასე უნდა მოქცეულიყო ნამდვილი ლიდერი, მაგრამ მისდა გასაოცრად, ლენინი უკვე იქ იმყოფებოდა და უბრალო დელეგატებთან მხიარულად საუბრობდა. „წარმოიდგინეთ ჩემი იმედგაცრუება, როცა დავინახე სრულიად ჩვეულებრივი, მაგრამ მაინც განსაკუთრებული, ვლადიმირ ულიანოვი – პატარა, ჯმუხი, მელოტი კაცი იყო. წინ წამოწეული შუბლი, წვრილი თვალები და გადამდები სიცილი ჰქონდა“. თბილისში დაბრუნებულმა სტალინმა დავრიშევს უთხრა, რომ სწორედ ინტელექტუალური ძალა და ტოტალური პრაგმატიზმი გამოარჩევდა ლენინს სხვა „ყბედებისგან”. ლენინი, რომელსაც კეთილშობილი წარმომავლობის მშობლები ჰყავდა და შეძლებულ ოჯახში გაიზარდა. მამამისი სიმბირსკის სკოლების ინსპექტორი იყო, დედა – ქალიშვილი მემამულე ექიმისა, რომელმაც სახელმწიფო მრჩევლობას მიაღწია. ებრაელების, შვედებისა და ყალმუხების შთამომავალს, ლენინს წვრილი თვალები გამოჰყვა, მას არისტოკრატის ყველა თვისება ჰქონდა. ახალგაზრდობაში გლეხებსაც კი უჩივლა, მისი საკუთრების ხელყოფის გამო. წარმომავლობით აიხსნება ლენინის ზიზღი ძველი რუსეთის მიმართ – „რუსი იდიოტი” მისი ცნობილი სალანძღავი სიტყვა იყო. როცა არისტოკრატიული მანერების გამო აკრიტიკებდნენ, ლენინი პასუხობდა: „მე თავადების მემკვიდრე ვარ. ჯერ არ დამვიწყებია ჩვენს მამულში ცხოვრების გემო. მოდით, ჩამქოლეთ! რა, არა ვარ რევოლუციონერობის ღირსი?” მისი ოჯახის იდილია 1887 წელს დასრულდა, როცა ლენინის უფროსი ძმა, ალექსანდრე ჩამოახრჩვეს. ამან ყველაფერი შეცვალა. იურისტობაზე მეოცნებე ლენინი ყაზანის უნივერსიტეტში სწავლობდა და ჩერნიშევსკისა და ნეჩაევს კითხულობდა. მან რუსი რევოლუციონერი ტერორისტების აზროვნება უფრო ადრე გაითავისა, ვიდრე მარქსიზმი. შემდეგ დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. გათავისუფლების მერე ლენინი დასავლეთ ევროპაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაწერა – „რა ვაკეთოთ”, „როსკიპები,” „ნაბიჭვრები,” „იდიოტები,” „კრეტინები” და „სულელი ბებერი მსახურები,” – ასე ამკობდა ლენინი მტრებს. ის ტკბებოდა ბრძოლით და პოლიტიკური ციებ-ცხელებით შეპყრობილს, ძლიერი სიძულვილი და მტრების განადგურების სურვილი ამოძრავებდა. მას ნაკლებად აინტერესებდა ხელოვნება და სიყვარული. მკაცრი, დიდთვალება კრუპსკაია მისი პირადი მდივანი უფრო იყო, ვიდრე ცოლი. თუმცა, ლენინს მგზნებარე რომანი ჰქონდა მდიდარ, გათხოვილ ლამაზმანთან – ინესა არმანდთან. ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ლენინს მდივნებთანაც ჰქონდა რომანები. როგორც სტალინი ამტკიცებდა, კრუპსკაია ხშირად ჩიოდა მათზე პოლიტბიუროში, მაგრამ ლენინისთვის ყველაფერზე მაღლა პოლიტიკა იდგა. ლენინი არ იყო ბრწყინვალე ორატორი. მისი ხმა ძლივს ისმოდა და ენასაც უკიდებდა – ვერ ამბობდა „რ”-ს, მაგრამ ხალხზე მაინც დიდ გავლენას ახდენდა. „მიტაცებდა მისი ძლიერი ლოგიკა. ლოგიკურად საუბრობდა, ჯერ თანდათან აღელვებდა მსმენელს, მერე კი სრულიად იპყრობდა აუდიტორიას”! – იხსენებდა სტალინი, მაგრამ სტალინს არც იმდენად უყვარდა ლენინი, რომ მისთვის წინააღმდეგობა არ გაეწია. სტალინი ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი, რომ უკვე გამოირჩეოდა ქედმაღლობითა და უხეშობით. ერთხელ, როცა იმპერიული „დუმას” არჩევნების საკითხს განიხილავდნენ, მათი აზრები გაიყო. ლენინის აზრით, არჩევნებში მონაწილეობის მიღება საჭირო იყო, ახალგაზრდა სტალინმა კი საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა, თანაც საკმაო გაცხარებით. დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. მოულოდნელად, ლენინმა სტალინს დაუთმო და ნება მისცა რევოლუციის მისებური ხედვა ჩამოეყალიბებინა. „კონფერენციის დროს, ჩვენ ვსწავლობდით როგორ გვეხმარა მაუზერი, ბრაუნინგი და ვინჩესტერი”, – წერს კრუპსკაია. თავად სტალინი რევოლვერს ატარებდა. ერთ-ერთი ცხარე დებატების შემდეგ, სტალინი გარეთ გავარდა და აღელვებულმა ჰაერში დაცალა იარაღი. ეს იყო თავზეხელაღებული ქართველი ფინეთის ყინვაში. კონფერენციას აღარც ჰქონდა აზრი. მოსკოვში ბოლშევიკურმა მილიციამ ღია აჯანყება დაიწყო. დელეგატები ცნობებს იღებდნენ იმის შესახებ, რომ მეფის არმია სასტიკად არბევდა პრესნაიას ქუჩას, მოსკოვის ქუჩები სისხლით დაიტბორა. პარალელურად, თბილისში მრისხანე მმართველი გენერალი გრიაზანოვი და გენერალი ალიხანოვ-ავარსკი კავკასიის დასაბრუნებლად და ამბოხებულთა გასანადგურებლად ემზადებოდნენ. „რეაქციული ძალები გაძლიერდნენ” – წერდა ტროცკი. კონფერენცია სასწრაფოდ შეწყდა. სტალინის აზრით, მას ლენინის შემდეგ, ყველა სხვა დელეგატთან შედარებით, უპირატესობა ჰქონდა. „ყველა ამ ყბედს შორის მხოლოდ მე მქონდა შეიარაღებული ჯგუფების ორგანიზებისა და მართვის გამოცდილოება”, – იკვეხნიდა ის. სოსო თბილისში დაბრუნდა. 1906 წლის 18 იანვარს გენერალი გრიაზანოვი შეტევაზე გადავიდა. ჟორდანიამ და რამიშვილმა თავიანთ პარტიზანებს, რომელთა შორის კამო და ბოლშევიკები იყვნენ, დაავალეს თბილისის მუშათა უბნების დაცვა. ოთხი დღის შემდეგ, როცა ქუჩებში ისევ ბრძოლა მიდიოდა, სტალინმა სვანიძის სახლს მიაღწია... გამთენიისას ჯარი დიდუბეში შეიჭრა. თბილისს უწყვეტი სროლის, არტილერიის ცეცხლისა და კავალერიის ხმა აზანზარებდა. 60 ამბოხებული დაიღუპა, 250 დაიჭრა, 280 დააპატიმრეს. ტყეები გვამებით აივსო.

– კამო!

სანამ გრიაზანოვი თბილისს იღებდა, გენერალი ალიხანოვ-ავარსკი ბარბაროსულად იპყრობდა დასავლეთ საქართველოს. „მათმა ჯარისკაცებმა ყველა შემხვედრი მოკლეს, ქალაქ ქუთაისს ცეცხლი წაუკიდეს, დუქნები და მაღაზიები გაძარცვეს”, – იხსენებს ცინცაძე. ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა. დასავლეთ საქართველოში მყოფი სტალინი ცდილობდა, დაერწმუნებინა გლეხები, იარაღი დაეყარათ სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ ისინი არ უჯერებდნენ. გამარჯვებული ალიხანოვ-ავარსკი აზერბაიჯანში გაემგზავრა, რათა ბაქოს ალმოდებული რაიონები და ნავთობსაბადოები დაებრუნებინა. სტალინის არმიის დღეები დათვლილი იყო. ბოლშევიკურმა საბრძოლო ჯგუფებმა იატაკქვეშეთში გადაინაცვლეს და სტალინმა მათგან მკვლელთა საიდუმლო ბანდა შექმნა. მას უკვე ჰქონდა დავალება ყველა მათგანისთვის. სტალინი და მენშევიკები თბილისში შეხვდნენ ერთმანეთს, რომ ერთი ადამიანის მოკვლის საკითხი განეხილათ. გენერალი გრიაზანოვი მეტსახელად „გენერალი ნაგვისგროვა”, ასე თარგმნეს მისი გვარი თბილისში, კავკასიაში ყველაზე მეტად სძულდათ. სტალინმა მთავარი ტერორისტი – ცინცაძე დაიბარა. სოსომ და მენშევიკებმა, რომლებიც ახლა ერთობლივად მოქმედებდნენ, სტალინის ბანდის ერთ-ერთ წევრს, არსენა ჯორჯიაშვილს დაავალეს გენერლის მოკვლა კამოს დახმარებით. თუმცა, სტალინმა ცინცაძეც მოამზადა.

– რამდენიმე სანდო ბიჭი იპოვე, და, თუ ჯორჯიაშვილი ერთ კვირაში ვერ შეასრულებს დავალებას, ჩვენ შენი იმედი გვაქვს.

ცინცაძე და სოსო – ორი საუკეთესო ბანდიტი გენერალს უთვალთვალებდა. მეორე ჯგუფი კი, მის მოკვლას ცდილობდა. ორჯერ დაიგეგმა მკვლელობა, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ განხორციელდა, რადგან გენერალი ორჯერვე ცოლთან ერთად იმყოფებოდა. ამასობაში, მან თბილისის კიდევ ერთხელ დარბევა მოასწრო. 16 თებერვალს გენერალი, კაზაკების თანხლებით, ეტლით გამოვიდა სამხედრო შტაბიდან. მცველებმა ყურადღება არ მიაქციეს ორ ქართველ მუშას, რომლებიც ალექსანდრეს ბაღის ღობეს ღებავდნენ. ეტლმა ჩაიარა თუ არა, მუშებმა ფუნჯები დაყარეს და ეტლს ხელნაკეთი ყუმბარა – „ვაშლები” დაუშინეს. „თბილისის ყასაბი” ნაფლეთებად იქცა. კაზაკები ტერორისტებს დაედევნენ. დაჭრილი ჯორჯიაშვილი ცხელ კვალზე დაიჭირეს და სიკვდილით დასაჯეს. ის მაშინვე გმირად შერაცხა ხალხმა. ვინ იყო მეორე ტერორისტი? ისტორიკოსების აზრით, მკვლელობა მენშევიკებმა განახორციელეს. როგორც ცინცაძე ამბობს, ამ საქმეზე სტალინი და მენშევიკები ერთად მუშაობდნენ. დავრიშევის თქმით, მეორე ბანდიტი კამო იყო. 1920 წელს, ორმა ბოლშევიკმა გრიაზანოვის მოკვლისთვის ანაზღაურება მოითხოვა. როგორც ჩანს, სტალინმა ბოლშევიკი ბანდიტებიც გამოიყენა ამ საქმისთვის და მენშევიკებიც. შემდეგში, ერთი მუშა ამტკიცებდა, რომ იქვე სტალინს მოჰკრა თვალი. ეს სიმართლეს ჰგავს, რადგან სტალინი, სავარაუდოდ, ჭურვის ნამსხვრევით დაიჭრა ან მაშინ დაშავდა, როცა კაზაკებისგან გაქცევას ცდილობდა. საშიკო სვანიძის ცნობით, იმ ღამეს სტალინი სახლში არ მისულა. გოგოები შეშფოთდნენ, ხომ არ დააპატიმრესო. მოგვიანებით, სტალინი ამტკიცებდა, რომ, როცა პოლიცია მისდევდა, ფეხი დაუცურდა და ისე დაშავდა, ცხაკაიამ მიხაელოვის საავადმყოფოში წაიყვანა, შემდეგ ბაბე ბოჭორიძის სახლში დამალა, ბოლოს კი, ერთ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა სხვისი პასპორტით. მკვლელობის მეორე დღეს ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ყველგან საკონტროლო პუნქტები გაიხსნა. ჯარისკაცები ერთ ბინაში შეიჭრნენ და გიორგი ბერძენიშვილი (ამ სახელით იმალებოდა სტალინი) იპოვეს, რომელსაც ერთი სახვევი თავზე ედო, მეორე თვალზე და მთელი სახე დალილავებული ჰქონდა. რუსი ჯარისკაცები დაიბნენ, რადგან სახვევებიანი კაცის შესახებ ინსტრუქცია არ ჰქონდათ. მათ ლოგინად ჩავარდნილი მძიმე ავადმყოფი დატოვეს და უფროსებთან წავიდნენ საქმის გასარკვევად, თუმცა, უკან დაბრუნებულებს სტალინი იქ აღარ დაუხვდათ. ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა, როგორც სახვევებიანი ავადმყოფი, გაექცა პოლიციას. დაშავებული სტალინი ღამით მეგობარმა მალულად, ფაეტონით გადაიყვანა სხვა, უსაფრთხო სახლში. როცა სტალინი სვანიძეებთან გამოჩნდა და ტრავმისა და პოლიციის შესახებ მოყვა, დები დამშვიდდნენ, განსაკუთრებით კატო იყო გახარებული. საშიკო და მისი ქმარი მიხვდნენ, რომ სტალინსა და კატოს ერთმანეთი მოსწონდათ.

ბრიტანელი ჟურნალისტის საიმონ

სებაგ მონტეფიორეს

მასალების მიხედვით მოამზადა

გიორგი კვესიტაძემ


скачать dle 11.3