რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ ვექტრა“, 1995 წლის, რომელიც აღჭურვილია გადაცემათა მექანიკური მართვის კოლოფით. დილით, სანამ ავტომობილი გახურდება, მაშინაც კი, როდესაც ნეიტრალურ სიჩქარეშია, დაქოქვისთანავე ნელი ტემპით წინსვლას იწყებს. სიჩქარეში ჩაგდებაც უჭირს. გახურების შემდეგ პრობლემა იმდენად არ ემჩნევა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: სავარაუდოდ, ამ ავტომობილის სიჩქარეთა კოლოფი ერთხელ უკვე დაშლილია და ისევ აწყობილი. შეცდომაც სწორედ ამ პროცესშია დაშვებული. დეტალები ერთმანეთთან მჭიდროდაა განთავსებული. თუმცა, „ოპელის“ საერთო პრობლემაა ის, რომ სიჩქარეებში გადართვა და მით უმეტეს, პირველ სიჩქარეში ჩაგდება, უჭირს და ეს უფრო იმ შემთხვევაში იჩენს თავს, როცა ავტომობილი ცივია, ან სიჩქარეთა კოლოფში ზეთი არასდროს შეცვლილა, რამაც მისი გასქელება გამოიწვია. ეს კი თავის მხრივ დეტალების შემჭიდროვებას და ავტომობილის წინსვლას იწვევს. პრობლემა მანამ არის, სანამ ავტომანქანა არ გათბება და შესაბამისად, სათანადო დონემდე არ გათხელდება. სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს თუ სიჩქარეთა კოლოფში ზეთის დონემ იმდენად დაიწია, რომ შეზეთვისთვის საკმარისი არ არის და დეტალები მჭიდროდ ბრუნავს. ბოლო ორ შემთხვევაში, ზეთის შეცვლა პრობლემას გადაჭრის და უმჯობესია, შეცვლის დროს სინთეტიკური – სპეციალურად, გადაცემათა კოლოფისთვის განკუთვნილი ზეთი გამოვიყენოთ, რადგანაც ის ცივზეც და ცხელზეც ერთნაირად თხელია და შეზეთვის უნარს ინარჩუნებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრობლემის მიზეზი მისი არასწორი აწყობაა, ასეთი ზეთის გამოყენებამ შესაძლოა, ამ პრობლემასაც უშველოს.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ ასტრა“, 2001 წლის. ერთხელაც, სიჩქარის შეცვლისას მოდების („ცეპლენიის“) პედალი ჩავარდა და სიჩქარეებში ჩაგდება შეუძლებელი გახდა. მითხრეს, რომ ტროსი გაწყდებოდაო. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ჩემი ავტომობილის „ცეპლენიას“ ტროსი საერთოდ არ ჰქონია. რა შეიძლებოდა, ყოფილიყო მისი ჩავარდნის მიზეზი?
პასუხი: აღნიშნული წლის „ოპელს“ ეგრეთ წოდებული, „ვიჟიმნოი პადჩებნიკის“ მოქმედებაში მომყვანი ჰიდრავლიკური სისტემა, რომლის დანიშნულებაა პედალზე დაწოლისას მოდება გათიშოს და სიჩქარის გადართვის საშუალება მოგვცეს, განთავსებული აქვს სიჩქარეთა კოლოფსა და ძრავას შუა. ის საკმაოდ სუსტია და მწყობრიდან იოლად გამოდის. მთელი უბედურება ისაა, რომ სხვა ავტომობილებისგან განსხვავებით, ამ დეტალის შესაცვლელად, ძრავა და სიჩქარეთა კოლოფი ერთმანეთს უნდა დავაშოროთ.