რა არის ძრავას მთავარი „წამალი“ და რა ნიშანს გვაძლევს ის
მძღოლებს ყველაზე მეტად ძრავას მწყობრიდან გამოსვლა აშინებთ. ნებისმიერი განსხვავებული ხმა ძრავას სექტორიდან, ჩვენს პანიკას იწვევს, ზოგ შემთხვევაში კი, ეს სრულიად მარტივი გაუმართავობა შეიძლება იყოს, რაზეც პროფესიონალი მრბოლელი, მევლუდ მელაძე საუბრობს.
მევლუდ მელაძე: ხშირად მისვამენ კითხვებს ძრავას შესახებ – ჩემს ძრავას ცივი ხმა აქვს, თბილი – ხმა აქვს, უცნაურად კაკუნობს და ხომ არ არის ეს, ეგრეთ წოდებული, „სტუკი“, ანუ ძრავას დაზიანება. ამის შიში ყველას აქვს, რადგან ეს არის აგრეგატი, რომლის დაზიანებაც რთულად შესაკეთებელია და დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ძრავა თავისი პრობლემების შესახებ, ყოველთვის გვაძლევს ნიშანს. ძრავას დაზიანება და მასთან დაკავშირებული პრობლემები რომ თავიდან ავიცილოთ, უნდა შევიძინოთ ისეთი ავტომობილი, როგორიც ბევრია საქართველოში, მაგალითად, „მერსედესი“, „ბეემვე“, „ოპელი“ და სხვა. ასეთი ავტომობილების დაუზიანებელი ძრავები, მეორადი ნაწილების ბაზრობაზე საკმაოდ ბევრია, შესაბამისად, მთლიანი ძრავაც იაფია. დაზიანების შემთხვევაში მეორადი ძრავას ყიდვა და ახლის ჩადგმა, ბევრად მარტივი იქნება, ვიდრე მისი შერემონტება. რაც შეეხება თვითონ ძრავას დაზიანების სიმპტომებს – პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სისტემატურად და დროულად უნდა ცვალოთ ზეთი. როგორი მაღალი ხარისხის ზეთიც არ უნდა ესხას ჩვენს ავტომობილში, თუნდაც სინთეტიკური, ათი ათასი კილომეტრის გავლამდე უნდა შევცვალოთ. ჩვენი გზები მტვრიანია და ეს მტვერი ძრავას სექტორში შედის, მწყობრიდან გამოჰყავს ის. ძრავას დაზიანების ძირითადი მიზეზი სწორედ ზეთთან გულგრილი დამოკიდებულება ხდება. მერე კი, როდესაც ძრავა დაზიანდება, იმ ზეთს აბრალებენ, რომელიც ბოლოს ჩაასხეს და ილანძღებიან. პირველი ნიშანი – თუ დილით ავტომობილის დაქოქვისას, ზეთის მაჩვენებელი ინდიკატორი მაშინვე კი არა, რამდენიმე წამის შემდეგ ქრება, ესე იგი ძრავა, მისი შიდა დეტალები უკვე საკმაოდ გაცვეთილია; მეორე ნიშანი – დილით დაქოქვისას, როდესაც ძრავა ცივია, ის წკრიალის ხმას გამოსცემს და სულ რამდენიმე წამი გრძელდება. მერე კი იდეალურად იწყებს მუშაობას, მთელი დღე არანაირ ხმას აღარ უშვებს. ეს ნიშნავს, რომ ძრავა სულ მალე გამოვა მწყობრიდან თუ დროულად არ მივხედავთ. დროული ყურადღება კი კარგი ხარისხის ზეთის ჩასხმაა; მესამე ნიშანი – უკვე იმ დროს იჩენს თავს, როცა ძრავას სერიოზული პრობლემა აქვს და ეს ხდება უკვე ავტომობილის, ანუ ძრავას გათბობის შემდეგ. ძრავას გახურების შემდეგ, ზეთი თხელდება, გათხელებული ზეთი კი ვეღარ ავსებს გარკვეულ დეტალებში გაჩენილ ღრიჭოებს. ამ ღრიჭოების არსებობა სერიოზული პრობლემაა და საშუალო ბრუნზე, ვთქვათ 2 500-დან 3 500-მდე, აქვს ყრუ წკრიალის ხმა, ანუ მოგუდული კაკუნის ხმა. ეს ხმა უკვე ნიშნავს, რომ ძრავა მწყობრიდანაა გამოსული და სხვა რაღაცაზე გადაბრალება აღარ გამოვა. ავტომობილი მაშინვე გააჩერეთ და გადაეყვანეთ პროფილაქტიკაში.
– როდესაც ავტომობილი ბოლავს, ესეც ძრავას ბრალია?
– ყოველთვის არა. ეს ძრავასთვის ყველაზე ნაკლები პრობლემაა. შეიძლება, მან ბოლი აუშვას, თან საკმაოდ დიდხანს და ძრავა არ გაფუჭდეს. მაგრამ, ამ დროს გარემო ბინძურდება და ამაზეც უნდა იფიქროთ. ამ დროს ავტომობილი ზეთს იმატებს. აქვე, ერთ რჩევას მოგცემთ – თუ ავტომობილი ზეთს იმატებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოცვლა არ უნდა. დაკლების დროს ნამწვი ზეთში ხვდება და ფილტრს ძალიან იოლად აფუჭებს, ამიტომ ზეთი, როგორც წესია, ისე უნდა შეცვალოთ. ეს აბოლება ეგრეთ წოდებული „კოლიცოების“ ბრალია, რომელიც უნდა შეაკეთოთ. მაგრამ, ეს იმდენად საგანგაშო მდგომარეობა არ არის, რომ სადაც ავტომობილს ბოლი აუვა, იქვე გააჩეროთ. ბოლი, ხშირად „კლაპნის სალნიკების“ ბრალია. ეს პატარა დეტალები იოლი გამოსაცვლელია, თანაც იაფი. არადა, გერმანულ ავტომობილში ათასში ერთხელ, იაპონურში კი – მილიონში ერთხელ შეიძლება გამოვიდეს ეს ნაწილი მწყობრიდან. კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც ძალიან ჰგავს „სტუკის“ ყრუ კაკუნს, ოღონდ უფრო ცივს, ყველას აშინებს. რეალურად კი ეს პატარა პრობლემაა, ეს ეგრეთ წოდებული „კლაპნების“ ანუ სარქველების, მიმწოლებია – დეტალი, რომელიც სარქვლის გაღება-დაკეტვას უზრუნველყოფს, გამოსაცვლელია. ის საკმაოდ იაფი ღირს და გამოსაცვლელადაც იოლია. თანაც, სხვას არაფერს აზიანებს. ის სრულიად უპროგნოზოდ – ხან ცივზე, ხანაც ცხელზე კაკუნობს და ამითაც მიხვდებით, რომ საქმე „სტუკს“ არ ეხება. ერთი სიტყვით, ძრავას „სტუკის“ თავიდან ასაცილებლად მთავარი წამალი კარგი ზეთი და მისი დროული შეცვლაა.