რისი მორგების პროცესშია ნანკა კალატოზიშვილი და რისი კონტროლი ისწავლა მახო ქვრივიშვილმა
თეატრი, ტელევიზია, კინო – ეს ყველაფერი მათი ცხოვრებაა. როლში შედიან, იცვლებიან, ირგებენ ახალ „ცხოვრებას“, თამაშობენ და განიცდიან სხვა ადამიანების ბედს. მახო ქვრივიშვილი და ნანკა კალატოზიშვილი პროფესიულად საკმაოდ წარმატებულები არიან, თუმცა ამ პროფესიის გარკვეულ დისკომფორტებზე ისინი ინტერვიუში ისაუბრებენ.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია მახო ქვრივიშვილი
– უპირველესად, ძალიან ბედნიერი ვარ ნანკას გვერდით რომ ვზივარ. ძალიან მაგარი ადამიანია – უშუალო, თავისუფალი. ასეთ ადამიანებზე ვგიჟდები. სულ თვალყურს ვადევნებ შენს წარმატებას, შემოქმედებით გზას. „ინტუიციაზე“ დაიწყე მუშაობა და როგორ მოერგე, ჩაჯექი უკვე იმ სიტუაციაში?
– ორი პილოტი ჩავწერეთ და მახოზე მინდა ვთქვა, თუ როგორი გულისხმიერი ადამიანია. სულ არ ევალებოდა, ის კი მოვიდა პილოტზე, დამეხმარა, ორი საათი იჯდა ჩაწერაზე სტუმრის სტატუსით, მერე მოთამაშის სტატუსით, ერთი სიტყვით, ძალიან გულისხმიერად მოექცა ამ ყველაფერს. ამას ბევრი ნამდვილად არ იზამს. შენ კი არ დაიზარე და ჩემს გვერდით იყავი. მოკლედ, მეც ვგიჟდები ამ ადამიანზე, სამსახურის გარეთაც. რაც შეეხება გადაცემაზე მორგებას, პროცესში ვართ. ჯერ არ ვიცი, როგორ და რა იქნება. ერთად ვნახავთ, რა გამოვა. ისე, „სიმართლის დროს“ იმიჯიდან გადმორთვა მიწევს, აბსოლუტურად სხვა ფორმატი იყო ის და სულ სხვა ფორმატია ეს.
– მსახიობობა სულ სხვა პროფესიაა და წამყვანობა კიდევ – სხვა. ჩვენთან არ არსებობს წამყვანის, კონფერანსიეს პროფესია და მსახიობები ირგებენ ამ ამპლუას. ამიტომაც ალბათ, როგორც როლს, ისე ვირგებთ გადაცემის წამყვანობასაც.
– ასეა. როგორც როლს სჭირდება „ობრაზის“ მოფიქრება, ისეა აქაც. უნდა შეიქმნას სახე, რომელსაც მაყურებელი მიიღებს. ძალიან ძნელია, როდესაც ვიღაცას ცვლი. ორჯერ მომიწია ამ მდგომარეობაში ყოფნა. მაყურებელი მიჩვეულია ერთ წამყვანს, მით უმეტეს მამაკაცს, რომელიც მოსწონს თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს – უკვე მიჩვეულია და გადაცემა მასთან ასოცირდება. თეატრშიც მუშაობს ეს პრინციპი. მაგალითად, მსახიობი ავად არის და ერთ დღეში უნდა შეცვალო შეხვიდე როლში. შევსულვარ სამმოქმედებიან სპექტაკლში ორდღიანი მომზადებით და ეს არის კატასტროფა. შეგდებულის განცდა გაქვს. მეექვსე, მეშვიდე სპექტაკლზე ხვდები, რა უნდა აკეთო. „სიმართლის დროშიც“ პირველი ოთხი გადაცემა ცოტა დაძაბული ვიყავი, სად ვარ, რა მჭირს-მეთქი, ვფიქრობდი. ისე, ძალიან საინტერესო იყო „სიმართლის დროზე“ მუშაობა, მომწონდა.
– თეატრში რას აკეთებ?
– თეატრში ახლა ვაკეთებთ „სირანო დე ბერჟერაკს“. ორ ოქტომბერს მხოლოდ პირველი მოქმედება დავასრულეთ. 30 ოქტომბერს მოდი, მახო, თავიდან ბოლომდე ნახავ ამ სპექტაკლს.
– რაც მინახავს შენი შესრულებით, მინდა აღვნიშნო, რომ საოცრად მომხიბლავი იყავი სცენაზე. სცენური ხარ, სცენა გიხდება და შენც უხდები სცენას (იცინის). წამყვანის როლიც მშვენივრად მოირგე და ყველა აღნიშნავს, რომ ყოჩაღ, რა მაგარი გოგოა, რა კარგად მიჰყავს...
– გუშინ, ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელად, თამარ სხირტლაძემ შემაქო, ასე გააგრძელეო მითხრა. მაინც უფროსი თაობაა და მისგან კომპლიმენტი, ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა.
– რატომ აირჩიე ეს პროფესია საერთოდ და არ ნანობ ახლა ამას?
– არა. ერთადერთი რაზეც გული მწყდება, ეს პრინციპში, ყველას პრობლემაა, დაუფასებელი პროფესიაა. ეს არის გათენებული ღამეები, კვირები... ყველა სპექტაკლის წინ „პრედინფარქტნი“ მდგომარეობა გაქვს. ეს ოფიციალურად დადგენილია, სპექტაკლის წინ და მისი მსვლელობისას მსახიობს ინფარქტის წინა მდგომარეობა აქვს, სანამ აპლოდისმენტებს გაიგებს. მერე, თურმე, ორგანიზმი ეშვება. ანუ, გულს მოსდის რაღაც საოცრებები მღელვარებისგან და ტაში თუ ვერ გაიგე, მართლა შეიძლება, რაღაც საშინელება დაგემართოს. საშიში მდგომარეობაა. თან სულ გამოცდაზე ხარ, მთელი ცხოვრება და ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენი საქმე დაუფასებელია. თუნდაც ფინანსურად, თუნდაც დამოკიდებულების თვალსაზრისით. ყველას ჰგონია, რომ თუ კინოში გადასაღებად დაგიძახებს, ჰონორარი არ უნდა აიღო, უნდა გაგიხარდეს, რომ გიღებენ და მორჩა. კი, რა თქმა უნდა, მიხარია, მაგრამ ეს ჩემი სამსახურია, ამით ვცხოვრობ. არადა, ამის აღქმა არც პროდიუსერებს აქვთ, არც რეჟისორებს. ჰგონიათ, რომ ოღონდ ეკრანზე გამოჩნდე, ყველაფერზე წახვალ. არ მჭირს ეს ეკრანზე გადარევა. ვაფასებ ჩემს შრომას. რაც შეეხება პროფესიას, მსახიობობას ნამდვილად არ ვნანობ. ვერც ვხვდები, საერთოდ რა შეიძლებოდა მეკეთებინა, რომ არა ეს. ხომ არის ცხოვრება – ვთქვათ, ნანკას ცხოვრება, „ა“ პუნქტიდან გადადიხარ „ბე“ პუნქტამდე, ამ დროს ამ ერთი ცხოვრების განმავლობაში უამრავი სხვა ცხოვრებით ცხოვრობ, დღეს ხარ ზარეჩნაია, ხვალ კიდევ ვიღაცა და ასე... ძალიან მაგარია.
– შენი შინაგანი სამყარო როგორია? ვიცი და მინდა, ეს მკითხველმაც გაიგოს. რას ფიქრობ ხოლმე, როგორ ისვენებ შენთვის.
– ჩემი სამყარო მრავალფეროვანია – ბევრი ფერით. ვისვენებ სიმარტოვეში, მიყვარს მარტო ყოფნა, ჩაკეტვა, მუსიკის მოსმენა და რაღაცეებზე ფიქრი. მიცნობ შენ კარგად და იცი, ეს ყველაფერი. ძალიან ბევრი მითია შექმნილი ჩემზე და არ უნდათ, დამინახონ ისეთი, როგორიც ვარ. მარტივად გეტყვით. რატომ შეიძლება, მაჩუქო ვარდისფერი ნივთი, სათამაშო, გულის ფორმის რაღაცეები?! საერთოდ არ ასოცირდება ერთმანეთთან – ნანკა და ბარბის ტიპის გოგო. არაფერში არ წერია ერთმანეთთან. სულ სხვაგან ვარ.
– ყვავილები?
– ყვავილები მიყვარს, მაგრამ ქუჩაში არ უნდა ვიარო ასე, თაიგულით ხელში. ის კი არა, სპექტაკლზე რომ მომართმევენ ხოლმე მერე დიდხანს ვფიქრობ, სად წავიღო, ქუჩაში როგორ გამოვიტანო.
– თაყვანისმცემელი მოსულა ასე დიდი თაიგულით ხელში?
– კი, მაგრამ, აი, ვარდისფერ სათამაშოს რატომ მჩუქნიან ამას ვერ ვიგებ ვერაფრით. რაღაც სტერეოტიპებია ჩემზე შექმნილი. სხვათა შორის, რეჟისორებთან დაკავშირებითაც მქონია ასეთი შემთხვევები. ეუბნებიან, რატომ ანდობ ნანკას ამ როლს, ისეთია სულ გართობაზე ფიქრობს, არასერიოზულიო. გვერდიდან ასეთი ტიპის შთაბეჭდილებას ვტოვებ, არადა, სულ პირიქითაა. მიხარია, რომ რეჟისორები კარგად მიცნობენ, გვიკონტაქტია და ამაში გამიმართლა. ისინი როლებს მანდობენ.
– ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან მახსოვხარ, სხვადასხვა ფერის კედებით რომ დადიოდი... (იცინიან). სულ ყურადღებას იქცევდი, ყოველთვის განსაკუთრებული ჩაცმის სტილი გქონდა, თავისუფალი იყავი. საკუთარი სტილი გქონდა და ამაში შენი ხასიათიც ჩანდა. როგორც კი გაგიცანი, მივხვდი, როგორიც ხარ და იქიდან მოყოლებული, მიყვარხარ როგორც ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული და საინტერესო ადამიანი.
– მახოს სპექტაკლებზე ვარ გაზრდილი (იცინიან). იაშკას, დათო იაშვილს დავუმეგობრდი, რომელიც ასევე მახოს მეგობარიც იყო. ხშირად მოვდიოდი თქვენთან თეატრში და ის დრო ყოველთვის ძალიან კარგად მახსენდება. მართალია, გავიზარდე, მაგრამ მგონი, ხასიათი დიდად არ შემცვლია.
– ისე, კლასიკური სტილიც ძალიან მოგიხდა.
– მართალია, მაგ დროს საშინლად უბედური ვარ, მაგრამ ხანდახან საქმე მოითხოვს. იმიტომ კი არა, ასეთი სტილი არ მიყვარს – გვერდიდან, სხვა ქალზე ვგიჟდები, ძალიან მომწონს. ქალს ქუსლი საოცრად ალამაზებს, მაგრამ ჩემთვის საშინელი დისკომფორტია.
– აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ყველასგან განსხვავებული ინდივიდი ხარ. შენ თუ გრძნობ ხოლმე თავს განსხვავებულად?
– არა, ნაკლებად. იცი, როდის ვხვდები რომ სხვაგან ვარ?! როდესაც იწყება საუბარი – ეს ჩანთა „ლუი ვიტონია“, ეს „შანელია“. ვაიმე, თმა ჩამომივარდა და ახლა რა მეშველება. ამისგან ძალიან შორს ვარ. შეიძლება, მომწონს რაღაც ბრენდები, მაგრამ არ ვარ ამის „ხამი“. ვერ ვუგებ ბრენდომანიაზე გადარეულ ტიპებს. არა, გამორჩეული კი არა, ასეთი ტიპებისგან მარცხნივ ვარ.
– ამბიციური ხარ?
– არა. სადღაც ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ამბიციაა საჭირო ცხოვრებაში, მაგრამ არ გამომდის. სამაგიეროდ, ძალიან კატეგორიული ვარ – მომთხოვნი როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. სულ უკმაყოფილო ვარ და მივხვდი, არ შეიძლება რაღაცის უფროსი ვიყო. თუ რამე დროულად არ კეთდება, ან ნელა კეთდება, ამაზე ვგიჟდები.
– დღის ცხოვრება უფრო გიყვარს თუ ღამის?
– ღამის, რადგან მიყვარს კლუბები, კარგი მუსიკის მოსმენა. სამწუხაროდ, „ბამბა რუმი“ და ამ ბოლო დროს „მისონი“ ამოვიჩემე. ეს ორი კლუბია, სადაც შეიძლება, კარგ მუსიკას მოუსმინო და გაერთო. რატომღაც აღარ ხდება არაფერი. მახსოვს, მთელი ერთი წელი, მე, შენ, ჩვენი მეგობრები კლუბიდან კლუბში გადავდიოდით საღამოობით, კარგად ვერთობოდით. რაღაც ეს სიტუაცია აღარ არის და გული მწყდება.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნანკა კალატოზიშვილი
– მითხარი, როგორ ხარ, ოღონდ გულწრფელად.
– ნორმალურად. ვცხოვრობ. დროს ვკლავ.
– დროს კლავ. ეს ძალიან ცუდია.
– კი და თან ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, რა გავაკეთო. კრიზისი მსახიობის ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს. ეს მომენტები მქონია ხოლმე, როდესაც არაფერს აკეთებ და ფიქრის დრო გრჩება. ერკვევი, თუ რისი კეთების სურვილი გაქვს. ამჟამად ზუსტად ამ პროცესში ვარ. თითქოს, უკმარისობის განცდა მაქვს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. მჭირდება ენერგიის დახარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ „მაფიის ღამეში“ დაკავებული ვარ და საქმე მაქვს, ეს იმ ენერგიას მაინც ვერ მივსებს, რომელიც მაკლია.
– ამის გამო ხარ ხოლმე ცუდ ხასიათზე, არ გეუბნებიან რომ შეიცვალე?
– არა და გეტყვი, რატომ. რაღაცნაირად, ვისწავლე ჩემი ხასიათის მართვა, კონტროლი. ცუდად არ ვარ, რადგან ჩამომიყალიბდა ეს დამოკიდებულება – ცუდად ყოფნა ცუდია, შენთვისაც, სხვებისთვისაც, ვინც შენს გარშემოა. უნდა ეცადო, ბუნებიდან, ადამიანებიდან მიიღო ის ენერგია, რომელიც შეგავსებს და არა – პირიქით. უარყოფით რაღაცეებს სულ ვიშორებ და ვაგდებ, მიუხედავად იმისა, რომ აგრესია, ნეგატივი სულ მოდის.
– ეს ენერგია გერჩის. შეიძლება, პირადად არ გეხებიან, მაგრამ უარყოფითი ენერგეტიკა გაწუხებს, გზღუდავს.
– ძალიან რთულია ამის ახსნა და დაწერა. არ ვიცი, მკითხველი ზუსტად გაიგებს თუ არა, რა ნეგატივზეა საუბარი. ეს კონკრეტულად ვინმესგან წამოსულ ნეგატივს და აგრესიას კი არ გულისხმობს, არამედ ზოგადად, რაც შენ გარშემო გროვდება.
– „მაფიის ღამე“ ახსენე და ვიცოდი, რომ მაფიის კლუბის გახსნაც გინდოდათ.
– ვფიქრობდით ამაზე. მე და ნოემ – ჩემი გადაცემის პროდიუსერმა და მეგობარმა, ვიფიქრეთ და ვიმსჯელეთ ამის შესახებ, თითქოს დავძარით კიდეც ეს თემა, მაგრამ ფიქრის პროცესს ვერ გავცდით – ვერ ვხვდებით გავაკეთოთ თუ არა. ისე, ნოე შენი პროდიუსერიცაა და მითხარი ერთი, შენც გაგიჟებს? ყურში საშინელებებს არ გეუბნება?
– კი, მაგრამ მითხრა, მალხაზს უარესებს ვეუბნებიო (იცინიან). რამდენჯერმე ისეთი სიცილი ამივარდა, ძლივს შევიკავე თავი. მე კიდევ მინდობს, მახოს საშინელებებს უკეთებს, ანდაზებს უგონებს... (მე მომმართავს, – ავტორი).
– ანდაზებს თავი დაანებე, სტუმრების გვარებს და სახელებს მიცვლის ხოლმე. ყველას გვარი ხომ არ იცი და ისეთ სასწაულებს აკეთებს, ვგიჟდები. არადა, პროდიუსერია, ენდობი, შენ რაღაცას ამბობ, მაგრამ თან, მას უსმენ. ფიქრობ, ხომ არ ჯობია იმის თქმა, რასაც ის გკარნახობს და მოკლედ, მაგარი ტანჯვაა. ეს „ყური“ საკმაოდ რთულია, მაგრამ უკვე ისე მივეჩვიე, რომ თან საუბარი და თან მოსმენაც შემიძლია.
– თან, საქმეზე კი არ გკარნახობს რამეს, ერთობა. ნოეზე უკვე იმუნიტეტი გვაქვს გამომუშავებული, ვიტამინები მივიღეთ (იცინის). იცი, რა მაინტერესებს, ღამის კლუბის გაკეთებაზე თუ გიფიქრია?
– ამაზე ვფიქრობ ძალიან დიდი ხანია. კარგი კლუბის გაკეთება დამოკიდებულია მუსიკაზე, „ფეისკონტროლზე“ და იმ ადამიანებზე, რომელთაც გართობა უნდათ, კლუბში ამისთვის მოდიან და არა აგრესიისგან დასაცლელად. არ მესმის იმ ადამიანების, ღამით სადღაც რომ მიდიან გასართობად და იქ რაღაცეების ლეწვასა და მტვრევას იწყებენ. ჯერ მაინც ვფიქრობ, ცოტა ადრეა კლუბის გაკეთება. ვინც აკეთებს გააკეთოს და ნელ-ნელა დაილექება ის ფენა, რომელსაც მართლა უყვარს და იცის გართობა. გართობასაც თავისი კულტურა აქვს, იცი ეს შენ. მერე უკვე შეიძლება, მართლა სერიოზული და მაგარი ადგილი გაკეთდეს.
– დებოში და გართობა სხვადასხვაა, თავისუფლება და უზრდელობაც – სხვადასხვა. რატომღაც ამ ყველაფერს ერთმანეთში ურევენ. მე თავისუფალი ვარ და შენ გაზიანებ ამით – ეს არ მესმის.
– ყველაფერი მაინც ინტელექტიდან მოდის, მათ შორის გართობაც.
– მახო, ახლა გისმენ და მივხვდი, რაღაც არ მომწონს შენში. ანთებული მახო არ ხარ. დაღვინებული ყოველთვის იყავი, მაგრამ თვალებში ცეცხლი სულ გენთო. ამ ცეცხლს მარტო სამსახური სჭირდება თუ გვერდით ადამიანი, რომელიც დაგეხმარება და სტიმულს მოგცემს?
– ეს აუცილებელია. ახლა ასეთი ჩემს გვერდით არავინაა...
– და იმიტომ ხარ ჩამქრალი. ესე იგი გჭირდება ხარისხიანი მუშაობა და გვერდით ადამიანი.
– ძალიან ძნელია, იპოვო ისეთი ადამიანი, რომელიც შენი ცხოვრების თანამგზავრი გახდება, გვერდში დაგიდგება, ზუსტად ისე იაზროვნებს, როგორც შენ. ასეთი თანხვედრა იშვიათია. თან, როცა შენ ხელოვანი ხარ, მან უნდა გაუძლოს შენ რეჟიმს, აგყვეს და შენი საქმე მოსწონდეს.
– გულშემატკივარი უნდა იყოს. სტიმულია, როდესაც სახლში შედიხარ, და მზრუნველი ადამიანი გხვდება. აღფრთოვანებაზე კი არ არის საქმე. შეიძლება, ჩემს შეყვარებულს სულ არ მოეწონოს რაღაც ფილმი, სადაც გადამიღეს, მაგრამ გადაღებიდან შუაღამისას რომ მოხვალ და გკითხავს, მაგრა დაიღალე? რამე ხომ არ გინდაო – ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
– რაღაცნაირად, რომ მიხვალ კონკრეტულ ეტაპამდე – შესაძლოა, აქ ასაკი არც არაფერ შუაში იყოს, გიწევს, შენ განვლილ ცხოვრებაზე დაფიქრება. ამ ბოლო დროს იცი, რაზე დავიწყე ფიქრი?! რატომ ავირჩიე მაინცდამაინც ეს პროფესია და არა სხვა რამ, რაც შეიძლებოდა, უკეთესი ყოფილიყო ჩემთვის მომავალში. ვფიქრობ, ბიზნესიც ხომ არ დავიწყო. თან, ჩემი პროფესიის ორმოცდაათს გადაშორებულ ადამიანებს რომ ვუყურებ, ვხვდები, მარტო რჩებიან. შეიძლება, ცოლიც ჰყავთ, შვილებიც, მაგრამ მაინც მგონია, რომ მარტოები არიან. თან, ვიცი, მათი ისტორია – ზენიტში იყვნენ, ქუხდნენ და დღეს არაფერს აკეთებენ. ეს პოპულარობა წავა და ხვალ აღარავის ემახსოვრები – რჩები ნულზე. რაღაცნაირად, უნდა ეცადო, რომ გქონდეს სულიერი, გინდა, ფინანსური საზრდო, რომ შენი შვილები კარგად იყვნენ – ასწავლო, გვერდში დაუდგე. თან, დროც სწრაფად გადის, ვერ წამოწვები მხართეძოზე. ამ ფიქრებში ვარ და აქედან გამოსავალს ვეძებ. ცოტა თეატრზეც გული ამიცრუვდა. რატომ? არ ვიცი. შეიძლება, დრომ მოიტანა, შეიძლება – ადამიანებმა, გარემომ, არ ვიცი. კარტი აიჭრა და რაღაცეები მინდა, დავალაგო. დალაგების პროცესში ვარ. ვფიქრობ, რაღაცას გავარტყამ.
– მინდა, გისურვო, რომ გაარტყა და ვიცი, ასე იქნება. არეულობის ეტაპი ყველას აქვს და შენ ისეთი ძლიერი ხარ, აუცილებლად, დალაგდები.