„ატლეტიკოს“ წარმატების საიდუმლო
მადრიდის „ატლეტიკომ“ ახალი სეზონი დამაჯერებლად დაიწყო და გათამაშების ცხრილის ზედა ნაწილში ტრიალებს. ამის მიზეზად ჟურნალისტები გუნდის მთავარ მწვრთნელს, კიკე სანჩეს ფლორესს ასახელებდნენ. მაგრამ, გასულ კვირას უნგრელმა მოდელმა, ორსი ფეჰერმა განაცხადა, კიკე კი არა, წარმატების საიდუმლო მე ვარო. ეს ქალი მთავარი მწვრთნელის მეგობარია, აგერ უკვე მეორე წელია ფლორესის სახლში ცხოვრობს და ამტკიცებს, რომ ფეხბურთში კიკეზე ცუდად არ ერკვევა.
„ის ისე ხშირად მესაუბრებოდა ფეხბურთზე და იმდენ რამეს მასწავლიდა, რომ იძულებული გავხდი, ბევრი რამ ამეთვისებინა. ახლა, მატჩების დროს, ტრიბუნებზე ვარ, შესვენებისას კიკეს ვურეკავ და ვეუბნები, რომელი ფეხბურთელი თამაშობს ცუდად და რა ტაქტიკური გადაადგილება იქნება მართებული, ისიც მიჯერებს. ამიტომაც, თუ აკვირდებით, „ატლეტიკო“ ძირითადად მეორე ტაიმებში ყოჩაღობს“, – განაცხადა ორსიმ.