გლანდების გაწმენდა აუცილებელია
ნუშურა ჯირკვლებს ადამიანის ორგანიზმის ინფექციებისგან დაცვა ევალება. ზოგჯერ მათში ვითარდება ანთებითი პროცესი. ნუშურა ჯირკვლებში არსებულმა ანთებითმა უბნებმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ყელთან, ყურთან, ცხვირთან, ნერვულ სისტემასთან, ენდოკრინულ, გულსისხლძარღვთა სისტემებთან, ასევე, ხერხემალთან, საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან და ასე შემდეგ. თუმცა, არის შემთხვევები, როცა გლანდების ამოკვეთის შემდეგ ჯანმრთელობა ყოველთვის არ უმჯობესდება.
ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ნუშურა ჯირკვლებსაც მოვლა სჭირდება. აგებულებით ეს ჯირკვლები ღრუბელს ჰგავს, რომელიც დაღეჭილ საკვებს, მიკრობებს და ბაქტერიებს იწოვს. ისინი კი, როგორც ხელსაყრელ პირობებს ნახავენ, იწყებენ გამრავლებას. ორგანიზმი მათთან გასამკლავებლად იწყებს სისხლის თეთრი ბურთულების, ანუ ლეიკოციტების ამოქმედებას. ამ პროცესს თან ახლავს ჩირქის წარმოქმნა. ასევე, ამ პროცესის დროს წარმოიქმნება ფერმენტები, რომლებიც ნუშურა ჯირკვლების ქსოვილს განლევს და ხელს უწყობს ჩირქის პარკების წარმოქმნას. მთქნარების, ყლაპვის, ყელის კუნთების დაძაბვის, თავის ტრიალის დროს პარკები პატარავდება და თავისთავად განილევა.
გლანდების გაწმენდა აუცილებელია. მაგალითად, თუ ენას ბოლომდე გამოყოფთ, გლანდების ზედაპირზე და ენის ძირში ადვილად შეამჩნევთ მოთეთრო-მოყვითალო ნადებს. გლანდების გაწმენდა კი ასე უნდა მოახერხოთ: ენა გამოყავით ბოლომდე და ვერცხლის კოვზით ნაზად მოიცილეთ ენაზე ნადები. შეისუნთქეთ ჰაერი და სუნთქვა შეიკავეთ, შემდეგ პირი კარგად გააღეთ, ენა რაც შეიძლება გარეთ გამოყავით და დაბლა დახარეთ. ნიკაპი კი მკერდს მიაბჯინეთ. ასეთ პოზაში სუნთქვა შეიკავეთ. ეს ვარჯიში გაიმეორეთ ზედიზედ 5-6-ჯერ. ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ყელში მარილიანი წყალი გამოივლეთ. კერძოდ, ერთ ჭიქა წყალში გახსენით ნახევარი ჩაის კოვზი მარილი.
თუ ნუშურა ჯირკვლები ძალიან დაბინძურებულია და ბუნებრივად აღარ ხდება მათი წმენდა, შეიძლება ჩირქოვანი ღრმულები ისე გაიზარდოს, რომ ჩირქი გადმოვიდეს და ყელის ქსოვილში გავრცელდეს. როცა გლანდები ამოჭრილია, ყელში დაგროვილი ჩირქი შესაძლოა, კისტად ჩამოყალიბდეს, საიდანაც ტოქსინები გამოიყოფა. ეს კი ხმის ტემბრის შეცვლას ან დაკარგვას, ასევე ოსტეოქონდროზს და სხვა გართულებებს იწვევს.
ნუშურა ჯირკვლები ჩირქისგან რომ გაწმინდოთ, შემდეგი მასაჟი დაგეხმარებათ: საჩვენებელი და ცერა თითებით ჩაეჭიდეთ ხორხს. კუნთის გასწვრივ, ზემოთ და ქვემოთ გამოწურვის მსგავსი მოძრაობა აკეთეთ. შესაძლოა, ამ დროს ღიტინის შეგრძნება დაგეუფლოთ ან ხველა აგიტყდეთ. მასაჟი განაგრძეთ და შემდეგ აუცილებლად გამოივლეთ ყელში ლიმონიანი ან მარილიანი წყალი. ერთ ჭიქა წყალში გახსენით ერთი ცალი ლიმონის წვენი ან ერთი ჩაის კოვზი მარილი. მასაჟის ხანგრძლივობა დაახლოებით 1-2 წუთია. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დილა-საღამოს.