კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება ალერგია უეცარი სიკვდილის მიზეზი და როგორ უნდა დაიცვას თავი საშემოდგომო ალერგენებისგან ზემგრძნობიარე ადამიანმა


ალერგია ჯანმრთელობისთვის საშიში და სახიფათო დაავადებაა. მას სეზონურობა ახასიათებს და ამიტომ, სპეციალისტები სეზონურ დაავადებადაც მიიჩნევენ. ალერგია განსაკუთრებით საშიში შემოდგომისა და გაზაფხულის პერიოდებში ხდება. ამიტომ, ადამიანი განსაკუთრებით ამ დროს უნდა იყოს ფხიზლად. ალერგიის დროს თვითმკურნალობა ყოვლად დაუშვებელია და თუ არ მოხდა მისი სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობის დანიშვნა სპეციალისტის მიერ, შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქროს. ასე რომ, ნებისმიერი ალერგიული რეაქციისას, დროულად აღმოუჩინეთ თავს დახმარება. თუ როგორ უნდა შეძლოთ ეს, რა მეთოდებით დაიცვათ თავი, რა გამოვლინებები და რეაქციები ახასიათებს სეზონურ ალერგიას, ამაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ალერგოლოგი, ბატონი დავით თელია მოგცემთ რეკომენდაციებს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.


– ბატონო დავით, რა არის ალერგია და რომელი დაავადებები მიეკუთვნება ალერგიულს?

– სანამ ამაზე ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ ალერგოლოგია, როგორც მეცნიერება, იმუნოლოგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ალერგიული დაავადება, ეს არის იმუნოპათოლოგიური მდგომარეობა. სულ სამი იმუნოპათოლოგიური მდგომარეობა არსებობს, კერძოდ, ალერგია, იმუნოდეფიციტები – მაგალითად, შეძენილი ან თანდაყოლილი შიდსი და ავტოიმუნური დაავადებები. სამივე დაავადებას კი საფუძვლად უდევს იმუნური სისტემის არაადექვატური, არანორმალური ფუნქციონირება. ალერგიის შემთხვევაში, იმუნური სისტემა მოქმედებს გამძაფრებულად; იმუნოდეფიციტების დროს, ის საერთოდ არ რეაგირებს; ხოლო ავტოიმუნური დაავადებებისას, რეაგირებს გაუკუღმართებულად, ანუ, იმუნური სისტემა საკუთარ უჯრედებს და ორგანოებს ებრძვის. ალერგია, ეს არის მომატებული ზემგრძნობელობა და იმუნური სისტემა ზედმეტად რეაგირებს ყველაფერ იმაზე, რაზეც სხვა ნორმალური ადამიანები არ რეაგირებენ. გეტყვით იმასაც, რომ სწორედ ალერგიას უდევს საფუძვლად, რომ ორგანიზმის იმუნურ სისტემაში ხდება გარკვეული ძვრები, გადაწყობა და საბოლოო ჯამში, ასეთი არანორმალური ფუნქციონირება ვლინდება იმით, რომ ადამიანი ავადდება სხვადასხვა ალერგიული გამოვლინებით. ყველა ალერგიულ დაავადებას საერთო აქვს ერთი რამ, კერძოდ, ადამიანი ამა თუ იმ შიდა თუ გარე ფაქტორების მიმართ, ზედმეტად მგრძნობიარეა. მაგალითად, თუ არაალერგიული ადამიანი არ რეაგირებს ოთახის ან მცენარის მტვერზე, ალერგიული ადამიანი ამაზე მწვავედ რეაგირებს. ეს იმიტომ ხდება, რომ იმუნური სისტემა წარმოშობს დიდი რაოდენობით ანტისხეულებს და უჯრედისებს, რაც ადამიანის ორგანიზმის ასეთ რეაქციას იწვევს. ალერგიული დაავადებები, სხვადასხვაგვარად ვლინდება. არსებობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ალერგიული დაავადებები, ანუ კვებითი ალერგიები, ასევე, სასუნთქი სისტემის ალერგიული დაავადებები, მაგალითად, ბრონქული ასთმა და პოლინოზი, ანუ მცენარეული ალერგია. ასევე, არსებობს კანის ალერგიული გამოვლინებები, მაგალითად, ჭინჭრის ციება. აი, სიცოცხლისთვის მეტად საშიში და სერიოზული ალერგიული მდგომარეობაა ანაფილაქსიური შოკი, როცა რამდენიმე წუთში, შესაძლოა, ადამიანი დაიღუპოს. არსებობს მედიკამენტური ალერგია, მწერის ნაკბენის მიმართ ალერგია, ფიზიკური ფაქტორების მიმართ ალერგია – მაგალითად, სიცივის, სიცხის, ფიზიკური დატვირთვის, წყლის, მექანიკური გაღიზიანების, მზის, სინათლისა და სხვა ალერგიული მგომარეობებიც. ასე რომ, ალერგია ერთ-ერთი ყველაზე საშიში და ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი დაავადებაა.

– ალერგიას, სპეციალისტები სეზონურ დაავადებასაც უწოდებენ. ამ სეზონზე რომელი ტიპის ალერგია მწვავდება?

– მართალია, ალერგიას სეზონურ ავადმყოფობასაც უწოდებენ. ალერგია განსაკუთრებით საშიში შემოდგომით და გაზაფხულზე ხდება. ამიტომ, ყოველთვის ვამბობ, თუ არ მოხდა დიაგნოზის სწორად დასმა და შესაბამისად, სწორი მკურნალობის დროული კურსის დაწყება, სპეციალისტის რეკომენდაციებისა და რჩევების გათვალისწინება და ზედმიწევნით შესრულება, შესაძლოა, ამ ერთი შეხედვით დროებითმა, სეზონურმა დაავადებამ ადამიანის უეცარი სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ნებისმიერი ალერგიული რეაქციის გამოვლენისას, ნუ მიაყურადებთ და დროულად აღმოუჩინეთ საკუთარ თავს დახმარება. საერთოდ, ალერგია, როგორც გითხარით, მომატებულ მგრძნობელობას ნიშნავს, ალერგიული ადამიანი კი უფრო მეტად რეაგირებს სხვადასხვა გარემო ფაქტორებზე. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ალერგიული გამოვლინება სასუნთქი გზების დაავადებებია. მათ შორისაა ბრონქიალური ასთმა, ალერგიული სურდო, ალერგიული კონიუნქტივიტი და ასე შემდეგ. როგორც ქვედა, ასევე ზედა სასუნთქი გზების ალერგიულმა გამოვლინებებმა, შესაძლოა, თავი იჩინოს როგორც სეზონზე, ასევე არასეზონურ პერიოდშიც. მაგალითად, ალერგიული რინიტი, ანუ სურდო, შესაძლოა, იყოს სეზონურიც და არასეზონურიც. სეზონური რინიტი ყვავილის მტვრისგან ვითარდება, არასეზონური რინიტი კი საყოფაცხოვრებო ალერგენებისგან. ლაზორნოტონული რინიტი მთელი წლის განმავლობაში გრძელდება და უკავშირდება გარემო ფაქტორებს. ის ხშირად მწვავდება ემოციური დატვირთვის ფონზე, ასევე ამინდის ცვალებადობისა და ზოგიერთი საკვების მიღების დროსაც. ის დაკავშირებულია სასუნთქი გზების სისხლძარღვების არაადეკვატურ რეაგირებასთან გარემო ფაქტორებზე. აუცილებელია, ადამიანმა იცოდეს, რომელი ტიპის სურდო აქვს და არ დაიწყოს ამ დროს თვითმკურნალობა, რათა კიდევ უფრო არ დაამძიმოს სიტუაცია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებას, სხვადასხვა პრეპარატით მკურნალობა ესაჭიროება და ამიტომ, ამას თავად პაციენტი ვერ განსაზღვრავს.

– თუ ვიცით, რომ სურდო ალერგიული გენეზისაა, როგორ ვუმკურნალოთ მას?

– თუ სურდო ალერგიული გენეზისაა, მაშინ შეგიძლიათ, ანტიალერგიული პრეპარატი ექიმის დანიშნულების გარეშეც მიიღოთ. თუმცა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ პრეპარატებსაც აქვს თავისი წესები, დანიშვნისა და მიღების ვადები, რომელიც ზედმიწევნით უნდა დაიცვათ. დაახლოებით, ათ-თხუთმეტ დღეზე მეტხანს მათი მიღება იწვევს შეჩვევას.

– ამ დროს ცხვირში ჩასაწვეთებელი პრეპარატების გამოყენება თუ არის რეკომენდირებული და უსაფრთხო?

– სურდოს საწინააღმდეგო ცხვირში ჩასაწვეთებელი, ეგრეთ წოდებული ცხვირის გამხსნელების გამოყენება, ამ დროს კატეგორიულად იკრძალება, რადგან, ხუთ დღეზე მეტხანს მათი ჩაწვეთება ცხვირში იწვევს მედიკამენტურ რინიტს. ამიტომ, ჯობია, ექიმთან მისვლით გაარკვიოთ, ზუსტად რასთან გაქვთ საქმე და ისე იმოქმედოთ.

– ნებაზე მიშვებული ალერგია სიცოცხლისთვის საშიშია?

– გეტყვით, რომ ალერგია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პათოლოგია, რომელიც უეცარ სიკვდილს იწვევს, ოღონდ, რასაკვირველია ეს ყველა ალერგიას არ ეხება. ასეთია, ანაფილაქსიური შოკი, რომელსაც ელვისებური რეაქცია ახასიათებს და ისე სწრაფად იწვევს ადამიანის სიკვდილს, რომ შესაძლოა, საავადმყოფომდეც ვერ მიასწროს პაციენტმა ცოცხალი. ის შესაძლოა, განვითარდეს მცენარის ან საყოფაცხოვრებო მტვერზე ან მედიკამენტზე. აქვე იმასაც გეტყვით, რომ, როცა სიკვდილიანობაზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა განვიხილოთ, თუ რომელ ალერგიაზეა საუბარი. როცა საქმე ეხება ზედა სასუნთქი გზების ალერგიას, ის ძალიან დიდ საფრთხეს უქნის ადამიანს და შემაწუხებელი ხდება. შესაძლოა, მან ქვედა სასუნთქი გზების დაავადებაც გამოიწვიოს, ამის შედეგად კი ჩამოყალიბდეს ასთმა. არ არის გამორიცხული, რინიტი, კონიუნქტივიტი, რინოკონიუნქტივიტი და ასეთი ტიპის პოლინოზური სეზონური ალერგიები გადავიდეს ბრონქულ ასთმაში. ეს კი საკმაოდ ვერაგი დაავადებაა.

– როგორ განვსაზღვროთ, კონკრეტულად რომელი ალერგენი იწვევს სეზონურ ალერგიას ადამიანში?

– იმისთვის, რომ ზუსტად განსაზღვროთ, თუ რომელი ალერგენი იწვევს კონკრეტულ ადამიანში ალერგიას, საჭიროა სინჯების ჩატარება. სეზონური ალერგია სეზონური ხასიათისაა. ვითარდება წლის კონკრეტულ პერიოდში და ეს როგორც წესი, იწყება გაზაფხულზე და გასტანს შემოდგომის ბოლომდე. ამ დროს, ალერგიულ ადამიანს ემართება როგორც ზედა სასუნთქი რინოკონიუნქტივიტი, ასევე, ქვედა სასუნთქი გზების, ანუ ბრონქული ასთმა და საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს როგორც მოზრდილ ადამიანებში, ასევე ბავშვებსა და ხანში შესულებში.

– შემოდგომით, ძირითადად, რომელი ალერგია აწუხებს ადამიანს?

– შემოდგომით, ძირითადად, ყვავის სოკოები და სოკოვანი ალერგენები. სპორებს, ყვავილების მსგავსად, სოკოებიც გამოაფრქვევს. ასევე, საშიშია ამ დროს სარეველა მცენარეებიც, რომლებიც გამოყოფს მტვერს. ასე რომ, ამ სეზონის ალერგია განპირობებულია სოკოვანი ალერგენებითა და სარეველა მცენარეების მტვრით. შესაძლოა, ადამიანი ახველებდეს დიდი ხნის განმავლობაში და არც კი იცოდეს, რომ ეს ალერგიის მიზეზია, და თუ მას შემდგომში ყურადღებას არ მიაქცევთ, ბრონქული ასთმის განვითარების მიზეზი გახდეს. ამიტომ, გირჩევთ არ დატოვოთ ყურადღების გარეშე გრიპის ან გაციების შემდეგ შემორჩენილი ხველა და ნუ გაირთულებთ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით შემოდგომით უნდა იყვნენ ფრთხილად ალერგიული ადამიანები, რადგან მათი რეაქტიულობა საგრძნობლად მომატებულია. ასევე, უნდა მოერიდონ ისინი გაციებას, რომ არ გაირთულონ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ სეზონზე. თავის დაცვა ალერგენებისგან, რასაკვირველია, რთულია, მაგრამ, მაინც უნდა ეცადოთ – არ გახვიდეთ სახლიდან ქარიან ამინდში, სველი წესით ხშირად დაასუფთავეთ საცხოვრებელი, ქუჩიდან შემოსვლისთანავე მიიღეთ შხაპი, რომ ალერგენები, რომელიც თმასა და სხეულზეა, ჩამოირეცხოთ. სხვათა შორის, რაც უფრო ჩაკეტილ გარემოსა და ჰიგიენაში გაზრდით შვილს, მით მეტია ალბათობა, რომ ის ალერგიული გახდეს. ამ დროს იმუნური სისტემის გადართვა ხდება ალერგიის მიმართ. სამწუხარო კი ის არის, რომ მსოფლიოში ყოველ მილიონ ადამიანზე, დაახლოებით 17-18 პაციენტი, სწორედ, ალერგიის მსხვერპლი ხდება და ეს სავალალო შედეგებით სრულდება.


скачать dle 11.3