კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არის იმუნიტეტი და რამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დარღვევები


იმუნური სისტემა ადამიანთან ერთად ყალიბდებოდა და მხოლოდ მის არსებობას უნდა ვუმადლოდეთ, რომ კაცობრიობამ დღევანდელ დღემდე მოაღწია. მიკროორგანიზმები დედამიწაზე ხუთი მილიარდი წლის განმავლობაში არსებობენ, ადამიანის რამდენიმე ათასწლოვანმა ევოლუციამ კი განაპირობა, რომ გარემო ზედმიწევნით ჰიგიენური გახდა. შედეგად მივიღეთ საკმაოდ უცნაური ტენდენცია – მაშინ, როდესაც ინფექციური დაავადებების რიცხვი იკლებს, საგრძნობლად იმატებს იმუნოპათოლოგიები. ასე რომ, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, შესაძლებელია, მკვეთრად შეიცვალოს პრობლემატური დაავადებების რეიტინგი და სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციური განაწილება. პრობლემის გლობალური მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით ალერგოლოგ თამარ ნიკურაძეს.


– რისი თქმა შეიძლება იმუნური სისტემისა და მისი მნიშვნელობის შესახებ?

– როგორც ცნობილია, ორგანიზმში მრავალი სისტემა არსებობს, მათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იმუნური სისტემაა. იმუნურ სისტემას გააჩნია თავისი ცენტრალური და პერიფერიული ორგანოები. ცენტრალურ ორგანოებს მიეკუთვნება თიმუსი და ძვლის წითელი ტვინი, პერიფერიულს კი – ლიმფური კვანძები, ლიმფური სადინრები, ელენთა და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში განლაგებული პეიერის ფოლაქები. იმუნური სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის ცენტრალური და პერიფერიული ორგანოები შეთანხმებულად მუშაობენ. იმუნური სისტემის ძირითადი დანიშნულებაა, დაიცვას ორგანიზმი ეგზოგენური თუ ენდოგენური ანტიგენური ბუნების აგენტებისგან. არსებობის განმავლობაში, ადამიანის ორგანიზმს მუდმივად უხდება გამაღიზიანებელ და დაავადების გამომწვევ ფაქტორებთან უშუალო კონტაქტში ყოფნა, იმუნური სისტემა კი განაპირობებს ადამიანის შეუვალობას და ბიოლოგიური ფუნქციის შენარჩუნებას.

– კონკრეტულად რა ფაქტორებისგან იცავს იმუნიტეტი ადამიანს?

– პირველ ყოვლისა, ეს არის ყველასთვის კარგად ნაცნობი მიკროორგანიზმები: ბაქტერიები, ვირუსები და სოკოები, რომლებიც ორგანიზმში შეჭრის შემდეგ, საკმაოდ მძიმე დაავადებებს იწვევს და შესაძლებელია, ამას, ადამიანის სიკვდილიც კი მოჰყვეს. გარდა ამისა, ანტიგენის როლში შესაძლებელია, მოგვევლინოს ორგანული ან არაორგანული ნაერთები, ქიმიური საშუალებები. საყურადღებოა სხვადასხვა მედიკამენტის როლიც, რომლებიც, ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლებელია, მოიაზროს როგორც ალერგიულ, ანტიგენურ აგენტებად. ორგანიზმში შესაძლებელია, შეიჭრას სხვადასხვა გარეული თუ შინაური ცხოველის ანტიგენები. გარემო, რომელშიც ადამიანი არსებობს, პირობითად იყოფა შიდა და გარე გარემოდ. თითოეულ მათგანს ახასიათებს განსხვავებული ბუნების ანტიგენები, რომელთანაც, ჩვენი დაცვის მიზნით, ურთიერთობა უხდება იმუნურ სისტემას. იმუნური სისტემა ყალიბდება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში და გრძელდება დაბადების შემდეგაც. ექვს თვემდე ჩვილის დაცვას უზრუნველყოფს მუცლადყოფნის პერიოდში დედის ორგანიზმიდან გადასული ანტისხეულები. ექვსი თვის ბავშვის იმუნური სისტემა ხდება კომპეტენტური და საკუთარი ძალებით იცავს თავს სხვადასხვა საშიში ფაქტორისგან.

– რა სახის დარღვევები შეიძლება, გამოვლინდეს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში?

– ისევე როგორც ყველაფერი, იმუნური სისტემაც სრული სიზუსტით ვერ მოქმედებს, მასაც გააჩნია გარკვეული ხარვეზები. იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირება შესაძლებელია, სამი მიმართულებით შეიცვალოს. პირველი მათგანი მაშინ აღინიშნება, როდესაც იმუნური სისტემა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. ანუ, ადგილი აქვს მისი მუშაობის დეფიციტს. იმუნოდეფიციტური მდგომარეობა შეიძლება, თანდაყოლილი ან შეძენილი იყოს. თანდაყოლილ იმუნოდეფიციტს გენეტიკური სპეციფიკურობა განაპირობებს, შეძენილს კი, საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი დაავადება – შიდსი. აივ ვირუსის შეჭრის შემდეგ, ზიანდება იმუნური სისტემის ერთ-ერთი რგოლი და ადამიანი ადვილად ხელმისაწვდომი სამიზნე ხდება სხვადასხვა პათოგენური მიკროორგანიზმისთვის; იმუნური სისტემის დარღვევის მეორე ფორმისას, სისტემა ახდენს გადაჭარბებულ რეაგირებას კონკრეტულ ანტიგენზე. ასეთ დროს ვითარდება დაავადება სახელად – ალერგია. ალერგია გახლავთ მომატებული მგრძნობელობა. ბევრი დაავადებაა ალერგიით გამოწვეული და მათი რიცხვი დღესდღეობითაც პროგრესულად მატულობს; დარღვევის მესამე ფორმის შემთხვევაში, იმუნური სისტემა მოქმედებს გაუკუღმართებულად, რის გამოც ის ბრძოლას იწყებს საკუთარი ორგანიზმის წინააღმდეგ. შედეგად ვითარდება ისეთი აუტოიმუნური დაავადებები როგორიცაა: ჩიყვი, მრავლობითი სკლეროზი და სხვა მრავალი. ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევების სამივე ფორმა, იმუნოდეფიციტები, ალერგია და აუტოიმუნური დაავადებები, გაერთიანებულია ერთ ჯგუფში, რომელსაც იმუნოპათოლოგიურ მდგომარეობას უწოდებენ.

– როგორია თანამედროვე ეპიდემიოლოგიური მონაცემები პრობლემასთან დაკავშირებით?

– ძალზე საინტერესოა უკანასკნელი კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია, რომელშიც ცალსახადაა დაფიქსირებული მეტად უცნაური ტენდენცია. 1950 წლიდან 2000 წლამდე ჩატარებულმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა ცხადყო, რომ იმუნოპათოლოგიური მდგომარეობები 200-300-ჯერაა მომატებული მთელ მსოფლიოში, მაშინ როდესაც ინფექციური დაავადებების ინტენსივობამ, დროის იგივე მონაკვეთში 100-ჯერ იკლო. ლოგიკიდან გამომდინარე ვასკვნით, რომ ინფექციური დაავადებების კლების ფონზე, მატულობს იმუნოპათოლოგიური მდგომარეობები. კვლევაზე დაწერილმა სტატიამ საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა სამედიცინო საზოგადოებაში და ბუნებრივად გაჩნდა ბევრი კითხვა.

– რამ განაპირობა მსგავსი ტენდენცია?

– დასკვნა საკმაოდ მარტივია. ამ დაავადებებს აბრალებენ ურბანიზაციასა და თანამედროვე მედიცინის მიღწევებს. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის აცრები. იმუნოპათოლოგიური მდგომარეობების მატება, პირველ ყოვლისა, აღინიშნა ცივილიზებულ ქვეყნებში, სადაც გარემო ზედმეტად ჰიგიენურია. ანუ, ადამიანმა გაწყვიტა კონტაქტი მიკროორგანიზმებთან, რომელთაც ათასწლეულების განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა იმუნურ სისტემასთან, ამიტომ აღინიშნა გარკვეული დარღვევები ამ სისტემაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაქცინაცია შევწყვიტოთ, რადგან ამ შემთხვევაში, უარყოფითი შედეგები გაცილებით უფრო ხშირად დაფიქსირდება. მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ იმუნოპათოლოგიების ინტენსივობის მსგავსი პროგრესირების შემთხვევაში, მივიღებთ საკმაოდ სახიფათო სურათს.

– თუ ქმნის ვიტამინების ნაკლებობა იმუნოპათოლოგიების საფრთხეს?

– არსებობს შეხედულება, რომ ვიტამინების ნაკლებობის შემთხვევაში, იმუნური სისტემის ფუნქციონირება სუსტდება. თუმცა, ეს მოსაზრება გარკვეული კამათის საგანი გამხდარა. ზოგიერთ პაციენტს, იმუნური სისტემის გამაგრებისთვის უნიშნავენ C ან პოლივიტამინს, მაგრამ მსგავსი ქმედება არასწორია. იმუნური სისტემის დახმარება შესაძლებელია მხოლოდ აცრის მეშვეობით. ამ დროს ორგანიზმში შეგვყავს დასუსტებული ანტიგენი, რომელიც იწვევს იმუნური პასუხის აღძვრას, იმუნურ სისტემაში კი რჩება მახსოვრობის უჯრედები, რომლებიც განმეორებითი დასნებოვნების შემთხვევაში იმუნური პასუხის სისწრაფეს და სიძლიერეს ზრდის.

– როგორ ამოვიცნოთ იმუნოდეფიციტური მდგომარეობა?

– იმუნოდეფიციტურ მდგომარეობას ახასიათებს გამოხატული სიმპტომები. ამ დროს ადამიანი ძალზე ხშირად ხდება ავად, ამასთან ბანალური ინფექციებით. ნორმალური იმუნური სისტემის მქონე ადამიანი წელიწადში მაქსიმუმ ორჯერ შეიძლება გახდეს ავად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეჭვი უნდა მივიტანოთ იმუნოდეფიციტურ მდგომარეობაზე. ეჭვი ჩდება მაშინაც, როდესაც ადამიანს ხშირად უვითარდება სოკოვანი ან ჩირქოვანი ინფექცია. პატარა ჭრილობაც კი ხშირად ჩირქდება. მიუხედავად იმისა, რომ იმუნოდეფიციტური მდგომარეობა საგრძნობლად პროგრესირებს, საბედნიეროდ, ის ჯერ არ არის ძლიერ გავრცელებული. ბავშვთა ასაკში ხშირად გვხვდება ეგრეთ წოდებული ტრანზიტული იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, რომელიც, საბოლოო ჯამში, ნორმას უბრუნდება, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც იმუნოდეფიციტი მთელი ცხოვრების განმავლობაში თან სდევს ადამიანს და მრავალ პრობლემას უქმნის.

– რაიმე კავშირი თუ აქვს იმუნოპათოლოგიას საკვებთან?

– მრავალი ადამიანისთვის არსებობს ზემგრძნობელობა საკვების მიმართ. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვთა ასაკში. მაგალითისთვის გამოდგება ალერგია, ანუ მომატებული მგრძნობელობა რძის ან კვერცხის მიმართ. საკვები ანტიგენის როლში არა მარტო ნატურალური ფორმით შეიძლება მოგვევლინოს, რადგან ალერგია შეიძლება, გამოიწვიოს სხვადასხვა დანამატმაც, რომლითაც ასე ძლიერაა გაჯერებული ფაბრიკული წესით დამზადებული საკვები.


скачать dle 11.3