კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ააჭრელა შემოდგომა დაიან ვონ ფურსტენბერგმა


„მე ყოველთვის მინდოდა, მეცხოვრა მამაკაცის ცხოვრებით ქალის სხეულში”, – ეს იყო ფრთიანი გამონათქვამი, რომელიც თავიდან ბოლომდე გასდევდა დაიან ვონ ფურსტენბერგის შოუს. დიზაინერის მიერ ჩვენებამდე ცოტა ხნით ადრე ნათქვამი სიტყვები, ალბათ, ყველასთვის სიურპრიზი იყო, რადგან აქამდე მის კოლექციებში მამაკაცური არაფერი ყოფილა. ამიტომაც, შეაფასეს ეს შოუ როგორც ვონ ფურსტენბერგის საუკეთესო ჩვენება დღემდე.

იმისთვის, რომ შოუს კოლექციის კონცეფცია, ჩანაფიქრი დასაწყისშივე ნათლად წარმოედგინა, პოდიუმზე ბოლეროს სტილში შეკერილ ორბორტიან კოსტიუმში გამოწყობილი მოდელი გამოვიდა. კოსტიუმი მოკლე მანჟეტებითა და ნაცრისფერი, ლამაზად ჩახვეული ბეწვით იყო გაფორმებული, რომელიც დიზაინერმა მოკლე შარვალს, ეგრეთ წოდებულ ბრიჯს მოარგო. ეს იყო ახალი კონცეფცია, რომელიც შოუში კიდევ რამდენჯერმე განმეორდა, როდესაც პოდიუმზე მოდელი აბრეშუმისთასმებიანი სპილოსძვლისფერი სვიტერით წარდგა, რომლის ზემოდანაც შავი, სმოკინგის სტილში შეკერილი ატლასის პიჯაკი-ქურთუკი და შესაბამისი საღამოს კომბინეზონი ეცვა. უხეში და რბილი ქსოვილის „შეთამაშებისა და მეგობრობის“ სურათი პოდიუმზე კიდევ არაერთხელ ვნახეთ – შიფონის კაბა და ველვეტის, ტყავისიდაყვებიანი უხეში კოსტიუმი, რომელიც დიზაინერის იდეებს კიდევ უფრო ნათლად გამოხატავდა. ამ ყველაფერთან ერთად, ქალურობისა და სინაზის დეფიციტი არც ერთ მაყურებელს არ გასჩენია. ლამაზი წულის კაბები, რომელიც ასე სისხლხორცეულია დიზაინერისთვის, ქალურობის დეფიციტს ავსებდა და რომანტიკულ ფურსტენბერგს ისევ თავის სიმაღლეზე ტოვებდა.

ფურსტენბერგის ყველაზე საინტერესო შემოთავაზებებიდან აღსანიშნავია სადა, მოკლე შავი კაბები, რომელიც წელის ნაცვლად თეძოს ქვემოთ იყო გადაჭრილი. ულამაზესი გახლდათ ხავერდისა და ეგრეთ წოდებული „პოლნბარხატის” ჭრელი, თხელი სვიტერები, რომელიც თითქმის სრულიად გამჭვირვალე, ასევე ძალიან ჭრელ, კოლგოტისებურ „ელასტიკზე“ ეცვათ მოდელებს.

თბილისური შემოდგომისთვის, ალბათ, იდეალური იქნება ქალბატონი დაიანის ჭრელი, მინაკეცებიანი კაბები, ზემოდან შემოცმული თბილი, ნაქსოვი ჟაკეტებით.

მოდის სახლმა საკმაოდ დიდი აქცენტი გააკეთა აქსესუარებზეც, როგორიცაა წულის ქუდები – ერთი შეხედვით, ცნობილი რუსული ბეწვის ქუდის ევოლუციურ ვერსიას მოგაგონებდათ ფორმით. თუმცა რეალურად, სულაც არ ჰგავდა ხსენებულ საბჭოთა სიმბოლოს, რომელიც ასე მოსწონთ დღესაც და არა მხოლოდ დიდ რუსეთში. რაც შეეხება ფეხის შესამოსს, დიზაინერმა აქცენტი გააკეთა არა ჩექმასა და ზამთრის სხვა თბილ ვერსიაზე, არამედ სადა, კლასიკურ ფეხსაცმელზე, რომელიც ძალიან უხდებოდა როგორც კოჭამდე შარვლებს, ისე კაბებს.

სხვათა შორის, ეს დაიან ვონ ფურსტენბერგის მარჯვენა ხელის, დიზაინერ ნათან იენდერის უკანასკნელი ჩვენება გახლდათ, რომელზეც მან დაიანასთან ერთად იმუშავა. „ის მიემგზავრება, რათა იპოვოს და ერთად შეკრას იდეები იმ კოლექციისთვის, რომელსაც უკვე საკუთარი სახელით წარადგენს მაღალი მოდის სამყაროში”. უდავოდ, ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა მათი ურთიერთობის ასეთი სასიამოვნო დასასრულით, რადგან, როგორც კულისებში ამბობდნენ, ნათანისა და დაიანის თანამშრომლობა არც ერთისთვის აღარ იყო პოზიტივის მომტანი.


скачать dle 11.3