როდის რჩება მამაკაცი წაგებული და როგორ მამაკაცს ირჩევს ზოგიერთი ქალი ქმრად
ზოგჯერ უნდა დაკარგო, რომ მიხვდე, რა დაკარგე. სამწუხაროდ, ეს ჩვენი რეალობის განუყრელი პერიფრაზია. ვკარგავთ ხშირად და შეუცნობლად, ჩვენი მიზეზით და ჩვენგან დამოუკიდებლად. მერე კი ვებრძვით სინანულს. ვცდილობთ, უკან დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენთვის ესოდენ ძვირფასი ყოფილა, მაგრამ აღარ გამოგვდის. რატომ ხდება, რომ ზოგჯერ ვერც საკუთარ გრძნობას ვამჩნევთ. არ ვუსმენთ საკუთარ გულს და მხოლოდ ემოციებს აყოლილნი ვმოქმედებთ. ემოცია კი ჯერ არავისთვის ყოფილა კარგი მრჩეველი. ფაქტია ისიც, რომ ის, ვინც სულ ჩვენ გვერდითაა, ისეთი ბუნებრივი ხდება, ისე ეჩვევა მას თვალიცა და გულიც, გვგონია, ყოველთვის ასე იქნება. სულერთია, რას ვიტყვით, ან რას მოვიმოქმედებთ, მაგრამ დადგება დღე, როცა ცხოვრება საპირისპიროში გვარწმუნებს. ხელის ერთი მოსმით გვინგრევს იმ ილუზიით შექმნილ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობდით. ურთიერთობებს უნდა გავუფრთხილდეთ... სიყვარულს, მეგობრობას უნდა გავუფრთხილდეთ... უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რაც ჩვენია და ახლობელი, რადგან აუცილებლად დადგება წამი, როცა მთელი არსებით შევიგრძნობთ, რომ მის გარეშე სიცოცხლე ძალიან ძნელი, თითქმის გაუსაძლისი ყოფილა...
დათო (29 წლის): ეს ერთადერთი საშუალებაღა დამრჩა ჩემი შეცდომის გამოსასწორებლად და ესეც უნდა ვცადო. იქნებ, რაღაც შანსი კიდევ მაქვს და რომ არ გამოვიყენო, საკუთარ თავს ამას ვერასოდეს ვაპატიებ. თურმე, როგორ მყვარებია და რა ბრმა ვიყავი, უფრო სწორად – ეგოისტი. სიყვარულიც ისე არ მესმოდა, როგორც საჭიროა. კაცები იშვიათად აღიარებენ თავის შეცდომებს და არც მე ვარ გამონაკლისი. მაგრამ, ეს ის განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა მის იქით, გზა აღარ არსებობს. ვიცი, ბევრი დამცინებს, ასეთი სისუსტის გამოჩენისთვის. ჩვენთან ხომ ისეა მიღებული, კაცმა თავისი „კაცობა“ ბოლომდე, კბილებით უნდა დაიცვას. თუნდაც, დამნაშავე იყოს, ზურგზე არ უნდა დაეცეს და არაფრით ეს არ აღიაროს.
– თქვენ ფიქრობთ, მამაკაცები არასოდეს აღიარებენ საკუთარ შეცდომებს?
– უმრავლესობა არ აღიარებს და ეს თქვენც იცით. თავმოყვარეობის შელახვად მიაჩნიათ. ზოგჯერ ასეთი უაზრო პატივმოყვარეობა თუ სიჯიუტე ძალიან ძვირადაც გვიჯდება. არ არსებობს მამაკაცი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ჩაედინოს ისეთი საქციელი, რომლის გამოც არ ენანოს, მაგრამ აღიარება, ნურას უკაცრავად. ამ შემთხვევაში ქალები აშკარად გვჯობნიან. არ ვიცი, რა ეხმარებათ მათ, ინტუიცია თუ შინაგანი დიპლომატია, მაგრამ ყოველთვის ზუსტად იციან, როდის დაიხიონ უკან. მით უმეტეს, როცა უყვართ. ეს არაჩვეულებრივი თვისებაა. დროა, კაცებმა რაღაც-რაღაცეები ქალებისგან ვისწავლოთ. სამი წელი ვიყავით ერთად მე და ჩემი შეყვარებული და თურმე, საერთოდ არ მცნობია. ესეც იმიტომ, რომ ყველაფერს საკუთარი ჭრილიდან ვუყურებდი, თვალები ახლა ამეხილა.
– სამი წელი იყავით ერთად და დაშორდით?
– კი. ოღონდ, მხოლოდ ახლა გავიგე ამისი ნამდვილი მიზეზი. დაშორების ინიციატორი მე არ ვყოფილვარ. თითქოს არც ის. რაღაცნაირად, თავისით გამოვიდა ასე. სამი წლის განმავლობაში ერთნი ვიყავით, ყველგან და ყველაფერში. უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის. მის გვერდით თავს ისე კომფორტულად ვგრძნობდი, მსგავსი რამ არც ერთ ქალთან სიახლოვისას, არ განმიცდია. როცა დავინახე, მაშინვე ვუთხარი საკუთარ თავს, ამის მეტი არავინ მინდა-მეთქი. როგორ ქალზეც მიოცნებია, ზუსტად ისეთი მყავდა გვერდით. ახლა ვცოფდები საკუთარ თავზე, რანაირად დავკარგე. თან, რომ ვერც ვგრძნობდი ამ დანაკარგის სიმძიმეს?!
– დაშორდით და არ გინერვიულიათ ამის გამო?
– ცოტა ვინერვიულე. მაგრამ ისე არა, როგორც ახლა განვიცდი ამას. არ მქონდა ბოლომდე გაცნობიერებული, ვინ იყო ის ჩემთვის. ყველაზე ძალიან ის ვერ მიპატიებია საკუთარი თავისთვის, რომ ეს ურთიერთობა ჩემი ცხოვრების არც ისე მნიშვნელოვან ფრაგმენტად მივიჩნიე. ჩავთვალე, რომ ყველაფერი გაივლიდა, რომ კიდევ მეწვეოდა დიდი სიყვარული. ზოგჯერ, როგორი ბრმები ვართ ადამიანები. რაც ცხვირის წინ გვაქვს, იმას ვერ ვხედავთ და ცაში ვიყურებით. სანამ მწარედ არ წამოვკრავთ ფეხს. აუ, ისეთ რამეებზე გელაპარაკებით, ცხოვრებაში რომ ვერ წარმოვიდგენდი.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ვერ მიხვდით, ძალიან რომ გიყვარდათ?
– ვერ მივხვდი, ვერც მაშინ, სანამ ერთად ვიყავით და ვერც მერე, როცა დავცილდით – სანამ არ გავიგე, რომ თხოვდებოდა. მაშინ კი გამეყინა სისხლი ძარღვებში.
– გასაგებია...
– რა არის გასაგები? თქვენ გგონიათ, მე მისი ბედნიერება შემშურდა, ან მართლა წარმოუდგენელი ეგოისტი ვარ? – არანაირად. უბრალოდ, შინაგანად მაინც მჯეროდა, რომ თუკი მასთან დაბრუნებას მოვინდომებდი, ისიც კისერზე ჩამომეკიდებოდა გახარებული. იცით, ჩემისთანა კაცს რა ჰქვია? – თავდაჯერებული იდიოტი. დიახ, ამას საკუთარ თავზე ვამბობ, ვაღიარებ. დამალვას რაღა აზრი აქვს. ვის დავუმალო და ვიღასთან მოვიწონო თავი. თუ „ის“ ამას წაიკითხავს, მინდა, იცოდეს, რომ ყველაფერს ვინანიებ, გულწრფელად ვინანიებ.
– რომ არ გაგეგოთ მისი გათხოვების ამბავი, როგორ ფიქრობთ, რა მოხდებოდა?
– არ ვიცი. არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი. ფაქტია, რომ გათხოვების ამბავი აღმოჩნდა ის, რამაც გამომაფხიზლა. ჩემს ძმაკაცს წამოსცდა შემთხვევით. ლუდს ვსვამდით და უცებ თქვა, გუშინ თათია ვნახე. საქორწინო კაბაზე გარბოდა დიზაინერთან, ჩემს ცოლს გამოელაპარაკა. ერთ თვეში ქორწილი აქვს. იმ თავის ბავშვობის მეგობარს მიჰყვება ცოლადო. ნამდვილად არ ვიცი, როგორი გამომეტყველება მქონდა, რადგან მაშინვე მკითხა, რა იყო, შენ ისევ ხომ არ გიყვარსო?!
– იცნობთ იმ ადამიანს, ვისაც ცოლად მიჰყვება?
– როგორ არ ვიცნობ. ძალიან კარგად ვიცნობ. აჩრდილივით დასდევდა თათიას მთელი ცხოვრება. ზოგჯერ მაგრად მაღიზიანებდა მისი გადამეტებული ყურადღება ჩემი შეყვარებულის მიმართ, მაგრამ ისევ თათიას გამო ვითმენდი. მეუბნებოდა, სირცხვილია, ჩემი ბავშვობის მეგობარზე რომ ეჭვიანობო. თუმცა, ერთხელ მაინც „შევასკდი“, დაუპატიჟებლად რომ გამოგვეცხადა, თანაც არა პირველად. თათიას რომ არ გაეგონა, აივანზე გავიყვანე და იქ ვუთხარი, მე ვერ მომატყუებ. ვიცი, შენი გრძნობის შესახებ. აშკარად გატყობ, რომ გიყვარს, მაგრამ ისიც ხომ იცი, რომ შანსი არ გაქვს-მეთქი. არა უშავსო, მითხრა, დავიცდი, ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა, მაგრამ დადგებაო. იცით, რა მწარედ მახსენდება ახლა ეს სიტყვები, ძაღლის ნაკბენივით. ვცოფდები. იმ იდიოტს როგორ უნდა გაჰყვეს ცოლად, საერთოდ არ შეეფერება.
– აბა, რატომ მიჰყვება ცოლად, რა ამოძრავებს, თქვენი ჯიბრი?
– თავიდან მეც ასე მეგონა, რომ ჩემი ჯიბრით მიჰყვებოდა ცოლად იმას, ვისაც მე აშკარად ვერ ვიტანდი, მაგრამ თვითონ ასე არ ფიქრობს.
– ელაპარაკეთ მას?
– რომ ველაპარაკე, იმიტომაც ვზივარ ახლა თქვენთან. საშინლად ვარ დათრგუნული და იმედგაცრუებული. ვერ მოვისვენე, რაც ახალი ამბავი გავიგე. მის სიმძიმეს ნელ-ნელა ვაცნობიერებდი. ფეხებმა თავისით მიმიყვანა თათიას სახლთან, მაგრამ ვერც დავრეკე და ვერც ბინაში ასვლა შევძელი. იქვე ჩამოვჯექი, სადარბაზოსთან, სკვერში. ვიხსენებდი, რამდენჯერ ვმჯდარვართ აქ ერთად. მაშინ ისეთი ბედნიერები ვიყავით... თავი დავირწმუნე, რომ თათიას ის „ტიპი“ არ უყვარდა. არ შეიძლებოდა, ჰყვარებოდა. იმ ყველაფრის მერე, რაც ჩვენ გვქონდა, იმ „მშრალ“, უემოციო ტიპთან როგორ უნდა ეცხოვრა. თათია რომ დავინახე, მივხვდი, რომ იმ ერთი წლის განმავლობაში, რაც ერთმანეთს დავშორდით, არაფერი შეცვლილა. ისევ ისეთი გრძნობა მქონდა მის მიმართ, როგორც იმ პირველი შეხვედრების დროს. მაგრამ იმას ვერ შევატყვე განსაკუთრებული ემოცია, უფრო გაუკვირდა ჩემი დანახვა. რა გინდაო, მკითხა. გავიგე, თხოვდები-მეთქი. ჰო, ვთხოვდები. მოსალოცად მოხვედიო? – დამცინა. არ ვიცი, რა დამემართა, მაგრამ ავყვირდი, არ გაჰყვები შენ იმას, არ გაჰყვები-მეთქი. შემომხედა და საკმაოდ მშვიდად მითხრა, შენ რატომ გაწუხებს, მე ვის გავყვები, ან საერთოდ გავთხოვდები თუ არა, ჩვენ შორის ხომ ერთი წლის წინ დამთავრდა ყველაფერიო. რომ გითხრა, ისევ მიყვარხარ-მეთქი?
– იმედი გქონდათ, რომ ეს სიტყვები მას გადაწყვეტილებას შეაცვლევინებდა?
– გულახდილად რომ გითხრათ, კი. დარწმუნებული ვიყავი მის სიყვარულში, რომელსაც ერთ წელიწადში არ უნდა გაევლო.
– ახლა კი ეგოისტივით ლაპარაკობთ.
– ვიცი. ეტყობა, ვარ კიდეც ეგოისტი. თუმცა, მეტ-ნაკლებად ყველა ჩვენგანშია ეგოიზმი. სიყვარული კი ამას გამორიცხავს. თუ გიყვარს, წინ მის ინტერესებს უნდა აყენებდე და არა საკუთარს. ხომ მართალი ვარ?! მე ამაზე არასოდეს დავფიქრებულვარ. ისე მიყვარდა, როგორც შემეძლო-მეთქი, ამასაც ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ მე უფრო დიდი სიყვარული შემიძლია. სამწუხაროდ, გულსაკლავი ის არის, რომ თათიას ეს უკვე აღარ აინტერესებს. ძლივს დავითანხმე საუბარზე. ჩვენ სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს. ვთხოვდები იმიტომ, რომ ვიცი, მასთან ბედნიერი ვიქნები. მას მართლა ვუყვარვარ და ესმის ჩემი. ვიცი, არასდროს მიღალატებს. მისი იმედი ყოველთვის შეიძლება მქონდესო. მეც მიყვარხარ და ჩემი იმედიც უნდა გქონდეს. ნუთუ დაგავიწყდა, ერთად როგორ კარგად ვიყავით. ჩვენი ურთიერთობა არ იყო ჩვეულებრივი. ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილები. შეცდომა არ დაუშვა. მომეცი შანსი და დაგიმტკიცებ, რომ ჩვენ ერთად ძალიან ბედნიერები ვიქნებით-მეთქი. ეგ შენ გგონია, რომ ვიქნებით ბედნიერები, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. საერთოდ, შევიცვალე აზრი ჩვენს ურთიერთობაზე და მივხვდი, რომ შენ არ ხარ ის კაცი, ვინც მე მჭირდებაო. იცით, რა დამემართა, ლამის ენა ჩამივარდა. იმის თქმაღა შევძელი, აბა, ის ბოთეა შენი ცხოვრების მამაკაცი და ის გჭირდება-მეთქი? იმას ხომ არ შეუძლია შენ გაგიგოს. ვერასოდეს აგყვება ვერაფერში. შენ, სიცოცხლით სავსე ხარ, ვნებით, ემოციით, დაიტანჯები იმასთან. თუ მარტო იმიტომ მიჰყვები ცოლად, რომ ამდენი წელია, უყვარხარ, ეს კიდევ უფრო დიდი შეცდომაა, სიბრალული გინდა გქონდეს ქმრის მიმართ და ასე იცხოვრო-მეთქი? ვინ გითხრა, რომ სიბრალულით მივყვები. სულაც არა. სწორედ შენ არ გესმოდა ჩემი და შენ ვერ გამიგე, თორემ ის ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე გვერდით მყავდა. ახლაც კი ეგოისტად რჩები და მარტო შენი გადმოსახედიდან აფასებ სიტუაციას. გაიხსენე, ჩვენი ურთიერთობის ბოლო ორი თვე და წესით, ბევრ რამეს უნდა მიხვდე. თუკი ისევ ეგოიზმი არ დაგძლევსო. ისე წავიდა, მეტი აღარაფერი მათქმევინა. არ მინდოდა შევგუებოდი აზრს, რომ თათია სამუდამოდ დავკარგე. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რატომ მითხრა, ჩვენი ურთიერთობის ბოლო თვეებზე მეფიქრა. რა მოხდა მაშინ ისეთი, რომ თათიამ გადაწყვიტა, ეს ადამიანი ჩემი ცხოვრების თანამგზავრად არ გამომადგებაო.
– თქვენ არ იცოდით, რა გახდა თქვენი დაშორების კონკრეტული მიზეზი? იქნებ ამ მიზეზს გულისხმობდა?
– მაგაზე დავიწყე ფიქრი, მეგონა, რომ კონკრეტული მიზეზი არ არსებობდა, არადა, თურმე ვცდებოდი. თათია ბოლო დროს შეიცვალა, ვგულისხმობ იმას, რომ გადაწყვიტა, კარიერა გაეკეთებინა. ამისთვის პროფესიული დონის ამაღლებას შეუდგა და მთხოვა, ერთი-ორი წელი იქნებ ამიტანო ასეთი, რომ მე ჩემს მიზანს მივაღწიო, მერე კი ყველაფერი ძველებურად იქნებაო. ეს იმას ნიშნავდა, რომ აღარ დამყვებოდა სასეირნოდ, კინოში, მეგობრებთან. თითქოს გამოცვალეს. სულ სამეცადინო ჰქონდა. სახლიდან გარეთ ვერ გამოიყვანდი. მე კი არ ვაპირებდი, საღამოობით დრო პენსიონერივით გამეტარებინა. ძალიან მომბეზრდა, დავემუქრე, იცოდე, მარტო ვივლი ყველგან-მეთქი. სხვათა შორის, საკმაოდ მშვიდად შეხვდა ამ მუქარას. მაშინ უნდა მივმხვდარიყავი, რომ გული ძალიან ვატკინე. მართლა, მე სხვა მიზანი მქონდა. მინდოდა, ეეჭვიანა და წამომყოლოდა, მაგრამ რეალურად ძალიან ცუდად მოვიქეცი. ისე, რომ ვერც მივხვდი ამას. გასართობად მარტო დავდიოდი, ის კი ჩუმად ითმენდა. რა არამზადა ვიყავი. მაშინ არ დავუდექი გვერდით, როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდი. სამაგიეროდ, იმ თავის ძმაკაცმა იპოვა მომენტი და მაჯობა, მაგრამ ჩემი ბრალია. იმას რანაირად დავაბრალო, როცა, ფაქტობრივად, შანსი მე მივეცი, რომელიც ხელიდან არ გაუშვია.
– რატომ არ გინდათ თქვათ, რომ იმან შეძლო, ერთგულებით დაემტკიცებინა თავისი სიყვარული.
– ჰო. ალბათ, თქვენ მართალი ბრძანდებით. იმან, შეძლო, მე – ვერა. მაგრამ იმან იმიტომ შეძლო, რომ თათიას ხელში ჩაგდების დიდი სურვილი ჰქონდა, მიზანი ჰქონდა და ყველა საშუალება გამოიყენა. მის ფონზე მე ნამდვილი იდიოტი გამოვედი. მქონდა და დავკარგე. მაგრამ, ახლა რომ მომცეს შანსი, რომ დამიბრუნდეს, ყველაფერი სხვანაირად იქნება. თავს დავდებ მისი სიყვარულისთვის.
– თქვენ გგონიათ, რომ დაიჯერებს, ჩაშლის ქორწილს და დაგიბრუნდებათ?
– გულახდილად რომ გითხრათ – არა. არ მაქვს იმედი, მაგრამ წყალწაღებულივით ვებღაუჭები ხავსს. იქნებ, ამ ჩემმა აღსარებამ, რაღაც ნაყოფი გამოიღოს. ძალიან განვიცდი, რომ დავკარგე. ასეთი გულწრფელი საკუთარ თავთანაც კი არ ვყოფილვარ. მართლა შევიცვალე. რომ დამიჯეროს ერთად ძალიან ბედნიერები ვიქნებით. მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. თუმცა, ხომ გეუბნებით, იმედი მართლა აღარ მაქვს.