კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


ჩემი ქმრის საყვარელს ვაფრთხილებ, ჭკვიანად იყოს!

რამდენიმე წელია, ვიცი, რომ ჩემს ქმარს საყვარელი ჰყავს, დარწმუნებული ვარ, მღალატობს, მაგრამ ვერაფრით ვერ დავადგინე, ვინ არის ის ქალბატონი, რომელიც სამშვილიან კაცზეა აკიდებული და ამდენი ხნის ოჯახს ანგრევს. ამ ერთი თვის წინ კი, სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ თვითონაც ჰყოლია ქმარ-შვილი. ამ ამბავმა უფრო მეტად გამაცოფა და სულ დავკარგე იმედი, რომ ჩემს ქმარს თავს დაანებებდა: საკუთარ ოჯახს რომ ქალი არ მოუფრთხილდება, ის სხვისი ოჯახის დანგრევას მოერიდება? ასეთები, ჩემი აზრით, იმათზე უარესები არიან, ცირკთან რომ ქალები დგანან. ისინი, ასეა თუ ისე, იძულებულნი არიან, ეს ნაბიჯი გადადგან და ამით ოჯახს არჩენენ. ჩემი ქმრის საყვარლისნაირები კი, გაცილებით ამორალურ და ყოვლად უზნეო არსებებად მიმაჩნია.

ამ წერილს კი იმიტომ გწერთ, სულ რამდენიმე დღის წინ, თითქმის დავადგინე იმ ქალის სამსახური და სახლის მისამართი. ახლა უნდა გადავამოწმო და, თუ ნამდვილად ის აღმოჩნდა, არაფერზე უკან არ დავიხევ: საკმაოდ სოლიდურ თანამდებობაზე მუშაობს და, ტელევიზორიდან და გაზეთებიდან სხვებისთვის მორალის კითხვას, ის ურჩევნია, გონს მოვიდეს და სხვის ქმრებს თავი დაანებოს. თორემ, ზუსტად მაშინ გავუშვებ „ესემესს“ ეთერში, მორალზე რომ დაიწყებს კარგი წმიდანივით ლაპარაკსა და სხვების ჭკუის სწავლებას. ყველას გავაგებინებ, რასაც წარმოადგენს. მერე დადგეს და იმართლოს თავი ოჯახშიც და საზოგადოების წინაშეც.

ანი, 38 წლის.



ჩემი მშობლები რასისტები არიან

ვარ სტუდენტი. შემიყვარდა ზანგი ბიჭი. ძალიან შავი არ არის, მაგრამ, მაინც ზანგია და ამას ჩემი მშობლები ვერ ეგუებიან. მიუხედავად იმისა, რომ ჯიმი (სახელს ვცვლი) მართლმადიდებლურადაც მოინათლა და ქართულიც შესანიშნავად ისწავლა (რა თქმა უნდა, ჩემი სიყვარულით), ჩემიანების გული მაინც ვერ მოიგო.

დედაჩემს და მამაჩემს რომ ჰკითხო, რასისტები არ არიან, მაგრამ ფერადკანიანი სიძე და შვილიშვილები, კატეგორიულად არ უნდათ. რა, რასისტობა მარტო ის ხომ არ არის, რომ სხვა ფერის ადამიანს თოფი ესროლო?! ამას წინათ, ვუთხარი კიდეც, ნამდვილი რასისტები ხართ-მეთქი და საშინლად ეწყინათ. რა ვქნა, ეწყინოთ, ისე იქცევიან, სხვა უფრო შესაფერისი სიტყვა მათთვის ვერ შემირჩევია. მე კი ჯიმის მაინც გავყვები ცოლად, თუნდაც ჩემებმა სამუდამოდ უარმყონ. მით უმეტეს, რომ ასეთი შემთხვევები საკმაოდ გახშირდა საქართველოში და არც მე ვიქნები პირველი და უკანასკნელი.

თინიკო, 20 წლის.



სიდედრი თავის ქალიშვილს ჩემთან შერიგებას უკრძალავს

მე და თამუნამ პირველ კურსზე გავიცანით ერთმანეთი. მანამდე ასეთი რაღაცეების არ მჯეროდა, მაგრამ ეს მართლაც ერთი ნახვით შეყვარება იყო. ერთმანეთს რომ შევხედეთ და ჩვენ-ჩვენი სახელი ვუთხარით, იმ წუთიდან ცალ-ცალკე აღარ გვივლია. ხათუნა საკმაოდ ცნობილი და ძლიერი ოჯახის შვილი იყო, რითიც მე ვერ დავიკვეხნიდი: არ მყავდა მამა; დედა კი მუშაობდა, მაგრამ ჩემ გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავდა სარჩენი – ორი პატარა და მყავდა. ამიტომ მეორე კურსიდან მუშაობა დავიწყე. არაფერს ვთაკილობდი: არც ღამის დარაჯობას, არც ბენზინგასამართ სადგურზე დგომას, არც მშენებლობაზე აგურების თრევას და, სხვათა შორის, ყოველი თვის ბოლოს იმდენი კი მიგროვდებოდა, დედაჩემისთვისაც მიმეცა კომუნალური გადასახადებისა და საჭმლისთვის და მეც დამრჩენოდა, რომ ცოტა თამუნაც გამენებივრებინა. ჩემს სასიმამროს მოსწონდა, რომ ძალიან დატვირთული ვიყავი და ას ადგილას ვმუშაობდი, მაგრამ სასიდედროს გული ვერაფრით მოვიგე – ძალიან ცივად მხვდებოდა და სულ „მეშპილკებოდა“: იმიტომ გადავყევი თან ჩემს ერთადერთ შვილს, რომ შავ მუშას გაჰყოლოდაო? თამუნა უხსნიდა, რომ ეს ჩემი დროებითი სამუშაო იყო, მაგრამ ქალბატონ ლიას ამის გაგონებაც არ უნდოდა. რამდენიმე ხანში კი პირველ „ბრალდებას“ მეორეც დაამატა: მაგას მთელი ცხოვრება დედა და დები ეყოლება სარჩენი და თავის ცოლ-შვილს როგორ უნდა მიხედოსო.

თამუნა მამის მხარდაჭერას გრძნობდა, ამიტომ, გარისკა, დედისთვის წინააღმდეგობა გაეწია და ცოლად გამომყვა. ჩემმა სიდედრმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა – ჩემმა შვილმა ამდენ ხალხში როგორ უნდა იცხოვროსო და ყველანაირად ცდილობდა, ჩვენ შორის უსიამოვნება ჩამოეგდო. რომ ვერაფერს გახდა, კატეგორიულად მოითხოვა, თუ გინდათ, რომ შევრიგდეთ, ჩვენთან უნდა იცხოვროთო. ნამდვილად არ მქონდა ამის სურვილი. ხომ გაგიგიათ, ნათქვამია, უკუდო მელამ თქვა, ერთ ზედსიძეს მაინც კიდევ ვჯობივარო, მაგრამ ვიფიქრე, სიდედრს შემოვირიგებ და მერე ყველაფერი მოგვარდება-მეთქი. თუმცა, ისიც ნათქვამია, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. მოგვარდა კი არა, ყველაფერი თავდაყირა დადგა: ქალბატონმა ლიამ გადაწყვიტა, რომ ჩვენი (განსაკუთრებით – ჩემი) ყოველი ნაბიჯი და სიტყვა გაეკონტროლებინა და მისი ნება-სურვილის მიხედვით გვეცხოვრა, რაც, თამუნას სიყვარულის მიუხედავად, ვერ შევძელი. სიდედრის აქტიურობა ყოველგვარ საზღვარს რომ გადასცდა, თამუნას პირდაპირ დავუსვი საკითხი – აქ ვერ ვიცხოვრებ-მეთქი. ისიც, როგორც ჩანს, სანახევროდ დედამისის ჭკუაზე იყო გადასული, იწყინა ჩემი სიტყვები და მომახალა – თუ ვერ იცხოვრებ, შეგიძლია, წახვიდეო. სიმამრი ძალიან ცდილობდა, რამე მოეგვარებინა, მაგრამ ცოლ-შვილთან ვერაფერს გახდა. მეც, თამუნას სიტყვების შემდეგ, სხვა აღარაფერი დამრჩენოდა, ჩავალაგე ჩემი ნივთები და წავედი. ცოლს კი დავუბარე, მიყვარხარ და გელოდები. როგორც კი გადაწყვეტ, რომ ჩემთან გინდა ყოფნა, დამირეკე და წაგიყვან-მეთქი, მაგრამ თამუნა გამებუტა და, არათუ აღარ დამირეკა, ზარებსა და მესიჯებზეც არ მპასუხობდა.

მას შემდეგ ნახევარი წელი გავიდა. თამუნა დღე-დღეზე იმშობიარებს. ვგიჟდები, ისე ველოდები შვილს, მაგრამ სიდედრი ცოლის ნახვის უფლებას არ მაძლევს და თამუნასაც არწმუნებს, მაგისთანა ქმარს, ჯობია, ოფიციალურად გაეყაროო. არადა, ვგრძნობ, რომ თამუნას შერიგება უნდა. ახლა ახალ, უფრო პრესტიჟულ სამსახურში დავიწყე მუშაობა, ხელფასიც სოლიდური მექნება და იქნებ ამით მაინც მოვიგო სიდედრის გული.

ნიკა, 23 წლის.



ჩემი წყალობით ჩვენი „კუტოკი“ დაიშალა

ძალიან მიყვარს ერთი ბიჭი, რომელთანაც უკვე ერთი წელია, დაქალძმაკაცური ურთიერთობა მაქვს. აქამდე ვმალავდი ჩემს გრძნობას და მეგობრული „მეჭირა“, მაგრამ, ამას წინათ, საერთო დაქალის დაბადების დღეზე ვიყავით, ცოტა დავლიე და სიყვარულში გამოვუტყდი. მან კი მითხრა, შენ სხვა თვალით ვერასდროს შემოგხედავ, მით უმეტეს, რომ სხვა მიყვარსო და ჩემი დაქალის სახელი მითხრა, რომელსაც, სულ სხვა ბიჭი უყვარს. ხომ კარგი სიტუაციაა?! მით უმეტეს, რომ აბსოლუტურად ყველა ერთ „კუტოკში“ ვართ და ვითომ ვმეგობრობთ.

გამოგიტყდებით და, ჩემი წყალობით, რამდენიმე დღეში ყველამ გაიგო, ვინ ვის უყვარდა და არ უყვარდა. ახლა ისეთი დომხალია, რომ იტყვიან, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. გულწრფელად ვამბობ, ეს სპეციალურად არ გამიკეთებია, მაგრამ, ისე, კაცმა რომ თქვას, რა აზრი ჰქონდა დამალვას, ადრე თუ გვიან მაინც ხომ ყველაფერი გამჟღავნდებოდა?! მე თუ მკითხავთ, გაჟეჟილს გატეხილი სჯობია. მართალია, „კუტოკი“ თითქმის დაიშალა, მაგრამ როდემდე უნდა ვყოფილიყავით ილუზიებში? ახლა ყველა მე მემდურის და მამტყუნებს, რომ ერთმანეთთან თავი იმართლონ. მე კი მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცი და, ვისაც უნდა, გამამტყუნოს, ახლა ის მაინც იციან, ვის ვისგან უნდა ჰქონდეს, ან არ ჰქონდეს, სიყვარულში თანაგრძნობის იმედი.

დალი, 17 წლის.



ქმარმა იქამდე მიმიყვანა შეიძლება, თავი მოვიკლა

ჩემმა ქმარმა ერთი საერთო მეგობრის დაბადების დღიდან მომიტაცა. წესიერად არც კი ვიცნობდი და, ცხადია, არც მიყვარდა. ამიტომ, კატეგორიულად არ მინდოდა, მასთან დარჩენა. იმდენი ვიბრძოლე, უკან დავაბრუნებინე თავი. იმ პერიოდში ერთი ბიჭი მიყვარდა. იმის შიშით, გიამ კიდევ არ მომიტაცოს-მეთქი, იმ ჩემს შეყვარებულთან ერთად გავიპარე. სამი დღე ვიყავით ერთად, მერე კი ის ძარცვის გამო დაიჭირეს. თურმე, ავარდნილი და უბედურის ერთი ყოფილა, მე კი არაფერი ვიცოდი. მოკლედ, ჩასვეს ციხეში და შემომითვალა, მე ნუღარ დამელოდები, შენს გზას ეწიეო. საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი, თავის მოკვლაც კი ვცადე, მაგრამ, მომისწრეს და გადამარჩინეს. სწორედ ამ პერიოდში ისევ გამოჩნდა გია და ისევ მომიტაცა. მე უკვე არჩევანი აღარ მქონდა და დავთანხმდი ცოლობაზე, მაგრამ, პატიოსნად გამოვუტყდი ყველაფერში. გიაზე ამ ამბავმა, რა თქმა უნდა, ძალიან იმოქმედა, მაგრამ, რადგან არაფერი დამიმალავს, მითხრა, ჩემთვის შენს წარსულს მნიშვნელობა არ აქვს. მე შენ მიყვარხარ და იმას, რაც ახლა მიამბე, დავივიწყებ, არასდროს წამოგაძახებო. ასე შევუღლდით. რამდენიმე წელი მართლაც მშვიდობიანად და ბედნიერად ვცხოვრობდით, მაგრამ, უკვე რამდენიმე თვეა, გია მომენტს არ უშვებს ხელიდან, წამომაძახოს და დამაყვედროს – შემეცოდე და ნამუსახდილი ქალი იმიტომ შეგირთეო. ჯერჯერობით ეს არავის გაუგონია – არც მის მშობლებს და არც ჩვენს შვილებს, მაგრამ ქმარი სულ მემუქრება, თუ ჭკვიანად არ იქნები, საქვეყნოდ მოგჭრი თავსო. რას გულისხმობს ამ „ჭკვიანად მოქცევაში“ ვერ ვხვდები, რადგანაც ისედაც არაფერზე ვეწინააღმდეგები არც მას და არც დედამთილ-მამამთილს, თევზივით მაქვს წყალი პირში ჩაგუბებული და მონად ვარ ქცეული.

ამ წერილსაც იმიტომ გწერთ, მინდა, გავაფრთხილო გია (პირადად თქმას ვერ ვბედავ, თანაც, ვიცი, რომ თქვენს რუბრიკას კითხულობს ხოლმე): თუ მართლა ასე გამწირა, პირდაპირ სახლის წინ მოვიკლავ თავს და თან წერილს დავტოვებ, ქმარმა მაიძულა ამის ჩადენა, რადგან უწესობას მაბრალებდა-მეთქი.

მადონა, 34 წლის.



მამაჩემმა ცოლად ჩემი კლასის დამრიგებელი შეირთო

სკოლის პერიოდში ძალიან ცელქი და აწყვეტილი ბავშვი ვიყავი. კლასის დამრიგებელი და დირექტორი კვირაში სამჯერ მაინც იბარებდნენ დედაჩემს, მაგრამ ვერ მომერივნენ. თავიდან დედა მამაჩემს უმალავდა ჩემს „საგმირო საქმეებს“, რადგან მამა საკმაოდ პასუხსაგებ თანამდებობაზე მუშაობდა, არც ეცალა და, თანაც, რომ გაეგო, როგორ ვარცხვენდი, არ მაპატიებდა. მეც ამით ვსარგებლობდი და პირველი ამრევი გავხდი სკოლაში. მაგრამ, ერთხელ ისეთი რამ ჩავიდინე, დედამ აღარ მაპატია და ყველაფერი მამაჩემს უამბო. მამა გადაირია, მეორე დღესვე მივიდა სკოლაში, ნახა სკოლის დირექტორიც, სასწავლო ნაწილის გამგეებიც და დამრიგებელიც. ერთად მოილაპარაკეს, რომ ჩემს ყოველ ნაბიჯს გააკონტროლებდნენ და საჭიროების შემთხვევაში, მამას მდივანს დაურეკავდნენ. ამ შეთანხმების წყალობით, ცოტა მოვჭკვიანდი, რადგან ჩემი კლასის დამრიგებელი უკვე მდივანს კი არა, პირდაპირ სახლში რეკავდა, თანაც ისეთ დროს, მამაც შინ რომ იყო და კაკალ-კაკალ აბარებდა ანგარიშს ჩემი საქციელის შესახებ. რამდენჯერმე სკოლაშიც კი დაიბარა, თანაც, პრაქტიკულად, უმიზეზოდ: გუშინ პირველ გაკვეთილზე დაიგვიანაო; დღეს ისტორიაში გაკვეთილი არ იცოდაო. თავიდან ვერაფერს ვხვდებოდი და მეგონა, დამრიგებელი გადამეკიდა და ამომიჩემა-მეთქი, მაგრამ, ერთ საღამოს, შემთხვევით შევესწარი მამაჩემის მასთან საუბარს და, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა მამაჩემის დათაფლული და მოარშიყე ტონი. იმ მომენტში ის ესაუბრებოდა არა შვილის კლასის დამრიგებელს, არამედ ქალს, რომლის მოხიბვლასაც ცდილობდა. მაშინ უკვე მეცხრე კლასში ვიყავი, ბიჭობაში შევდიოდი და თვითონაც ვეარშიყებოდი და თავს ვაწონებდი გოგონებს. ამიტომ ასეთი რამ არ შემეშლებოდა. ეს რომ შევამჩნიე, მამაჩემს დავუწყე თვალთვალი. დაწვრილებით აღარ მოგიყვებით, როგორ დავდევდი კუდში ჩრდილივით, როგორ ვუსმენდი ჩუმ-ჩუმად ტელეფონზე საუბრისას და სერიოზული ეჭვი რომ გამიჩნდა, მერე ჩემს დამრიგებელს დავაკვირდი. ქალი აშკარად დაუმსახურებლად მაქებდა და მეფერებოდა, თანაც საკმაოდ ხშირად მოიკითხავდა ხოლმე ჩემს მშობლებს და ახლა იმათ ქებას იწყებდა. ცხადია, ეს მოკითხვაც და შექებაც სინამდვილეში მხოლოდ მამაჩემს ეხებოდა, მაგრამ, რომ არ „გაყიდულიყო“, დედაჩემსაც „დაამატებდა“ ხოლმე.

ერთი სიტყვით, ამდენმა რეკვამ, სკოლაში დაბარებამ და ჩემზე ზრუნვამ, ის შედეგი გამოიღო, რომ ერთ დღეს მამაჩემმა დედაჩემს გამოუცხადა, სხვა შემიყვარდა და მასთან გადავდივარო. ვინ იყო ეს „სხვა“, დედამ არ იცოდა, მაგრამ, ისე ვიყავი მამაჩემზე გაცოფებული, დედას ვუთხარი, მე ვიცი, ვისთანაც დაბრძანდება შენი ქმარი და ორივეს მწარედ ვაზღვევინებ-მეთქი. ვაპირებდი, სკოლის დირექტორთანაც მივსულიყავი და ყველაფერი მეთქვა, მამაჩემისთვის კი თავის სამსახურში მომეჭრა თავი, მაგრამ, ბოლო მომენტში ვერ შევძელი. ისევ დედაჩემი შემეცოდა. თან, ასეთი საქციელის შემდეგ, მეც ვეღარ გამოვიდოდი ქუჩაში. ჩემმა დამრიგებელმა ინამუსა და იმ სკოლიდან სხვაგან გადავიდა სამუშაოდ. მამაჩემი კი დღემდე ცდილობს, შემომირიგოს, მაგრამ, არ არსებობს, ჩემს სიცოცხლეში ვერ ვაპატიებ, რომ ასე უსინდისოდ მოგვატყუა.

ვანიკო, 16 წლის.



ჯობდა, დედა და მამა ერთმანეთს გაყროდნენ

მე 20 წლის ვარ, ჩემი და, ირა – 16-ის. ირა მეთორმეტე კლასში სწავლობს, მე კი გაისად ვამთავრებ ინსტიტუტს. მართალია, ფასიანზე ვსწავლობ, მაგრამ ხანდახან რაღაც შეკვეთებს ვიღებ კომპიუტერზე და იმდენს კი ვშოულობ, ჩემი სწავლის ქირა გადავიხადო. მაგრამ პერიოდული შემოსავალი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ოჯახს სხვა ხარჯებში შევეშველო. დედა კი მუშაობს, საწყალი, ორ ადგილას, მაგრამ, სამაგიეროდ, მამაჩემი უკვე მეოთხე წელია, სახლში ზის და, ისე გააგიჟა ამ უფუნქციობამ, იმის ნაცვლად, რომ მიდგეს-მოდგეს და რამე სამსახური იშოვოს, აქეთ გვერჩის, განსაკუთრებით – მე და დედას, გვაყვედრის, რომ მის ბინაში ვცხოვრობთ და სულ იმას გვაძახებს, მადლობლები იყავით, ბინის ქირას რომ არ გართმევთო. ერთი სიტყვით, უსაქმურობისგან საშინელი უჟმური, უხასიათო და აგრესიული გახდა. თანაც, რაც მთავარია, ვერაფერს მოაწონებ, მის გულს ვერაფრით მოიგებ, ყოველთვის ყველაფრით უკმაყოფილოა, განსაკუთრებით კი დედაჩემი აღიზიანებს. საწყალმა ქალმა აღარ იცის, რა ქნას, სახლიდან უთენია გადის და გვიან ღამით ბრუნდება პროდუქტებით დატვირთული, მამაჩემი კი მაშინვე გადაუქექავს ხოლმე პარკებს და, თუ ისეთი რამ ვერ იპოვა, რაც თვითონ უყვარს, ფრუტუნითა და ლანძღვა-გინებით გვიკლებს ყველას. მაგრამ თუ რამე „საინტერესო“ საჭმელი, ანუ დელიკატესი ნახა, ისე შეჭამს მთლიანად, ერთს არ იკითხავს, ვინმეს ხომ არ უნდაო. ბოლოს კი მადლობის ნაცვლად, აქეთ გვაყვედრის, რომ იკადრა და მიირთვა. მთავარი კი ის არის, რომ საერთოდ აღარ აპირებს სამსახურის მოძებნას და მუშაობის დაწყებას. ასეც მშვენივრად გრძნობს თავს: კარგს ჭამს, კარგს სვამს, მთელი დღე ლოგინში ნებივრობს, საღამოობით ძმაბიჭებთან ერთად მიდის დასალევად, სახლში დაბრუნებული კი თავზე გვამხობს ყველაფერს – რატომ არ ვმუშაობთ მე და ჩემი და და რატომ მას არ აბარებს დედაჩემი ხელფასს მთლიანად (ანუ, ნახევარს აძლევს მამაჩემს და არ ჰყოფნის). ამას წინათ, მოვიდა სახლში და გამომიცხადა, ავტობუსების კონდუქტორის ადგილი გიშოვე და იქ უნდა დაიწყო მუშაობა, კარგ ხელფასს იძლევიანო. მე ვუთხარი, ლექციებს ვერ გავაცდენ, ბოლო კურსზე ვარ და მერე დიპლომზე არ დამიშვებენ-მეთქი. მაპატიეთ და, ასე მიპასუხა, სულ მკიდია შენი დიპლომი, ჩემს კისერზე როდემდე უნდა ისხდეთ, ყელში ამომივიდა თქვენი რჩენაო. მე ძლივს შევიკავე თავი და პასუხი არ გავეცი, ჩემმა დამ კი გაბედა და საკმაოდ მკვახედ უთხრა, მთელი ოჯახი შენ კი არა დედაჩემს აზის კისერზე და მართლა შენს კმაყოფაზე რომ ვიყოთ, მაშინ, ალბათ, თავ-პირს გადაგვჭამდიო. მამაჩემი შეპასუხებას, თანაც უმცროსი შვილისგან, არ მოელოდა და ისე გადაირია, მთლად დასაბმელი გახდა. დედაჩემზე გაიწია კიდეც – შენ აგიჟებ ჩემს წინააღმდეგ შენს უსაქმურ შვილებსო.

დედა რომ არ მეცოდებოდეს, ერთი წუთით არ გავჩერდებოდი სახლში. როგორ მივატოვო, როცა ვიცი, რომ ჩვენღა დავრჩით იმედად. თან, დედაზეც ძალიან ვბრაზდები, როგორ შეუძლია, ასე დაამცირებინოს თავი ვინმეს, თუნდაც ეს „ვინმე“ მისი ქმარი იყოს?! მართლაც, ალბათ, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ, როცა მისგან დამცირების, ექსპლუატაციისა და აბუჩად აგდების მეტს ვეღარაფერს ხედავს, რატომ აკვლევინებს თავს, ან ჩვენ რას გვერჩის? ასეთ „დაუნგრეველ“, მაგრამ მუდმივად დაძაბულ ოჯახს არ ჯობდა, გაყროდა მამაჩემს და პატარაობიდანვე შევეჩვეოდით უმისობას. ახლა კი, რა გამოვიდა? მამა კი გვყავს, მაგრამ რომ არ გვყავდეს (სიკვდილს მაინც არ ვუსურვებ, მის ცალკე ყოფნას ვგულისხმობ), ის ჯობია. ნერვებს მაინც არ აგვიშლიდა და, თანაც, ნახავდა, როგორია, თვითონ რომ მოუწევდა ყველა ხარჯის დაფარვა და ყველაფერზე ზრუნვა, იქნებ, მაშინ მაინც დაეფასებინა დედაჩემის შრომა.

ბადრი, 20 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3