რამდენ ქათამს ჭამს ვეფხვი ერთ დღეში და რა უნდა იცოდე გველთან ურთიერთობის დროს
ფოტოგრაფ მინდია მიდელაშვილისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნება ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობაა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მრავალფეროვნებისა და ესთეტიკური სიამოვნების ნაზავი მისთვის ბედნიერების ტოლფასია. მინდიამ აისრულა თავის ოცნება, ინდოეთი და ტაილანდი დალაშქრა, იქ განცდილ ემოციებს კი იგი მკითხველებს გაუზიარებს.
მინდია მიდელაშვილი: ჩემი ძირითადი სპეციალობა ფოტოგრაფიაა, ხოლო მეორად სპეციალობად შეიძლება, დიზაინი ჩაითვალოს, მხატვრობას და ფოტოგრაფიას ისედაც ბევრი საერთო აქვს და ჩემს საქმიანობაში კარგად მეხმარება. ჩემთვის მრავალფეროვნებაა იდეაფიქსი – რაც უფრო ბევრ ქვეყანას ვნახავ, მით მეტი მრავალფეროვნების მომსწრე ვიქნები. შესაბამისად, მასალაც კარგი გამოვა. ინდოეთში და ტაილანდში მართლა საუცხოო დრო გავატარე, ზამთარში წავედი და გაზაფხულზე დავბრუნდი. ორი თვე ვიმოგზაურე და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირთული ჩამოვედი.
– რატომ გადაწყვიტეთ ეგზოტიკურ ქვეყნებში მარტო მოგზაურობა, ალბათ ეს თქვენი პროფესიული მიზანი იყო?
– გამიჩნდა სურვილი მოგზაურობისა და წავიღე თან ჩემი საყვარელი ფოტოკამერა, ვიმუშავე ორი თვის განმავლობაში. ბევრი ადგილი მოვინახულე, თითო ადგილას ერთი კვირა ვჩერდებოდი. ქალაქ დელიში ყველაზე ცოტა ხანს მომიწია ყოფნა, იმ ქალაქმა უფრო დამაინტერესა, სადაც თანამედროვეობამ ნაკლებად შეაღწია და სამოგზაუროდ საუცხოო ადგილებია. საერთოდ, როცა ადამიანი სამოგზაუროდ მიდის, უნდა შეისწავლოს ის წერტილები და განსაზღვროს, სად რა შეიძლება, გადაიღოს.
მე მეგონა, რომ ინდოეთს ასე თუ ისე ვიცნობდი, მაგრამ, როცა საკუთარი თვალით ვნახე იქაურობა, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. პირველი ორი დღე ვიყავი შოკში. ინდოეთში სპეციფიკური სუნი და მტვერია, განსხვავებული ხალხია, ჩვენთან საერთო არაფერი აქვთ, გარდა სიტყვებისა. გაგიკვირდებათ და ინდურად პური იქაც პურს ნიშნავს, დუნია, დუნიაა. ჩაი, ბულბული, სადა – იდენტური მნიშვნელობის სიტყვებია. მოკლედ, იმდენი სიტყვაა ქართულთან თანხვედრილი, რომ ქართულად ისაუბრე და არ დაიკარგები.
– რა საოცარია, არ მითხრათ ახლა, ინდოელებს ქართულად ვესაუბრებოდიო...
– არც უმაგისობა იყო, ქართულად საუბარი ჟესტიკულაციის გამოყენებით მათთვის სავსებით გასაგები იყო, ისე, ძირითადად ინგლისურად ლაპარაკობენ. ინდოეთში ოფიციალურად 30 ენა აქვთ. აქედან 300-მდე დიალექტია. ფაქტობრივად, ერთმანეთის არც ესმით, რომ არა ინგლისური ენა. ქალაქ გოაში სხვანაირად საუბრობენ, დელიში – სხვანაირად, მათი მთავარი ენაა ჰინდი, მაგრამ ეს ენა ბევრმა არ იცის.
ტაილანდში ენის პრობლემა იყო გრძელკისერა ქალებთან, რომლებსაც ჟირაფებს უფრო უწოდებენ. ძირითადად, ჟესტიკულაციით ვლაპარაკობდი მათთან. ის ქალები, რომლებსაც კისერზე გრძელი რგოლები აქვთ შებმული, ტაილანდიდან კი არა, მიანმარიდან არიან და ლტოლვილებად ითვლებიან. ისინი ცხოვრობენ ტაილანდის ჩრდილოეთით, ჩიანგ მაიში. ცხოვრების წესი აქვთ აბსოლუტურგად განსხვავებული. სოფელში შესვლისას იხდი გარკვეულ თანხას, რის შემდეგაც არავინ გთხოვს სურათის გადაღებისას ფულს. ჩემ მსგავსად, იქ უამრავი ტურისტი ჩადის და ერთგვარად ამ ბიზნესით ცხოვრობენ. ამ ხალხს აქვს ჩაკეტილი, დაკონსერვებული ცხოვრება.
– როგორც ჩანს, კისერზე რგოლების გაკეთება არის ტრადიცია და აბსოლუტურად ყველა ვალდებულია, ეკეთოს ის?
– კი. რა თქმა უნდა, ბავშვი წამოიზრდება თუ არა, შეაბამენ კისერზე და მერე კი კისრის ზრდასთან ერთად, რგოლების რაოდენობაც ემატება. ამ რგოლებს სილამაზის გამო უკეთებენ. ათასი მოსაზრებაა, იმასაც ამბობენ, ვეფხვმა კისერში რომ არ ჩაავლოს კლანჭი, თავდაცვისთვის სჭირდებათო. ატროფია აქვთ კისერზე მიღებული, იმდენად მძიმეა იმ ლითონის ტარება. ფოტოგრაფისთვის შესანიშნავი ადგილია. ძალიან დადებითი ენერგიით წამოვედი იქიდან. ტურისტებს კარგად ხვდებიან და მათ დიდ პატივს სცემენ. ტაილანდში ძირითადი რელიგია ბუდიზმია და ამ რელიგიის გავლენა ურთიერთობაშიც კარგად გამოიხატება. მთლიანობაში ტაილანდი არის ძალიან მშვიდი ქვეყანა, სამოგზაუროდ გადასარევი პირობებია და ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, ტურისტმა კომფორტულად იგრძნოს თავი. ბანგკოკი გადატვირთული ქალაქია. იქ თითქმის ყველა აქტიური ცხოვრების რიტმით ცხოვრობს, სოფლებში კი განვითარებულია მიწათმოქმედება. მათ აქვთ საინტერესო, მოტივტივე ბაზარი. იმ ტერიტორიაზე ნავებით დააქვთ პროდუქტი. შეგიძლია, გააჩერო ნავი, იყიდო პროდუქტი ან ჩაჯდე, გააგრძელო გზა და ივაჭრო სხვა ნავში.
– ინდოელებს ძირითადად ნაციონალური ტანსაცმელი აცვიათ?
– ინდოელები ტრადიციული ხალხია, ამიტომაც აცვიათ ტრადიციული ნაციონალური ტანსაცმელი, რომელიც მორგებულია თავიანთ კლიმატურ პირობებზე და არ სჭირდებათ დამატებით სხვა ტანსაცმლის ხმარება. ტაილანდელს კი ჩვეულებრივად აცვია, არაფერი განსაკუთრებული. ინდოეთში საქართველოს შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცოდა. ერთი უსინათლო კაცი ვნახე მთელი ორი თვის განმავლობაში, რომელმაც საქართველოს შესახებ ბევრი რამ იცოდა.
– კლიმატური პირობების შესახებ რას იტყვით?
– მე კარგი გამოსავალი ვნახე, ზამთრის პერიოდში გეზი ავიღე თბილი ქვეყნებისკენ და გაზაფხულზე დავბრუნდი. აქ რომ ზამთარი იყო, იქ ძალიან ცხელოდა, ტენიანი ჰავა იყო, ახლა კი, როგორც ვიცი, იქ წვიმიანი ამინდებია.
– ტაილანდში თქვენ იყავით ვეფხვების მონასტერშიც, რა ხდებოდა იქ?
– ტაილანდში ვეფხვები გადაშენების პირასაა და ცდილობენ, გაუფრთხილდნენ ცხოველებს. ვეფხვების მონასტერი ბანგკოკიდან სამი საათის სავალზეა. თავიდან, თურმე, დაავადებული ვეფხვი თვითონ მივიდა მონასტერში, მოუარეს, უმკურნალეს, მერე სხვა ვეფხვებიც შეემატნენ და იქ დაიწყეს გამრავლება. მონასტერში უკვე ჰყავთ 70 ვეფხვი. საკმაოდ ჩქარი ტემპით იზრდება მათი რიცხვი. პირველი წესი, რაც ვეფხვებთან ურთიერთობისას უნდა დაიცვა, ის არის, რომ მისი არ უნდა გეშინოდეს. თორემ, ვეფხვი იმწუთას გრძნობს, რომ გეშინია. შემდეგ, არ უნდა გაუსწრო მას, როცა ასეირნებ. არ შეიძლება, სათვალე გეკეთოს ან ჩანთა გეკიდოს. ეს არის ნაწილი იმ წესებისა, რომელიც უნდა გაითვალისწინო. თუ წესებს გაითვალისწინებ, ვეფხვსაც არ გააღიზიანებ და კარგად შეხვალ მასთან კონტაქტში. რაც უფრო ხშირად მიდიხარ მასთან, მით უფრო გეჩვევა. ყოველ დილას, 6 საათზე მონასტერში ტარდებოდა ტრაპეზი ვეფხვებთან და ბერებთან ერთად. 12 საათიდან მონასტერი ტურისტებს მასპინძლობს, რომელიც დღეში 300-400 კაცამდე აღწევს.
– ვეფხვები გალიაში იყვნენ?
– როდესაც ტურისტები მიდიან, ისინი გარეთ გამოჰყავთ და მომვლელების მეთვალყურეობის ქვეშ, ყველას შეუძლია, გადაიღოს მასთან სურათი. მთავარია, შეცდომა არ დაუშვა. ზოგი ვეფხვი ძალიან აგრესიულია და გარეთ არ უშვებენ. 200-230 კილოგრამს იწონის თითოეული. წარმოიდგინეთ, ამხელა მასამ რომ გაიწიოს ადამიანზე, რა მოხდება. ზრდასრული ვეფხვი ჭამს მხოლოდ და მხოლოდ ვიტამინებით გაჯერებულ, სისხლგამოცლილი, მოხარშული ქათმის ხორცს, დღეში 5 ცალს. პატარა ვეფხვები რძეს მიირთმევენ. ბუდისტებს ცხოველებთან ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვთ. ერთხელ ძროხა კვდებოდა და რა სჭირს-მეთქი, რომ ვკითხე ვეტექიმს, მითხრა, ფილტვები აქვს სავსე წყლით და ვერ გადარჩებაო. ამის მიუხედავად, მომაკვდავი ძროხა ბალიშებზე დააწვინეს, დაუდგეს ქოლგა, რომ ზედმეტად არ დასცხომოდა, წვეთოვანი დაუდგეს და გვთხოვეს, ყურადღება მიგვექცია. ასეთ დონეზე სცემენ პატივს ნებისმიერ ცხოველს. გარდა ვეფხვებისა, იქ არიან: დათვები, ლომები, ირმები, აქლემები, ტახები. მე იმ პერიოდში მონასტერში ვცხოვრობდი. იქ კომფორტზე ლაპარაკი არც შეიძლებოდა, ერთი ისაა, რომ შხაპის მიღების საშუალება მქონდა. ყოველ გამოსვლაზე ფეხსაცმელი უნდა შეგემოწმებინა, რომ მორიელი არ მჯდარიყო შიგნით. მონასტერში ვიყავი ვეფხვების მომვლელად და მათი ფორმა მეცვა. მონასტერში ცხოვრობენ ტყის ბერები, რომლებსაც დღეში მხოლოდ ერთხელ აქვთ ჭამის უფლება. დანარჩენ დროს სულ ცხოველების მოვლა-პატრონობას და მედიტაციას უთმობენ.
– ვეფხვების გარდა, სპილოსთან და გველთანაც გქონდათ შეხება. არ შეგეშინდათ?
– რამდენიმე ყუთში დახარისხებული ჰყავთ გველები – ზოგმა უნდა იხტუნოს, ზოგმა დასახრჩობად ხალხისკენ გაიწიოს. ეს შოუა თავისი მუსიკალური გაფორმებით, სადაც მოდუნების საშუალებას არ მოგცემენ. 2 მეტრი დისტანციით ვუყურებდი, კობრას წაავლებენ ხელს და შენკენ გამოისვრიან. ამ დროს ის კუდით უჭირავთ, ქალებს ეშინოდათ და შემზარავად წიოდნენ. ყოველი ნომრის დასრულებისას კობრას ჩამოატარებენ ხალხთან, თუ მას ხელს დაადებ, ამბობენ, ბედნიერებას მოგიტანსო. მეც მოვსინჯე ძალები ამ სფეროში და გველი თავზე შემოვიხვიე, მერე კისერზეც. არც არაფერი დაუშავებია მას. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რა გრძნობაა, საკუთარი ხელით მახრჩობელა გველს რომ შემოიხვევ კისერზე, მაგრამ სანამ ამას გააკეთებ, იკითხეთ, ნაჭამია თუ არა. თორემ, შესაძლოა, თავისი სახელი გაამართლოს. გველის მერე სპილოსთან გადავინაცვლე. სხვათა შორის, ბავშვობაში გადაცემა ვნახე მხატვარ სპილოზე. სულ მაინტერესებდა, როგორ შეეძლო სპილოს დაეხატა რამე და ეს საკუთარი თვალით ვნახე. მას ხორთუმით ფუნჯი ეჭირა და ყოველ მონახაზს ფრთხილად აკეთებდა. დახატა, რაღაცა თავისი შესაძლებლობის ფარგლებში. მერე კი, ამას არ დასჯერდა და ფეხბურთიც ითამაშა. ძლიერად ურტყამდა ბურთს ფეხს, ის უფრო კარგი ფეხბურთელი გამოდგა, ვიდრე მხატვარი. თუმცა, იგი ბუნებრივ პირობებში, ჯუნგლებში რომ მენახა, უფრო გამიხარდებოდა.
– როცა მოგზაურობა დასასრულს უახლოვდებოდა, გეძნელებოდათ გამომგზავრება?
– გამომგზავრებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ ისტორიას მოგიყვებით. მეგონა, დავამთავრე ინდოეთის დათვალიერება და გამოსამგზავრებლად ვემზადებოდი. ბილეთი მქონდა დაჯავშნილი და სამ დღეში მოვფრინავდი. ამასობაში, იქ ერთი მოგზაური შემხვდა და გამოველაპარაკე. რომ ჩამოვთვალე, რა ადგილებში ვიყავი, გაუკვირდა, როგორ მოასწარი ამდენი რამის ნახვაო. წასვლისას კი მითხრა, თუ ქალაქი ვარანასი ნანახი არ გაქვს, ჩათვალე, რომ ინდოეთი არ გინახავსო. მისმა სიტყვებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე, არ მინდოდა, იქიდან გულნაკლული წამოვსულიყავი. ბილეთზე ჯავშანი მოვახსნევინე და წავედი ვარანასში.
ეს იყო მთელი მოგზაურობის დამაგვირგვინებელი აკორდი, მართლაც ღირდა ამის ნახვა. ვარანასში ყველა სალოცავად ჩადის და სჯერათ, რომ თუ იქ გარდაიცვლებიან, ეს მათი სულისთვის კარგია. უმეტესად ვარანასში მოხუცები ჩადიან. მართლა მძაფრი სანახავია, როცა კოცონზე წვავენ მიცვალებულს თავისი რიტუალებითა და დაფდაფების თანხლებით. მერე მდინარეს გაატანენ მის ფერფლს. აქედან გამომდინარე, იქ ძირითადად, სასაფლაოებია. იმდენი რელიგიური რიტუალის ერთად ნახვა, რაც იქ ყოფნისას ვნახე, მეტად ემოციურია. ცნობისთვის გეტყვით, რომ ტაილანდის დღიურები და ინდოეთის ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ ჩემს საიტზე www.mondia.ge.
– სად უფრო საინტერესო იყო მოგზაურობა ინდოეთში თუ ტაილანდში?
– ტაილანდი ძალიან მშვიდი ქვეყანაა ინდოეთთან შედარებით. ინდოეთი უფრო ტრადიციული ქვეყანაა, ვიდრე ტაილანდი. ინდოეთში სხვადასხვა კასტაა და მრავალფეროვანი ტრადიცია აქვთ. ძალიან უყვართ სიმღერა. ღამით ისმის სიმღერის ხმა. მივყვებოდი ხმას, მივიდოდი იქ და ვუსმენდი. სადაც არ უნდა მივსულიყავი, მოდიო, მეპატიჟებოდნენ.
მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ინდოეთში ყოფნისას არის არნახული მრავალფეროვნება. ზღვიდან უდაბნოში რომ წახვიდე, იმხელა განსხვავებაა, სხვა ქვეყანაში მეგონა თავი. ეს ორი თვე ჩემთვის თითქოს ერთი ამოსუნთქვა იყო. მალე გავიდა დრო, რაც უფრო მეტი ემოციაა, მით უფრო სწრაფად გარბის დრო. ჰოდა, ირბინოს.