კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად შოულობდნენ შოთა სხირტლაძე და მისი მეგობრები ფულს ჩხუბით და როგორ სძლია მან შიში სიბრაზით


საქართველოს დამსახურებული არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დოცენტი, შოთა სხირტლაძე, საქართველოდან 14 წლის წინ წავიდა და ეს წლები ოჯახის წევრებთან ერთად თურქეთში გაატარა. იგი ბილქენტის უნივერსიტეტში სასცენო ხელოვნებას, ფარიკაობასა და ეტიკეტს ასწავლიდა.


შოთა სხირტლაძე: 1996 წელს, ანკარაში, ბილქენტის უნივერსიტეტში მიმიწვიეს და მას მერე იქ სასცენო ხელოვნებას, ფარიკაობასა და ეტიკეტს ვასწავლიდი. მას ჯუნეიდ კოკჩერი ხელმძღვანელობდა, რომელიც ხანში შესული კაცი იყო და გასულ წელს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. სტუდენტები, რომლებსაც ვასწავლიდით, წამოიზარდნენ და უკვე თავად შეუძლიათ პედაგოგობა. ასე რომ, თაობათა ცვლა მოხდა და ქართველები თვითონ თურქებმა შეგვცვალეს.

– წლების განმავლობაში თბილისის თეატრალურ ინსტიტუტშიც ასწავლიდით ფარიკაობას და სასცენო მოძრაობას.

– პედაგოგობა 1963 წელს დავიწყე. ინსტიტუტში ფედოროვის ასისტენტი ვიყავი, მერე ის წავიდა და მე დამტოვა. მას შემდეგ თეატრის პარალელურად პედაგოგადაც ვმუშაობდი.

– 1965 წლიდან 1996 წლამდე, რაც კი ქართული ფილმი გადაღებულა, ყველა ბატალური სცენა თქვენ გეკუთვნით. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

– როცა „ხევისბერ გოჩას“ ვიღებდით, ბრძოლის სცენებს გივი სავანელი აკეთებდა. ფილმში ეპიზოდური როლი მაქვს. ჩემი კოშკზე ასვლა და ფარიკაობაც მისი დადგმულია. მაშინ ჯერ დაოსტატებული არ ვიყავი. მერე მთხოვა, დამეხმარეო და მასთან ერთად ვმუშაობდი „ხევისბერ გოჩაზე“, შემდეგ „ხევსურული ბალადა“ იყო. „მაცი ხვიტიას“ გადაღების დროს კოწო ბადრიძემ, ჩემმა პედაგოგმა, მითხრა, მე დავბერდი, აღარ შემიძლია და შენ დადგი სცენებიო. ამის მერე ისე მოხდა, რომ ფილმებშიც და სპექტაკლებშიც ბატალურ სცენებს ყველგან მე ვაკეთებდი. ჩემი გაკეთებულია „დათა თუთაშხია,“ „წიგნი ფიცისა,“ „ივანე კოტორაშვილი“ და ასე შემდეგ. მოკლედ, 1965 წლიდან 1996 წლამდე, თუკი სადმე ხმალი მოიქნია კაცმა, თუკი სადმე ვინმე მოკლეს, მე ვიყავი მკვლელიცა და გამცოცხლებელიც, ყველაფერს მე ვაკეთებდი. ყოფილა შემთხვევა, როცა სტუდიიდან დაუძახიათ ჩემთვის, რომელიმე სცენის გასაკეთებლად მსახიობების არჩევანსაც მე მანდობდნენ. შევკრებდი ჩემს საძმაკაცოს, რომლებიც დღეს ვარსკვლავები არიან, წავიყვანდი, თუმან-თუმანს მივცემდი, დაერეოდნენ ერთმანეთს, ატყდებოდა ფარიკაობა, სცენას გადავიღებდით, ჩხუბშიც ფულს ვაკეთებდით და წამოვიდოდით.

– თავადაც ბევრ ფილმში ხართ გადაღებული.

– კარგი როლი მქონდა „მევლუდში,“ „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში.“ ბოლოს რაც გადავიღე, ეს არის ურუშაძის ფილმი „აქ თენდება.“ ამის შემდეგ იყო ანდრო ენუქიძის სერიალი „წვრილ ვარსკვლავთა ღამე,“ რომლის 6 სერიაში მივიღე მონაწილეობა. ჩხუბში დანას მირტყამენ. ანდრომ მითხრა, თუ კეთილშობილი გმირი დაგვჭირდა, გაგაცოცხლებთ და ჩამოგიყვანთ საქართველოშიო, მაგრამ, ალბათ, აღარ დასჭირდათ და მომკლეს.

– თურქეთში თქვენთან ერთად ანდრო ენუქიძეც ასწავლიდა, როგორც ვიცი.

– დიახ. ჯერ რობერტ სტურუა მიიწვიეს, რომელმაც სარეჟისორო ჯგუფი გახსნა. პედაგოგი რომ დასჭირდათ, პირველად მე და ანდრო ენუქიძეს შემოგვთავაზეს. გარდა სასცენო მოძრაობისა და ფარიკაობისა, ბილქენტის უნივერსიტეტში ეტიკეტსაც ვასწავლიდი.

– ვიცი, რომ სიმაღლის ძალიან გეშინიათ, ფილმის – „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“ გადაღებისას საკმაოდ მაღალი ხიდან გაგდებენ თოკით. როგორ გარისკეთ იქ ასვლა?

– რეჟისორს ვუთხარი, ხეს რვა მეტრამდე თუ გასხლავთ, ავალ და ჩემით გადმოვვარდები-მეთქი. ასვლა კი 14 მეტრ სიმაღლეზე მომიწია. სანამ ავიდოდი, ხეს გავხედე და ქარში აქეთ-იქით ქანაობდა. მაშინ 120 კილოგრამი ვიყავი, რომ ავიდოდი, ხომ უფრო მეტად იქანავებდა?! სიმწრით ავდიოდი, ერთი იმას ვფიქრობდი, ქარს არ დაებერა და ხე არ განძრეულიყო. ამ დროს ვიღაც გლოლელმა კაცმა ჩამოიარა და, რომ დამინახა, შემომძახა: შოთიკუნა, ბოშო, არ შეგვარცხვინო რაჭველები, ადი ხეზეო. სულ გინებ-გინებით ავედი, კარგად რომ დავჯექი, მერე დავიძახე, აქ ვარ და გადაიღეთ-მეთქი. გადმოვარდნას რაც შეეხება, 5 მეტრ სიმაღლეზე გადაჭრეს ის ხე და იქიდან გადმოვვარდი.

– არც ხუთი მეტრია პატარა მანძილი ჩამოსავარდნად. როგორ მოახერხეთ?

– მაგას ვასწავლი ამდენი წელი სხვებს, როგორ უნდა გადმოვარდნენ. ასეთი რამ ბევრჯერ მაქვს გაკეთებული, მაგრამ, სადაც გაბრაზებული გადმოვხტი ეს იყო „მაცი ხვიტია“ და „შეხვედრა წარსულთან.“ რუხის ციხის აღების გადაღების დროს, მაცი ხვიტია ადის ათ მეტრ სიმაღლეზე, ვიღაცას კლავს, რომელიც შემდეგ ციხის ეზოში ვარდება. კაცი, რომელიც ამისთვის ავარჩიე, კარგად ვერ გადმოვარდა. ბოლოს გავბრაზდი, ავედი, ასე უნდა გააკეთო-მეთქი, ვუთხარი და გადმოვვარდი. ფილმის დირექტორმა მთხოვა, შენ გადაგიღებთ, რა, შოთაო. ჩემი გადმოხტომა 100 მანეთი ღირს, „სლიპიტონასი“ – 30. თუ მომცემთ, გადმოვხტები, თუ არადა 30 მანეთად ეს გადმოახტუნეთ-მეთქი (იცინის).

სიკო დოლიძე იღებდა ფილმს „შეხვედრა წარსულთან.“ ხიდზე იყო სცენა გადასაღები, სადაც მალხაზ მებურიშვილი და სოსო გოგიჩაიშვილი ჩხუბობდნენ. ნაწვიმარი იყო, მდინარე კი ადიდებული. ნორმალურად რომ ვერ გააკეთეს, გაბრაზებული ავედი მათთან. გადმოხტომა რომ დავაპირე, წყალში ორი კაცი შევიდა, რომლებმაც იცოდნენ, ცურვაში რომ მიჭირს და მეშინოდა. ისინი რომ დავინახე, გული მომეცა და თამამად გადმოვხტი. ეს ის ორი შემთხვევა იყო, როცა შიში სიბრაზით დავძლიე.

25 წლის ბიჭი ვიყავი, კეჭნაობის სცენა რომ უნდა დამედგა ფილმისთვის „ხევსურული ბალადა.“ გადაღებას გოგი ოჩიაური უყურებდა. ამ სცენას რომ უყურა, შოთა მანაგაძეს ჰკითხა, კეჭნაობის სცენა ვინ გააკეთაო. შოთამ ჩემზე რომ მიუთითა, ამ ბიჭმაო?! – გაიკვირვა, – ხევსურეთშიც კი აღარ იციან კეჭნაობა ისე, როგორც ეს არის გაკეთებულიო. ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო.

– ბატალური სცენები, ფარიკაობა და ასე შემდეგ, გონებრივ სისწრაფესთანაც არის დაკავშირებული. როგორც რაჭველი, თუ ეთანხმებით, რომ ყველაზე სწრაფები მსოფლიოში რაჭველები არიან?

– მიხეილ მესხი რაჭველი იყო, მაჩაიძეები, მეტრეველი, მელაშვილი, ძმები გაგნიძეები... მაგრამ, რა არის, იცი? რაჭველი არც მირბის და არც ვინმეს მისდევს, არის წყნარად თავისთვის. რაჭველს ჰკითხეს, დათვის გეშინიაო? ბუფეტში ის არ მოდის, ტყეში მე არ მივდივარ და რატომ უნდა მეშინოდესო, უპასუხა.

– როგორც აღვნიშნე, ბევრ ქართულ ფილმში ხართ გადაღებული. შეიძლება, ეპიზოდური როლი იყო, მაგრამ მაყურებელს მაინც ამახსოვრებდით თავს.

– მაგალითად, „ნატვრის ხეში“ მე მარტო ჩხუბები უნდა გამეკეთებინა, მეტი არაფერი. სოსო და ზაზა კარგად ვავარჯიშე, მათ სხვანაირი მომზადება სჭირდებოდათ, რადგან ზაზა ცაციაა. ყველაფერი მზად გვქონდა, მაგრამ ჩხუბი ხომ უნდა დამთავრებულიყო? გამნათებელი გვყავდა ბორია, რომელიც ჯუჯა იყო. ფილმში არის გადაღებული. მას უნდა ჩაერტყა სოსოსთვის ქვა თავში. რაღაც ვერ ჩაჯდა ქართულ ხასიათში, ამხელა კაცისთვის ჯუჯას ქვა რომ ჩაერტყა. თენგიზ აბულაძემ ლომერ ახვლედიანი გამოგზავნა ჩემთან, რომელმაც მითხრა, შოთა ევგენიჩმა თვითონ ვერ გაკადრა, იქნებ, გამოიქცე და შენ ჩაარტყა ქვა თავშიო. მაგას რა უნდა-მეთქი, გამოვიქეცი და ჩავარტყი. მერე შეთეს სამწყემსურში წასვლის სცენას ვიღებდით. თენგიზ აბულაძემ, შოთას ჩააცვითო, ბრძანა და მოურავივით გამხადა. ამის მერე გლეხის ბიჭებთან დამაყენა, ბორია რომ ყვირის, „იყიდება საქართველოო“, მას ვცემ და გადავაგდებ. მერე, ლიკა ქავჟარაძე ვირზე რომ შესვეს, იმ სცენაშიც ჩამსვა. სცენარში არც იყო, მაგრამ, ტექსტი მათქმევინა. საბოლოოდ, ტიტრებშიც კი ვეწერე როლებში. „მონანიების“ გადაღება რომ დამტკიცდა, ევგენიჩმა პიესა მომცა, წაიკითხეო და მითხრა, ვის რომელ როლზე მოიაზრებდა. ისიც მითხრა, კოსტიუმიანები რომ წერია, ამ ოთხიდან რომელიც გინდა, ამოირჩიე და შენ იყავიო. „მონანიებაში“ ქეთევან ბარათელის როლი პირველად მამაკაცს უნდა ეთამაშა. თენგიზ აბულაძემ ისიც კი მითხრა, ვინ ჰყავდა შერჩეული. ვუთხარი, კარგი იქნება, მაგრამ, ამა და ამ მიზეზის გამო არ გირჩევთ-მეთქი. ამის მერე, მესამე დღეს დამიძახა – გადავწყვიტე, ქალი იყოსო; ქალის ძალა, ქალის ჩხუბი და სამაგიეროს გადახდა უფრო ძლიერი იქნებაო. ვინ ვათამაშოო, რჩევა მკითხა. ვერავის ვერ ვხედავ, იქნებ, რაიონებში ვნახოთ-მეთქი. სახლში რომ მოვედი, თეატრალურ ჟურნალს ვათვალიერებდი, სადაც ფოტოს წავაწყდი, რომელიც „ბერნარდა ალბას სახლიდან“ იყო. ფოტოზე სალომე ყანჩელია აღბეჭდილი მოქნეული ჯოხით. შეშინებულ შვილებს შორის, თმაგაწეწილი, მოკუნტული ზეინაბ ბოცვაძე რომ დავინახე, გავიფიქრე, ეს იქნება ის ქალი-მეთქი. თენგიზ აბულაძეს რომ ვუთხარი, ამ სურათს შეხედეთ, აი, ეს არის ზუსტად ის ქალი-მეთქი. დახედა თუ არა, დაუძახა სულიკო ჟღენტს, გამოიძახეს ზეიკო და დაამტკიცეს კიდეც ქეთევან ბარათელის როლზე.

– 14 წლის შემდეგ გადაწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება. ამ ეტაპზე რით ხართ დაკავებული?

– თურქეთში რომ წავედი, თეატრალურში შოთა გეგიაძე ასწავლიდა სტუდენტებს, რომელიც ცოტა ხანში ისევ წავიდა. ამის შემდეგ არავინ აღარ დარჩა პედაგოგი და ეს კათედრა თითქმის დაიხურა. რომ ჩამოვედი, გოგი მარგველაშვილს (თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი) ძალიან გაუხარდა, ეს საგანი აღადგინა და მე მომანდო. ბოლო დროს ყველა რეჟისორი იმას ამბობს, რომ არტისტები ვერ დადიან. ის კი არა, ქალის ხელში აყვანა არ იციანო. ინსტიტუტში სპექტაკლს დავესწარი. გამხდარი ბიჭი სცენაზე რომ წაიქცა, იქაურობამ ზანზარი დაიწყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან არ იცის, როგორ წაიქცეს. დარწმუნებული ვარ, მუხლები ექნებოდა გადატყავებული. არადა, ისე უნდა დაეცე, მუხლი არ იტკინო. ამიტომ, ამ საგნის ცოდნა ყველა მსახიობისთვის აუცილებელია. სასცენო მოძრაობის საფუძვლების შესახებ სახელმძღვანელოც გამოვუშვი, რომელსაც სხვადასხვა თეატრს გავუგზავნი. რაღაც რომ დასჭირდებათ, წიგნში ჩაიხედავენ და იხელმძღვანელებენ. გამოვუშვი, ასევე, წიგნი „თითო დღე,“ რომელშიც არაერთი ბიოგრაფიული ან სხვადასხვა ამბებია შესული ცნობილი ადამიანების შესახებ.


скачать dle 11.3