როგორ შეუკერა ირაკლი უჩანეიშვილმა შარვალი ოთარ მეღვინეთუხუცესს ქორწილისთვის და რატომ არ უნდოდა გურანდა გაბუნიას ოთარ მეღვინეთუხუცესის ცოლობა
თბილისში ერთი გამორჩეულად ნიჭიერი და ლამაზი წყვილია. თეატრსა და კინოში ბევრი საინტერესო როლი აქვთ ნათამაშები და მაყურებელმა სწორედ ამ როლებით შეიყვარა ისინი. მაგრამ, წარმატებებთან ერთად იმედგაცრუებაც და ტკივილიც ჰქონიათ. „მიხარია, რომ გადავრჩით, რამდენ ტანჯვას გამოვცილდით, შენი სულის მონად გავჩნდით ცოცხლებიც და დახოცილნიც“, – ამბობს ჯანსუღ ჩარკვიანი იმ ადამიანებზე, ვინც შინაარსიანად იცხოვრა და ვისაც ცხოვრება ლამაზი თვალით დაანახვეს. ალბათ, წიგნები უნდა იწერებოდეს მათზე. გურანდა გაბუნია და ოთარ მეღვინეთუხუცესი მრავალი წელია, ჩვენთვის თამაშობდნენ და დღეს ჩვენთვის გაიხსნება მათი ოჯახის კარი, რომლის იქით ბევრი საოჯახო ისტორია და ფოტო სათუთად არის გადანახული.
– ქალბატონო გურანდა, ძალიან საინტერესო ცხოვრება გაქვთ გამოვლილი. გაიხსენეთ ის პერიოდი, როცა სოხუმში ცხოვრობდით.
– ძალიან ლაღი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ომი იყო. ხომ იცით, ბავშვი ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამს. ვერ ვხვდებოდით, რა ხდებოდა ირგვლივ. ვხედავდით მხოლოდ იმას, თუ როგორ განიცდიდნენ ჩვენი მშობლები, ახლობლები, მეზობლები. დიდი შიმშილი იყო. კარგად მახსოვს ია ბოკუჩავას (მსახიობი ია ბოკუჩავა-ხობუა – ავტორი) დედა ხამსა თევზს დიდ ტაფაზე წვავდა, რომ გადმოიღებდა, ერთმანეთზე იყო მიწებებული და გემრიელად შევექცეოდით. დღესაც მახსოვს მისი გემო. ომი რომ დამთავრდა, ამერიკელებმა გამოაგზავნეს კვერცხის ფხვნილი და პირველად მაშინ გავუსინჯე ერბოკვერცხს გემო. ექვსი წლის ასაკში ყურის ოპერაცია გამიკეთეს, რადგან ზღვაში რომ ჩავდიოდი, იქიდან აღარ ამოვდიოდი. ძაღლები და ბავშვები ერთად ვცურავდით, ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო ადრე მივიდოდა ჯებირამდე – მე თუ ძაღლი. სოხუმი ისეთივე ძვირფასი და საყვარელი დარჩა ჩემთვის, როგორიც იყო. ახლობელი ჩამოვიდა, იქ ისვენებდა და თქვა: მე და ჩემი შვილი საღამოს ცხრა საათისთვის გავედით ქალაქში და კაციშვილი არ იყოო. გავგიჟდი, ვერ დავიჯერე. ჩვენ დროს კი, სიცოცხლე დუღდა. მეთერთმეტე კლასში ვიყავი. საღამოს მთელი კლასი გავიდოდით სანაპიროზე. გავიხედავდით და ჩვენი ქალაქის ულამაზესი ქალები მოდიოდნენ – ადა შლატერი, ემა ვარდაია, ეველინა ფანცულაია, პუტა კარაოღლი. ძალიან მიყვარდა თეატრი და როცა სპექტაკლში ბავშვები სჭირდებოდათ მე, ია ხობუას და ლალია გორგაძეს გვათამაშებდნენ. გორგაძეების მამა დირიჟორი და კომპოზიტორი იყო. ზოგჯერ მუსიკისთვის რეზო ლაღიძესაც აწუხებდნენ, ილიკო სუხიშვილი ცეკვებს დგამდა. მაშინ შეიძლებოდა ილიკოს დაპატიჟება. ჩამოვიდოდა, უცებ დადგამდა ცეკვას და წავიდოდა. მამაჩემმა დადგა ერთი ასეთი სპექტაკლი „უტუ მიქავა“, სადაც ბერძნები, რუსები და აფხაზები იყვნენ დაკავებულნი. მამა სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ, დედა – ნორა ყიფიანი წამყვანი მსახიობი იყო. მსახიობები თბილისიდანაც ჩამოდიოდნენ და დიდხანს, რამდენიმე წლით რჩებოდნენ. მაგალითად, ასე იყო მარინა თბილელი. ის რომ სცენაზე გამოდიოდა, დარბაზი ტაშით ინგრეოდა. მარინას შემდეგ ჩამოვიდა სალომე ყანჩელი და ისიც დიდხანს დარჩა. სალომე დამამახსოვრდა ლურჯი ჩითის კაბით, რომელიც პატარა თეთრი ყვავილებით იყო გაწყობილი. ქალები სპეციალურად იკერავდნენ კაბებს თეატრში წასასვლელად, ახლა რომ შორტებით დადიან, ასე კი არ იყო. ომი რომ დამთავრდა, მამამ დადგა „ახალგაზრდა გვარდია“. სცენაზე, წინ, ხელებგაკოჭილი გერმანელები შემოჰყავდათ, უკან – ახალგაზრდა გვარდიელები. არ დამავიწყდება ხალხის სიმწარე, რა ამბავი ატყდა დარბაზში. ქვებს ესროდნენ. ესენი არტისტები არიან, რატომ ესვრით ქვებსო, ეუბნებოდნენ. არა, ამათი მოკლულები არიან ჩვენი ჯარისკაცებიო – გაჰყვიროდნენ. მოკლედ, მთელი ბავშვობა თეატრში გავატარე. პატარა რომ ვიყავი, ხან სასცენო კალათაში მეძინა, ხან როიალის ქვეშ, ხანაც როიალზე. გავიდა ხანი. მამა ფოთში გადაიყვანეს. მამამ მთხოვა, სპექტაკლები სინქრონულად, რუსულ ენაზე მეთარგმნა, რადგან ფოთში ბევრი რუსი ცხოვრობდა. უკვე დიდი გოგო ვიყავი და ეს პრობლემა არ იყო ჩემთვის. საორკესტრო ორმოში ვიჯექი და ვთარგმნიდი. ფაქტობრივად, თეატრში ვცხოვრობდით. ყველა მსახიობს ჰქონდა თავისთვის ორი პატარა ოთახი. მერე თეატრი დაიწვა და გადაგვიყვანეს სასტუმრო „რიცაში“. შემდეგ ლესელიძის ქუჩაზე ბინა მოგვცეს.
– ოდესმე წარმოიდგენდით, რომ პოპულარული მსახიობი იქნებოდით? რაზე ოცნებობდით, რა გიტაცებდათ ყველაზე მეტად?
– ერთხელ მინი-სპექტაკლი დავდგი. მონოლოგს ვკითხულობდი გოგოლის „რევიზორიდან“. ბიჭის ტანსაცმელი მეცვა – შარვალი და ფრაკი, კისერზე ბაბთით. მამაჩემმა რომ მნახა, აღფრთოვანებას ვერ მალავდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მსახიობობაზე არასდროს მიფიქრია. ვცეკვავდი და უფრო ამისკენ ვიყავი მიდრეკილი. ბალერინობა მინდოდა, მაგრამ მამამ კატეგორიული უარი მითხრა. ფოთში, ჩემი სახლის წინ, არაჩვეულებრივ, დიდ სასეირნო ბაღში შემოღობილი იყო საცეკვაო მოედანი. ერთხელ დავინახე, მამა ჩუმად იდგა და მიყურებდა, როგორ ვცეკვავდი. სხვათა შორის, პრიზებს მაძლევდნენ – ხან პატარა ქათამი მოვიყვანე სახლში, მერე ქოლგა მაჩუქეს, ფირფიტა... მამაჩემმა მითხრა: ცოტა ხანს კიდევ იარე, შვილო, გვაჭმევ და გვასმევ შენი პრიზებითო. მერე არასასიამოვნო ამბავი მოხდა – დედა და მამა გაეყარნენ. მე დედას გამოვყევი თბილისში. სკოლაში აქ ვსწავლობდი. მამამ მთხოვა, მეთერთმეტე კლასი სოხუმში დაამთავრეო. ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ კარგად მოვიქეცი. უკვე დიდი ვიყავი და სოხუმის სიყვარული გამჯდარი მქონდა. უამრავი მეგობარი მყავდა, და დღემდე ვმეგობრობ მათთან, თუნდაც გორგაძეებთან, რომლებიც უკვე ვახსენე. მათთან მხოლოდ მეგობრობა არ მაკავშირებს, ჩვენ ვნათესაობთ. რაც ეცვათ ტანთ, ისე ჩამოვიდნენ თბილისში. არაფერი წამოუღიათ. მე მაინტერესებს, რა იმუშავეს ასეთი, რომ ასეთი საშინელება და ზიზღი დაატრიალეს სოხუმში. თქვენ იცით, რომ აქ, თეატრალურ ინსტიტუტში აფხაზ ახალგაზრდებს ჯგუფი გაუხსნეს და იცით, ვინ უკითხავდა მათ ლექციებს? აკაკი ვასაძე და აკაკი ხორავა. ისინი მათთვის დგამდნენ სპექტაკლებს. სვეტა დვარი, პიკა მანი, ეთერ კოღონია ჩემი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. ეთერი ცოტა ხანს მარჯანიშვილისა და გრიბოედოვის თეატრებში თამაშობდა. მერე მოხდა საშინელი რამ, ის და მეზობელი ისხდნენ, საუბრობდნენ. ეთერს უთქვამს: ომი რომ დამთავრდება, ქართველები აქედან უნდა წავიდნენო. რატომ, ქალო, რა დაგიშავეს ქართველებმა. აქ ქართულ თეატრში არ თამაშობ? ანდა, „ვეფხისტყაოსანი“ თამარა დეიდამ არ გასწავლაო? კი, მაგრამ მაინც უნდა წახვიდეთ, ქართველები აქედანო. ამ ლაპარაკში იქვე ბომბი ჩამოვარდნილა, მისი ნამსხვრევი ფეხებში მოხვედრია და ორივე ფეხი ადგილზე მოუკვეთავს. ვერ მოასწრეს საავადმყოფოში მიყვანა, გზაში გარდაიცვალა.
მეთერთმეტე კლასი რომ დავამთავრე, დედასთან, თბილისში დავბრუნდი. ერთ დღეს ვუთხარი – მოდი, თეატრალურზე ჩავაბარებ-მეთქი. წინააღმდეგობა არ გაუწევია. დედა კარგად იცნობდა გურამ საღარაძის ოჯახს და გურამს სთხოვა, გურანდა მეტყველებაში მომიმზადეო. გამოცდაზე სულ ხუთები მივიღე.
– მატერიალურად როგორ ცხოვრობდა თქვენი ოჯახი სოხუმში?
– მსახიობებს არასდროს არაფერი ჰქონდათ. ეს აბსოლუტურად სხვა ცხოვრება იყო. დედაჩემი, წლები რომ გავიდა, თეატრში „პარტკომი“ იყო, ღამღამობით იჯდა მაგიდასთან ლამპის შუქზე და კონსპექტებს წერდა. მე და ია ხობუა გამთენიისას ვდგებოდით და პურის ქარხანაში მივდიოდით დიდი ჩანთებით. გვიჭირდა, მაგრამ მაინც ბედნიერი წლები იყო. ბავშვებს ბევრი რაღაც არ გვესმოდა. ჩვენთვის უბედურება იყო, როცა ჩვენს თეატრში, სანამ დაიწვებოდა, ბომბი ჩამოვარდა და პატარა გოგონა მოკლა – ჩვენი დამლაგებლის შვილი.
– დარწმუნებული ვარ, როგორც მე, ისე ყველას აინტერესებს, როგორ მოიგეთ ოთარ მეღვინეთუხუცესის გული – თქვენ ასეთი მხიარული და ლაღი ბუნების ქალბატონი, ის კი – საკმარისზე მეტად სერიოზული და პრინციპული.
– ოთარი თეატრალურში გავიცანი, ნუგზარ გაჩავამ გამაცნო. მარჯანიშვილის თეატრში ერთი ახალგაზრდა, სიმპათიური და ნიჭიერი მსახიობია – ოთარ მეღვინეთუხუცესი, წადი და ნახე სპექტაკლებშიო. მეც მალულად წავედი და ვნახე. მართლაც არაჩვეულებრივი იყო. მსახიობის გარეგნობას თეატრისთვის, მით უმეტეს, კინოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მაშინ არავინ მომწონდა და მიყვარდა. ლილი იოსელიანის რეპეტიციებით ვიყავი დაკავებული და რობიკო სტურუასთან ვთამაშობდი სადიპლომო სპექტაკლში. ცხრამეტი წლის ვიყავი, ხელი რომ მოვაწერეთ. მახსოვს, პატარა ოთახი იყო, იმ დღეს წვიმდა და წყალი ჩამოდიოდა. ჩვენი ხელისმომკიდეები ირაკლი უჩანეიშვილი და იუზა ხუსკივაძე იყვნენ. ოთარს „დალატკული“ პერანგი ეცვა. ირაკლის რომ არ შეეკერა მისთვის შარვალი, ალბათ, ისიც არ ექნებოდა. ირაკლი კარგად კერავდა და მეგობრებს ხშირად უკერავდა შარვლებს. თავისთვის ფეხსაცმელებს იკერავდა. საოცარი ხელი ჰქონდა, ყველაფერი შეეძლო. თან, არაჩვეულებრივად მღეროდა. ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობდით – მე საიათნოვას ქუჩაზე, ირაკლი – ლერმონტოვზე. სულ ერთად ვიყავით და სიამოვნებით ვუსმენდი მის სიმღერებს. რაც შეეხება ოთარის სიდინჯეს, ყოველთვის ასეთი იყო. არ არის მოლაპარაკე კაცი. რა ვიცი, ალბათ, არ უყვარს, მე რომ ასეთი მხიარული და თავისუფალი ვარ. თუ ჩემი როლი არ მოეწონებოდა, არ ვთამაშობდი. სამაგიეროდ, ძალიან მოსწონდა ჩემი გაკეთებული ბორშჩი და კატლეტი. მერე ღომს და ხარჩოს მივაჩვიე. გვერდით მეგრელი ქალი რომ ვყავდი, ამან, ალბათ, დიდი როლი ითამაშა შემდეგ, როცა „დათა თუთაშხიაში“ გადაიღეს. სხვათა შორის, არასდროს მიფიქრია, ცოლად გავყოლოდი. უბრალოდ, ერთმანეთს ვხვდებოდით. ჩვენთვის მთავარი იყო, საქმე გვეკეთებინა და არა სხვა რამ. ყოფილ მერიასთან ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. იმ დროს ორ ფილმში იღებდნენ – „კეთილი ადამიანები“ და „ფატიმა“. რვა მარტი იყო. დააგვიანდა, თუმცა მივხვდი, რომ გადაღებების გამო აგვიანდებოდა. რომ მოვიდა, გამიკვირდა, ხელში ყვავილები არ ეჭირა. უცებ პიჯაკის ჯიბიდან ამოიღო იები. ხელი რომ მოვაწერეთ, საცხოვრებლად ბებიასთან გადავედით. მერე ბიძაჩემმა დაგვითმო პატარა ოთახი, ამის შემდეგ გიგა ლორთქიფანიძემ თეატრიდან „ხრუშჩოვკის“ ოროთახიანი მოგვცა. დედას ერთოთახიანი ჰქონდა, ის და ჩვენი ოროთახიანი ბინა სამიანზე გადავცვალეთ და დედა ჩვენთან გადმოვიდა. ოთარსაც ძალიან კარგი მშობლები ჰყავდა. ოთარს რომ გავყევი, უკვე პენსიაზე იყვნენ. მახსოვს, მამამისი ყოველ შაბათ-კვირას ყველა ნათესავის მოსანახულებლად მიდიოდა, არავინ დარჩებოდა უყურადღებოდ. დედაც და მამაც ერთად არაჩვეულებრივ ხინკალს აკეთებდნენ. ოთარს ერთი და ჰყავდა – ევა, ძმა ომში დაეღუპა. ბავშვობაში ოთარი თურმე მათემატიკაში ყოფილა ძალიან მაგარი და მასწავლებელი ეუბნებოდა, მათემატიკურზე ჩააბარეო, მაგრამ თეატრალურში ჩააბარა.
– თქვენს ქალიშვილზე, მარიამზე, არასდროს არსად საუბრობთ, არსად ჩანს. გვიამბეთ მასზე.
– ჩვენმა ქალიშვილმა ჯერ უცხო ენებზე ჩააბარა, მერე ამერიკაში იყო წასული ერთი წლით. იქიდან რომ ჩამოვიდა, კიდევ ერთი წელი ედინბურგში ისწავლა ეკონომიურზე. ვინაიდან ენაც კარგად იცოდა, პარლამენტში, შევარდნაძის თარჯიმნად მუშაობდა. რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარული ჩემი შვილის დაბადება იყო. ოთარი გაგიჟდა, როგორ, თუ ბიჭის მაგივრად გოგო გაჩნდაო. როცა ძალიან გაუჭირდა და ოპერაცია გაუკეთეს გერმანიაში, მარიამი ედგა თავზე. რომ ჩამოვიდნენ, ოთარმა მითხრა: რა ბედნიერი ვარ, ასეთი შვილი რომ მყავსო. მარიამს ერთი შვილი ჰყავს – 11 წლის ლუკა.
– იმ პერიოდზეც გვიამბეთ, „სუხიშვილებში“ რომ ცეკვავდით. თქვენ ნინო რამიშვილის რჩეული მოცეკვავე იყავით და მეგობრობდით კიდეც მასთან.
– ეს ის პერიოდია, როცა რუსთაველის თეატრიდან წამოვედი და მივედი „სუხიშვილებში“, სადაც დაახლოებით ხუთი წელი დავყავი. როგორც ყველას, მეც დიდი რიდი და შიში მქონდა ნინოსი. ერთხელ პარიზიდან მოვფრინავდით და თვითმფრინავში ვთქვი: ძალიან ბედნიერი ვარ და ახლა, რომც მოვკვდე, არაფერიც არ იქნება. უკვე ვნახე ის, რაც უნდა მენახა-მეთქი. ქალბატონმა ნინომ მითხრა: რატომ უნდა მოკვდე, შენი ცხოვრება ახლა იწყება, კიდევ ბევრ რამეს ნახავო. მერე რუსთავის თეატრი გაიხსნა. იქ ვიმუშავე რამდენიმე წელი, მერე რამდენიმე მსახიობი მარჯანიშვილის თეატრში დავბრუნდით, საიდანაც დიდი გასტროლები გვქონდა. გავიდა დიდი ხანი და მერე დავუმეგობრდი ქალბატონ ნინოს. ყოველთვის მქონდა ეს თვისება, რომ ჩემზე უფროს ქალებთან ვმეგობრობდი. იცით, როგორ ვუყვარდი. თუ ცოტა შემაგვიანდებოდა მისვლა, უკვე ჩემთან რეკავდა სახლში – სად არის გადარეული გოგოო. მივიდოდი, რაღაცეებს ვუყვებოდი, ვართობდი, ვაცინებდი. ცალკე თვითონ მიყვებოდა დაწვრილებით, რა გადაიტანა ცხოვრებაში, როგორ შექმნეს ანსამბლი. გიჟდებოდა თავის შვილზე, რძალზე, შვილიშვილებზე. ბედნიერი ქალი იყო. ძალიან ლამაზად იცხოვრა.
– რეალურად რომ მხოლოდ ერთი არჩევნის საშუალება გქონდეთ, თქვენი ცხოვრების რომელ მონაკვეთს დაიბრუნებდით?
– როლებს და გავაჩენდი კიდევ ორ შვილს. ძალიან გული მწყდება, რომ ეს ვერ შევძელი. მძიმე, ტოქსიკური ორსულობა მქონდა. შვილი ხომ უზარმაზარი ბედნიერება და ცხოვრების მთავარი მიზანია, ისევე, როგორც დედა. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, მეგონა, ეს ცხოვრების დასასრული იყო. ვფიქრობდი – აწი რა უნდა იყოს-მეთქი. თითქოს მის კალთაზე ვიყავი მიწებებული. უსიამოვნო სიტუაციები ბევრი იყო. ცხოვრება ხომ გულთან არის დაკავშირებული. ბევრი რამ გადავიტანეთ – მეც და ოთარმაც. მეც უამრავი ოპერაცია გავიკეთე და მანაც.