რა ტრაგედია მოხდა ირაკლი ალასანიას ოჯახში და რა დათმო მის გამო ცოლმა
ყველაზე სიმპათიური პოლიტიკოსის, ირაკლი ალასანიას ცოლი, ნათია ფანჯიკიძე, ქალების იმ კატეგორიას არ მიეკუთვნება, რომლებიც ვერ ათვითცნობიერებენ, რატომ არ მოსწონს მამაკაცს, როცა ქალი ბევრს ქაქანებს ან ქმარზე წინ გარბის. ნათია ქმარს ყველა სიტუაციაში კარგად უგებს, რაც უკვე დაამტკიცა კიდეც, როცა ნიუ-იორკში თავისი საყვარელი საქმე მიატოვა და თბილისში გამოემგზავრა.
– ნათია, სანამ გათხოვდებოდით, ალბათ, თქვენც ფიქრობდით, როგორი ქმარი შეგხვდებოდათ, როგორ აეწყობოდა თქვენი ოჯახი...
– გააჩნია, რა ასაკში თხოვდება ქალი და წარმოსახვის რა მარაგი დაუგროვდა. ამისთვის დიდი დრო არ მქონია, რადგან, ჩვენ რომ დავქორწინდით, მე ოცის ვიყავი, ირაკლი – თვრამეტის. ასე რომ, რეალური ნაბიჯები ოცნებებზე ადრე გადავდგი. იმ პერიოდში, ისევე, როგორც ყველა ახლად შექმნილი ოჯახი იწყებდა ცხოვრებას ნულიდან, ჩვენც ნულიდან დავიწყეთ: დაახლოებით შვიდი წელი ირაკლის მშობლებთან ვცხოვრობდით. რა თქმა უნდა, როცა ცალკე ცხოვრებას იწყებ, თავს ყველაფრის პასუხისმგებლად, სრულფასოვან დიასახლისად გრძნობ, მაგრამ ჩვენს ოჯახში მოხდა უბედურება: 10 თვის გვყავდა ბავშვი, როდესაც სოხუმში ჩემი მამამთილი მოკლეს, არაჩვეულებრივი კაცი. თავიდან არ ვიცოდით, მკვდარი იყო თუ ცოცხალი. ირაკლი ხშირად დადიოდა აფხაზებთან მოლაპარაკებებზე, მაგრამ ყოველ მისვლაზე ატყუებდნენ და სხვის ცხედარს ატანდნენ. ეს იყო დროში იმდენად გაწელილი ტრაგედია, რომ რაღაცნაირად ექსტრაორდინარულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. კარგი იყო, რომ ერთად ვიყავით, ვგრძნობდით, რომ ძალიან ვჭირდებოდით ერთმანეთს. ამასობაში მეც გავიზარდე, რაღაცეების კეთება ვისწავლე. რაც შეეხება ჩემს დედამთილს, ასეთ ქალებზე წიგნები იწერება. არ ვიცი, მას რამდენად ესიამოვნება, რასაც ვამბობ, მაგრამ მე ასეთი ღირსეული გლოვა და მწუხარება ქმარზე, შეიძლება ითქვას, არ მინახავს. ერთი წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი. ისე გამოიტირა თავისი ქმარი, ზედმეტად არ უხსენებია მისი სახელი. მერე ადგა და სამსახურში გავიდა. ამიტომ, ბანალური სიტუაციებისთვის – ტაფას ვინ გარეცხავდა და სახლს ვინ დაალაგებდა – არ გვეცალა. ეს არის ყოფითი კულტურა, რაც ერთად ცხოვრებას ახლავს. ზოგადად კი, ყველანი ვართ აუტანლები და ყველას გვაქვს რაღაც უცნაური ჩვევა, რომელიც სხვისას არ ჰგავს.
ისეთ პერიოდში გავთხოვდი, ქორწილიც არ მქონია. მამაჩემმა და ჩემმა მამამთილმა გადაწყვიტეს, რომ არაფერი გაეკეთებინათ – სირცხვილია, ამდენი ახალგაზრდა დაიღუპა და ჩვენ ქეიფი გავმართოთო. თან, ისეთი სიდუხჭირე იყო ქვეყანაში, მამამ კლასიკურად ვერ გამამზითვა და ეს ჰქონდა გულში ჩარჩენილი. მალე გამოვიდა მისი წიგნი „ეშმაკის ბორბალი“ და ამ წიგნის ჰონორარით გვიყიდა ბინა.
– დრო მიდის და ყველაფერი იცვლება. დღეს თუ ბიჭს კარგი მატერიალური მდგომარეობა არ აქვს, ალბათ, არავინ გაჰყვება ცოლად. არ ფიქრობდით, 18 წლის ბავშვი როგორ შეძლებდა ცოლ-შვილის შენახვას?
– რა თქმა უნდა, ირაკლი ასაკობრივად არ იყო მზად ამისთვის, მაგრამ, მალევე დანიშნეს ვაშინგტონში საელჩოში და საცხოვრებლად იქ წავედით. კარგი ხელფასი ჰქონდა, თუმცა, მანამდე იყო პერიოდი, როცა ჩვენც ისევე გვიჭირდა, როგორც დანარჩენებს. მამაჩემიც გარდაიცვალა და დამხმარე ძალა, ფაქტობრივად, არავინ იყო. არ გვქონდა შუქი, გაზი. იყო დღეები, როცა „კერასინკაზე“ ვაკეთებდი საჭმელს. სანთლის შუქზე ბავშვისთვის ფაფა გამიცხელებია. მერე გონიერმა დიასახლისებმა გამოიგონეს კონსერვის ქილაში კოცონის დანთება და ჩვენც დავნერგეთ ეს ოჯახში. საერთოდ, ყოველთვის ყველაფერი რიგზეა, თუ ნიჭი გაქვს და ენერგია გყოფნის. სიყვარული ძალიან დიდი შრომაა. ადამიანში მტრობა ძალიან იოლად ჩნდება, მაგრამ, იმავე დოზით სიყვარული რომ გამოიწვიო, ძალიან დიდი ამაგი და მოვლა სჭირდება. როცა რომელიმე მხარისთვის კატეგორიულად მიუღებელია რამე, მაშინ ოჯახი ინგრევა.
– ოჯახის შექმნას მარტო ბედნიერება არ განსაზღვრავს. ცხვირით ეჯახები რეალობას, რომელიც სავსეა უსიამოვნო სიტუაციებით. რა აღმოაჩინეთ ახალი ირაკლიში, რამაც ბევრ რამეზე ჩაგაფიქრათ?
– მოსაწყენია, თუ რაღაცაზე არ გაჩნდა საკამათო თემა. ცხადია, არის ისეთი წვრილმანი რაღაცეები, რაც არ ვიცოდი. მაგალითად, ის, რომ ირაკლის ბნელ ოთახში უყვარს ძილი. მე მიყვარს, როდესაც მზის სხივი მაღვიძებს და სულ ვეხვეწები: გადაწიე ფარდა, რომ ენერგიით გავიღვიძო, თორემ თავი კუბოში მგონია-მეთქი. ყოველთვის არსებობს ასეთი წვრილმანები, რაც სხვადასხვანაირად არ მოგვწონს, მაგრამ ამასაც ვაგვარებთ. ბევრ რამეს ცხოვრებაში იუმორი ანეიტრალებს. შეიძლება, რაღაც სისულელეზე იკამათო, მაგრამ, თუ გაქვს იუმორის გრძნობა, მაშინ უფრო გეცინება, ვიდრე გეწყინება. ჩვეულებრივი ყოფაა, რასაც ჩვენი ხასიათის მიხედვით ვაწყობთ.
– როცა შენს მეორე ნახევარში ნაკლს ვერ ხედავ და იდეალურს ხდი, ამას ჭეშმარიტ სიყვარულს ვუწოდებთ, რომლის იქით აღარაფერი არსებობს. მე მაინტერესებს, რეალურად, თქვენი თვალით დანახული ირაკლი ალასანია როგორია.
– ირაკლის ერთი უმთავრესი თვისება და ღირსება აქვს: როდესაც ვბრაზდები და რაღაცას ვსაყვედურობ, სამაგიეროდ არ მიმანიშნებს ჩემს ნაკლზე, ანუ, ყოველთვის გიტოვებს რწმენას, რომ პრაქტიკულად უნაკლო ხარ. მისი მიზანი არ არის, შენში ნაკლი აღმოაჩინოს და მიწასთან გაგასწოროს. თუ რამე არ მოსწონს, ამბობს, მაგრამ არასდროს გადმოსწვდება პიროვნულს, როგორც ეს სჩვევიათ ქალებს. მე რომ ვუთხრა, სახლიდან დიდი ხნით ხარ წასული, ის საპასუხოდ არ მეტყვის – იცი, რა, ძვირფასო, გუშინ შენ მტვერი დაგრჩა გადასაწმენდიო. ამის გამო ვცემ მას დიდ პატივს, თუმცა მეც არ ვარ ის ქალი, რომელიც ქმარს ტიპური საყვედურებით ავსებს – მე შენ გამო კარიერა დავთმე, ან ცხოვრება შემოგწირე... არასდროს არ ვამბობ ასეთ რამეს. თუკი რამე დავთმე, რაღაც შევწირე ან მოვითმინე, ეს იმიტომ, რომ მიღირდა. ჩემი ქმედებების პასუხისმგებელი თვითონ ვარ. ჩემი არჩევანი იყო დათმობაც და არდათმობაც.
– თქვენი მეუღლე კარგა ხანია, აღარ არის სახელმწიფო სამსახურში. შესაბამისად, მეტი თავისუფალი დროც აქვს, ვიდრე ჰქონდა. ვიცი ქალები, რომლებსაც ზოგჯერ აღიზიანებთ კაცის ზედმეტად სახლში ყოფნა. თქვენ?
– ხშირად ვეხუმრები: როდის ვეღირსები იმ დღეს, რომ 6 საათზე ფეხები უკვე ჩუსტებში გქონდეს-მეთქი. ნამდვილად არ გამაღიზიანებდა მისი მთელი დღე სახლში ყოფნა, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ადამიანს რამდენი ენერგიაც აქვს, იმდენი უნდა ხარჯოს.
– წარმოიდგინეთ, საპენსიო ასაკში როგორები იქნებით. მაშინ ხომ ოცდაოთხი საათი მოგიწევთ ერთმანეთის ყურება?
– ერთადერთი, რაც წარმომიდგენია, ეს არის ჩემი თავი სოფელში. ძალიან მიყვარს რაჭა და ყოველ წელიწადს მივდივარ ერთი თვით მაინც. ცხოველები, შინაური ფრინველები – იხვები, ქათმები... ყველაფერი ეს სიამოვნებას მგვრის. თუ სიბერემდე მივაღწიე, ალბათ, სოფელში ვიცხოვრებ. არ ვიცი, ირაკლის ენდომება თუ არა, მაგრამ, თუ არ მოუნდება, მაშინ სხვა რამეზე მოვრიგდებით.
– როგორ ფიქრობთ, რითაა თქენი ქმარი სხვა მამაკაცებისგან გამორჩეული?
– ირაკლის ცხოვრება საინტერესოა იმით, რომ, სადაც კი ცხელი წერტილი იყო, ყველგან პირველი გავარდა. თუნდაც ეს სიტუაცია ავიღოთ, რომელშიც ახლაა. არაჩვეულებრივი სამსახური მიატოვა, რადგან გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი ამ მთავრობის რიგებში არ არის. ყოველთვის ქმნის მკვეთრ ცვლილებებს თავის ცხოვრებაში და უკვე ცხოვრებაც საინტერესო ხდება.
– ალბათ, ძალიან განიცადეთ.
– მისი ეს ნაბიჯი მოულოდნელი არ იყო იმდენად, რამდენადაც ცხოვრებას ერთნაირად ვუყურებთ და ერთნაირი შეხედულებები გვაქვს ამა თუ იმ საკითხზე. შეიძლება, არ მინდოდეს ამდენი რისკი, რადგან უფრო სიმშვიდისკენ ვარ მიდრეკილი, მაგრამ, თვითონ გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი არასდროს შემაქვს. კარგი სამსახური, შეიძლება, დღეს გქონდეს, ხვალ – არა, მერე ისევ გქონდეს... მთავარია, ნამუსი გაგაჩნდეს – ეს არის მარადიული ფასეულობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მან ის სისუფთავე, სიკეთე და ადამიანების სიყვარული არ დაკარგოს, რაც აქვს.
– როგორ შეხვდით მის წასვლას აქტიურ პოლიტიკაში?
– ძალიან ცუდად, იმიტომ რომ თვითონ არ ვიყავი ამისთვის მზად. ნიუ-იორკში ვაკეთებდი იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს. თუნდაც კიდევ ერთი წელი იმ ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი პროფესიული განვითარებისთვის. ჩემი ბიჭი სკოლას ამთავრებდა. რაღაცნაირად, უნდა მომეწყვიტა სწავლას, ვეღარ დაამთავრებდა სკოლას, ყველაფერი აერეოდა. ნებისმიერი დედა დღეს იმას ოცნებობს, რომ შვილი უცხოეთში გაუშვას სასწავლებლად. მე ამის რეალური შანსი მქონდა, რომ იქ ვყოფილიყავი და ჩემს შვილს იქ ჩაებარებინა. ირაკლიმ თითქოს დანაშაულის გრძნობა გამიჩინა, შუაზე გავიყავი. ვერ წამოვყევი თბილისში, არადა, ძალიან მინდოდა მის გვერდით ყოფნა.
– არ ვიცი, მე მეჩვენება თუ ასეა, მაგრამ სხვა ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, თქვენი ქმარი ძალიან ზომიერად და მოკრძალებულად საუბრობს. ალბათ, სახლშიც ასეთია, ბევრს არ ლაპარაკობს.
– საქართველოში ხომ არ მუშაობს ეს სტერეოტიპი, რომ ქალები ბევრს ლაპარაკობენ. სადაც არ უნდა გაიხედო – სუფრასთან, ტელეეკრანზე – ყველგან კაცები ლაპარაკობენ მეტს. ირაკლი არის ადამიანი, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ შენ იქაქანო მეტი, ყველა სიტყვაზე არ გეკიდება და გეკირკიტება. შეუძლია, ბოლოს თქვას თავის სათქმელი, თანაც, ძალიან წყნარად. წვრილმანები არ აეჭვებს და არ ხდის ფხუკიანს. როცა რაღაცაზე ბრაზდება, სახე ეცვლება და მაშინ გრძნობ, რომ უნდა გაეცალო.
– მნიშვნელოვანია მისთვის, სახლში ცოლი როგორ ფორმაში დახვდება?
– ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში. მარტო ქალის მოვალეობა არ არის მოწესრიგება. ასეთივე მნიშვნელოვანია ქალისთვის, კაცი როგორ გამოიყურება მის გვერდით. ყველა ასაკში უნდა შესთავაზო ადამიანს რაღაც ახალი, ვიდრე წინა წლებში სთავაზობდი. თუ დამიჯერებთ, არც ერთი ნორმალური მამაკაცისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა ფირმის ჩანთა გიჭირავთ და რა ფასიანი ფეხსაცმელი გაცვიათ. მთავარია, ჩანდეთ, როგორი ხართ თქვენ ამ ყველაფრის მიღმა. თუ მას მოსწონს, რომ თქვენ ქალურად ხართ ჩაცმული, ის ამ ნაზ ქსოვილს აქცევს ყურადღებას, ეს ხვდება თვალში. თუ აგრესიული ტიპის ქალები მოსწონს, რომელსაც ჩექმაში ჯინსები აქვს ჩატანებული, მაშინ, ჩათვალეთ, რომ გემოვნებიან კაცს მოხვდით თვალში. როგორ აღგიქვამს ქალად, ამას აქვს მნიშვნელობა და არა იმას, რამდენად ძვირად ღირებული სამოსი გაცვიათ. არ ვიცი, მე რაც უნდა ვეპრანჭო ირაკლის, მაინც შორს ვერ წავალ – ბოლოს მაინც ისე გამოვიყურები, როგორც მე მომწონს და მინდა.