რატომ მისცეს ეკა სარიას დისკვალიფიკაცია და ვინ ახეხინა მას რესპუბლიკური საავადმყოფოს დერეფნები
უკვე რამდენიმე წელია, რაც ეკა სარია კადრს მიღმა დგას – მართალია, აქტიურ ჟურნალისტიკას ჩამოშორდა, მაგრამ პოპულარული გადაცემის მთავარი პროდიუსერი, ცხოვრების პასიური რეჟიმით არც ახლა ცხოვრობს. უფრო მეტიც, გარდა იმისა, რომ ის „P.S“-ის პროდიუსინგს გეგმავს, ცნობილი საინვესტიციო კომპანიის ფიარსაც უძღვება და რაც ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს აკლებს ხელს – ეკას მთელი თავისუფალი დრო ოჯახს ეკუთვნის, რომელიც მან მიკლუხო მაკლაის გუნდად აქცია.
ეკა სარია: ცხოვრების ისეთ აქტიურ რეჟიმს, როგორიც ახლა მაქვს, დიდი ხანია, შევეჩვიე, პირიქით, ცოტა დეპრესიული და მოწყენილიც კი ვხდები, როცა ბევრი საქმე არ მაქვს და ბოლომდე ვერ ვახერხებ საკუთარი თავის რეალიზებას. საკმაოდ წარმატებული სტუდენტი ვიყავი, როცა მუშაობა დავიწყე. საკუთარი თავის გამოცდა მინდოდა. ჩემს ცხოვრებაში ბევრი ეგზოტიკური სამსახური იყო. ის რომ, უკვე დიპლომიანმა ექიმმა გადავწყვიტე, ჟურნალისტი გამოვსულიყავი, რადგან საინტერესო ცხოვრებას ვეძებდი, არაორდინარული არ არის? ამ პროფესიის წყალობით, უკვე დიდი ხანია, ბედნიერი ვარ იმით, რომ ერთ-ერთ პირველს მაქვს შესაძლებლობა ვნახო საინტერესო მოვლენები და ვიყო მათი უშუალო მონაწილე. მართალია, ახლა აქტიურ ჟურნალისტად აღარ ვმუშაობ და ხელში მიკროფონით აღარ დავრბივარ, მაგრამ არც პროდიუსინგია პასიური საქმე. ეს გადაწყვეტილებაც იმიტომ კი არ მივიღე, რომ უკვე ისეთ ასაკში ვიყავი, როცა სირბილი აღარ შეგეფერება, ან არ შეგიძლია. პირიქით, ასე მგონია, რომ ახლა უფრო საინტერესო გამოდის ის სიუჟეტები, რომელიც ჩემი პროდიუსინგით კეთდება, რადგან გამოცდილება მაინც თავისას შვრება. ახლა ბევრ ისეთ ნიუანსს ვხედავ, რასაც თავის დროზე დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. 80 წლის ასაკში, ალბათ, ამის გაკეთებასაც ვერ შევძლებ, მაგრამ არც ესაა პრობლემა, ბოლოს და ბოლოს ლარი კინგი წავიდა თავისი შოუდან, მაგრამ მე ჯერ ის ასაკი არ მაქვს, პენსიაზე გავიდე და კაბინეტში დავჯდე (იცინის).
– ექიმთა ცნობილი ოჯახი როგორ შეხვდა შენი პროფესიული არჩევნის შეცვლას?
– ძალიან ცუდად. ექიმობა თავიდანვე არ მინდოდა. იმ ასაკში, როცა პატარა გოგონები მასწავლებლობასა და ექიმობაზე ოცნებობენ, მე გიდობა „გადავწყვიტე”. ჩემი შემდეგი ოცნება არქეოლოგობა იყო, ძალიან მინდოდა, წასვლა შორეულ ექსპედიციებში – მექსიკისა და სამხრეთ ამერიკის გადათხრა. ამის შემდეგ ჟურნალისტობაზე დავიწყე ოცნება, სადაც საკმაოდ პატარა ასაკში მოვხვდი და ჩავრჩი კიდეც. ექიმობა ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ სამედიცინო ინსტიტუტში მაინც ჩავაბარე. დედისა და მამის განაწყენება არ მინდოდა, თან პატარა ვიყავი და პასუხი უნდა გამეცა დედაჩემის არგუმენტისთვის: შენ, ალბათ, გეშინია, რომ ვერ ჩააბარებ სამედიცინო ინსტიტუტშიო. მე დავუმტკიცე ოჯახს, რომ არაფრის მეშინოდა და პირველივე წელს, ძალიან მაღალი კონკურსის პირობებში გავხდი სტუდენტი. რაც ძალიან მომინდომებია ცხოვრებაში, ყველაფერი გამიკეთებია (იცინის). მამაჩემს უნდოდა, მის გზას გავყოლოდი და მეც ნეიროქირურგი გავმხდარიყავი. ფიქრობდნენ, რომ ქირურგის კარგი მონაცემები მქონდა. იმის მიუხედავად, ჩემთვის კარგად ნაცნობ, ექიმთა გარემოში მოვხვდი, მალევე გავაცნობიერე, რომ ჩემი ადგილი მედიცინაში არ იყო. ხასიათით ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, ოქროს შუალედის პოვნა ყველაფერში მიჭირს, ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენა ძალიან ადვილია. მედიცინას კი არ „უყვარს” ემოციები. ძალიან იოლად ვითრგუნებოდი. მახსოვს, პირველი შესვლა მორგში, პირველ ოპერაციაზე დასწრება, როცა მამას მეგობარმა მითხრა: შენ ძალიან ცოდვა ხარ და მე დღესვე ვეტყვი ამას მამაშენსო. თუმცა, იმის გამო, რომ არავის ეთქვა: ანზორ სარიას შვილი ნიშნებს მამის ხათრით იღებსო, ბოლომდე ჩავაბარე ყველა საგანი „ფრიადებზე“ და დედას წითელი დიპლომიც ჩავაბარე. მამის ინტერესების გათვალისწინებით, 15 წლის ვიყავი, როცა სანიტრად დავიწყე მუშაობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ძალიან მწარედ მახსოვს ის წლები, როცა სხვების დასანახავად, სანიტრის სამოსში ჩაცმული ჯაგრისით ხელში, საავადმყოფოს დერეფნებს ვხეხავდი (იცინის). ახლა დიპლომიანი ექიმი ვარ, მაგრამ დისკვალიფიცირებული, რადგან ამდენი წელია, მედიცინისკენ არ გამიხედავს. ამის გამო ხანდახან ეჭვიც კი მიჩნდება: იქნებ არ მოვიქეცი სწორად, იქნებ შევცდი? ისე დარჩა ჩემი მემკვიდრეობაც (იცინის). მამა მთელი ცხოვრება მიგროვებდა წიგნებს და უნიკალურ სამედიცინო ინსტრუმენტებს, რომელიც მისთვის მთავარი განძი იყო. მე ამ მემკვიდრეობაზე უარი ვთქვი, სამაგიეროდ, ახლა ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს. ჟურნალისტიკა არის პროფესია, სადაც როგორც კი მოხვდები, მის ტყვეობაში რჩები. ასე დამემართა მეც.
– თუმცა, შენ ბიზნესშიც სცადე საკუთარი ძალები. როგორ დასრულდა შენი რესტორნის ბიზნესი ვაკეში?
– ეს ექსპერიმენტი ცუდად დასრულდა. ჩემს ჩართვას ამ ტიპის ბიზნესში თავიდანვე ცუდად შეხვდა ოჯახი – იმედგაცრუება ამოვიკითხე მამის თვალებში. მან ჩათვალა, რომ ჩემში ჩადებული ინვესტიცია და ენერგია, თურმე ტყუილად იხარჯებოდა. იტალიური რესტორანი მეგობრებთან ერთად გავაკეთე, თავიდან ძალიან დიდი ენთუზიაზმით დავიწყეთ საქმე. მე და ჩემი მეგობრები სამზარეულოში ტრიალსაც არ ვთაკილობდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არის სფერო, რომელიც მოითხოვს 24-საათიან მუშაობას, რისი დროც მე არ მქონდა, ამას გარდა, როცა წესების დაცვით მუშაობ, ყიდულობ ნამდვილად ხარისხიან პროდუქტს, არ ზოგავ ფულს სისუფთავეზე და რაღაცას არ მაიმუნობ, მოგებაზე წასვლა და ფულის შოვნა, ძალიან ძნელია. ამას გარდა, თურმე მუდმივად უნდა გვეკონტროლებინა ის ადამიანები, ვინც ჩვენს რესტორანში მუშაობდნენ, რომ მათ ცდუნებისთვის გაეძლოთ.
– დიდი ზარალი მიაყენეთ ოჯახის ბიუჯეტს?
– ოჯახის არა, მაგრამ საკუთარ ბიუჯეტს ნამდვილად მიადგა ზარალი. ბიზნესი საკუთარი ფულით დავიწყე, ასე რომ, მხოლოდ მე დავზარალდი. თუმცა, გარკვეული პერიოდი, მე და ჩემს მეგობრებს საუზმეც უფასო გვქონდა, სადილიც და ვახშამიც (იცინის). ძალიან მწყდება გული, იმაზე, რომ ეს იყო საინტერესო კლუბი და ახლობლების თავშეყრის ადგილი. თუმცა, ამანაც დამღუპა, რადგან, როცა რესტორანი ასეთი დატვირთვით მუშაობს, ეს მარკეტინგული თვალსაზრისით არ ამართლებს (იცინის).
– ბოლო პერიოდში ბევრი ცნობილი ტელესახე სახელმწიფო უწყებაში გადაბარგდა, შენ რატომ დარჩი ჟურნალისტიკის ერთგული?
– მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც უარი ვთქვი, საკმაოდ წარმატებულ ჟურნალისტურ კარიერაზე – წავედი საინვესტიციო კომპანიაში, რომელიც მაგისტრალური გაზსადენის მენეჯმენტს ახორციელებდა. რაღაც პერიოდში ეს საქმე ჩემთვის მომხიბვლელი და საინტერესო იყო. იმ დროს იმასაც ვფიქრობდი, რომ დავიღალე ჟურნალისტის საინტერესო, მაგრამ მაინც ერთფეროვანი საქმით-მეთქი. ამას ოჯახური პირობებიც დაერთო. დედა ძალიან ავადმყოფობდა და მინდოდა, მის გვერდით ვყოფილიყავი სიცოცხლის ბოლო დღეებში. ჩემი არჩევანი უფრო ამან განაპირობა. თან, სულ მქონდა სინდისის ქენჯნა, რომ ჩემი ორი შვილი ჩემს გარეშე იზრდებოდა. ისინი ისეთ ასაკში იყვნენ, ძალიან სჭირდებოდათ გვერდით ჩემი ყოფნა. წლების შემდეგ მივხვდი, რომ მარტო იმ სამსახურში ვერ გავძლებდი, შემეცოდა საკუთარი თავი. ენერგიის ისეთი მოზღვავება მქონდა, ადვილად ავუდიოდი საშინაო და საგარეო საქმეებს და კიდევ მრჩებოდა თავისუფალი დრო. ამიტომაც გადავწყვიტე უკან, ჟურნალისტიკაში დაბრუნება. ამ გადაწყვეტილებაში დიდი როლი შეასრულა ჩემმა ახლო მეგობარმა, ირმა ნადირაშვილმა, ასე აღმოვჩნდი ისევ საყვარელ საქმეში და „P.S.“-ში, თუმცა, არც საინვესტიციო კომპანია მიმიტოვებია. იქ უკვე ისეა აწყობილი ყველაფერი, ჩემგან ბევრი ძალისხმევა აღარ სჭირდება, არც „P.S.-ს“ ვაკლებ რამეს, არც გაზს და არც ოჯახს (იცინის). ძალიან ადრე, დილის შვიდ საათზე ვდგები, სამსახურში წამოსვლამდე სადილის მომზადებასაც ვასწრებ და ბავშვების მიხედვასაც. როცა არ უნდა მივიდე სახლში, აუცილებლად უნდა ჩავიბარო გაკვეთილები და ვიმეცადინო ბავშვებთან ერთად. ის, რასაც ვერ ვახეხებ, ღონისძიებებსა და თავყრილობებზე სიარულია, მაგრამ ჩემი შვილების გამო ამ შეზღუდვებისთვის სიამოვნებით ვარ მზად. ყველაფერი რომ გავაკეთო, რაც მინდა და რაზეც ვოცნებობ, ცუდად იქნება საქმე. აი, მერე ნამდვილად ვიქნები სამაგალითოდ ცუდი დედა და აღარც ოჯახი მექნება (იცინის).
– როცა „პოსტსკრიპტუმის“ ჟურნალისტები უცხოეთის ეგზოტიკაში ხვდებიან სიუჟეტის მომზადებისას, შენ არ გიჩნდება ძველ ცხოვრებაში დაბრუნებისა და მათთან ერთად მუშაობის სურვილი?
– ნეტავ, იცოდეთ, როგორ მინდა, ერთი-ორი დღე სვანეთში გავიპარო. ათი დღით სადმე წასვლის ფუფუნების უფლებას ვერ მივცემ საკუთარ თავს. იყო დრო, როცა მეც ბევრი ვიარე უცხოეთში. ამას არც ახლა ვუჩივი. შვებულების პერიოდში ხან სად გავვარდები ხოლმე, ხან – სად. ევროპაში თითქმის ყველგან ვარ ნამყოფი, ახლა ჩემი ინტერესის სფერო, ძირითადად, აღმოსავლური, ეგზოტიკური ქვეყნებია. ასეთი გავარდნების დროს კომპანიონები ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები არიან, საინტერესო მარშრუტების დაგეგმვა არ გვიჭირს. ჩემი მეუღლე პროფესიით გეოგრაფია და ჩემგან განსხვავებით, ეს კარგად ეხერხება. თუმცა, გეოგრაფიის თვალსაზრისით, მე ვერ ამიყოლია. ჩემს შვილებს უკვე იმდენი რამე აქვთ ნანახი, რომ უფროსმა ბიჭმა მტკიცედ გადაწყვიტა, მოგზაური გახდეს. მეც ძალიან კარგი მოგზაური ვარ. უცხოეთში ყოფნის დროს შემიძლია, ფეხით შეუსვენებლად ვიარო 16-18 საათი. მერე სასტუმროში მივიდე და დავვარდე, მაგრამ ეს ენერგია თბილისში მეკარგება (იცინის). წელს გადაცემამ ერთი თვე დაგვასვენა და ეს დრო ძალიან ეფექტურად გამოვიყენეთ. მეგობრები მე და ჩემს ოჯახს მიკლუხო მაკლაის ჯგუფს გვეძახდნენ. ოჯახთან ერთად საზღვრებს გარეთ თუ შიგნით მოვიარეთ ყველაფერი, რისი ნახვაც შეიძლებოდა. ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან ბედნიერი ერთი თვე.