კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას უთმობენ შონზოს საკრებულოში მორიგეობით და როგორ აპირებს ის ქართლის დედის თასში კვლავ მოხვედრას


რამდენიმე თვეა, რაც შონზო საკრებულოს დეპუტატის მანდატს ფლობს და „ბატონი შონზო” გახდა, როგორც ადრე, ახლაც მისი მოვალეობა და სტატუსი მოწყენილი ხალხის გამხიარულებაა, თუმცა უკვე სხვა მეთოდით – ამომრჩევლების ყოფითი პრობლემების მოგვარება შონზოს კიდევ ოთხი წელი მოუწევს. საამისო ხალისი და შემართება ჯერ კიდევ აქვს. როგორც თავად ამბობს, ახალ სფეროში, სადაც თავიდან ბევრი დისკომფორტის გადალახვა მოუხდა, უკვე მოთელვას მორჩა და ათწლიანი დიდი გასროლისთვისაც კი დაიწყო სამზადისი.


– შონზო, როგორ ხართ, რატომ გაუჩინარდით მას შემდეგ, რაც საკრებულოს დეპუტატი გახდით.

– არსადაც არ გავუჩინარებულვარ, აქ ვარ (იცინის) „რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობამ გააჩერა ფორმულა კრეატივის ორივე პროექტი: „ჩვენი ოფისი” და „გუნცაძეების ოჯახი”. ჯერჯერობით შემოქმედებით თავისუფლებაში ვარ, თუმცა ძალიან ბევრი იდეა მაქვს სატელევიზიო კინემატოგრაფიასა და შოუ-ბიზნესში, რითაც შემოიფარგლება ჩემი და ჩემი ძირძველი მეგობრების მოქმედების არეალი. ახალი ფილმი თუ არა, ახალი პროექტი მაინც აუცილებლად იქნება.

– თქვენი არეალი მხოლოდ ამით აღარ შემოიფარგლება, საკრებულოს დეპუტატის ამპლუას როგორ შეეჩვიეთ?

– თავიდანვე ვიცოდი, რომ ამ ორ საქმეს მშვენივრად შევუთავსებდი ერთმანეთს, ინტერესთა კონფლიქტი არ მაქვს, პრეზიდენტს და მინისტრებსაც კი არ ეკრძალებათ საქმიანობა იმ სფეროში, რომელშიც მე ვარ. რაც შეეხება დეპუტატობას, ამ ამპლუას ნელ-ნელა ვეჩვევი, ვაგრძელებ შეხვედრებს მოსახლეობასთან. უკვე „ბატონი შონზოც” გავხდი, რაც ჩემთვისაც კი, საკმაოდ მხიარულად ჟღერს. საკრებულოში შინაურებიც შონზოს მეძახიან. იქ ისეთი ხალხი ვართ თავმოყრილი, ყველას თავისი მეტსახელი აქვს. ხომ იცით, თბილისის ამბავი, თუ ერთი ადამიანი მაინც გეძახის მეტსახელს, ეს ყველგან მიგყვება, მათ შორის სამსახურშიც. ოღონდ, სხდომებზე მეტსახელებით ნამდვილად არ მივმართავთ ერთმანეთს (იცინის). ჯერჯერობით საკუთარი კაბინეტიც კი არ მაქვს, მე ვარ კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ხან თავმჯდომარე – ვატო ნაცვლიშვილი მითმობს თავის კაბინეტს, ხან – სხვა მეგობრები. თავიდან ბევრი დისკომფორტის გადალახვა მომიწია, – ვფიქრობდი იმაზე, რამეს არასწორად ხომ არ ვაკეთებდი. არ ვიცოდი რა ქცევის წესები არსებობდა ამ სფეროში. მივხვდი, რომ არსებობს ერთი ზოგადი კოდექსი, მას თუ იცავ, პრობლემებიც აღარ ჩნდება. ეს არის ადამიანური ურთიერთობა, რომელიც ყველა სფეროში ერთნაირად მოქმედებს. იმასაც ვამბობდი: ამ სფეროში პინგვინი ვარ და ბევრ შეკითხვას თუ დავსვამ, არ გაგიკვირდეთ-მეთქი. საბედნიეროდ, აღმოვჩნდი ისეთ ადამიანთა შორის, რომ ადაპტაცია არ გამჭირვებია. ახლა უკვე კანონებსაც ვსწავლობ და ინგლისურზეც დავდივარ ბრიტანეთის საკონსულოში. გაკვეთილებს მაძლევენ, მე ვმეცადინეობ და საკუთარ თავს ვაბარებ (იცინის). სხდომებს და ოპონირებას ჩემი ძველი საქმიანობიდან ვარ შეჩვეული. ასე რომ, რთული ეტაპი უკვე გადავლახე. ჯერჯერობით, როგორც ახალი კადრი, სხდომებზე ნაკლებ აქტიურობას ვიჩენ. უფრო დამკვირვებლის სტატუსით შემოვიფარგლები. უმეტესობა მამაკაცები ვართ, საკმაოდ მოლაპარაკე ქალებში.

– ხომ არ გჯაბნიან?

– მე ქალებს საერთოდ არ ვეჯიბრები, მით უმეტეს – ლაპარაკში... (იცინის).

– იდეალური სამსახურია – თვეში ერთხელ მიხვალთ სხდომაზე, კარგი ხელფასიც გაქვთ და დეპუტატის მანდატიც.

– არც მასეა საქმე. როცა სხდომები არაა, ხალხს ვხვდები და სხვა საქმეებს დავდევ. ვიღაცას შეიძლება ეგონოს, ეს ყველაფერი ადვილია, მაგრამ საქმე ბევრი გვაქვს. არც ხელფასია განსაკუთრებული, მუშნი ზარანდიას პრინციპი მეხმარება, თორემ... (იცინის). იმ საკითხებზე, რაზეც ახლა ვმუშაობ, ძველ ცხოვრებაშიც მქონდა შეხება. მაშინ შენიღბულად, იუმორის მეშვეობით, ვდებდი პატარ-პატარა მუხტებს, ახლა ლეგალურად მაქვს ამის საშუალება – შემიძლია პირადად შევხვდე ადამიანებს, მოვუსმინო მათ და დავეხმარო, შესაძლებლობების ფარგლებში. მე ვაკეთებდი სოციალურ პროექტებს, მაგრამ უფრო მწირი შეხება მქონდა ადამიანებთან, ვისთვისაც ეს პროდუქტი იქმნებოდა. ახლა უკვე ვიცი, რა უნდათ მათ, რაზე იცინიან, რაზე ნაღვლიანდებიან. უკვე ისეთ საკითხებშიც დავოსტატდი, როგორიც ბაღის მოწყობა, მილების შეკეთებაა. უფრო მოქნილი და მობილური გავხდი, „ონლაინ“-რეჟიმში ვცხოვრობ, დროის დაკარგვაზეც უკვე სხვანაირად ვნერვიულობ. ადამიანს უმნიშვნელო საკითხშიც რომ ვეხმარები, პატარა ბავშვივით ვცქმუტავ ხოლმე.

– ალბათ, დეპუტატობამ ძალიან შეცვალა თქვენი ცხოვრება.

– თითქმის არაფერი არ შეცვლილა – ჰალსტუხის გაკეთებას არავინ მთხოვს, საკრებულოში განსაკუთრებული დრესკოდის დაცვა არაა საჭირო (იცინის). ჯერ, ისედაც ჩემთვის უცნობ სამყაროში ვარ მოხვედრილი, ამას კიდევ შეზღუდვები რომ დამატებოდა, ეს კარგი ნამდვილად არ იქნებოდა. შემოქმედებით ადამიანზე შეზღუდვები ძალიან ცუდად მოქმედებს. ჩემი წვერის ვარცხნილობა ჯერჯერობით არავის გაუპროტესტებია. არ მგონია, ამის გამო ვინმემ დამიწუნოს (იცინის).

– სამაგიეროდ, ბევრმა დაგიწუნათ გადაწყვეტილება, როცა საკრებულოში წახვედით.

– მე გამიხარდა, რომ ჩემი საარჩევნო არეალის 65 პროცენტმა მომიწონა ეს გადაწყვეტილება და მხარიც დამიჭირა. ასე რომ, მხოლოდ დამწუნებლები არ მყავდა. არსებობს ერთგვარი კლიშე, რომ შოუ-ბიზნესის ცნობილი ადამიანი პოლიტიკაში არ უნდა წავიდეს, არ მესმის, რატომ არ უნდა ჩაერთო ამ საქმეში, როცა გაქვს გამოცდილება და უნარი, დაეხმარო ადამიანებს. მე პოლიტიკაში ამ განზრახვით წავედი, არანაირი სხვა წინაპირობა არ მქონია. 20 წელზე მეტია, საქმეს ვაკეთებ, საზოგადოებრივ ასპარეზზე ვჩანვარ და მე ვფიქრობ, ჩემი გადაწყვეტილება სწორი იყო. ეს არის კარგი გაჩერება. ეს გადაწყვეტილება ყველაზე აქტიურ ასაკში მივიღე, ათწლიანი დიდი გასროლისთვის ვემზადები, მინდა, ბევრი რომ გავაკეთო ამ პერიოდში. საერთოდ, საკუთარ თავს ხშირად ვუწყობ გამოცდებს. რატომაც არა? მინდა ვნახო ჩემი შესაძლებლობების ზღვარი.

– პოლიტიკის კულისებში გზა ხომ არ გებნევა?

– არა, იმდენად დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს, ეს საშიშროება არ მემუქრება. ჩემი კომპასი ის უნარ-ჩვევებია, გზაზე რომ იძენ. ყველაფერი თავის კვალს ტოვებს, მაგრამ, მთავარია, თავად რომელ მგელს „გამოკვებავ”, ერთი ცნობილი იგავის არ იყოს. ჩემს ცხოვრებაში უცაბედი ზეასვლა არ მომხდარა, მე ნორმალური დახრის მქონე აღმართზე მიწევდა ასვლა. ყველაფერი გავიარე. აქედან გამომდინარე არ მიჭირს გზის გაკვლევა.

– გადეპუტატება ალბათ, განსაკუთრებულად აღნიშნე.

– ქეიფი ნამდვილად იყო. ეს ქართული ღირებულებების შემადგენელი ნაწილია. როცა ადამიანი წარმატებას მიაღწევს, ეს მეგობრებში უნდა აღნიშნო და ამას ვერც მე „გადავურჩი” (იცინის). საჩუქრები არ მიმიღია, არც ველოდი, მგონი, არც ახლაა დაგვიანებული, რომ მოვითხოვო.

– ძველი ცხოვრებიდან დეპუტატობის გამო რამეს შეელიე?

– სპორტულ ცხოვრებას. არჩევნების გამო ისეთი გიჟური რიტმი მქონდა, სპორტისთვის სად მეცალა! ამიტომაც მოვიმატე წონაში. მაგრამ, სამაგიეროდ, არჩევნების მერე დავიკელი 18 კილოგრამი.

– დიეტის საშოვნელად შორს წასვლა არ დაგჭირდებოდათ, უკვე ახლოს გყავთ გიგი უგულავა.

– მე ჩემი დიეტა მქონდა, რომელიც დიეტოლოგმა დამინიშნა. რაც შეეხება „უგულავას დიეტას” ეგეც გაკეთებული მაქვს, ოღონდ ადრე – სანამ პოლიტიკა დაგვაკავშირებდა ერთმანეთთან. სხვათა შორის, ეფექტური დიეტა იყო, 22 კილოგრამი დავიკელი, მაგრამ მერე უცებ მოვიმატე. ახლა მინდა, რომ ცხოვრების ძველი წესი აღვადგინო: ცურვა, ველოსიპედი. უკვე ვთხოვე მეგობრებს, რომ კარგი, საჩემო ველოსიპედი მაყიდინონ, ჩემი წონის და სიმაღლის გამო, განსაკუთრებული ველოსიპედი მჭირდება.

– მერე ხალხთან უფრო ახლოს რომ იყოთ, სამსახურში თქვენი გიგანტური ველოსიპედითაც შეიძლება სიარული.

– ვიფიქრებ მაგაზე, არაა ცუდი აზრი (იცინის). საღამოს მეგობრებთანაც შეიძლება – ველოსიპედით მისვლა, რესტორანშიც კი. ქეიფი ისეთი რამაა, რაზედაც უარს ვერ ვიტყვი, ისევე როგორც ქართველი მამაკაცების უმეტესობა. ყოველთვის ვცდილობ, ქეიფი ესთეტიკურ საზღვრებში მოვაქციო.

– ანუ, ერთ დღეს ქართლის დედის თასში კიდევ შეიძლება გიხილოთ?

– რატომაც არა. ახლა ამ ახალ სამყაროში ახალი კომპანიონები მყავს, რამდენიმე მათგანი უკვე გამოვცადე. საერთოდ, მე არ ვარ სუფრასთან შეჯიბრების მომხრე. ქეიფი არაა სპორტი, სადაც შეჯიბრება უნდა მოაწყო საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად. ჩემი რეკორდები ხალხს იმდენჯერ აქვს ნანახი, საკუთარი მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე აღარ ვფიქრობ (იცინის).


скачать dle 11.3