როგორ ჩააყენებს ახალი საპროცესო კოდექსი თანაბარ პირობებში განსასჯელსა და გამოძიებას და ვინ იზრუნებს დაზარალებულთა უფლებებზე
1 ოქტომბერს ამოქმედდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელშიც ბევრი საინტერესო ნოვაციაა – ახალი კოდექსის მთავარი პრინციპი საგამოძიებო სტრუქტურასა და ბრალდებულის დაცვის მხარეს შორის შეჯიბრება და თანაბარი პირობებია. საკანონმდებლო ცვლილებებისა და მასთან დაკავშირებული ხარვეზების შესახებ გვესაუბრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, მაია ხუციშვილი.
მაია ხუციშვილი: ის ცვლილებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდა ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს შეიცავს. ტერმინი „წინასწარი გამოძიება” უკვე აღარ არსებობს; სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემთხვევაში, დაიწყება სასამართლო გამოძიება; ის სავალდებულო ფორმა, როგორიც იყო ორთვიანი წინასწარი გამოძიება გაუქმებულია, თუმცა, კვლავ ძალაში რჩება აღმკვეთი ღონისძიება; დაკავების დროს ადამიანს დუმილის, ადვოკატის მოთხოვნის უფლებასთან ერთად, შეუძლია, მოითხოვოს სამედიცინო შემოწმება; ახალი კოდექსით, პრიორიტეტული გახდება თავისუფლების აღკვეთის არასაპატიმრო ღონისძიებები, ამას დაემატება გაუსვლელობის ხელწერილი; 2 000 ლარიდან 1 000 ლარამდე შემცირდა გირაოს მინიმალური რაოდენობა; ახლა გამოძიებას აწარმოებს როგორც საგამოძიებო ორგანო, ასევე, დაცვის მხარეც; ორივე მხარეს, როგორც ბრალდებას, ასევე დაცვას, შეეძლება, მოაგროვოს მტკიცებულებები, ჩაატაროს გამოკითხვა, მოახდინოს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ფოტო და აუდიოგადაღება, ჩაატაროს ექსპერტიზა, ექსჰუმაცია, ნიმუშების დათვალიერება და ასე შემდეგ. ცვლილებებამდე ასე ცალსახად არ ყოფილა გაწერილი დაცვის მხარის უფლებამოსილება: ძველ კოდექსში არსებობდა 129-ე მუხლი, რომლითაც შეგვეძლო, გარკვეული პროცედურების ჩატარება. ახლა, ერთადერთი, რისი გაკეთებაც დაცვის მხარეს ეკრძალება, არის ჩხრეკა, ნივთმტკიცების ამოღება და ფარული საგამოძიებო ქმედებების ჩატარება. ძველ კოდექსში, ჩხრეკასთან და ნივთმტკიცების ამოღებასთან დაკავშირებით, ბრალდებულის დაცვის მხარეს ჰქონდა უფლება, შუამდგომლობით მიემართა გამომძიებლისთვის, ახლა ეს უფლება დაცვის მხარეს აღარ აქვს, რადგან ის თანაბარ პირობებში იმყოფება გამოძიებასთან და აქცენტი შეჯიბრებითობის პრინციპზეა გაკეთებული.
– საკმაოდ ძნელი წარმოსადგენია, რომ სახელმწიფო სტრუქტურა და კერძო პირი თანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ და მათ შორის შეჯიბრება შედგეს, ეს ცვლილებები, ალბათ, უფრო კანონის ლიბერალიზაციისთვისაა, ვიდრე შედეგზე ორიენტირებული.
– რა თქმა უნდა, ეს ასეც არის. მე, როგორც ადვოკატი, ვერ ვიტყვი, რომ, ის პრინციპი, რაც ცვლილებების შემდეგ ამუშავდება, ნამდვილად თანაბარი პირობებისა და შეჯიბრებითობის გამოვლინებაა. ჩვენ ხშირად ვამბობდით, რომ დაცვის მხარე არ იყო თანაბარ პირობებში საგამოძიებო სტრუქტურასთან; რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო პროცესზე ნაკლები ყურადღება ექცეოდა, არ კმაყოფილდებოდა ბრალდებულის დაცვის შუამდგომლობები და ხშირ შემთხვევაში უარი დასაბუთებულიც კი არ იყო. ცვლილებებამდე მოქმედი კანონით, განსასჯელის მხარეს, რა თქმა უნდა, ჰქონდა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების უფლება, მაგრამ ეს დაკავშირებული იყო დიდ ხარჯებთან, ამას გარდა, მას არ გააჩნდა სავალდებულო იურიდიული ძალა. სასამართლოს და გამოძიებას შეუძლია, არ გაიზიაროს ალტერნატიული ექსპერტიზის პასუხი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო სტრუქტურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა უფრო მნიშვნელოვანი იყო ამ შემთხვევებში. დღეს ბრალდებულის დაცვაზე უკვე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ყველაზე დიდი სიახლე, რაც ნამდვილად კარგი სიახლე გახლავთ, ის არის, რომ მოწმე აღარ დაიკითხება სასამართლო გამოძიების დროს და სასამართლოს დაწყებამდე არ არსებობს მისი ჩვენება. მოწმე უნდა დაიკითხოს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოში – ეს გამორიცხავს მასზე ზეწოლას, რაც პრაქტიკაში ძალიან ხშირად ხდებოდა. ადამიანს მოწმის სტატუსი მიენიჭება მხოლოდ სასამართლოზე ფიცის დადების შემდეგ. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ თანაბარ პირობებზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის, მაინც აღმოვაჩენთ საკმაოდ ბევრ ხარვეზს. ახალ კოდექსში გვაქვს ჩანაწერი, როდესაც საგამოძიებო ორგანო ინფორმაციის გამოთხოვით მიმართავს საჯარო დაწესებულებას, მათ აკისრიათ ვალდებულება, რომ ინფორმაცია გასცენ, დაცვის მხარესთან მიმართებაში, ასეთი ვალდებულება, არ დევს. სახელმწიფო ორგანოს ყოველთვის ექნება მეტი ბერკეტი ტექნიკის, ადამიანური და ფინანსური რესურსის მხრივ. შექმნის თუ არა ეს თანაბარ პირობებს – მომავლის საკითხია.
– რაც შეეხება დაზარალებულს, რატომ მოეხსნა მას ცვლილებების შედეგად მხარის სტატუსი? ახალი კოდექსით, დაზარალებულის უფლებებს ვინ იცავს?
– ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ამასთან დაკავშირებით ბევრი განსხვავებული მოსაზრება არსებობს. როცა საპროცესო კოდექსიდან ამოიღეს დაპირისპირების პროცედურა, ამას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, მაგრამ, რეალურად, არანაირი პრობლემები არ შექმნილა. შესაძლოა, იგივე მოხდეს ახლაც. სისხლის სამართალი საკმაოდ რთული პროცესია და როცა მასში სამოქალაქო ნორმებიც შედის, პროცესი კიდევ უფრო რთულდება. ხშირ შემთხვევაში, დაზარალებულის პოზიცია სავაჭროდაც გამოიყენებოდა ხოლმე, მაგალითად, გამოძიება ამბობდა: „თუ არ გააჩუმებ დაზარალებულს, არ გაკეთდება საპროცესო შეთანხმება“. ცვლილების შემდეგ, სასამართლო პროცესზე დაზარალებული აღარ იქნება მხარე, თუმცა, მას დაზარალებულად ცნობენ.
– რისი უფლება ექნება და რა ეკრძალება მას?
– დაზარალებულს აღარ აქვს უფლება, გაეცნოს საქმის მასალებს, მაგრამ, მას აქვს უფლება, ეცნობოს ბრალდებულის ვინაობა; სისხლის სამართლებრივი დევნისა და სასამართლო პროცესის დაწყების შესახებ; მას, ასევე, ეცნობება საქმის არსებითი განხილვის, კასაციის, აპელაციისა და ნაფიც მსაჯულთა შერჩევის შესახებ; სურვილის შემთხვევაში, მას შეუძლია, დაესწროს სასამართლო პროცესსაც. დაზარალებულის უფლებები ახალი კოდექსით შეზღუდულია, რადგან მას აღარ აქვს მტკიცებულებების დამოუკიდებლად მოპოვებისა და შუამდგომლობების დაყენების უფლება.
– დაზარალებულს განაჩენის გასაჩივრება შეუძლია?
– დაზარალებულს შეუძლია, გაასაჩივროს მხოლოდ პროკურორის გადაწყვეტილება სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, სხვა ტიპის ზემოქმედების უფლება არ აქვს. პროკურატურას ეკისრება ვალდებულება, კონსულტაცია გაიაროს დაზარალებულთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით, აქამდე ეს ვალდებულება არ არსებობდა. დაზარალებულს უკვე გამოტანილი განაჩენი საპროცესო შეთანხმებების შესახებ სახლში მისდიოდა, ერთადერთი მუხლი, რაზეც დაზარალებულთან აქტიური მოლაპარაკებები წარმოებდა იყო ავტოსაგზაო შემთხვევები.
– როცა დაზარალებული აქტიურად არაა ჩართული სასამართლო გამოძიებასა და პროცესში, მას ვერავინ დაარწმუნებს, რომ განაჩენი ობიექტური და ადეკვატური იქნება, ახალი კოდექსით არ ხდება ამ ადამიანების უფლებების დარღვევა?
– ეს პროცესუალურად არაა მოწესრიგებული. დაზარალებულს აქვს უფლება, სამოქალაქო სარჩელით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს როგორც მორალური, ასევე ფიზიკური ზიანის ანაზღაურება. ცოტა რთულად გვექნება საქმე ქურდობის შემთხვევებში – სანამ პირს დამნაშავედ არ ცნობენ, გაჭირდება მტკიცებულებების მოპოვება.
– მაგრამ მოქალაქეს სამოქალაქო სარჩელზე აუცილებლად მოუწევს ბაჟის გადახდა.
– ეს ნამდვილად არის პრობლემა. ძველი კოდექსით, სისხლის სამართლის საქმეებიდან წამოსულ სამოქალაქო სარჩელებზე ბაჟი არ იყო გადასახდელი, ახალ კოდექსში კი ეს ნორმა ამოღებულია, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეს ბაჟის გადახდა აუცილებლად მოუწევს.
– რატომ შემცირდა კოდექსში მუხლების რაოდენობა და კიდევ რა ცვლილებებზე მუშაობენ კანონმდებლები საპროცესო კოდექსის 58 მუხლთან დაკავშირებით?
– მუხლების რაოდენობა შემცირდა. ძველ კოდექსში ბევრი მკვდარი ნორმა იყო, ბევრიც – ფართოდ გაწერილი. ნორმათა გარკვეული რაოდენობა ამოღებულ იქნა დროთა განმავლობაში, მაგრამ, მათი თანმიმდევრობა რომ არ დარღვეულიყო, კოდექსში მუხლების რაოდენობა უცვლელი დარჩა, თუმცა, რეალურად, ის მუხლები მოქმედი არ იყო. მაგალითად, წინასწარ გამოძიებასთან დაკავშირებით ამოღებულ იქნა თითქმის ყველა ნორმა. ახალი კოდექსიდან ამოღებულია ბევრი ნორმა, მათ შორის, ნორმები, რომლებიც მოსამართლეებს ეხებათ, რადგან ცვლილებების შედეგად მათი უფლებებიც საგრძნობლად შემცირებულია. მოსამართლე სასამართლო პროცესზე ასრულებს მხოლოდ არბიტრის როლს: ის ისევ უფარდებს აღმკვეთ ღონისძიებას, ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით მართავს შერჩევით სხდომას და განიხილავს საქმეს სასამართლო სხდომაზე, არსებითი განხილვის დროს მსჯელობს დაუშვებელ მტკიცებულებებზე. ახალი კოდექსით, მოსამართლეს აღარ ექნება უფლება, თავისი ინიციატივით მოითხოვოს მოწმის დაკითხვა, თუ მასზე უარი თქვა პროცესზე მონაწილე რომელიმე მხარემ; მოსამართლეს არ ექნება უფლება, შეკითხვები დაუსვას მოწმეს, ერთადერთი გამონაკლისი არის შემთხვევები, რომლებიც უახლოესი მომავლისთვის მზადდება; მოწმე წინასწარ შეიძლება დაიკითხოს მაგისტრ მოსამართლესთან, თუ არსებობს საშიშროება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ან, იმ შემთხვევაში, თუ ის უცხოეთში აპირებს გამგზავრებას.
რაც შეეხება ცვლილებებს, რომლებიც უახლოესი მომავლისთვის მზადდება, შეეხება საკმაოდ ბევრ დასახვეწ ნორმას, მაგალითად: ნივთმტკიცების ამოღება და ჩხრეკა შესაძლებელი გახდება არა მხოლოდ მოსამართლის დადგენილების საფუძველზე; გადაუდებელ შემთხვევებში, გამომძიებელს შეეძლება, ჩხრეკა ჩაატაროს საკუთარი დადგენილების საფუძველზე. ახალ კოდექსში სასამართლოში დაკანონებაზე მიმართვის დროდ გაწერილი იყო თორმეტი საათის მოცულობით, მომავალში კი ეს ვადა 24 საათამდე გაიზრდება; აქამდე ირიბი ჩვენებაც მიიჩნეოდა მტკიცებულებად, მაგრამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ჩვენება დამტკიცდება სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, ახლა კი სიტყვა „ერთობლიობა“ ამოღებულია და, როგორც ჩანს, ერთი მტკიცებულებაც საკმარისი იქნება ირიბი ჩვენების გაზიარების შემთხვევაში. ეს ბრალდებას მეტი ლავირების საშუალებას მისცემს. ახალი კოდექსით, აღარ იმუშავებს ტერმინი „მოსამართლის შინაგანი რწმენა,” როცა მოსამართლეს განაჩენი გამოჰქონდა შინაგანი რწმენის საფუძველზე, ახლა ეს ტერმინი მხოლოდ ნაფიც მსაჯულებს დაუტოვეს.