კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გათხოვდა თუ არა ნატო გელაშვილი მეორედ სამაგიეროს გადახდის მიზნით და წავა თუ არა ის მონასტერში


საქართველოში, ალბათ, ვერავინ იტყვის ნატო გელაშვილზე, რომ არ უყვარს, როგორც ლამაზი სიმღერების ავტორი, მაგრამ, რა ხდება მის ცხოვრებაში, რა დარდი და ნაღველი შეიძლება ტრიალებდეს მის გულში, არავინ იცის. „ტკივილით და სევდით სავსე ქალი ვარ“... – ეს სიტყვები მისი სიმღერიდანაა და, ალბათ, ბევრმა არც იცის, რომ ამ მშვენიერი ქალბატონის სიმღერებს საფუძვლად თავისი ცხოვრების პატარ-პატარა რეალური ამბები უდევს. ნატო სწორედ თქვენ, მის თაყვანისმცემლებს, გულახდილად გესაუბრებათ პირად ცხოვრებაზე.


– ყველას, მათ შორის მეც, ძალიან მაინტერესებს, როგორია თქვენი ცხოვრება სცენის მიღმა?

– სანამ თვითონ არ გავხდი ამ სამყაროს ნაწილი, მთელი ცხოვრება მეც ასე მეგონა, ვინმეს რომ დავინახავდი ეკრანზე, რომ ესენი მარტო მღერიან და იმაზე ფიქრობენ, რა ჩაიცვან და როგორ გამოიპრანჭონ-მეთქი. ამიტომ, მინდა, ჩვეულებრივ ქალბატონებს, ვინც არ არის პოპულარული, ვუთხრა, რომ გული არ დასწყდეთ. ესეც ერთი ხელოვნების ჩვეულებრივი სფეროა, თავისი დიდი და ყოფითი პრობლემებით. მეც მაქვს ჩემი განცდები: დედაზე მაქვს სანერვიულო, მამაზე, ძმაზე, შვილებზე, ცალკე – ჩემი სულიერი მდგომარეობა. არ არსებობს პერიოდი, როცა ვიღაცის გამო განსაცდელში არ ვარ. უფალი ყოველთვის მიგზავნის იმ განსაცდელს, რასაც ყველა გადის. ხან ძალიან მძიმედ გადამაქვს, ხან – შედარებით მსუბუქად.

– მე უფრო მძიმე პერიოდები მაინტერესებს, ვიდრე შედარებით მსუბუქი.

– როცა თავს მძიმედ ვგრძნობ, შეიძლება, ხუთი თვე გავიდეს და სახლიდან ფეხი არ გავადგა. ყველაფერზე სრულ იგნორირებას ვაკეთებ, ჩემს ოთახში ვიკეტები, საერთოდ არაფერი მაინტერესებს. მინდა, რომ მთელ სამყაროს გამოვეთიშო. იყო ასეთი პერიოდი, როცა დედა ლამის ხელში ჩამაკვდა. გაჟონვა ჰქონდა და საავადმყოფოში მომაკვდავი დავაწვინე. მეგონა, მარტო მე ვუშველიდი. ისიც ჩემზე იყო ჩაბღაუჭებული. მეც მივხვდი, რომ ჩემს იქით გზა არ იყო. თითქმის საავადმყოფოში ვცხოვრობდი. როდესაც უკვე ფეხზე დავაყენე, მერე მე მოვწყდი – დაუმართებელი დამემართა. თუმცა, როდესაც ტელეფონით ვურეკავდი, ძლიერი ვიყავი. ვცდილობდი, თავი ისე დამეჭირა, რომ მას არაფერი შეემჩნია. მახსოვს, სამჯერ გამოვუცვალეთ მანქანას აკუმულატორი, იმიტომ, რომ საერთოდ არ დამიქოქავს. ადამიანი უცებ რომ დაიკლებს ორმოცდაათ კილოს და მისუსტდება, ასე ვიყავი. ფიზიკურადაც არ მქონდა ძალა. მეზობლები, მეგობრები, ყველა მეკითხებოდა, რა გჭირს, რატომ არ გამოდიხარ გარეთო, მაგრამ, ვერ მერეოდნენ. ბოლოს ისევ ჩემმა რწმენამ და ძალამ გამომიყვანა. მივხვდი, რომ ამქვეყნად ვიღაცას კიდევ ვჭირდები. ასეთ დროს უფალთან ვსაუბრობ, მთელი არსებით იმ სამყაროში ვარ. არის მომენტები, როცა როიალს საერთოდ თავს არ ვხდი, ან, პირიქით, მუსიკით გამოვდივარ. ათ კილოგრამს ისე ვიკლებ ხოლმე, როგორც არაფერი. ოჯახის წევრები მაძალებენ, ჭამე, თორემ, დავარდებიო. ერთადერთი, ვისთანაც ვცდილობ, რომ დავარდნილი არ ვიყო, ჩემი შვილები არიან. ყოფილა შემთხვევები, როცა ბიჭების თვალებში შიში დამინახავს.

– როცა ქმარს გაშორდით, ალბათ, მაშინაც ასე იყავით?

– თუ დამიჯერებ, ორი წელი ვერ გამოვედი მდგომარეობიდან. ოჯახია, ასე ადვილი ხომ არ არის, წახვიდე, წამოხვიდე. დღემდე იმას ვამბობ, უფალო, გთხოვ, ეს ადამიანი ჩემზე კარგად ამყოფე-მეთქი. არ მინდოდა, რომ დაცემული მენახა. მინდოდა, მეც და მასაც ძალები გვენახა ჩვენს თავში. თან, ისეთ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, რომ ჩემთვის ოჯახის დანგრევა წარმოუდგენელი ტრაგედია იყო. შეიძლება, ჩემს შემთხვევაშია ასე, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ემოციური ადამიანი ვარ – ყველაფერი ძალიან მტკივა, ძალიან მიხარია, ჩემში ემოციები გაორმაგებულია. აი, მაშინაც იგივე მომენტი მქონდა, რომ საერთოდ არაფერი მინდოდა, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის გარდა. ძალიან ხშირად, შეიძლება, ვიჯდე მაგიდასთან და, ისე გავიდეს რამდენიმე საათი, რომ არ ავდგე, მაგრამ, კონკრეტულ რაღაცეებზე არ ვიფიქრო. მაშინ არაფერზე ვფიქრობდი. მხოლოდ ჩემი ახლობელი ადამიანების შემდგომ მდგომარეობას განვიცდიდი. ჩემი ტვინი შვილებზე იყო გადართული. მე უკვე მათთვის უნდა შემექმნა სამყარო, სადაც სიცარიელე არ ექნებოდათ და მელოცა, რომ მამა ჰყოლოდათ კარგად. უფროსებს შორის, შეიძლება, ყველაფერი მოხდეს, მაგრამ მშობელს ვერავინ შეცვლის. არასდროს მქონია მტრული დამოკიდებულება ან სამაგიეროს გადახდის გრძნობა – ეს თვისება ჩემში არ ზის. რომ დავარდები, დაღლილი, დაცლილი და ძალების აკრეფას იწყებ – ასე ვიყავი. დატვირთვა სხვა რამეზე გადავიტანე. წიგნი დავწერე და გამოვუშვი – „სევდისფერი ქალი“. იმ პერიოდმა წიგნი მაჩუქა. ხვდები? რაღაცა ყოველთვის რაღაცით იცვლება.

– დეპრესიაში დროის დაკარგვას, არ ჯობდა, საკუთარ თავში ძლიერი ქალი გეპოვათ და კონკრეტული ნაბიჯებით გემოქმედათ ახალი ცხოვრების დასაწყებად თუ არა, ძველი სიყვარულის დასაბრუნებლად მაინც. ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ჩვენს ცხოვრებას რამდენი გრადუსით შემოვატრიალებთ?

– სულიერი სამყარო არ გეკითხება, რა გინდა იმ წუთას. კი, ძალიანაც მინდოდა, თავს მოვრეოდი და მაგარი ქალი მეპოვა ჩემში, მაგრამ, ვერ ვიპოვე და დავვარდი. თუმცა, შვილებთან ყოველთვის ვცდილობ, ძლიერი დედა ვიყო. მაგრამ, ყოველთვის, როცა ასეთ მდგომარეობაში ვარ, გავრბივარ – გაქცევაშია ჩემი შველა. ვიღებ ბილეთს და სადმე მივფრინავ. არავის ვურჩევ და, უფალს ვთხოვ, ყველა დაიფაროს ამისგან, რადგან მართლა მძიმე გადასატანია. თუ არჩევანზეა, მირჩევნია, რაც გატეხვამდე იყო, ის გავაგრძელო, ვიდრე გატეხილი შევაწებო – ჯობია, ის ადამიანი მოგონებად დარჩეს. საერთოდ, ისე უნდა იცხოვრო, რომ ბზარამდე არ მიხვიდე.

– როგორ ააწყვეთ მარტომ ცხოვრება თავიდან. ორ შვილთან ერთად არ გაგიჭირდათ?

– 16 წლიდან დამოუკიდებელი ვარ, ამიტომ, ეს იმდენად არ მაწუხებდა. არასოდეს ვყოფილვარ ვინმეზე დამოკიდებული. ძალა იმისთვის, რომ ბიჭები გამეზარდა, ნამდვილად მყოფნიდა. ჩემში მოვძებნე ის ნატო, მარტოხელა დედის ფორმით და ცხოვრების გზა ძალიან დაწყნარებულმა და დალაგებულმა გავაგრძელე. მორწმუნე ადამიანი ვარ და, როცა ადამიანს გწამს, მგონია, რომ უფალი ნათელ გზას აუცილებლად გიჩვენებს. მე არ ვიყავი პატარა და ამჩატებული გოგო, რომელმაც რაღაც გაუთვითცნობიერებლად გააკეთა. საკმაოდ ჭკუადამჯდარი და აზრზე მოსული ვიყავი. რადგან ეს ნაბიჯი გადავდგი, ალბათ, ასე იყო საჭირო. ვგრძნობდი, რომ უნდა მეცოცხლა, იმიტომ რომ, ბავშვები, გიორგი და ლუკა, პატარები იყვნენ. შეიძლება, ხუთი წლის შემდეგ სიკვდილისაც არ შემეშინდეს, რადგან, ასე თუ ისე, ბიჭები ფეხზე დაყენებული მეყოლება. იმ ასაკში გავაჩინე შვილები, როცა მინდოდა მყოლოდა და ყველანაირ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. დღეს მე ჩემს შვილებს ჯანმრთელი ვჭირდები, რომელიც მათ ცხოვრებას ჯერ კიდევ რაღაცით გაუკვალავს და დაეხმარება.

– ვახოზე გათხოვება თქვენთვის გამოსავალი იყო? ხშირ შემთხვევაში, როცა მეორედ გათხოვების გადაწყვეტილებას იღებენ, მაინც ბოლომდე არ არიან დარწმუნებული, რომ, „იმან“ თუ არა, „ეს“ მაინც გაამართლებს.

– ეს ყველაფერი ვახოს დიდმა სიყვარულმა გადამატანინა, რომელთანაც კითხვის ნიშანი არ გამჩენია. მე დავეყრდენი სუფთა და ალალ გრძნობას. მივხვდი, რომ კიდევ ერთი ადამიანისთვის ვიყავი საჭირო და მომეცა იმედი, რომ ვიღაცას კიდევ ძალიან ვუყვარდი. სიმართლე გითხრა, რომ დაფიქრდე, საერთოდ არ უნდა გათხოვდე. მშვიდი ცხოვრება თუ გინდა, მონასტერშია, სადაც აბსოლუტური სამოთხეა და უფალს ეკუთვნი. მონასტრიდან როცა გამოვსულვარ, ბევრჯერ მითქვამს მონაზვნებისთვის თითქოს ჩემი სული აქ რჩება-მეთქი. ჭიშკრის იქით ვტოვებ ყველა სიმშვიდეს და რეალურ ქაოსში გამოვდივარ.

– თუმცა, როგორც ვიცი, ბარიერები აქაც დაგხვდათ, თუნდაც ის, რომ მას ცოლ-შვილი ჰყავდა.

– არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ, ამისთვის ვიბრძოდი. მაგის არც ძალა მქონდა და არც სურვილი. საერთოდ არ ვიყავი მზად ოჯახის ხელმეორედ შექმნისთვის. ეს იყო ვახოს პრობლემა, ამ ადამიანმა თვითონ გადადგა ეს ნაბიჯი. ნამდვილად არავისთვის არ ამირევია თავგზა. ნაბიჯს პირველად არასდროს ვდგამ, გამორიცხულია, არ შემიძლია, ქალების ამ კატეგორიას არ მივეკუთვნები. არ მაქვს უფლება, ჩემი სიყვარულით ვიღაცას რაღაც დავუნგრიო. კი, რა თქმა უნდა, ეს მოხდა, ოჯახი დაინგრა, მაგრამ, არა ჩემ გამო. მე ეს არ მინდოდა და ამისთვის არ მიაქტიურია.

– მოდი, იმ ყოფით პრობლემებზეც ვისაუბროთ, რასაც ყოველდღე ვაწყდებით. ალბათ, დღეს ძალიან ბევრი ვერ იტყვის, რომ არ უჭირს ლუკმა-პურის, შვილების სწავლის, ჩაცმის თუ კომუნალური გადასახადებისთვის ფულის შოვნა.

– ჩემთვის შინაგანი მდგომარეობა ბევრად უფრო ამაღელვებელია, ვიდრე ფინანსური. შეიძლება, საფულეში ათი ლარი მედოს, მაგრამ, იმის რწმენა მქონდეს, რომ ღმერთი ასე არ დამტოვებს და რაღაცას გადმომიგდებს. ჩემი შვილებიც ასე გავზარდე: მათ იციან, რომ, თუ გვიჭირს, გვიჭირს ყველას ერთად. ამიტომ, მოთხოვნილებები არ იზრდება. რომ ვიტყვი, რომ პრობლემა მაქვს, გაჭედილი ვარ, – ამას ჩვეულებრივად იღებენ. ბევრჯერ მქონია ფინანსური ჩიხი, მაგრამ მშვიდად გადაგვიტანია, ამაზე ტრაგედიას არ ვქმნით. კონცერტი დამიგეგმავს, კრედიტი ამიღია, ძალიან მიწვალია, მაგრამ, ეს ჩემთვის არ ყოფილა დამანგრეველი. ბავშვებისთვის მითქვამს ხოლმე: დღეს მე შეიძლება ვერ მოგცეთ სკოლის ბუფეტისთვის ფული, მაგრამ, რა მოხდა, ხვალ გვექნება... რა თქმა უნდა, ხშირად ყოფილა ასეთი მომენტები, მაგრამ ეს არავის გაუგია.

– დღეს თქვენი სიმღერები ყველას, უყვარს, მაგრამ, შემოქმედების დასაწყისში თუ გესმოდათ, რას ჭორაობდნენ კულისებში თქვენზე, როგორ შეხვდებოდნენ და მიიღებდნენ შოუ-ბიზნესში ქალაქური სიმღერების ავტორს?

– ალბათ, ესეც უფლის ნებით მოხდა, რადგან მე ამ ქალაქში ვიყავი აბსოლუტურად მარტო (ნატო გელაშვილი ბორჯომელია – ავტორი), ამ ქალაქისთვის უცხო. გზადაგზა შემხვდნენ მადლიანი ადამიანები, რომლებმაც პატარ-პატარა გამონათებები მომცეს. ასეთი ადამიანი იყო სამუსიკო ტექნიკუმში ჩემი პედაგოგი კოტე მშვიდობაძე, რომელმაც მითხრა, შენ ყველაფერს შეძლებო და ასეც მოხდა. აბსოლუტურად მოუმზადებელი, რეპეტიტორის გარეშე, მაღალი ქულებით მოვეწყვე კონსერვატორიაში. ვერ გეტყვი, რომ იოლად მოვედი ან იოლად ვაგრძელებ რაღაცას, მაგრამ, არც ამისთვის მიბრძოლია. არასოდეს მქონია რაღაცაზე პრეტენზია. ეს სიმღერები, შეიძლება, ვიღაცის ოჯახში ისე შეპარულა, რომ არც სცოდნიათ, ჩემი იყო თუ სხვისი. არც იმისთვის მიბრძოლია, რომ ვიღაცას ვყვარებოდი ან „კარგი გოგოს“ როლი მეთამაშა. სცენას უხდება თამაში, თუნდაც, ჩაცმით, მანერით; შეიძლება, ნიჭი არ გქონდეს, მაგრამ უნდა წერონ, რომ პოპულარული გახდე... თუ ვინმეს ვეყვარები, ვუყვარდე ისეთი, როგორიც ვარ – ჩემი ტკივილით, ჩემი გაჭირვებით, ჩემი იმ ჩაცმულობით, რომელიც მაქვს და არ არის „შიკი“ და „ბლესკი“. ვერ შევიცვლები და არც შევიცვლები. ჩემთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვჩანვარ თუ არა მუდმივად ეკრანზე და ჟურნალის ფურცლებზე – ამ განსაცდელისგან მართლა დამიფაროს ღმერთმა. ყველა მეცოდება, ვისაც ეს ემართება. იმ აზრსაც მიჩვეული ვარ, რომ, შეიძლება, ხვალ გაიღვიძოს ნატომ და ვერაფერი ვეღარ დაწეროს. მადლობა მინდა ვუთხრა უფალს იმისთვის, რაც აქამდე დამაწერინა. მერე ძალიან მშვიდად წავალ სცენიდან. მოვა ეს დრო ჩემს ცხოვრებაში, როცა ვეღარ დავწერ. ცხადია, თავიდან რომ ვიწყებდი, რაღაც მითქმა-მოთქმა იქნებოდა, რადგან, უცებ გამოჩნდა ქალი, რომელიც განსხვავებულ სიმღერებს წერს. იყო ისეთი მომენტიც, რომ, სანამ ნატო არ გახდა ცნობილი, მომღერლები უარს ამბობდნენ, როცა მათ ჩემს სიმღერას სთავაზობდნენ. ცნობილი რომ გავხდი, თვითონ მეხვეწებოდნენ – ეს ჩამაწერინე, ის ჩამაწერინეო... ასეთია ცხოვრება და არაფერი მიკვირს. მე არ ვცხოვრობ შოუ-ბიზნესის კანონებით, ღრმად არასდროს ვიჭრები სხვის ცხოვრებაში და არც ჩემთან ვუშვებ სხვას დიდი დოზით, არ ვერევი ფლირტებსა და ინტრიგებში. ყველასთვის დამითმია შოუ-ბიზნესი. წელიწადში ერთხელ რაღაცას ჩავწერ და გავაჟღერებ – ეს აბსოლუტურად ჩემია და არავის საქმე არ არის.


скачать dle 11.3