რისგან მიიღო ნატო დუმბაძემ პირველი შოკი და ვის არ სჯერა მისი ცრემლების
ნატო დუმბაძე ქართულ საესტრადო ბაზარზე რომ ყველაზე გამორჩეული სახეა, ამაზე უკვე აღარავინ დავობს. მის სახელთან არის დაკავშირებული უამრავი წარმატებული სახე, პროდუქტი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოეთში. დღეს ნატო ქართულ შოუ-ბიზნესში აქტიურად თითქოს აღარ ჩანს, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ პროდიუსერს ძალიან საინტერესო გეგმები ჰქონია.
ნატო დუმბაძე: მართლა ძალიან ცხელი და საქმიანი ზაფხული მქონდა და ამჯერად ეს საქმიანი პერიოდი ჩემს შვილს ეხებოდა – გამოცდებს აბარებდა, ოღონდ, პრაღაში, რაც საკმაოდ დიდ თავის ტკივილთან იყო დაკავშირებული, თავისი საბუთების მოგროვებითა და ამბებით. ისეთი დაკავებული ვიყავი, თითქოს დიდ დარბაზში კონცერტს ვაკეთებდი – დაახლოებით იგივე მასშტაბები იყო. ჩააბარა პრაღაში, ანგლო-ამერიკულ უნივერსიტეტში, სხვათა შორის, ჟურნალისტიკურზე.
– არ გაგიჭირდა გაშვება? ვიცი, რომ შენი შვილებისთვის მხოლოდ დედა კი არა, ყველაფერი ხარ, მათ შორის – პროდიუსერიც.
– სხვათა შორის, მართლა ვიყავი მისი ბანკეტის პროდიუსერი, რა თქმა უნდა, ავთო ცქვიტინიძესთან ერთად. მივაღწიე იმას, რომ მთელი თბილისი მირეკავდა და მეუბნებოდა: რაც ამდენი ხანია, არ ჩანხარ, ყველაფერი შენს შვილში ჩაგიდევს, ისეთი ლამაზი იყოო. მიხარია, რომ მის ცხოვრებაში კარგი პერიოდი იყო, რომელიც გამოცდების ჩაბარებით დასრულდა. რაც შეეხება გაშვებას, სოფო ერთი წელი სტამბულში სწავლობდა და მოსამზადებელი პერიოდი, როგორც დედას, გავლილი მქონდა. მართლა მიჭირს ჩემს შვილებთან ამხელა მანძილზე ყოფნა, მაგრამ ეს მათ სწავლას ეხება. სულ მოკედლებულები იყვნენ ჩემზე და მივხვდი, რომ ეს არასწორია. თუ მინდოდა, რომ ბედნიერები ყოფილიყვნენ, დამოუკიდებლად ფრენა უნდა ესწავლათ. თვითონაც გაუჭირდა ერთი წელი იქ ყოფნა, მაგრამ, ამის შედეგად უფრო მობილიზებული, დამოუკიდებელი გახდა. ყოველდღიური კონტაქტი მაქვს სკაიპით და სულ მეუბნება: „დეე, მომენატრე“!.. მე კი ვპასუხობ, რომ ეს შენი მომავალია. შენ შენი მომავალი აკეთე და მე გვერდში დაგიდგები-მეთქი.
– საკუთარ თავზე რას იტყვი, უნდა მოგეხმარა მთელი ძალები, გამოცდილება და კავშირები ქართული შოუ-ბიზნესისთვის თუ, ჯობდა, მოსკოვში დარჩენილიყავი?
– მქონდა კიდეც არაერთი შემოთავაზება, რომ დავრჩენილიყავი იქ და ქართველი მომღერლების იქაურ პერსპექტივებზე მემუშავა, მაგრამ, მოსკოვი არ არის ჩემი ქალაქი, იქ უდიდესი მასშტაბებია. უფრო მეტად შემიძლია ჩემი ძალების კონცეტრაცია და ქართველი მომღერლების პოპულარიზაცია, მაგალითად, პრაღაში. მივხვდი, რომ ის უფრო თბილია ჩემთვის, უფრო პატარა მასშტაბებია. მოსკოვში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, თავიდან, რა თქმა უნდა, დამეხმარებოდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც შენ უნდა დაიმკვიდრო თავი იმ „ცივ კლიმატში“, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, რომელიც იქ გხვდება. მოსკოვს ცრემლების არ სჯერა! მეგობრების გარემოცვაშიც კი ვგრძნობდი თავს სულიერად მარტო. „ოღონდ მოსკოვი არა!“ – აი, ასეთი განწყობით ვარ დღემდე. შეიძლება, ამ დეპრესიას დროთა განმავლობაში გაევლო, მაგრამ, არ მინდოდა, რამდენიმე წელი დამეკარგა იმის ცდაში, გამივლიდა თუ არა ეს მდგომარეობა. ჩვენთან ყველაფერი ახლოსაა, მჭიდრო მეგობრობაა. ეს კი ნიშნავს, რომ ადგე და ცხოვრება რადიკალურად შეცვალო. იქ, სადაც საცობი ორსაათ-ნახევარია, ჩემი გონება ისეთი დამშვიდებული არ არის, რომ ამას გაუძლოს. თუმცა, ჩემი მეგობრები იმდენად არიან ჩართულნი ამ რიტმსა და სისტემაში, რომ გადასარევად აქვთ აწყობილი ყველაფერი.
– შემოქმედებითი ციებ-ცხელება, ღამეების თენება იდეებზე საუბარსა და ფიქრში არ გენატრება?
– როგორ არ მენატრება! ამას წინათ, ქეთა თოფურიას დაბადების დღეზეც ვიხსენებდით ჩემთან გათენებულ ღამეებს, ათას გიჟურ და რეალურ აზრებს, რომელსაც თამამად „დავაბერტყებდით“ ხოლმე. მაგრამ ახლა ეტყობა, სოფოს წასვლამ სხვა მხრივაც გამოიღო შედეგი, რადგან დღე და ღამე ვფიქრობ ქართველი მომღერლების იქ პოპულარიზაციაზე. წელიწად-ნახევარია, ჩემი ფიქრი და იდეა უკვე ამ ნაწილზეა გადასული. რატომ არ ვქმნი პროდუქტს – ამაზე გვისაუბრია და მოკლედ ვიტყვი: არ გვაქვს მუსიკალური არხი, რომელზეც ამ ჩემს პროდუქტს გამოვფენ.
– საინტერესოა პრაღისთვის ქართული სიმღერა? ფოლკლორს არ ვგულისხმობ.
– სხვათა შორის, აინტერესებთ. რაც მოვასწარი, გავიკითხე და მივხვდი, რომ მათთვის საინტერესოა ქართველი მომღერლების იქ ნახვა. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ფინანსებამდე მიდის. რამდენიმე კლუბში მქონდა შეხვედრა, ვნახე პირობები და, აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა ბუბა კიკაბიძეზე, ნანი ბრეგვაძეზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება, რომ აუხლოეს მომავალში მათი კონცერტი დაიგეგმოს. ბატონ სოსო აბზიანიძესთან უკვე მქონდა საუბარი, მიმდინარეობს მოლაპარაკება უკვე არა მხოლოდ პრაღაზე, არამედ, შესაძლოა, გერმანიის ოთხ ქალაქშიც დაემატოს კონცერტები. ეს ბევრად საინტერესოა ამ ეტაპზე ჩემთვის. ასე რომ, არ ვჩერდები, ვმუშაობ. როცა გაკეთდება და თქვენც გააშუქებთ, მერე ვიტყვი, რომ შედგა და განხორციელდა ყველა ჩემი იდეა. ეს მაინც ევროპაა და ყველაფერი ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად ხდება.
– ახალგაზრდებზე რას ფიქრობ?
– მათზეც ვფიქრობ (იცინის). ამწუთას, მაგალითად მიმდინარეობს მოლაპარაკება კლუბებში „სტეფანესა და სამი გოგოს“ კონცერტებზე, მაგრამ მივედით ფინანსებამდე. იქ საუბარი არაა დიდ თანხაზე, რომლის მოძიების პროცესშიც ვართ ამჟამად.
– შენთან არ წუწუნებენ, ნატო გვიშველე, რამე გააკეთეო?
– კი, როცა ქალაქში ვარ. მაგრამ, ასეთ დიდ კონცერტებს სპონსორის გარეშე ვეღარ მოვერევი. გაუმჯობესდა პირობები. აპარატურას რომ თავი დავანებოთ, ყველა დარბაზში ყინავდა და ასეთ სიტუაციაში გვიწევდა მუშაობა, მაგრამ, ამასთან ერთად, ხარჯებიც გაიზარდა. ჩვენ ისეთ პირობებში გვიმუშავია, ისეთი ომები გვაქვს გამოვლილი, აღარაფერი გაგვაკვირვებს. შეიძლება, შუქი წასულიყო და კონცერტზე, ორი გენერატორით მივდიოდით (იცინის).
– სულ მოცული ხარ ბავშვების თემით, მაგრამ, ისინი დაფრთიანდნენ, სხვადასხვა ქვეყანაში სწავლობენ. საქმის პარალელურად, მითხარი, ნატო დუმბაძის ცხოვრებაში რა ხდება?
– მათ ჯერ კიდევ ვჭირდები (იცინის). ალბათ, მერეც არ მოვისვენებ, ისევ რაღაცას გამოვიგონებ, გამოვძებნი საქმეს. როგორი დაკავებულიც არ უნდა ვიყო, არ ვჩერდები, გონებრივი შრომა იქნება ეს ინტელექტუალური, ამ ყველაფერს ვალაგებ და, მინდა, წყნარად, მშვიდად, ისე, რომ ხელი არავის შევუშალო, მივაღწიო ჩემს მიზანს. ერთ პროექტს კი ყოველთვის მეორე მოსდევს. აუცილებლად განვახორციელებ ჩემს ყველა ჩანაფიქრს.
– პრობლემებთან გამკლავება მარტოს გიწევს?
– მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მითქვამს, შოუ-ბიზნესში დაუნდობელი რაღაცეები ხდება-მეთქი, მაინც არასდროს ვიბრძვი, თითქოს ცხოვრება თავისით ფილტრავს ყველაფერს და ყველას თავის ადგილს უჩენს. არასდროს არავის ვვნებ, არ ვჭორაობ, არ მიყვარს სხვისი ცხოვრების გაქექვა და სხვისი იდეების მოპარვა. სწორი და მართალი ცხოვრებით ვცხოვრობ. სხვათა შორის, გარედან ყოველთვის პირიქით ჩანდა. თუ გახსოვს, სულ იმას ამბობდნენ: ნატო... ვერავის ვერ ეკარება... საშინლად მკაცრი და დაუნდობელია... მაგრამ, მერე ხვდებიან, რომ არავისთვის არაფერი დამიშავებია, ჩემი კონკრეტული გზა მაქვს არჩეული, ამიტომ, კარგი თუ არა, ცუდი ნამდვილად არავისთვის გამიკეთებია. ამდენად, ცხოვრება უფრო მიადვილდება. არ ვაქცევ ყურადღებას სხვების ჭორებს, არ ვარ ის ადამიანი, ვინც დარეკავს და რაიმე ჭორის გამო ვინმეს გამოლანძღავს. მე ჩემი კონკრეტული გზა მაქვს და ამ გზით დავდივარ. რაც შეეხება სიმარტოვეს, ამას უკვე შევეჩვიე და არ მიჭირს. კარგია, როდესაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთგული თანამოაზრე გყავს, რომელსაც უზიარებ შენს ოცნებებს, ფიქრებს, გეგმებს, წარმოდგენებს, საქმიან იდეებს, მაგრამ, მივეჩვიე მარტო ფიქრს (იცინის). როცა უკვე საქმე საქმეზე მიდგება, მერე ჩემს პროფესიონალ მეგობრებს ვურეკავ სასწრაფოდ, ერთმანეთს ვხვდებით, ისევე, როგორც ადრე, ვმსჯელობთ რამდენად რეალურია ესა თუ ის იდეა და მათ რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ.
არავისზე არასდროს დამოკიდებული არ ვარ. ნატო ყოველთვის თავის საქმეს აკეთებს, მომღერალი – თავისას და მთელი ჯგუფი, რომელიც ამა თუ იმ პროექტზე მუშაობს, აბსოლუტურად ერთსულოვანია. როცა ჯგუფი პროფესიონალია, იქ განხეთქილება არ არსებობს.
– ახალ „პროდუქტებს“ არ უჩნდება ხოლმე ამბიცია?
– კი, როგორ არა. ზოგს მხოლოდ პოპულარობა უნდოდა, მიაღწია და წავიდა; ზოგს ჩემი გვერდში დგომით ბევრისთვის მიუღწევია; ზოგს თავში უვარდება – ეს „ვარსკვლავურიც“ არსებობს. მაგრამ, შემდგომ ყველაფერი იფილტრება და, საბოლოოდ, საკუთარ თავთან დარჩენილები, ხვდებიან, რომ ზედმეტად „აუვარდათ“, რომ ეკარგებათ ადგილი, გარკვეულ სიცარიელეში რომ რჩებიან და ისევ ნატო ახსენდებათ. მაგრამ, მიხარია, ეგეც დასაფასებელია – კიდევ თუ ახსენდებათ (იცინის). დანარჩენი მე არ მაღელვებს. პირველად შოკი მივიღე. იმდენად სხვა გარემოში ვარ გაზრდილი, იმდენად ჩემი კოდექსები მაქვს ადამიანობასთან, მეგობრობასთან დაკავშირებით, რომ გავოგნდი, მაგრამ, მერე იმუნიტეტი გამომიმუშავდა და თითქმის აღარაფერი მაკვირვებს.