რატომ დაკარგა რუსეთმა საქართველოსადმი ყოველგვარი ინტერესი და რა ახალ დღის წესრიგთან შეგუებას სთავაზობს კრემლი თბილისს
რუსულ-ბელორუსული ომის მიუხედავად, ბელორუსი დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ძალებს უთავკაცებს (ალბათ, პრინციპით, ცოლ-ქმრის ჩხუბი სულელს მართალი ეგონაო), აზერბაიჯანი და საქართველო (ისე, რომ არავინ დაინტერესებულა საქართველოს მოსახლეობის აზრით) თითქოს კონფედერაციის შექმნისთვის ემზადებიან. ამასობაში თურქეთ-რუსეთი კავკასიაში გავლენის სფეროებს ხელახლა ინაწილებენ, ამერიკა კი ერაყიდან და ავღანეთიდან აპირებს წასვლას. თუ რუს პოლიტოლოგ ალექსანდრ დუგინს ვერწმუნებით, საქართველოსთვის არავის ცხელა. მის ამჟამინდელ მოსაზრებებში არცთუ უმნიშვნელო კორექტივებია. ერთად შევეცადოთ ნათქვამს მიღმა დაფარული გზავნილების ამოკითხვას.
– ალექსანდრ გელიევიჩ, მიუხედავად ბელორუს-რუსეთის დაძაბული ურთიერთობისა აღმოჩნდა, რომ ბელორუსი დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ძალებს უხელმძღვანელებს. ეს როგორ?
– ჯერ ერთი, პოლიტიკაში არსებობს მცირეხნიანი და ხანგრძლივი ციკლები. გრძელვადიან პერსპექტივაში ბელორუსი არის ერთიანი სახელმწიფო რუსეთთან. ამ დოკუმენტს ხელი მოაწერეს პრეზიდენტებმა და რატიფიცირება მოახდინეს ბელორუსისა და რუსეთის პარლამენტებმა და ეს სავსებით ლეგიტიმურია, რუსი და ბელორუსი საზოგადოებების ურთიერთობებიდან გამომდინარე. მეორე, არსებობს კოლექტიური უსაფრთხოების ძალების მართვის გარკვეული წესი და მის ხელმძღვანელებს სიმბოლური დატვირთვა აქვთ. სამხედრო თვალსაზრისით, ეს საკმაოდ ასიმეტრიული სტრუქტურაა: 99 პროცენტი რუსეთისაა, ერთი პროცენტი კი – დანარჩენების. კონფლიქტი ლუკაშენკოსა და პუტინ-მედვედევს შორის არ არის კონფლიქტი ბელორუსსა და რუსეთს შორის. რუსეთი და ბელორუსია არსებობენ ერთსა და იმავე გეოპოლიტიკურ პარადიგმაში, ეს არის სახმელეთო გეოპოლიტიკური ორიენტაციის ევრაზიის ქვეყნები, რომლებსაც ჰყავთ გლობალური ოპონენტი – ატლანტიზმი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს სახით და აქვთ სერიოზული წინააღმდეგობა ერთმანეთთან. რუსეთი თავისი გეოპოლიტიკური პოზიციიდან ვერსად წავა, ბელორუსიას კი არ უნდა წასვლა ევრაზიის გეოპოლიტიკური მოდელიდან. ასე რომ, რუსეთისა და ბელორუსის კონფლიქტი არ ნიშნავს, რომ მინსკი ამოვარდება ევრაზიის ორბიტიდან. ამას, ჩემი აზრით, ყურადღებით უნდა მოეკიდონ ქართველებიც: აი, ნახეთ, ბელორუსს აქვს პრეტენზიები რუსეთთან. გასაგებია, რომ ამ კონფლიქტს ქართველები უყურებენ ბელორუსის და არა რუსეთის პოზიციიდან. მოკლედ, ბელორუსებსა და რუსებს, უფრო ზუსტად, ლუკაშენკოსა და პუტინ-მედვედევს პრობლემა აქვთ. ლუკაშენკოს აქვს რამდენიმე გზა: გაიქცეს ამერიკელებთან და უთხრას, მიმიღეთ და დამიცავით ამ საშინელი რუსეთისგან და მაშინ განვითარდება ურთიერთობების ქართული ან მოლდოვური სცენარი; ან შეიძლება, მოიქცეს ისე, როგორც იქცევა: ამბობს, რუსები, რა თქმა უნდა, არ მომწონს, ვგმობ მათ ქცევას, არ ვიზიარებ მათ მოტივაციას, უარვყოფ, მაგრამ არსებობს ბელორუსი და რუსი საზოგადოებების გრძელვადიანი ერთობა, ჩვენ დროებითები ვართ, სლავური კულტურა კი უფრო გამძლე და გრძელვადიანია და ხალხი არ მაპატიებს, თუ გავწყვეტ ამ კავშირს რუსეთთანო. ერთია გაბრაზება და ოჯახიდან სხვასთან წასვლა და მეორეა, სხვადასხვა ოთახებში გადასვლა და დილაობით ერთმანეთთან ჩხუბი. პირველი ქართულ-რუსული სცენარია, მეორე – რუსულ-ბელორუსული. იმის თქმა მინდა, რომ ოჯახში კონფლიქტი ყოველთვის არ ნიშნავს გაყრას.
– ამით ლუკაშენკო შეძლებს თავისი სტატუსის შენარჩუნებას?
– რა სტატუსზეა ლაპარაკი?
– ძალაუფლებას ვგულისხმობ.
– არავის არ შეუძლია ლუკაშენკოს ჩამოშორება ხელისუფლებისგან. მას შიგნით არც კი ჰყავს ოპოზიცია, ამიტომ, მოსკოვი ყურებზეც რომ დადგეს, იქ უბრალოდ ლუკაშენკოს გარდა არავინაა. დასავლეთმა უკვე სცადა ფერადი რევოლუციის მოწყობა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა: ბელორუსი ხალხი უფრო მშვიდი და ბრძენი აღმოჩნდა, ვიდრე ქართველები და უკრაინელები. ლუკაშენკო არის პრეზიდენტი და დამთავრდა! ის იქნება პრეზიდენტი, სანამ ცოცხალია. მან შესანიშნავად იცის კონიუნქტურა, მან იცის, რა უნდათ მისგან ბელორუსებს, ისევე, როგორც ჩვენმა პუტინმა იცის, რა უნდა რუს ხალხს, ოღონდ პუტინი დემოკრატიასაც თამაშობს, ლუკაშენკო კი პირდაპირ ამბობს, მე ვიქნები თქვენი პრეზიდენტიო და ყველა ეთანხმება ამას. ჩვენც გვინდა, რომ პუტინი იყოს პრეზიდენტი და ამიტომ ყველა დანარჩენს ვუშვებთ „კ ჩორტოვოი მატერი“. ასე რომ, 2012 წლიდან პუტინი მუდმივად იქნება პრეზიდენტი. რაც უნდა ვთქვათ ჩვენ და დასავლეთმა, ლუკაშენკოს პრეზიდენტობა ფაქტია, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მისი ნების გამოხატულება, ეს, ალბათ, უნდოდათ ბაკიევსაც და აკაევსაც, შევარდნაძესაც.
– მარადიული პრეზიდენტობა?
– ყველას უნდა, მაგრამ ყველას არ გამოსდის, თუმცა აი, პუტინი და ლუკაშენკო მარადიული პრეზიდენტები არიან. მოკლედ რომ ვთქვა, ლუკაშენკოს ვერავინ ვერაფერს დაუშავებს. თუ დასავლეთი შეეცდება მის ჩამოგდებას, რუსეთი მაშინვე დადგება ბელორუსის გვერდით; თუ რუსეთი შეეცდება, მაგრამ რუსეთი არ შეეცდება, რადგან ის ისეთ მდგომარეობაშია, რომ ამის გაკეთება არ შეუძლია. ამდენად, ლუკაშენკოს შეუძლია, გააკეთოს, რაც თავში მოუვა, ოღონდ ორიენტირებული უნდა იყოს ბელორუსი საზოგადოების ინტერესებზე და ის ასეც იქცევა: არ გადის ევრაზიული პარადიგმის გარეთ და არასდროს გაიქცევა ამერიკელებთან. ლუკაშენკო იჩხუბებს, გაბრაზდება, მაგრამ ეს არის კონფლიქტი ერთ ბინაში, სადაც არავინ აპირებს ბინის გაყოფას. რუსულ-ბელორუსული ქორწინება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მე ვიცი, რომ ქართველები ელიან, როდის იჩხუბებენ ბელორუსები და რუსები…
– დიდად არავინ ელის ამას.
– ასე ვთქვათ, სუამი ელის. მე მგონია, რომ რუსულ-ბელორუსული ურთიერთობები საერთო პარადიგმაში ვითარდება, ამ პარადიგმაში უსაფრთხოა ყოფნა, ამიტომ ქართველ ხალხს ვურჩევ, თვითონაც ჩაერთოს ამ პარადიგმაში, არა იმიტომ, რომ რუსეთი კარგია, არამედ იმიტომ, რომ რუსეთის გარეშე „ნიკაკ“. შესაძლოა, მოხდეს სკანდალი, მაგრამ გაყრა არ არის საჭირო. ოჯახში, თუნდაც ის არამყარი იყოს, მე მაინც გაყრის წინააღმდეგი ვარ, მით უმეტეს, ცუდია მართლმადიდებლური კულტურების გაყრა.
– მართლმადიდებლობა ნებას რთავს ადამიანს, ორჯერ აიყაროს გვირგვინი და სამჯერ იქორწინოს.
– მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მეუღლე მოკვდება.
– არა მხოლოდ. სამ შემთხვევაში: მრუშობის, თუ მეუღლემ დამალა დაავადება ჯვრისწერამდე და, თუ მისი ქცევა საფრთხეს უქმნის მეუღლისა და მისი ნათესავების სიცოცხლეს.
– არა, მართლმადიდებლობაში, თუ მეუღლეები ცოცხლები არიან, გაყრა დაუშვებელია.
– ეს არ არის ჩვენი საუბრის თემა, ამიტომ ნუ ვიკამათებთ. საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციის აქვს მომავალი?
– აზერბაიჯანი „ვოლიაეტ დურაკა“, თორემ არანაირ კონფედერაციაში არ აპირებს შესვლას. საერთოდ, ანტირუსული მცდელობები უკვე აღარ არის მოდური პოსტსაბჭოთა სამყაროში და სააკაშვილი მარტოსულია ამ საკითხში. სიმართლე გითხრათ, ეს თემა პირადად მე უკვე მომბეზრდა. რაღაც მოსაწყენი გახდა სააკაშვილი და საქართველო, თუმცა მესმის, რომ ქართველებს სხვა თემა აღარ აქვთ. როგორც უნდა ვიჩხუბოთ ბელორუსთან, როგორც უნდა მოიქცეს იანუკოვიჩი, უნდა გავაგებინოთ ქართველებს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსების წინააღმდეგ ვინმეს ამხედრებას აზრი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამისკენ ამერიკელები უბიძგებენ.
– ანუ ამერიკული თემაა აზერბაიჯან-საქართველოს კონფედერაცია?
– რა თქმა უნდა, რაც დამთავრდება იმით, რომ გაიხსნება თურქეთ-სომხეთის საზღვარი და სააკაშვილი მიიღებს, ვთქვათ, მილიარდ დოლარს. ეს სუფთა ამერიკული გეოპოლიტიკური პროექტია და საკმაოდ მოსაწყენიც. რუსეთს საფრთხე მართლაც ემუქრებოდა რამდენიმე წლის წინათ, როდესაც მისთვის ანტირუსული ბლოკები თუ ალიანსები საფრთხეს წარმოადგენდნენ. 2008 წლის შემდეგ კი პირუკუ პროცესები დაიწყო. ობამამ დაიწყო გასვლა ერაყიდან და ავღანეთიდან და ეს გვანახვებს, რომ ამერიკამ მიატოვა საქართველო, ამიტომ ბაქოსთან რაღაცის შექმნა ბავშვური თამაშებია. უნდა შეიქმნას ახალი დღის წესრიგი. მე მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლება ოსტაპ ბენდერივით იქცევა, პარტია წააგო, მაგრამ იხტიბარს არ იტეხს. რუსეთმა ამ ეტაპზე მოიგო ბრძოლა პოსტსაბჭოთა სივრცეში. თუმცა არავინ იცის, რა მოხდება შემდგომ ეტაპზე. ამიტომ მომავალში დღის ახალი წესრიგი გველოდება და საქართველომ ახალ რეალობაში უნდა ეძებოს თავისი ადგილი. ერაყიდან და ავღანეთიდან მიმავალი ამერიკელები კი არ არის დასაყრდენი ძალა. ნახეთ, რა ხდება მსოფლიოში. სულ სხვა მოდელია: რუსეთს უამრავი პრობლემა აქვს, ისევე, როგორც ამერიკელებს, ბელორუსებს, ეზოში პოსტმოდერნია და რა დროს აზერბაიჯან-საქართველოს კონფედერაციაა?!
– ამბობთ, მარტო დარჩაო, მაგრამ სააკაშვილი კომფორტულად გრძნობს თავს?
– კი ბატონო. ის აღარავისთვის აღარ წარმოადგენს საფრთხეს, თუ ქართველებისთვის ხელსაყრელია მისი პრეზიდენტობა, ძალიანაც კარგი, ეს თქვენი შიდა საქმეა. ჩვენც გვქონია რუსეთის ისტორიაში მარაზმის პერიოდები, მაგრამ ხალხი ხანგრძლივი ციკლებით ცხოვრობს.
– ეს იმასაც ნიშნავს, რომ ამაზე უარესი რუსულ-ქართულ ურთიერთობებში აღარაფერი იქნება.
– არა და აგიხსნით, რატომ: ამერიკელები მიდიან ახლო აღმოსავლეთიდან და ცენტრალური აზიიდან და ისინი სხვანაირად შეეცდებიან ამ პრობლემის მოგვარებას.
– ჩინეთიდან შემოუვლიან?
– გლობალურად ყველგან შეეცდებიან, მაგრამ წერტილოვან სამხედრო დარტყმებს არ დაიწყებენ. ამერიკისთვის საქართველოს მნიშვნელობა შემცირდა და ისინი აღარ გააკეთებენ რუსეთის გასაღიზიანებელ მკვეთრ რამეებს, რომ არ მოისმინონ რუსული ისტერიკა, რადგან ეს ბირთვული ისტერიკაა. ასე რომ, ამერიკელები საქართველოში სერიოზულად უკვე „ნე პოლეზუტ“. ამიტომ რუსებიც ხელს ჩაიქნევენ: მეტი საქართველოში არაფერი გვაინტერესებსო. რეალურად რუს ადამიანებს საქართველო არც აინტერესებთ. რუსები გულგრილი არიან ქართველების მიმართ, მათ არ აქვთ საქართველოსადმი არანაირი გეოპოლიტიკური ინტერესი. ისინი არ აპირებენ ახალი კონფლიქტის დაწყებას: საამისოდ არც სურვილი აქვთ, არც შესაძლებლობა. ეს კონფლიქტი იქნებოდა და საქართველოს გარდაუვალი დაშლა გაგრძელდებოდა, ამერიკელებს მიზნად რომ დაესახათ საქართველოში თავიანთი სტრატეგიული ყოფნის გაძლიერება. მაგრამ ჩემი წარმოდგენით, ისინი ამას არ გააკეთებენ მოცემულ მომენტში. ამდენად, არავის აღარაფერი ემუქრება. დრო ახლა რუსეთზე მუშაობს და საშუალებას აძლევს მას, გადაწყვიტოს უფრო მნიშვნელოვანი საკითხები. როდესაც გვქონდა ჩეჩნეთის პრობლემა, ოღონდ ტერიტორიული მთლიანობა შეგვენარჩუნებინა და სხვა ყველაფერი ჩვენთვის სულერთი იყო. ახლა რუსეთმა დაამყარა თავისთვის ხელსაყრელი კონფიგურაცია არა მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც და ქართველებს აქვთ სულის მოთქმის საშუალება. რუსეთს არ აქვს არანაირი სურვილი, გააბრაზოს ქართველები, ამერიკა კი ბოლომდე არ გაწირავს საქართველოს. ასე რომ, საქართველოს მოსახლეობას შეუძლია, თავისი პრობლემები მშვიდად და აუჩქარებლად გადაწყვიტოს.
– ამერიკა მიდის ახლო აღმოსავლეთიდან და ცენტრალური აზიიდანო, ეს ნიშნავს, რომ დაბრუნდება ირანში?
– ისინი გამოვლენ ავღანეთიდან და ერაყიდან და მივლენ ირანში?! მაშინ ირანი მივა ერაყში, სადაც უმეტესობა შიიტია და როგორ იომებენ ამერიკელები ირანის წინააღმდეგ, რომელსაც ზეგ უკვე ბირთვული იარაღი ექნება, რუსეთი კი, სავარაუდოდ, სწორედ ირანის მხარეს დადგება?! ამერიკელებს უნდათ, რომ დაამთავრონ თავიანთი არსებობა?!
– მე არ ვიცნობ თეთრი სახლის გეგმებს, უბრალოდ ვიკითხე?
– ისინი ამაზე მუდმივად ლაპარაკობენ, მაგრამ ამის აღარავის ეშინია. თუ ამერიკას უნდა, რომ შეწყვიტოს არსებობა, როგორც ნაციონალურმა სახელმწიფომ, შეუძლია, თავს დაესხას ირანს და მე ძალიანაც მოხარული ვიქნები, რადგან ასეთ შემთხვევაში ამერიკა დაინგრევა და ის მართლაც დაინგრევა, თუ ომს დაიწყებს ირანთან! მაშინ რუსეთი სერიოზულად მოჰკიდებს ხელს წესრიგის დამყარებას და ჩვენ ყველას ყველაფერს გავუხსენებთ, მაგრამ ეს არ მოხდება. ამერიკა შეინარჩუნებს თავის პოზიციას და არაფერსაც არ გააკეთებს. ამერიკა მიდის ამ რეგიონიდან და უფრო ფაქიზად იმოქმედებს: ერთმანეთს გადაჰკიდებს მეზობლებს, გააძლიერებს სეპარატისტულ მოძრაობას, მაგალითად, ქურთისტანში; დახლართავს ინტრიგებს ეკონომიკურ მოდელებშიც, – ასეთია ობამას სტილი. ჩემი აზრით, თუ ირანელები არ გამოცდიან ბირთვულ იარაღს, ობამა მეტ-ნაკლებად მშვიდად მოიპოვებს მეორე ვადას და კიდევ ოთხ წელს გაგრძელდება მისი რბილი ძლევამოსილება. აი, ამ ექვს წელიწადში არაფერიც არ მოხდება საქართველოსთვის და ამ პერიოდის განმავლობაში საქართველო არავის არ სჭირდება, რაც უნდა გააკეთოს სააკაშვილმა.
– ეს შესაძლოა, ძალიანაც მომგებიანი იყოს საქართველოსთვის, რადგან, როდესაც ამერიკასა და რუსეთს საქართველო აღელვებდა, ცუდი ამბები ხდებოდა ჩვენს თავს?
– შესაძლოა, მაგრამ ზოგად კონტექსტში უნდა გააცნობიეროთ, რა ხდება თქვენს ქვეყანაში. ის, რომ საქართველო აღარავის აღარ სჭირდება, ძალიანაც კარგია, ასეთ დროს შესაძლებელია აზრის მოკრება, უნდა დაამთავროთ თქვენი პრობლემების პროეცირება მთელ მსოფლიოზე.
– ესე იგი, რა შედეგი აქვს რუსულ-ამერიკულ გადატვირთვას? ის, რომ ამერიკა მიდის ახლო აღმოსავლეთიდან?
– მე ვფიქრობ, რომ ამერიკა ბუშის დროს „ბლეფოვალ“. 2008 წლის აგვისტოში ბევრი რამ გახდა ნათელი. კერძოდ, ის, რა შეუძლია და არ შეუძლია ამერიკას. აღმოჩნდა, რომ მას ბევრი რამ, რის იმიჯსაც იქმნიდა, არ შეუძლია და ობამა შეეცადა, რომ ამერიკის ეს ბლეფი მთლად ბანკროტად არ გადაექცია. ამიტომაც ამერიკას გაუჩნდა შესაძლებლობა, შეინარჩუნოს თავის ძლევამოსილება. გადატვირთვა სწორედ ამერიკას სჭირდებოდა. ეს იყო იძულებითი ღონისძიება: რბილი და უხმაურო „პასადკა“. ამერიკა წყნარად მიდის, რაც იმას ნიშანვს, რომ ისეთი რეგიონული ლიდერების, როგორებიცაა: ირანი, რუსეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ევროპა და, უპირველესად, ჩინეთი, მნიშვნელოვნება გაიზრდება, ოღონდ ახალ პარადიგმაში. ასე რომ, რუსეთმა, დაუჭირა რა მხარი ამერიკას, ბოლომდე გადაწყვიტა თავისი პრობლემები და არაფრით არ დაზარალდა. ბოლოს და ბოლოს, ამერიკის მიმართულებით ღიმილის გარდა არანაირი მოძრაობა არ გაუკეთებია. ამერიკა კი ყველა ადგილიდან მიდის. ასე რომ, ვფიქრობ, გადატვირთვა შესანიშნავია.
– ესე იგი, ძალთა ახალი გადანაწილება ხდება ჩვენს კონტინენტზე?
– რაკი ამერიკა ბლეფს თამაშობდა…
– ეს გასაგებია, მაგრამ თურქეთი?
– თურქეთი ძალიან რთულ სიტუაციაშია. იქ მიდის საზოგადოების დეფორმაცია. თურქეთს აქვს არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე პრობლემებიც – მან უკვე გაწყვიტა ურთიერთობა ისრაელთან, წყვეტს ურთიერთობას ამერიკასთან. ეს არის რეგიონული „დერჟავა“, რომელიც ღვთის ნებით თვითონ დაკავდა ავტონომიური პოლიტიკით. მაგრამ ამერიკა საკმაოდ საფუძვლიანად იყო წარმოდგენილი თურქულ პოლიტიკაში და ახლა, ამერიკას, მიდის რა თურქეთიდან, უნდა, რომ იქ შექმნას ქაოსი, რომ თურქეთი ვერ გახდეს რეგიონული „დერჟავა“, თუმცა თურქეთს დღეს ამის შანსი რეალურად აქვს. ყველა წინაპირობა და ისტორიული პრეცედენტი უწყობს ხელს, მაგრამ ამერიკელები მათ დაუტოვებენ ქურთულ პრობლემას, ჩრდილოეთ კვიპროსს ევროკავშირის შემადგენლობაში, ხოლო, თუ მოახერხებენ თურქეთის ევროკავშირში შეთრევას, ამით დააზარალებენ ევროკავშირსაც და თურქეთსაც. ეს ამერიკული პროექტებია, მაგრამ უკან დახევის პროექტები, რადგან მათი ახლო აღმოსავლეთის პროექტი, ფაქტობრივად, ბოლომდე დაიმსხვრა. იმ ხნის განმავლობაში, რაც ჩვენ გვაქვს დიალოგი, ბევრი რამ შეიცვალა.