რატომ არ აიაფებენ მობილური ოპერატორები პირველ წუთს და რატომ აძლევდა მათ სახელმწიფო მომხმარებლების გაყვლეფის უფლებას
მართალია, მარეგულირებელმა კომისიამ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს ურთიერთჩართვის ტარიფი გაუნახევრა, მაგრამ ჯერჯერობით მობილური ოპერატორები მომსახურების გაიაფების ნაცვლად თავიანთ აბონენტებს ოდენ აქციებს სთავაზობენ, რომლებიც აუცილებლად დამთავრდება და, თუ მომხმარებელი პასიურობას არჩევს, გაცილებით მალე, ვიდრე ეს შეიძლება, ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს! მეორე მხრივ, კომპანიები ერთმანეთსაც დაერივნენ და სასამართლოში უჩივიან, მოტივით, კონკურენტები აბონენტებს ატყუებენო, ხოლო, რადგან ეს თითქმის ის შემთხვევაა, ყვავმა ყვავს უთხრა, შავი ხარო, დავით ებრალიძესთან ერთად გადავხედეთ ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის ნათელსა და ბნელ მხარეებს.
– შეიძლება, მივიჩნიოთ, რომ მარეგულირებელი კომისიის მიერ ურთიერთჩართვის ტარიფის განახევრებამ დააკმაყოფილა აბონენტების მოთხოვნები?
– რა თქმა უნდა, არ დააკმაყოფილა და ამას პირველი დარტყმა მიაყენა სახელმწიფომ, როდესაც აქციზის გადასახადი შემოიტანა.
– მკითხველს შევახსენოთ, რომ ლაპარაკია ახალ საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებაზე ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებისთვის აქციზის დაწესების თაობაზე.
– მინდა მკითხველს შევახსენო, რომ გაზაფხულზე მარეგულირებელმა კომისიამ ჩვენს საჩივარს, რომელიც მაღალ ტარიფებს ეხებოდა, გასცა შემდეგი პასუხი: ჯერ ერთი, ჯერჯერობით არ დგინდება, აქვთ თუ არა გადაჭარბებული ტარიფი მობილურ ოპერატორებსო და, მეორე, ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირებას შესაბამისად უნდა მოჰყვეს ფასების დაკლებაო. ამით მარეგულირებელმა კომისიამ გარკვეულწილად თავი აარიდა პასუხისმგებლობას, თვითონ დაეწია ტარიფი და დაედგინა, რომ ის უზომოდ იყო გაბერილი, მაგრამ ის, რაც შემდეგ ხელისუფლებამ გააკეთა, მხედველობაში მაქვს აქციზის გადასახადი, უკვე პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ მობილური ოპერატორები დღემდე გადაჭარბებული ტარიფით გვახდევინებდნენ გადასახადს. რადგან, როგორც კი აქციზის გადასახადი შემოიღო ხელისუფლებამ, იქვე განაცხადა, რომ ეს არ გამოიწვევდა ტარიფის მატებას. ესე იგი, მათ კარგად იცოდნენ, რომ ტარიფი გაბერილი იყო და გადაწყვიტეს, რაღა მოსახლეობას დარჩეს ეს თანხა ჯიბეში, ბიუჯეტი ვახეიროთო. ამით დაადასტურეს ის, რასაც ჩვენ ვამბობდით: რეალური ტარიფი გაცილებით დაბალია.
– ესე იგი, სახელმწიფო „ჩაუჯდა“ წილში მოსახლეობას?
– რა თქმა უნდა, სახელმწიფომ, თავის დროზე, არ მოინდომა ტარიფის დაწევა და დაელოდა იმ პერიოდს, რომ ეს გამოეყენებინა თავისი შემოსავლების გაზრდისთვის. რაც ამტკიცებს იმას, რომ სწორედ ხელისუფლება იყო ტარიფის დაწევის წინააღმდეგი. მეორე მხრივ, კომპანიებმაც დაიწყეს კეკლუცობა იმ მოტივით, რომ კონკურენტები ატყუებენ მომხმარებელს, მაგრამ სინამდვილეში ისინი ამით ცდილობენ, აბონენტები წაართვან ერთმანეთს და იმიტომაც ჩივიან, რომ შემოსავლები არ დაკარგონ. ასე რომ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ისინი მომხმარებელზე ზრუნავენ. არც ერთი მათგანი არ ფიქრობს ტარიფის რეალურად დაწევას, უბრალოდ ცდილობენ, არ დაკარგონ აბონენტები. ანუ ტარიფის დაკლებით კი არ აპირებენ კონკურენციას, არამედ ტყუილი რეკლამებით ცდილობენ მომხმარებლის გადაბირებას.
– „ჯეოსელმა“ წააგო სასამართლო პროცესი „ბილაინთან“, რადგან გაირკვა, რომ ატყუებდა მომხმარებელს სარეკლამო რგოლში, მაგრამ მომხმარებელს თავის სარეკლამო რგოლებში ატყუებს ყველა ოპერატორი: ავიღოთ, თუნდაც, მომჩივანი „ბილაინი“, როდესაც ამბობს, რომ პირველი ორი წუთი ღირს 18 თეთრიო, არადა რეალურად ეს ორჯერ 18 თეთრია. „მაგთის“ თითქოს 5-თეთრიანი ტარიფი კი ყველაფერია, გარდა სოციალურისა, რადგან მხოლოდ ის რჩება მოგებული, ვინც დიდხანს ლაპარაკობს მობილურით, შეჭირვებული ადამიანი კი, რომლის თითო საუბარი ერთ წუთს არ სცილდება, იხდის წამოწყების ღირებულებას წუთის ღირებულებასთან ერთად?
– სახელმწიფომ შემოიღო აქციზის ათპროცენტიანი გადასახადი და ეს სწორედ ის თანხაა, რითაც ჩვენ ვამტკიცებდით, რომ შეიძლებოდა ტარიფის დაწევა. სწორედ იმ პირველი წუთით იხდიან ახლად დაწესებულ გადასახადს მობილური ოპერატორები და ამიტომაც არ აკლებენ პირველი წუთის ღირებულებას და აქციებს იწყებენ მეორე წუთიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი წუთია მთავარი.
– პირველი წუთით ისტუმრებენ მობილური ოპერატორები სახელმწიფო ხარჯებს?
– დიახ. სწორედ მანდ არის ძაღლის თავი დამარხული. რაც შეეხება ოპერატორების მიერ მომხმარებლების მოტყუებას სარეკლამო რგოლებით: მე, როგორც მომხმარებელთა უფლებების დამცველი, ამ მიმართულებით შეგნებულად არ ვაქტიურობ. ისინი, ჯერ ერთი, ისედაც უჩივიან ერთმანეთს და, მეორე, არ მინდა, ერთმა კომპანიამ მეორის წინააღმდეგ გამომიყენოს. ასე რომ, ამ მხრივ, ჩემი აქტივობა ზედმეტია. მთავარია, აქტივობა ტარიფის დაწევის კუთხით. მეტიც, არ იფიქროთ, რომ, თუ ერთი კომპანია მოუგებს მეორეს სასამართლოში, ამით მომხმარებელი დარჩება მოგებული. ამიტომ ჩვენ მხოლოდ ისეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომლებიც მომხმარებელზე იქნება გათვლილი და არა იმაზე, რომ ერთმა კომპანიამ მეორეს აბონენტი წაართვას.
– თუ სახელმწიფომ აქციზის დაწესებით დაადასტურა, რომ მობილური ოპერატორები ყვლეფდნენ აბონენტებს, ესე იგი, გამოდის, რომ აქამდე იმ თანხას სახელმწიფო უბრალოდ უტოვებდა მათ. რატომ უნდა ყოფილიყო დაინტერესებული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების გამდიდრებით?
– პირველი, იცით, რომ საგადასახადო კუთხით მობილურ ოპერატორებს მრავალმილიონიან ჯარიმებს აწერდნენ, მეორეც, რასაც ამის იქით აწერდნენ, არავინ იცის.
– მაღალი ტარიფის გამო აწერდნენ ჯარიმებს?
– რა თქმა უნდა, სხვა მოტივით, მაგრამ არავინ იცის, იყო თუ არა არსებითი საგადასახადოსა და მობილურ კომპანიას შორის დავა. ყოველ შემთხვევაში, იმ ზედმეტ ფულს სახელმწიფო, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით, მაინც იღებდა. ეს საკითხი ასე იყო დარეგულირებული: ხელი ხელს ბანდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ თავისი უფლებები გამოაჩინა, უკვე სხვანაირად დადგა საკითხი, თუმცა ამჯერად სხვა გამოსავალი მოძებნეს და მაინც არ ახეირეს მომხმარებელი.
– ის, ერთმანეთს რომ უჩივიან, ნიშნავს, რომ აქციების სიმრავლე იქნება თუ ისევ გარიგდებიან და ტკბილად გაინაწილებენ ბაზარს?
– ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია გარკვეულწილად დაიძაბა. ახალი ელემენტები შემოვიდა და სანამ არ მოერგებიან ახალ სიტუაციას, აქციებს გააგრძელებენ. ამას ემატება ისიც, რომ მომავალი წლიდან შესაძლებელი გახდება ნომრის წაღება ერთიდან მეორე მობილურ ოპერატორზე.
– რეალურად გააუმჯობესებს ეს ნოვაცია მომხმარებლის მდგომარეობას?
– რა თქმა უნდა, თუ მარეგულირებელმა ბოლომდე შეასრულა თავისი მოვალეობა.
– ეს პარალელური პროცესი იყო თუ საიდან გაჩნდა ასეთი, მომხმარებელზე ორიენტირებული ინიციატივა?
– ეს სულ სხვა პროცესი იყო. ეს არის საერთაშორისო მოთხოვნა. სტანდარტი, რომელსაც ქვეყნებმა ფეხი უნდა აუწყონ. ეს, რა თქმა უნდა, იმოქმედებს სერვისის გაუმჯობესებაზე და ტარიფის დაწევაზე. მართალია, მიმართულება სწორია, მაგრამ დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
– ჯერჯერობით, თქვენი ნაამბობიდან ჩანს, რომ მომხმარებელი მაინც ხახამშრალია. როგორ უნდა დაიცვან მომხმარებლებმა თავიანთი უფლებები?
– ჯერ ერთი, ჩვენ არ ვცხოვრობთ სამართლებრივ ქვეყანაში, რომ იმედი გვქონდეს, მივალთ სასამართლოში, ვიჩივლებთ და სამართლიან გადაწყვეტილებას მივიღებთ. როგორც წესი, ის გადაძლევს, ვისკენაც ძალაა, ამიტომ საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს, ეს არის ზეწოლის ერთადერთი ბერკეტი. იაქტიურა საზოგადოებამ გაზაფხულზე და მარეგულირებელმა დაწია ურთიერთჩართვის ტარიფი. თუ საზოგადოება არ იაქტიურებს, სუფთა სამართლებრივი გზით გამოსავალს ვერ ვხედავ.
– არანაკლებ პასიურია მომხმარებელი სხვა გადასახადების ოდენობის მიმართაც: ჩვენ არ ვიცით, რა ფორმულით გვითვლიან ელექტროენერგიის, გაზისა თუ წყლის გადასახადს. ამ მიმართულებით აქტივობას თუ ექნება შედეგი?
– როგორც ადვოკატი, ვიხილავ ინდივიდუალურ სარჩელებს და, ამდენად, ვიცნობ ამ საკითხს. უახლოეს მომავალში ახალი პრობლემა წარმოიქმნება წყალთან დაკავშირებით. მანამდე კი, გეტყვით, რომ შეიცვალა სამართალდარღვევასთან დაკავშირებული პროცედურები. აქამდე, როდესაც მომხმარებელს ოქმს უწერდა ესა თუ ის კომპანია, ის ძალაში შედიოდა მხოლოდ მაშინ, რაც ოქმს სასამართლო დაადასტურებდა. დაჯარიმების ოქმი მიდიოდა სასამართლოში, სასამართლო გამოიძახებდა პირს და იქ ირჩეოდა ეს საქმე, მაგრამ ეს პროცედურა შეიცვალა და მომხმარებელი უნდა იყოს ყურადღებით! ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც დაჯარიმების ოქმი მიუვა, უნდა მიაქციოს ყურადღება ოქმზე მითითებულ ვადებს, რადგან, თუ თვითონ არ გაასაჩივრა მითითებულ ვადაში, ოქმი ავტომატურად შევა ძალაში და ავტომატურადვე დაეწერება ჯარიმები. არის გასაჩივრების ორი მექანიზმი: სასამართლოში ან მარეგულირებელ კომისიაში. მე ვურჩევდი მარეგულირებელ კომისიას. მართალია, ის ქუთაისშია, მაგრამ ოქმზე მითითებული უნდა იყოს მისამართი. აუცილებლად გაასაჩივრეთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დაგეწერებათ არა მხოლოდ ოქმით გათვალისწინებული ჯარიმა, არამედ სხვა ჯარიმაც, აღურიცხავი ელექტროენერგიისა თუ ბუნებრივი აირის გამო. რაც შეეხება წყლის ტარიფს: მარეგულირებელ კომისიას კანონით მიენიჭა უფლება, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება წყლის ტარიფთან დაკავშირებით და მოელიან, რომ წყლის ახალი ტარიფი დადგინდეს. პირადად მე, არ მოველი გაიაფებას; ფიზიკურ პირებს შეიძლება, გაუძვირდეთ ტარიფი, კომერციულებს კი – შეუმცირდეთ.
– ეს როგორ?!
– ამის ფიქრის საფუძველს ის მაძლევს, რომ კანონში შევიდა ცვლილება: ადრე ტარიფი, რომელიც ჯვარედინ სუბსიდირებას იწვევდა, აკრძალული იყო.
– რას ნიშნავს ჯვარედინი სუბსიდირება?
– აქამდე, კანონით, ცალ-ცალკე უნდა დათვლილიყო ტარიფი კომერციული და საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და, თუკი კომერციული მომხმარებლისთვის წყლის ხარჯი განისაზღვრებოდა X-ით, ეს არ შეიძლებოდა, გადატანილიყო საყოფაცხოვრებო მომხმარებელზე და პირიქით. ეს აკრძალვა დაწესდა იმის გამო, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საყოფაცხოვრებო მომხმარებელს ძალიან დიდი ტარიფი დაუდგინდებოდა, კომერციულს – პირიქით. ახლა პირობა მოიხსნა და უკვე დაუშვეს ჯვარედინი სუბსიდირება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ერთი მომხმარებლის მიერ გაწეული ხარჯები მეორეს დააკისრონ. ესე იგი, უნდათ რომ ამით დააბალანსონ ტარიფი და ისეთი ტარიფი დაადგინონ, რომელიც ძალიან არ გააღიზიანებს საზოგადოებას. მაგალითად, დღეს ის საწარმოც, რომელიც თავისი წარმოების პროცესში წყალს იყენებს და, მაგალითად, ნოტარიუსი, რომელიც წყალს ოფისში იყენებს მხოლოდ სამომხმარებლო მიზნით, ერთი და იმავე ოდენობის გადასახადს იხდიან და ეს ტარიფი საკმაოდ მაღალია.
– ამბობენ, რომ დღეს არსებული სამომხმარებლო ტარიფი, 2 ლარი და 40 თეთრი მაღალია, რადგან მოსახლეობას უანგარიშებენ 800-ლიტრიან ხარჯს, რაც არაბუნებრივიაო და ნაცვლად იმისა, ტარიფი შეამცირონ, უფრო უძვირებენ? რა ლოგიკით?
– თვითონ ტარიფი დაბალია – კუბომეტრი ათი თეთრი ღირს, მაგრამ მოცულობა, რომელიც დაუდგინეს საყოფაცხოვრებო მომხმარებელს, 800 ლიტრი, არის დიდი. ჩემს სახლში საკუთარი ინიციატივით დავაყენე წყლის მრიცხველი და აღმოჩნდა, რომ გაცილებით ნაკლებს ვხარჯავ, ვიდრე მეწერება, ანუ 800 ლიტრზე ნაკლებ წყალს ვიყენებ თვეში. შესაბამისად, მართალია, ტარიფი დაბალია, მაგრამ მოცულობაა მეტი. ხოლო, რადგან ახლა ლაპარაკია, რომ უნდა დაიწყოს გამრიცხველიანება...
– ეს ხომ უფრო შეამსუბუქებს მდგომარეობას? იმ მრიცხველზე ხომ უფრო ნაკლები დაიწერება?
– ნახეთ, რა მოხდება?! როდესაც გამრიცხველიანებაზე გადავალთ, აღმოჩნდება, რომ 800 ლიტრი გაბერილია და მათ მოუწევთ ტარიფის შემცირება, მაგრამ გამრიცხველიანებამდე აპირებენ ტარიფის გაზრდას და, რადგან იციან, რომ 800 ლიტრის ნაწილში იტყუებიან, უნდათ, ტარიფის მდგენელი გაიზარდოს.
– ანუ, ის ათი თეთრი კუბომეტრზე?
– ამას გარდა, კიდევ ერთი პროცესია მოსალოდნელი. მარეგულირებელი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს პირველი ოქტომბრიდან ავალდებულებს გამრიცხველიანებას, რაც სრულიად უკანონოა. კანონი უფრო მაღლა დგას, ვიდრე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. მარეგულირებელი კომისია კი გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, რომლებსაც კანონის ძალა არ აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ კანონი ეწინააღმდეგება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, სრულდება კანონი. მომხმარებელთა უფლებების შესახებ კი კანონში პირდაპირ წერია, რომ პროდუქტისა და მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, პროდუქცია ან სერვისი, რომელსაც აწვდის მომხმარებელს, მიაწოდოს აწონილი, გაზომილი და შეფუთული. მარეგულირებელის დადგენილება კი კანონის ამ მოთხოვნას უკუღმა ატრიალებს და მომხმარებელს ავალდებულებს, რომ მომსახურება, რომელიც მიიღო მომხმარებელმავე აღრიცხოს. შესაბამისად, მარეგულირებლის მიერ მიღებული ნორმატიული აქტი ეწინააღმდეგება კანონს.
– ზუსტად ასევე არ იქცევა „ყაზტრანსგაზიც“? აბონენტებმა უნდა შეიძინონ მრიცხველები; „თელასის“ შემთხვევაში კი, თუ არ ვცდები, ტარიფში ჩადეს ეს ხარჯი?
– „თელასის“ ტარიფზე შეთანხმდნენ და შემდეგ ჩაიდინეს სხვა რაღაცეები. კერძოდ, „თელასმა“ უარი განაცხადა საკუთარ სერვისცენტრებში გადასახადის მიღებაზე და ეს ფუნქცია ბანკებს გადაულოცა. ახლახან ერთი ამბავი რომ ატყდა ბანკების მიერ მომსახურების საფასურის გადახდაზე და ერთ-ერთი ბანკი რომ გადამრჩენლად გამოიყვანეს.
– „ლიბერთი ბანკი“.
– ჩემი აზრით, ერთადერთი მიზნით: ამ ბანკს გაუკეთეს ფიარი. როდესაც ენერგოომბუდსმენი ვიყავი, პირველად მაშინ დაისვა საკითხი, რომ „თელასს“ მისცემოდა გადასახადის ბანკების მეშვეობით აკრეფის უფლება. მე მაშინვე გავაპროტესტე და განვაცხადე, რომ ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი იმისკენ, ბანკებს მოსაკრებელი დაეწესებინათ. მაშინ სასტიკ უარზე გავიდა კომისია, ბანკი არავითარ შემთხვევაში არ გადაახდევინებს მოსაკრებელს მომხმარებელსო, მაგრამ, რაც მოხდა და ხდება, ყველამ კარგად ვიცით. ამით „თელასს“ მოეხსნა ის ხარჯი, რომელსაც გაიღებდა ხოლმე ბიზნესცენტრების შენახვაზე. ანუ ტარიფი არ გაიზარდა, მაგრამ „თელასს“ ხარჯი შეუმცირდა და მაინც მოგებული დარჩა, მომხმარებელს კი ხარჯი გაეზარდა.
– „ლიბერთი ბანკის“ მხოლოდ 25 ფილიალშია შესაძლებელი მოსაკრებლის გარეშე გადასახადების გადახდა. თუ ეს სოციალური მოტივით გაკეთდა, რა მნიშვნელობა აქვს, მომხმარებელი ამ თანხას ბანკს დაუტოვებს თუ მგზავრობაში დახარჯავს?
– ზურაბ მელიქიშვილს, თუ მართლაც სურდა ამ პრობლემის მოგვარება, უნდა გამოეძიებინა, რა და როგორ მოხდა თავის დროზე: რატომ დაუშვა მარეგულირებელმა კომისიამ ეს და რა პირობა იყო ჩადებული მაშინ. იქ კი იყო ასეთი პირობა: ბანკებს მოსაკრებელი არ უნდა გადაეხდევინებინათ მომხმარებლისთვის!