როგორ იქცა ამერიკაში ბავშვთა პათოლოგიური სიმსუქნე დაუძლეველ პრობლემად და რატომ ემუქრება იგივე საქართველოს
ბოლო ხანია, ქართული ცხვარი დიდი პოპულარობით სარგებლობს საერთაშორისო ბაზარზე, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ მისი აღმოსავლეთის ფლანგი ავითვისეთ. არადა, იყო დრო, როდესაც ზოგადად მეცხოველეობა საქართველოში, ყვაოდა, თუმცა ხანი გამოხდა და ქართულ ბაზარზე ლამის უხსოვარ დროს გაყინული ხორცის ბუმია. ქართულად წოდებული რძის ნაწარმი კი შემოტანილი რძის ფხვნილით მზადდება. რა პერსპექტივა აქვს მეცხოველეობას საქართველოში და რას მოგვიტანს ცხვრის უპრაგონოდ გაყიდვა? საკითხში „მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე გაგვარკვევს.
– ცხვრის ექსპორტი, უდავოდ, კარგი საქმეა, მაგრამ უცნობია, ემორჩილება თუ არა ექსპორტი გონივრულ გათვლებს, თუმცა სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ცხვრის პატრონები ასე ჰაიჰარად ფარას არ გაინადგურებენ დღევანდელი დიდი შემოსავლის იმედითაც კი?
– მოგეხსენებათ, ცხვრის ბუმი ორი წლის წინათ დაიწყო, რადგან აღმოჩნდა, რომ ქართული ჯიშის ცხვარი საუკეთესო გემოვნური თვისებებით ხასიათდება, ამიტომაც მისადმი დიდი ინტერესია. რა თქმა უნდა, საშიშროებაც არსებობს, თუ აღწარმოებას გადაასწრო ცხვრის ექსპორტმა, ბუნებრივია, საქართველოში ცხვრის რაოდენობა შემცირდება. მაგრამ აქ გამოიკვეთა ერთი საშიშროება: როგორც საქმეში ჩახედულმა ხალხმა მითხრა, მას შემდეგ, რაც ეს ბიზნესი მომგებიანი გახდა და ლაპარაკი დაიწყო 300 000 სული ცხვრის გაყვანაზე, ხელისუფლებამ ყურები ცქვიტა და, ამბობენ, გარკვეულმა ოფიციალურმა სტრუქტურებმა ცხვრის მეპატრონეები გააფრთხილეს, ცხვარი მათ გარეშე არ გაყიდონ. ანუ ისინი ამ ბიზნესში „ჩაჯდნენ“, როგორც შუამავლები. ამის გამო ცხვრის მეპატრონეები ძალიან შეწუხებულები არიან, რადგან აქამდე პირდაპირ გადიოდნენ ინვესტორზე. ბუნებრივია, ინვესტორი ფასს არ გაზრდის, ხოლო, რაკი მეწილეებიც გამოუჩნდნენ, ცხვრის პატრონების შემოსავლები შემცირდება. ეს, მეორე მხრივ, ძალიან საშიში პროცესიცაა: ვიცით რა, ჩვენი ხელისუფლების სიხარბე, რომელიმე ინვესტორმა რომ მოითხოვოს, რაც კი ცხვარია საქართველოში, ყველაფერს გაატანენ, ოღონდ ერთბაშად იშოვონ ფული და ამას არ ვლაპარაკობ ჰაერზე. ხელთ მაქვს ხორცის წარმოების დინამიკა საქართველოში. მაგალითად, თუ ხორცის ადგილობრივი წარმოება 2003 წელს იყო 110 000 ტონა, 2009 წელს ის 54 000 ტონამდე შემცირდა. ანუ ორჯერ შემცირდა ხორცის წარმოება ბოლო 6 წლის განმავლობაში.
– ამ მონაცემში ყველა შედის: ცხვარი, ძროხა, ღორი, ქათამი?
– დიახ, სამაგიეროდ, იმპორტი ორჯერ გაიზარდა: თუ 2003 წელს 30 000 ტონა შემოდიოდა, 2009 წელს ეს მაჩვენებელი 62 000 ტონა გახდა.
– თუმცა ეს ციფრები იმაზეც მიუთითებს, რომ ხორცის ჭამისთვისაც მოგვიკლია?
– რა თქმა უნდა. ხორცის ფასი იზრდება და მოსახლეობისთვის ის ხელმისაწვდომი აღარ არის. ხორცის იმპორტი, თავისთავადაა, საინტერესო თემა. ადრე იყო ლაპარაკი ინდური კამეჩის იმპორტირებულ ხორცზე, რომელიც ძალიან იაფფასიანი პროდუქტია. იცით, რომ ინდოეთში ძროხა წმიდა ცხოველად მიიჩნევა და, სანამ თვითონ არ მოკვდება, მას არავინ დაკლავს, ამიტომ ინდური ხორცის ინდუსტრია ცოტა საეჭვო რამაა. წარმოიდგინეთ, რამხელა ქვეყანაა ინდოეთი, ლამის ჩინეთს გაუტოლდნენ მოსახლეობით: უკვე მილიარდ სამასი ათასნი არიან. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი პირუტყვია იქ და რამდენი იხოცება. ინდოეთიდან გაყინული ხორცი შემოდიოდა, რომელსაც მოზრდილი ბრიკეტების ფორმა ჰქონდა. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ამოფრინდნენ იმ ბრიკეტებიდან გალღობის შემდეგ ცოცხალი ინდური ბუზები. ანუ გაცოცხლდნენ!
– რას ამბობს ციფრები ფრინველისა და ღორის ხორცის წარმოების დინამიკაზე?
– ადგილობრივი ფრინველის ხორცის წარმოება 18 000 ტონიდან 12 000 ტონამდე შემცირდა, სამაგიეროდ, იმპორტი გაიზარდა 40 000 ტონამდე. გინახავთ, ალბათ, გიგანტური ზომის ქათმის ბარკლები, გეგონებათ, სირაქლემას ფეხიაო. ის დამზადებულია ფრინველის ხორცისგან, რომლებსაც სპეციალური სტიმულატორებით ზრდიან, რომ წონაში დიდი იყოს და, აქედან გამომდინარე, მათი საკვები ღირებულება დაბალია. მყავს ამერიკელი მეგობარი, რომელიც ახლა საქართველოშია და ამას წინათ ვეკითხებოდი შეერთებულ შტატებში კვების პრობლემების შესახებ. იცით, რომ შეერთებულ შტატებში ბავშვების სიმსუქნე დიდი პრობლემაა და ეს სწორედ კვებასთანაა დაკავშირებული. როგორც აღმოჩნდა, თუ ადამიანი სისტემატურად მოიხმარს სტიმულატორებით გაზრდილი საქონლის საკვებს, ეს სტიმულატორები მის ორგანიზმშიც ხვდება, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის მოშლას და ადამიანი საქონელივით სივდება. ასე რომ, ეს ძალიან საშიში პროცესია. ასეთივე კატასტროფული სიტუაციაა ღორის ხორცთან დაკავშირებითაც: ვარდების რევოლუციის შემდეგ 4,5-ჯერ შემცირდა ადგილობრივი ღორის ხორცის წარმოება, სამაგიეროდ, დაახლოებით, 6-ჯერ გაიზარდა იმპორტი. საერთოდ, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში, სადაც დაბალი მსყიდველობითუნარიანი მოსახლეობა ცხოვრობს, არავინ შემოიტანს მაღალი ხარისხის საქონელს. ამიტომ, როგორც წესი, იმპორტული საქონელი არის ან ვადაგასული, ან დაწუნებული, ან რაღაც პრობლემების მქონე. სადღაც კაპიკებად არის ნაყიდი და აქ მაინც ცეცხლის ფასი ადევს. ვთქვათ, არის რომელიღაც თურქული კომპანია, რომელსაც ხარისხის კონტროლის სისტემამ დაუწუნა პროდუქცია, ყველა ქვეყანაშია ხარისხის უმკაცრესი კონტროლის სისტემები, საქართველოს გარდა. სად უნდა წაიღოს ეს ხორცი? ან უნდა გადაყაროს, ან დაწვას, ან დამარხოს და ეს ხარჯებთანაა დაკავშირებული. აქედან ჩადის ქართველი ბიზნესმენი და წამოიღებს. მწარმოებელიც მოგებაშია, სულ გადაგდებას ურჩევნია, ორი კაპიკი მაინც მისცენ.
– ბრაზილიური ქათმის გაყინული ბარკლები ისე იაფი ღირდა, მგონი, იქით გადაუხადეს ტრანსპორტირების ხარჯი?!
– ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც პრობლემა აქვს პროდუქტს. იმიტომაც დაანგრიეს ხელოვნურად საქართველოში ხარისხის კონტროლის სისტემა, რომ იმპორტიორებისთვის შეეწყოთ ხელი.
– ცოცხალი საქონლის რაოდენობის დინამიკა როგორია?
– 2003 წელს მსხვილფეხა საქონელი იყო მილიონ 243 000 სული, შემცირდა 20 პროცენტით და გახდა მილიონ 90 000.
– არც ისე ცოტაა?
– ბუნებრივია, იმიტომ რომ მოსახლეობას სოფლებში სხვა საარსებო წყარო არ აქვს. სოფლებში ხომ ფული არ ტრიალებს?! ამიტომ საქონელია მათი ერთადერთი მარჩენალი, მაგრამ აქაც ძალიან საინტერესო რამ ხდება: ამასაც ართმევენ მოსახლეობას. მოგეხსენებათ, ორი თუ სამი წლის წინათ, ხელისუფლებამ დაუშვა საძოვრების იჯარით გადაცემა. ზოგმა ოცწლიანი იჯარით აიღო, ზოგმა – 45-წლიანით. მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ იფიქრა, ასე არ გამოვაო, რადგან საძოვრები დასჭირდა და ამ გადაწყვეტილებას გადახედა. გადახედეს იმიტომ, რომ არაბი ინვესტორები ეუბნებიან, კარგია, რომ თქვენგან ვყიდულობთ ცხვარს, მაგრამ უფრო იაფი დაგვიჯდება, თუ აქვე გამოვზრდითო.
– როგორც ამიხსნეს, ქართული ცხვრის გაყვანას და სხვაგან მოშენებას აზრი არ აქვს, მაშინვე კარგავს თავის თვისებებს.
– როგორც ვიცი, არსებობს ასეთი შეთანხმება, საძოვრები წაართვან მეიჯარეებს და გაიტანონ აუქციონზე. გამოაცხადეს, ვისაც იჯარით გაქვთ აღებული საძოვრები, გაძლევთ გარკვეულ პერიოდს და შეისყიდეთ, თორემ ჩამოგართმევთ და აუქციონზე გავიტანთო. არ მგონია, ქართველ მეიჯარეებს ჰქონდეთ ის თანხა, რომელსაც ხელოვნურად დაუწესებენ საძოვრის ფასად. ქართველს ფული არ აქვს, ესე იგი, ვინ იყიდის?! ისევ არაბები იყიდიან და, თუ აქამდე მხოლოდ მიწას ყიდულობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ახლა საძოვრებსაც მიაყოლებენ. ნათელი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, რაზე ვლაპარაკობ, გეტყვით, რომ საქართველოში საძოვრები მთელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 60 პროცენტს შეადგენს, ეს კი არის საქართველოს ტერიტორიის 20-22 პროცენტი. აი, ამ რაოდენობის მიწაზეა ლაპარაკი. ისევ სტატისტიკურ მონაცემებს მოგახსენებთ: ღორის რაოდენობა ოთხჯერაა შემცირებული; ცხვარი და თხა 2003 წელს 722 ათასი იყო, 2009 წელს – 707 ათასი; ფრინველი 9 მილიონ 200 ათასი იყო და ახლა 6 მილიონამდეა შემცირებული. როგორც გითხარით, ხორცეულის წარმოება ორჯერაა შემცირებული, კონკრეტულად კი, ძროხის ხორცის – 70 პროცენტით, ღორის ხორცის – 4,5-ჯერ, ცხვრისა და თხის – 10 პროცენტით, ფრინველის – 40 პროცენტით, ანუ ტენდენციაა განადგურებისკენ.
– რაც გვყავს, იმ რაოდენობის საქონელი საკმარისია, რომ თავი გამოვიკვებოთ?
– საქართველო თავისი აგრარული სექტორით მხოლოდ საკუთარ მოსახლეობას კი არ აკმაყოფილებდა, საბჭოთა კავშირის დროს უამრავი რაოდენობით გადიოდა ეს პროდუქცია რუსეთში, შუა აზიაში. დღევანდელი ვითარება ძალიან მაგონებს ერთ პერიოდს კომუნისტური წარსულიდან. როდესაც ჩერნობილში ავარია მოხდა, კომუნისტურ მთავრობას დაუდგა უკრაინაში დამზადებული რადიაციული ხორცის უდიდესი პარტიის გასაღების პრობლემა. გადაანაწილეს მთელ საბჭოთა კავშირში და საქართველოშიც შემოიტანეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენიც ბევრი გვქონდა. საიდანღაც გაჟონა ამ ინფორმაციამ, საზოგადოება აღშფოთდა და ხელისუფლებამ ვერაფრით ვერ გადაწყვიტა იაფფასიანი რადიაციული უკრაინული ხორცის რეალიზაცია. დამოუკიდებლობის შემდეგ გამჟღავნდა, თუ როგორ მსჯელობდნენ, რომ გაეკეთებინათ ფარში, რადიაციული ხორცი ნორმალური ხორცისთვის შეერიათ და ისე გაეყიდათ. მაგრამ ვერავინ მოატყუეს, ამიტომ შეიტანეს მაცივრებში და სწორედ იქ ინახავდნენ დიდი ხნის განმავლობაში. ბოლოს გამოიტანეს და რადიაციულ სამარხში დამარხეს. როდესაც ინდური და ბრაზილიური ხორცი შემოგაქვს, არადა გაქვს მეცხოველეობის განვითარებული ინდუსტრია, იმავეს არ აკეთებ?! თუმცა მაშინ იყო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი, რომელიც იჯდა მოსკოვში. მათ არ ჰქონდათ ფულის ინტერესი, უბრალოდ უნდოდათ, რომ ეს უკრაინული ხორცი როგორმე მოეშორებინათ თავიდან. ამ შემთხვევაში კი სუფთა მატერიალური ინტერესებია, რადგან უზარმაზარი ფული კეთდება იმპორტში. აი, ამის გამო ნადგურდება საქართველოს აგრარული სექტორი.
არსებობს ცნობილი მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული კვლევები, რის მიხედვითაც საქართველოს თავისი აგრარული სექტორით შეუძლია, გამოკვებოს 15 მილიონი ადამიანი ყველა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტით. ყველამ იცის, რომ იმავე შეერთებულ შტატებში პროდუქტებს არაფრის გემო არ აქვს, პლასტიკატივითაა და სრულიად გაუგებარია, როგორ მოახერხა საქართველოს ხელისუფლებამ ასეთი მარგალიტების ხელიდან გაშვება როგორც სასურსათო უსაფრთხოების, ისე ბიზნესის თვალსაზრისით.
– საქართველოში შემოიყვანეს ჰოლანდიური ძროხები დიდი გაბარიტების გამო. ძალიან შორს ვარ ამ საქმიდან, მაგრამ ვიცი, რომ ქართული ძროხა იმიტომაა მომცრო ზომის, რომ მთაგორიან ადგილებში იშოვოს საკვები. ისეთივე ნაყოფიერი აღმოჩნდა ჰოლანდიური ძროხა საქართველოში, როგორც თავის სამშობლოში იყო?
– საქართველო მხოლოდ იმიტომ არ არის უნიკალური, რომ აქ ბიომრავალფეროვნებაა, მაგალითად, საქართველოში ყველა კლიმატურ ზონას, ლამის ყველა სოფელს თავისი შესაფერისი ჯიშის ხორბალი ჰქონდა მორგებული. ასეთ პირობებში რომ ერთ ამერიკულ ჯიშს შემოიტან და დარგავ, გამოვა იქიდან რამე?! ჩვენთან თითქმის ყველა კლიმატური ზონაა, რაც მსოფლიოში არსებობს და ყველანაირი ნიადაგი, ამიტომაც ქართველმა ამას მოარგო ჯიშები. მოსავლიანობა იმიტომ იყო მაღალი, რომ მორგებული იყო ჩვენს კლიმატსა და ნიადაგს. ეს მრავალფეროვნება კი, თავის მხრივ, ავითარებს შიდა ბაზარს. ასევეა მეცხოველეობაშიც. მთელი მსოფლიოს აგრარული ინდუსტრია ნელ-ნელა გადადის ეკოლოგიურად სუფთა ჯიშების მოყვანაზე. ეს უფრო მომგებიანია, რადგან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი გაცილებით ძვირი ღირს და კონკურენციას უწევს გენმოდიფიცირებულ სიმახინჯეებს. ამის ფონზე საქართველოში, რომელსაც ღმერთმა ეს თავისთავად უბოძა, ხელოვნურად ვანგრევთ აგრარულ სექტორს. არადა ჩვენი აგრარული სექტორის განვითარების შანსია, რომ ჩვენი უნიკალური ჯიშები დაეყრდნოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს და ამით გაგვეხსნება მსოფლიოს უზარმაზარი ბაზარი. ვის რად უნდა ევროპაში საქართველოში მოწეული გენმოდიფიცირებული კარტოფილი?! შეიძლება ამაზე აგრარული სექტორის აგება?! თავზე საყრელიც რომ მოიყვანო, ვინ იყიდის?! ერთადერთი სწორი გზაა ის, რომ საქართველოში განვითარდეს ბიომეურნეობები, მათი პროდუქცია იქნება მაღალფასიანი და ლიკვიდური საერთაშორისო ბაზრებზე.
– ძალიან უცნაურია, როდესაც ასეთი პოტენციალის მქონე ქვეყანაში, სოფლებში ძალიან მძიმე სოციალური ვითარებაა.
– გლეხი ხედავს, რომ კონკურენციას ვერ უწევს შემოტანილ ნაგავს. მართალია, მოსახლეობამ იცის, რომ შემოტანილი საქონელი არ უნდა იყიდოს, მაგრამ ის შედარებით იაფია და ამიტომაც ყიდულობს. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით: 2009 წელს ჯანდაცვის სამინისტროს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა 550 000-მა უმწეო ოჯახმა. მათგან მხოლოდ 150 000 ოჯახი დაკმაყოფილდა და არავინ იცის, რით არსებობს დანარჩენი 400 000. უმწეო ნიშნავს იმას, რომ 550 000 ოჯახს საქართველოში არანაირი სახსარი არ აქვს. გეტყვით იმასაც, რომ საქართველოში სულ მილიონამდე ოჯახია, მათგან 55 პროცენტს კი, ოფიციალური მონაცემებით, უჭირს! წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გაუჭირდეს ქართულ ოჯახს, რომ დაწეროს განცხადება 30-ლარიანი დახმარება მომეცითო?!