პოლიტიკური კალეიდოსკოპი
ანგელა მერკელი უპირატესობას „საბჭოურ“ კერძებს ანიჭებს
გერმანიის გაერთიანების 20 წლისთავზე, კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანულ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გატარებული ცხოვრების წლები გაიხსენა. მერკელის თქმით, იგი დღემდე განიცდის ნოსტალგიას იმ პერიოდზე და დღესაც, სახლში, ტიპურ „საბჭოურ“ კერძებს მიირთმევს. მერკელმა აღიარა, რომ დღემდე შერჩა ის ჩვევა, რომ პროდუქტების დეფიციტის შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და საკვები პროდუქტების მარაგი გაიკეთოს. ასევე, მას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უჭირდა მაღაზიისთვის ეწოდებინა „სუპერმარკეტი“, და არა „უნივერსამი“ ან „უნივერმაღი“.
ობამას „აიპოდში“ ორი ათასი მუსიკალური კომპოზიცია ინახება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჟურნალ „როლინგ სთოუნზისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თავისი მუსიკალური გემოვნების შესახებ ისაუბრა. ობამას თქმით, იგი ჯერაც თავისი ახალგაზრდობის დროინდელ მუსიკას ანიჭებს უპირატესობას და ძირითადად ბობ დილანს, როლინგ სთოუნზსა და სტივ უანდერს უსმენს. გარდა ამისა, მის გემოვნებაში „ჯდებიან“ ჯაზური შემსრულებლები – ჯონ კოლტრეინი და მაილზ დეივისი. პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ მის „აიპოდში“ ორი ათასამდე მუსიკალური კომპოზიციაა ჩატვირთული, მათ შორის რეპ-ბალადებიც, ჯეი-ზის, ლილ უეინისა და ნასის შესრულებით.
ბრაზილიის პარლამენტში ჯამბაზებსა და ფეხბურთელებს ელიან
ბრაზილიელი ჯამბაზი ფრანცისკო სილვა, მეტსახელით „ტირირიკა“, ბრაზილიის პარლამენტის ქვედა პალატაში მოხვედრისთვის აპირებს ბრძოლას. ტირირიკა ბრაზილიაში იმით არის ცნობილი, რომ მან ღიად განაცხადა, წერა-კითხვა, არ ვიციო, არადა პარლამენტში მოხვედრის აუცილებელ კრიტერიუმად სწორედ წერა-კითხვის ცოდნა ითვლება. ბრაზილიური მედიის ცნობით, პოპულარული ჯამბაზი ამჟამად წერა-კითხვის შესწავლის გაძლიერებულ კურსს გადის და იმედოვნებს, რომ მისი ადგილი 513-ადგილიან პარლამენტში აუცილებლად იქნება. საინტერესოა, რომ ტირირიკასთან ერთად, პარლამენტის დეპუტატობა განთქმულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონს, ლეგენდარულ რომარიოს აქვს გადაწყვეტილი.
ჯიმი კარტერი კუჭის აშლილობით საავადმყოფოში მოათავსეს
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯიმი კარტერმა, შეუძლოდ იგრძნო თავი თვითმფრინავში, როდესაც ატლანტიდან კლივლენდში მიფრინავდა. პირველადი დათვალიერებით, ჯიმი კარტერს მოწამვლის ნიშნები ჰქონდა, თუმცა, საავადმყოფოში მიყვანისთანავე ექსპრეზიდენტს ჩვეულებრივი კუჭის აშლილობა დაუდგინდა. 85 წლის ჯიმი კარტერი თავისი ახალი წიგნის პრეზენტაციის მიზნით შტატებში მოგზაურობს.
ბერლინში ჰელმუტ კოლის, მიხაილ გორბაჩოვისა და ჯორჯ ბუში-უფროსის ქანდაკება გაიხსნა
გერმანიის გაერთიანების საზეიმო, მე-20 წლისთავზე, ბერლინში, ეგრეთ წოდებული „გერმანული ერთობის მამების“: ჰელმუტ კოლის, მიხაილ გორბაჩოვისა და ჯორჯ ბუში-უფროსის ქანდაკებები გაიხსნა, რომელიც რუდი დუჩკეს ქუჩაზე, ბერლინის კედლის ახლომდებარე ტერიტორიაზე დაიდგა. სამივე მსოფლიო ლიდერის ქანდაკება ბრინჯაოსგან არის ჩამოსხმული და მათი ავტორი ფრანგი მოქანდაკე სერჟ მანჟენია.
ჟურნალმა „თაიმმა“ პლანეტის ყველაზე ცნობილი „სასიყვარულო სამკუთხედი“ დაასახელა
ჟურნალმა „თაიმმა“ თავის ფურცლებზე მეოცე საუკუნის პლანეტის ყველაზე ცნობილი „სასიყვარულო სამკუთხედების“ რეიტინგი გამოაქვეყნა და პირველი ადგილი წილად ხვდა პრინცესა დაიანას, პრინც ჩარლზისა და კამილა პარკერ-ბოულზის „სამკუთხედს“. პრინც ჩარლზს კამილა პარკერთან რომანი 1970 წლიდან ჰქონდა, მიუხედავად ამისა, 1981 წელს იგი პრინცესა დაიანაზე დაქორწინდა, თუმცა კავშირი კამილასთან არ შეუწყვეტია, ხოლო 1996 წელს, დაიანასთან განქორწინებისა და ამ უკანასკნელის ტრაგიკული სიკვდილიდან რვა წლის შემდეგ, პრინცი ჩარლზი კამილაზე ოფიციალურად დაქორწინდა.