ყურიც არ შეუბერტყავთ
ანუ, ვის ერგება სასახლე
მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, თავი შეეკავებინა საკონსტიტუციო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებისგან და, კომისიის შენიშვნებს დალოდებოდა, ქართველმა კანონმდებლებმა ყურიც არ შეიბერტყეს და აგერ უკვე მეორე მოსმენითაც დაამტკიცეს. ამ საქმეს მწვანე შუქი თავად პრეზიდენტმა აუნთო, რომელმაც საკუთარ უმრავლესობასთან შეხვედრაზე არ დამალა, რომ, ჯერ ერთი, „გვთავაზობდნენ, რომ პრეზიდენტი ინგლისის დედოფლად გვექცია“ (ნეტავ, ეს შედარება კორექტულია?!) და, რაც მთავარია, „ჩვენ ბევრი რჩევა მივიღეთ… მაგრამ ერთი რამ ყველას უნდა გვესმოდეს – ყველა რჩევა კარგია, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ჩვენ ნაცვლად ვერავინ ააშენებს. საბოლოოდ, ჩვენზე უკეთ არავინ იცის, რა არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის“. აქედან გამომდინარე, რთული მისახვედრი არ არის, რომ ჩვენი მშობლიური ხელისუფლება ჩვენი დასავლელი პარტნიორების რჩევებიდან და შეფასებებიდან მხოლოდ იმ ნაწილს გაითვალისწინებს, რაც მათთვის ხელსაყრელი იქნება (მაგალითად, ხშირ-ხშირად გაიმეორებს, რომ 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო).
შესაბამისად, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ჩვენი ახალი კონსტიტუცია დასავლელი პარტნიორების რჩევისამებრ არ აიგება („რჩევისამებრ“ კი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ნიშნავს იმას, რომ ძალაუფლება ხელისუფლების შტოებს შორის თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული და სამართლიანობის პრინციპს ემყარებოდეს). მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ მოქმედი პრეზიდენტი ძლიერ პრეზიდენტზე აკეთებს აქცენტს და ზედაც დავამატებთ მოარულ ხმებს, რომ თავად პრემიერმინისტრობას აპირებს, შესაძლოა, ისეც იყოს, რომ ყურადღება მეორეხარისხოვან დეტალებზე გადაჰქონდეს.
ასეა თუ ისე, სავარაუდოდ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მმართველ პარტიას უნდა (უკვე ნათელია, რომ ქართულ დემოკრატიულ თვალებს დასავლური დემოკრატიის პრინციპები, მაინცდამაინც, არ ეპიტნავება), აი, ის კვლავაც ბუნდოვანია, ავლაბრის რეზიდენცია მომავალ პრეზიდენტს დარჩება თუ პრემიერ-მინისტრს ერგება?!