შნოიანები
„მას უნდა ჰქონდეს კომპიუტერები“
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ მორიგი კვლევა ჩაატარა (150 ქვეყნის მონაცემი გააანალიზა) და დაადგინა, რომ განვითარებული ქვეყნები მხოლოდ 2015 წლისთვის თუ მოახერხებენ დასაქმების მაჩვენებლის კრიზისამდე არსებულ დონემდე აყვანას, განვითარებად ქვეყნებს კი, ბუნებრივია, უფრო მეტი ძალისხმევის გაღება დასჭირდებათ. მეორე მხრივ, კვლევის თანახმად, მსოფლიოს 25 ქვეყანაში სოციალური მღელვარებებიც აღინიშნა (მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიცო, რაც ლოგიკურია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ განვითარებულ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებაც განვითარებულია. შესაბამისად, იცის კიდეც და საკუთარი უფლებების დაცვის შნოც აქვს). გამომდინარე იმ გულსაკლავი ფაქტიდან, რომ ჩვენ, მიუხედავად სხვადასხვა კვლევებში მოპოვებული მოწინავე ადგილებისა, განვითარებადის სტატუსი გვაქვს, თანაც, საკუთარი უფლებების დაცვის ცოდნაში აშკარად მოვიკოჭლებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ დასაქმების თვალსაზრისით, მთლად სახარბიელოდ საქმე ვერც 2015 წელს უნდა გვქონდეს. თუმცა, ვითარება არც ისე უიმედოა: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანი საზოგადოების სოციალურად დაუცველი ნაწილისთვის სოციალური გარანტიების შექმნა უნდა იყოს (რა თქმა უნდა, შრომის ბაზრის აღდგენის პარალელურად). ამ თუ სხვა მიზეზით, ქართულ ციხეებში (რომლებსაც გამალებით უახლოებენ ევროსტანდარტებს) პატიმრებისთვის შიდა განაწესი შეიცვალა და ახალი წესებიც ამოქმედდა – გრძელვადიანი პაემნებით დაწყებული და პირადი კომპიუტერით დამთავრებული. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ გარეთ არც ისე გვილხინს, როგორც ამას სხვადასხვა ეკონომიკურ რეიტინგში საქართველოს მიერ დაკავებული ადგილები მოწმობს, იქნებ 2015 წლამდე გისოსებს მიღმა ჯობდეს ყოფნა, თუ, რა თქმა უნდა, იქ მართლაც ისეთი სამოთხეა, როგორც ამას ჩვენი ციხეების პირმშვენიერი მინისტრი გვპირდება?