ბრენდი – „საქართველო“
მიწადაკარგული რიტმდაუკარგავები
მართალია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს არაფერი სმენია შიდა ქართლში ოკუპანტების მიერ კიდევ რამდენიმე ჰექტარი მიწის დაკავების შესახებ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ზუსტად იცის, რომ სეზონის დასრულების მიუხედავად, ბათუმი რიტმს არ კარგავს. ამის შესახებ (რიტმს რომ არ კარგავს) საზეიმოდ გვეუწყა ქართული საერთო მაუწყებლების მიერ. სრულიად საქართველოსგან დარჩენილის გასახარად, ზღვისპირა ქალაქს მოჯო, ქულიო, ჯუნიორ ჯეკი და სუპერმენი ლავერსი ესტუმრებიან („ძაან ქულია“!). სრული ბედნიერებისთვის უცხოელ მომღერლებს ყოველ შაბათ-კვირას ქართველი მომღერლებიც შეუერთდებიან („ქული“ კვადრატში!), სპეციალურად დამსვენებლებისთვის „უიქენდებზე“ სასტუმროები და რესტორნები ფასს დააკლებენ, ღამის კლუბები კი მათ უფასოდაც შეუშვებენ (ხოლო, თუ კარგად მოიქცევიან, იქნებ, ღამღამობით რიგრიგობით შავ ზღვაშიც ჩააყურყუმალაონ).
ჩვენ არ ვიცით, ვის თავში მომწიფდა ეს რიტმული იდეა, სამაგიეროდ, გვარწმუნებენ, რომ ამ ინიციატივის წყალობით, ბათუმს დამსვენებელი წელიწადის არც ერთ დროს არ მოაკლდება (თუმცა, არც იმას გვიკონკრეტებენ, ამ ინიციატივის დამსახურებით, რამდენი მილიონი მოაკლდება ჩვენს ბიუჯეტს). შესაძლოა, ამანაც შთააგონა ჩვენი პრეზიდენტი, გასულ კვირას ეთქვა, რომ საქართველო მოდერნიზაციის გზას ადგას და ეს გზა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისთვის მისაბაძია. ციტატა პრეზიდენტის გამოსვლიდან: „ჩვენ ვართ ხუთოსანი მოსწავლეები და ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ჩვენგან საკონტროლოს იწერს. მაგრამ გადაწერა შორიდან კარგად არ გამოდის. ჯობს, ერთად დავსხდეთ და უკეთ ვითანამშრომლოთ.“ მეტიც, დასძინა, რომ „საქართველო პოზიტიური ცვლილებების ბრენდი გახდა“.
მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ გასულ კვირას ოკუპანტებმა შიდა ქართლში რამდენიმე ჰექტრით წინ გადმოიჩოჩეს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩრდილოელი მეზობელი საკონტროლოსაც იწერს და „პოზიტიური ცვლილებების ბრენდს“ მიწებსაც „გვაწერს“. ერთი სიტყვით, ტემპს ვერც მათ დაუწუნებ.