ნაწილობრივი პარალელები
თქვა რასმუსენმა არაკი…
შესაძლოა, იმიტომ, რომ ყველა ბედნიერი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური კი უბედურია თავისებურად, ისე მოხდა, რომ ნატოს გენმდივნის ვიზიტს დაემთხვა ტრაგიკული ცნობა ავღანეთში ოთხი ქართველი სამხედროს დაღუპვის შესახებ (მოარული ხმებით, ქართველი სამხედროები რამდენიმე დღის წინათ დაიღუპნენ და ინფორმაციის გავრცელება გენმდივნის ვიზიტს განზრახ დაამთხვიესო). პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე ნაღმზე აფეთქდნენ. ერთი თვის წინათ კი ავღანეთში ქართველი სამხედრო მუხრან შუკვანი დაიღუპა. ბუნებრივია, ბ-ნმა რასმუსენმა კიდეც მოგვისამძიმრა და ზედაც შეგვაქო: თქვენი წვლილი შეგაქვთ ავღანეთის თალიბებისთვის გამოგლეჯაშიო (რაც, თავისთავად ბადებს კითხვას: ნატოს რა წვლილი შეაქვს საქართველოს რუსეთისთვის გამოგლეჯაში?) მას არც ჩვენი ქვეყნის პირველი პირი ჩამორჩა – ჯარისკაცის პროფესია საპატიო და სახიფათოაო. მეტიც, გაიხსენა, რომ ქართველები ისტორიულად იღებდნენ მონაწილეობას სხვადასხვა იმპერიის ომებში (აი, ის კი აღარ დაუკონკრეტებია, რომ იმ ქართველებს წინ ქვეყნის იმდროინდელი მმართველები მიუძღოდნენ).
ამის პარალელურად, ბ-ნმა რასმუსენმა არაორაზროვნად განმარტა, რომ ქართველი სამხედროები ავღანეთში საკუთარივე უსაფრთხოებისთვის იბრძვიან, ამიტომაც ეს ვერც დააჩქარებს და ვერც შეანელებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს (ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან ამას კავშირი არ აქვსო). აქედან გამომდინარე კი, რა გამოდის? საზარბაზნე ხორცი ვიყავით მაშინაც და ახლაც?!