ხელმოთბობის ბანკი
ანუ, ყვლეფა კრეატიულად
მართალია, ეკონომიკის მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების ნაწილი ამტკიცებს, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მხოლოდ 2018 წელს თუ დასრულდება, მაგრამ, რაკი ჩვენთან კრიზისი არც ყოფილა (ყოველ შემთხვევაში, ასე გვარწმუნებს ჩვენი მთავრობა), ბუნებრივია, ამ პესიმისტური პროგნოზის გამო არ ღირს გუნება-განწყობილების გაფუჭება. არც ღირს და არც ვიფუჭებთ, მათ შორის, არც „ლიბერთი ბანკი“ იფუჭებს. მეტიც, აგვისტოს თვე მას ოთხნახევარმილიონიანი მოგებითაც დაუსრულებია. მეორე მხრივ, ვითომ რატომ ვერ დაასრულებდა, როდესაც ისე კრეატიულად უდგება საქმეს, რომ თვით პენსიონერებზეც კი ითბობს ხელებს?! თავის დროზე, მეტად გაფიარებული თემა, 5 თვის პენსიის სესხად გაცემის შესახებ, რეალურად პენსიონერთათვის ნამდვილ ტრაგედიად იქცა, რადგან ამ უკანასკნელებმა ოდენ პოსტფაქტუმ აღმოაჩინეს, რომ ხუთი თვის პენსიის წინასწარ აღების შემთხვევაში ერთი თვის პენსიას ბანკი იჯიბავდა. ბუნებრივია, რომ ბანკის მოვალეობა სესხის გაცემით მოგების ნახვაა, ოღონდ, საკითხავიც, აი, ის არის, რატომ შეფასდა „ლიბერთი ბანკის“ მიერ პენსიონერებისთვის სესხის გაცემა თითქმის გმირობად?!
მართალია, აღნიშნული ბანკი ამ აქციას გასული წლიდან ატარებს, თუმცა დეპუტატმა ბაღათურიამ გასულ კვირას მოითხოვა ამ საკითხის სამთავრობო საათზე განხილვა, მოტივით, სანამ სამთავრობო საათზე ვმსჯელობთ, პენსიონერთა ნაწილი მშიერი რჩებაო. პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგას დრამატიზებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ბ-ნი ბაქრაძე მოქმედებს პრინციპით – „მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო“.