საყველპურო ენა
ნატოური „პრასი“
მართალია, ნატოს გენმდივნის ვიზიტს ქართული მედია და პოლიტიკური სპექტრი ფრიად აქტიურად და აღტკინებით გამოეხმაურა, თუმცა, რამე ახლით არც სტუმარს გავუხარებივათ და, მაინცდამაინც, არც მასპინძლებს. ბ-ნმა რასმუსენმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნატოს კარი ღიაა (თუ ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებთო, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კარი თითქმის დაკეტილია), ჩვენ კი, თუმცა რაღა ჩვენ, ჩვენმა ხელისუფლებამ, კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ნატოს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა ჩვენთვის დიდი პატივია (ვითომ, არის?!). მაგრამ, როგორც უნდა ყოფილიყო, ერთი სიახლე მაინც გამოიკვეთა: პრეზიდენტის სასახლეში გამართული ერთობლივი ბრიფინგი ჩვენმა პირველმა პირმა გახსნა, ჰოი, საკვირველებავ და ქართულად მეტყველებდა! თუმცა, მოგვიანებით ნათელი გახდა, რომ მშობლიურ ენაზე ლაპარაკს სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა: პრეზიდენტის გამოსვლის ეს ნაწილი ქართული ყურებისთვის იყო განკუთვნილი. ბ-ნმა სააკაშვილმა ავღანეთში დაღუპულ კიდევ ოთხ ქართველ სამხედროზე ისაუბრა და მცირე ისტორიული ექსკურსიც მოიხმო, სავარაუდოდ, ჩვენს პატრიოტულად აღსატკინებლად (ქართველი სამხედროები მხოლოდ საქართველოს საზღვრებს კი არა, მსოფლიო დემოკრატიას იცავენო. მე რომ მკითხოთ, ჩვენი საზღვრების დაცვაც სავსებით დამაკმაყოფილებდა, მეორე მხრივ, მსოფლიო პაციფიზმის ფონზე, მეტად გასაკვირია ჩვენი თითქმის 100-პროცენტიანი არაპაციფისტური განწყობა). ამ ეპიზოდის შემდეგ პრეზიდენტი კვლავ ინგლისურ ენას დაუბრუნდა, რამაც გვაფიქრებინა, რომ მისი გამოსვლის ეს ნაწილი ამჯერად უკვე ინგლისურენოვანი ყურებისთვის იყო განკუთვნილი. აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, რომ ამიერიდან ქართულს შიდა საყველპურო სტატუსი აქვს, ინგლისურს კი – ელიტურის.
იმავე დღეს, მინისტრ ბარამიძესთან ერთად, საპატიო სტუმარმა საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისიც გახსნა (დაგვაიმედეს, თითქმის საელჩოაო). აქედან გამომდინარე კი, ნატოს წევრობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, აი, ნატოური „პრასი“ კი არ მოგვაკლდება!