რატომ უნდა შევამოწმოთ ლეკვის აყვანამდე მისი მშობლების ფსიქიკა და რა ასაკში უნდა გადაიცვალოს მისი დაბადების მოწმობა საგვარეულო ნუსხაზე
თითქმის 4000 წელს ითვლის ადამიანისა და ძაღლის თანაცხოვრება. აქედან გამომდინარე, ძაღლი ძალიან გაშინაურებული ცხოველია და ადამიანის ერთადერთი ერთგული მეგობარია. ძაღლის აყვანამდე, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რამდენიმე საკითხი, რომელიც შემდეგ მასთან ურთიერთობის დამყარებაში წაგადგებათ. ასევე, უნდა იცოდეთ, ზუსტად რა ასაკშია ლეკვის აყვანა სასურველი და რა პერიოდში უნდა მივაქციოთ მას განსაკუთრებული ყურადღება. ამ ყველაფერთან დაკავშირებით კი, საქართველოს ცხოველთა დაცვისა და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარე, კინოლოგი, ბექა მეტრეველი მოგითხრობთ.
ბექა მეტრეველი: თუ ჯიშიანი ძაღლის ყოლა გადაწყვიტეთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მის შესანახად საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო. ჯიშიანი ძაღლის შეძენა და მოვლა იაფი ნამდვილად არ ჯდება. ჯიშიანი ძაღლი მსურველს საშუალოდ, 500-დან 2 000 დოლარამდე დაუჯდება. როცა ადამიანი ასეთ ღირებულ ცხოველს იძენს, საკუთარ თავზე ოთხმაგი პასუხისმგებლობა და ვალდებულება უნდა აიღოს, კარგად რომ მოუაროს. ლეკვის აყვანამდე აუცილებელია, შეამოწმოთ მშობლების ფსიქიკური მდგომარეობა, რადგან ფსიქიკური მდგომარეობა გენეტიკურად გადადის. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელი ძაღლების შვილი ავიყვანოთ. ძაღლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის მიერ აკრედიტებული დაბადების მოწმობა. გაითვალისწინეთ, რომ 8 თვის ასაკში, კინოლოგიურ ფედერაციაში, დაბადების მოწმობა საგვარეულო ნუსხაზე უნდა გადაიცვალოს, სადაც უკვე წინაპრების სამი თაობა წერია, როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან.
– ლეკვის აყვანა რომელ ასაკშია სასურველი?
– სასურველია, ლეკვი დაბადებიდან 45 დღის შემდეგ აიყვანოთ. 30 დღის ასაკამდე აუცილებელია, რომ ლეკვი დედის რძით იკვებებოდეს.
– დაუშვათ, ავიყვანეთ სასურველი ჯიშის ლეკვი. რას გვირჩევთ, რა პერიოდში სჭირდება მას განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება?
– ლეკვს ყურადღება მუდმივად სჭირდება, მაგრამ განსაკუთრებით 4-დან 6 თვის ასაკში უნდა გამოიჩინოთ სიფხიზლე, რადგან ამ პერიოდში ის კბილების ცვლას იწყებს. მედიცინის თვალსაზრისით, კბილების ცვლა ერთ-ერთი რთული პროცესია ორგანიზმისთვის. ამ პერიოდში ლეკვს დანამატის სახით ყველაზე ბევრი ვიტამინის მიცემა სჭირდება, რადგან ის იფიტება და იმუნიტეტი უქვეითდება.
– და მაინც, ვინც არ იცის და ეს პერიოდი უყურადღებოდ დარჩა, რა საშიშროება ელის მის ოთხფეხა მეგობარს?
– თუ ძაღლს ამ პერიოდში ყურადღება არ მიაქციეთ, შეიძლება, ძალიან ბევრი დაავადება დაემართოს, ვიტამინების დანამატით კი, პროცესის გადატანას საგრძნობლად გავუადვილებთ.
– ბოლო დროს თბილისში მეტისების აყვანა და მათზე ზრუნვა დაიწყო გარკვეულმა კატეგორიამ. რა უპირატესობა აქვს მეტისის ლეკვებს, ანუ მაწანწალა ძაღლებს?
– თუ ვინმეს უბრალოდ ძაღლი სურს, და არა მცველი, მონადირე კომპანიონი, ან „ოთახის დეკორაცია“, ამ შემთხვევაში, ყველაზე კარგი და საინტერესო მეტისია. მეტისი თავისთავად სხვადასხვა ჯიშების ნარევია, შესაბამისად, როგორი ხასიათის, ტიპის, მანერებისა და თვისებების გაიზრდება არავინ იცის. ამ ყველაფერს ადამიანი ნელ-ნელა ხედავს.
– რაც შეეხება მეტისების ჯანმრთელობას, ანუ იმუნურ სისტემას, როგორია?
– გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე ძლიერი იმუნური სისტემა მეტისებს აქვთ გამომუშავებული. მათ ვაქცინაცია სულ რომ არ გაუკეთოთ, იმდენად ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ, ჩვეულებრივად ცხოვრობენ. სულ რომ არ აჭამო მაღალი ხარისხის საკვები, მათი კუჭი პრეტენზიული არ არის. მეტისები ხშირ შემთხვევაში უფრო მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე ჯიშიანი ძაღლები. მიუხედავად ყველაფრისა, თუ ძაღლი რაიმე კონკრეტული მიზნისთვის გჭირდებათ, მაშინ მეტისს ხელი არც უნდა მოჰკიდოთ.
– ყველა ვერ ახერხებს ძაღლის პროფესიონალთან გაწვრთნას. საინტერესოა, რა უნდა ვასწავლოთ სახლის პირობებში მას უპირველესად ლეკვობიდანვე?
– უნდა შევეცადოთ, ლეკვს ყველანაირი კომფორტი შევუქმნათ, ოღონდ არა გათავხედებამდე. ზედმეტი კომფორტი ცხოველის ზედმეტი გათავხედებაა, რისი წყალობითაც შეიძლება, მეორე დღეს შემოგიტრიალდეთ, შემოგიღრინოთ და გიკბინოთ. ამიტომ უნდა ეცადოთ, ურთიერთობა დააბალანსოთ. ლეკვი ყველაზე ჯიუტი არსებაა, მას შეუძლია ბევრჯერ მოისმინოს, რომ რაღაცის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ ასევე ბევრჯერ წავიდეს და იგივე გააკეთოს. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი ნებისყოფა უნდა გვქონდეს მისი აღზრდისთვის.
ლეკვის აღზრდისას, ასევე, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ერთი ფაქტი, რომ ძაღლი მისდევს ყველაფერს, რაც კი გარბის. მას ფსიქოლოგიურად ასეთი ფორმირება აქვს. შეიძლება, ადამიანი მიდიოდეს, ძაღლს მასზე რეაქცია არ ჰქონდეს, მაგრამ როგორც კი გაიქცევა, ისიც გაეკიდება. ძაღლს ლეკვობიდან უნდა ვასწავლოთ, რომ არავითარ შემთხვევაში რეაგირება არ ჰქონდეს კატაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძაღლი არც ერთ ბრძანებას არ შეასრულებს, თუ მან კატა დაინახა და მასზე რეაგირება მოახდინა. თუ ეს ტრასასთან ახლოს მოხდა, შეიძლება, ძაღლისთვის უბედური შემთხვევითაც დამთავრდეს. ამიტომ, უმჯობესია, ლეკვობიდან შეაჩვიოთ ძაღლი, რომ კატაზე რეაგირება არ მოახდინოს.