რომელ მცენარეს ეხვევა მავნებელი შემოდგომით და როგორ ტემპერატურაზე იზრდება უკეთ იაპონური ბანანი
ალბათ, ყველა თქვენგანი ფიქრობს, რომ მავნებლების სიმრავლე ზაფხულის სეზონზეა შესამჩნევი და ამ დროს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევთ მცენარეებს, თუმცა, თურმე, არსებობს ისეთი მცენარეებიც, რომლებსაც მავნებელი ზაფხულში კი არა, სწორედ ახლა, შემოდგომის სეზონზე ემტერება. „ფლორა ინტერნაციონალის“, მეცნიერ-მუშაკი, ბიოლოგი ბატონი ამირან ბიწაძე სწორედ ასეთ მცენარეებზე ისაუბრებს.
– ბატონო ამირან, კარგად გრძნობს თუ არა თავს თამარინდუსი ჩვენს პირობებში?
– ამ მცენარის სამშობლო აფრიკაა, სადაც ძალიან მაღალი იზრდება, თუმცა, ჩვენთან ძალიან დიდი ზომის არ იზრდება მაგრამ მშვენივრად ხარობს საქართველოს პირობებშიც.
– რა ზომის იზრდება ეს მცენარე ჩვენს პირობებში და გვირჩევთ თუ არა მის გასხვლას?
– ის დაახლოებით ორ მეტრ სიმაღლეს აღწევს, ძალიან ლამაზია და არც პრეტენზიული მცენარეა. რაც შეეხება მის გასხვლას, არ არის რეკომენდებული, რადგან მცენარე ვერ იტანს შეკვეცას. შესაძლებელია, ამ შემთხვევაში გახმეს.
– როგორ ტემპერატურას ეგუება თამარინდუსი?
– ზაფხულში მცენარე დაახლოებით 20-30 გრადუს ტემპერატურაზე ამყოფეთ, ზამთარში კი ეცადეთ, ბინაში 15 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა იყოს, დაბალ ტემპერატურაზე შესაძლებელია, მცენარეს ფესვების ლპობა დაეწყოს და ფოთლები გაუყვითლდეს.
– რა სიხშირით მოვრწყათ თამარინდუსი?
– ახლა მცენარე რეგულარულად უნდა მორწყათ. ზაფხულის სიცხეში ეცადეთ ნიადაგი ტენიანი იყოს, რომ მიწა ძალიან არ გამოშრეს. ზამთარში კი ორ კვირაში ერთხელ მორწყვა მისთვის საკმარისი იქნება.
– რას გვირჩევთ, როგორ ნიადაგში ჩავრგათ ეს მცენარე?
– მის ნიადაგში აუცილებლად უნდა შედიოდეს: ერთი წილი ტორფი, ორი წილი მიწა, ნაკელი და ცოტაოდენი თიხა.
– როდის ყვავილობს მცენარე და როგორ გავამრავლოთ ის?
– ახლა სწორედ მისი ყვავილობის სეზონია, ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყებს მცენარე ყვავილობას. მას ნაყოფიც აქვს, თუმცა საქართველოს პირობებში ნაყოფი იანვარში გამოსდის. ეს მცენარე ძირითადად სათბურებში გამოჰყავთ. გამრავლებისას ის უნდა დათესოთ აუცილებლად ყუთში და როდესაც მას გამოუვა დაახლოებით 4-დან 12 ფოთლამდე, შემდეგ გადაიტანოთ ქოთანში.
– თუ გვირჩევთ ზაფხულში მის გარეთ გადგმას და ზამთარში რა ადგილას მოვათავსოთ მცენარე?
– ზაფხულში სასურველიცაა მისი გარე კლიმატში დადგმა, ხოლო ზამთარში შეარჩიეთ ნათელი მხარე და იქ დადგით.
– ემუქრება თუ არა ამ მცენარეს მავნებელი და რომელ სეზონზე შეიძლება დაავადდეს ის?
– ამ მცენარეს ძირითადად ყვავილობის დროს ემტერება ტკიპა. ანუ, მისი დაავადების ალბათობა სწორედ ახლაა, შემოდგომით. დაავადების შემთხვევაში გამოიყენეთ შესაწამლი საშუალება – ინსექციდი.
– როგორც ვიცი, ეს მცენარე საკვებადაც გამოიყენება...
– დიახ, მის ნაყოფს ფქვილად იყენებენ. მინდა აღვნიშნო, რომ ეს მცენარე ნაყოფის გარეშეც ულამაზესია. ამშვენებს ბინებს, სკვერებს და ბოტანიკურ ბაღებს. მისი ულამაზესი ფოთლები კი, შეგიძლიათ, გამოიყენოთ სხვადასხვა კომპოზიციის შესაქმნელად.
– როგორი მცენარეა იაპონური ბანანი და სად ხარობს უკეთ ეს მცენარე?
– ის ბალახოვანი მცენარეა, იზრდება საკმაოდ მაღალი. იოლად ეგუება დაჩრდილვას, კარგად ხარობს წითელი მიწის ნიადაგში და მრავლდება ბუჩქის დაყოფით. ახლა, ამ სეზონზე მისი ფოთლები ცოტათი შეყვითლდება და არ იფიქროთ, რომ მცენარე ცუდადაა. მას აქვს კარგი ჩრდილი და აქტიურად იყენებენ ხეივნებისა და პარკების დასაჩრდილავად, თუმცა ძლიერ ყინვას ვერ უძლებს.
– შესაძლებელია თუ არა მისი ბინაში გახარება?
– თუ დიდი სახლი გაქვთ, ძალიან ეფექტური იქნება ეს მცენარე ოთახში, იოლად ეგუება ოთახის პირობებს და კარგად გაიხარებს.
– როგორ მოვუაროთ იაპონურ ბანანს ზაფხულში?
– ზაფხულში შეიძლება, მცენარე აივანზე ან ეზოში გაიტანოთ. უყვარს დანესტიანებული ადგილი, ამიტომ ეცადეთ, ამ დროს წყალი არ მოაკლოთ. ეს მცენარე სწრაფად მზარდია და თუ გსურთ, კარგად გაიზარდოს, ზაფხულში 28-35 გრადუს სითბოში იყოს. ის კარგად იტანს მცხუნვარე მზესაც.
– რაც შეეხება ზამთარს?
– ზამთრის სეზონზე, რა თქმა უნდა, მორწყვა უნდა შეამციროთ. მისთვის საკმარისი იქნება 15 დღეში ერთხელ წყლის დასხმა. ტემპერატურა ამ დროს 15-25 გრადუსი უნდა იყოს.
– რით მრავლდება ეს მცენარე?
– იაპონური ბანანი მრავლდება თესლით და ამონაყარით. გირჩევთ, ამონაყარი იქამდე არ გადარგათ, სანამ 6-7 ფოთოლი არ ექნება. მის ნიადაგში საჭიროა, შედიოდეს: ორი წილი მიწა და ნაკელი, თითო წილი ქვიშა, ტორფი და ფოთლის მიწა.
– რომელ სეზონზე ემტერება მცენარეს მავნებელი და როგორ დავიცვათ ის?
– სწორედ ამ სეზონზე უჩნდება იაპონურ ბანანს მავნებლები. ამიტომ, მთელი შემოდგომის განმავლობაში სასურველია იაპონური ბანანი თავიდან ბოლომდე აქტელიკის ან კარატეს ხსნარით ჩამორეცხოთ.
– მსხმოიარეა თუ არა იაპონური ბანანი ბინებში?
– ეს მცენარე ისხამს მხოლოდ ორანჟერეებში, სადაც ტემპერატურა უნდა აიყვანოთ 40 გრადუსამდე.
– რისთვის გამოიყენება მისი ფოთლები?
– ამ მცენარის ფოთლების საშუალებით კარგად იხურება ბუნგალოები და ფართოდ იყენებენ ტროპიკული ქვეყნების მცხოვრებლები. მისი ულამაზესი ფოთლები მზის სხივებს არ ატარებს და საუკეთესო ჩრდილს შეგიქმნით ბაღშიც. ამ თვისებასთან ერთად, იაპონური ბანანი უპრეტენზიო და საკმაოდ იოლად მოსავლელი მცენარეა. ამიტომ გირჩევთ, შეიძინოთ ეს მცენარე და სურვილისამებრ, გაახაროთ ბინაში ან ბაღში.