როგორ დასრულდა გრიგოლ რობაქიძის პირველი ქორწინება და როგორი პატივი მიაგო მწერალმა დასნეულებულ მეორე მეუღლეს
პირველი სიყვარული გრიგოლ რობაქიძისთვის უიღბლო აღმოჩნდა, ისევე როგორც მისი პირველი ქორწინება. ამის შემდეგ მწერალმა კიდევ ერთხელ იქორწინა. მესამედ ქორწინება არ დასცალდა. ამჯერად 81 წლის გრიგოლ რობაქიძე 31 წლის მხატვარზე იყო შეყვარებული. ჩვენი რესპონდენტი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, მეოცე საუკუნის ლიტერატურის, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძის შემოქმედების მკვლევარი მაია ჯალიაშვილი გვესაუბრება თუ როგორ წარიმართა გრიგოლ რობაქიძის პირადი სასიყვარულო ისტორიები.
მაია ჯალიაშვილი: პირველი სიყვარული პოეტური ბუნების, რომანტიკული სულის გრიგოლ რობაქიძისთვის უიღბლო აღმოჩნდა. ქალის მშობლებმა სასიძოდ დაიწუნეს და გრიგოლს ქალის ტყუილი თვითმკვლელობის ამბავი მისწერეს, რამაც ახალგაზრდა გრიგოლის სულზე ღრმა, ტკივილიანი კვალი დატოვა. ასევე უიღბლო აღმოჩნდა მისი პირველი ქორწინებაც. ირანში, პირველი მსოფლიო ომის დროს, ცოლად შეირთო ნინო დომენსკაია და ქალიშვილი შეეძინათ, რომელიც ბაქოში ქუნთრუშის ეპიდემიით დასნეულდა და გარდაიცვალა. გრიგოლ რობაქიძემ გარდაცვლილ ქალიშვილ ალკას მიუძღვნა დრამა „ლონდა“ და ლექსი „ალლას“.
მწერალი მეორედ დაქორწინდა ელენე ფიალკინაზე, მსახიობსა და მწერალზე, რომელთანაც შვილი არ შესძენია, მაგრამ ზრდიდა მეუღლის ობოლ დისშვილს – ალინკას (ელენე პოგორელოვას). ელენე ფიალკინას ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: „მწერლობა უფრო ადრე დავიწყე და გერმანიაშიც გავაგრძელე. ვწერდი გერმანულად გერმანულ ქალთა ჟურნალებისა და ფილმებისთვის, როგორც სცენარისტი. ამას გარდა, ბერლინში რუსულს ვასწავლიდი დოქტორ რაკოვის კომერციულ და უცხო ენების სასწავლებელში. როგორც ცალკე წიგნი, გერმანიაში გამოვეცი ჩემი რომანი „ნინა“. სიბერეში ნელი ფიალკინა დასნეულდა და ლოგინად ჩავარდა. გრიგოლ რობაქიძე მეუღლეს გარდაცვალებამდე თვითონ უვლიდა.
– სწორედ ამ წლებში მის ცხოვრებაში გამოჩნდა ახალგაზრდა ქალი, გიტა შტრახვიტცი.
– დიახ. ეს იყო სასწაული. გრიგოლ რობაქიძემ ჟენევაში გაიცნო ახალგაზრდა მხატვარი ქალი, სავარაუდოდ, ალბათ, რომელიმე მის გამოფენაზე. მოიხიბლა მისი ნახატებით, რომლებიც თავისებურად შეაფასა კიდეც ერთ წერილში: „მისი „თავისებური სტილი“ თავიდან მეჩვენებოდა: როგორც მანერა, სინამდვილე შეაცუროს ზმანების ნაცვლად. თუ ერთი ფრანგი ავტორის გამოთქმას მივმართავთ რილკეს შესახებ, შემდეგში გამოირკვევა საწინააღმდეგო, სახელდობრ: მანერა, რომ ზმანება შეაცუროს სინამდვილის ნაცვლად. მისი ნახატები ნათელია. მისი ხედვა წინ კი არაა მიმართული, არამედ უკან: მეტაფიზიკურში, აქედანაა მისი ვიზიონერობა, რომელიც მე, მრავალი საიდუმლოს მცოდნეს, მაკვირვებს“. ამ დროს მწერალი 81 წლის იყო, გიტა კი – 31-ის. წლებს ხელი არ შეუშლია, რომ მათ შორის საოცარ სიყვარულს ეფეთქა. მარტოსულმა გრიგოლმა, როგორც თვითონ აღნიშნავდა, ღვთისგან გიტას სახით საჩუქარი მიიღო: „ჩემი სიყვარული ისე დიდია, რომ მან შეძლო ასაკობრივი განსხვავების დაძლევა. მით უფრო, რომ ჩვენი სიყვარული არაჩვეულებრივი ბუნებისაა“.
– როგორ წარიმართა ეს სიყვარული?
– ჩვენ გვაქვს გიტასადმი მიწერილი გრიგოლ რობაქიძის პირადი წერილები, რომლებიც პირველად იზა ორჯონიკიძემ გამოაქვეყნა ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემულ კრებულში „ლიტერატურის მატიანე“. წერილების ასლები გიტას მეგობარ ქალს, მხატვარ ვანდა ჰოლეის, შვეიცარიაში დაცული გრიგოლ რობაქიძის არქივიდან გადაუღია და შემდეგ გადაუცია დავით მაღრაძისთვის (წერილები თარგმნა ქეთევან შერვაშიძემ). გრიგოლ რობაქიძე გიტას წერდა 1961-1962 წლებში. ამ ბარათების მიხედვით, კარგად ჩანს, როგორ იზრდებოდა ეს სიყვარული, რას განიცდიდა მწერალი: „შენმა სიყვარულის ძალამ გამაახალგაზრდავა. ამ ძალის მადლით, ჩემი საშიში ნერვიული დეპრესია თითქმის ნულამდე დავიდა. შენი სიყვარულის წყალობით, განვიცდი არსებობის სიხარულის მადლს და შემოქმედებით აღმაფრენას“.
როგორც აღვნიშნე, ჩვენ მხოლოდ გრიგოლ რობაქიძის წერილები გვაქვს, მაგრამ მაინც შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ ის ბარათები, რომელთაც ახალგაზრდა მხატვარი ქალი სწერდა მწერალს. თანაც, საგულისხმოა, რომ გრიგოლ რობაქიძეს ხშირად აქვს ჩართული ციტატები გიტას წერილებიდანაც.
წერილების ციკლი გრძელდება 1961 წლის 27 აპრილიდან 1962 წლის 17 ნოემბრამდე. საგულისხმოა, რომ ბოლო წერილი მწერალმა სიკვდილამდე ორი დღით ადრე დაწერა. გარდაიცვალა 19 ნოემბერს. ამ ბოლო წერილის მიხედვით, გრიგოლ რობაქიძე ბედნიერების მწვერვალზე იდგა, მან და გიტამ ერთად ცხოვრება და დაქორწინება გადაწყვიტეს. მწერალმა, დის თხოვნით, სურათიც გადაიღო, რომელზეც ძალიან გაახალგაზრდავებული ჩანდა. თვითონ ამას გიტას სიყვარულით ხსნიდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ სურათის გადაღებისას შენზე ვფიქრობდიო.
– როგორია შეყვარებული გრიგოლ რობაქიძე?
– საოცრად ამაღელვებელია ეს წერილები. შეიძლება, გოეთეს უკანასკნელი სიყვარული გაგვახსენდეს, როდესაც 74 წლის, ხანდაზმულ ვაიმარელ გენიოსს 19 წლის ულრიკე ფონ ლევეტცოვი თავდავიწყებით შეუყვარდა, თუმცა გოეთეს პირადი წერილები არ დაუწერია. სხვათა შორის, ეს „ხარვეზი“ შეავსო გერმანელმა მწერალმა რობერტ ვალზერმა, რომელმაც დაწერა რომანი „შეყვარებული გოეთე“, ეს წერილები „გამოიგონა“. ეს წიგნი – მაია მირიანაშვილის თარგმნილი, წელს გამოიცა.
გრიგოლ რობაქიძე ამ წერილებში გიტას მიმართავდა, როგორც მზეს, ღვთიურ მეგობარს, ენგადს, წყაროს, წყაროსთვალს, შეუდარებელს, მისტიკურ მეუღლეს, ღვთიურ სატრფოსა და დას. ამ წერილებში კარგად ჩანს, პლატონური სიყვარულის ფილოსოფია, აგრეთვე ისიც, როგორ სულიერ მდგომარეობაში იყო პოეტი, რა სტკიოდა, რა უხაროდა.
ერთი წერილიდან ვიგებთ, რომ გიტა აღფრთოვანებული ყოფილა გრიგოლის გერმანულ ენაზე დაწერილი ლექსებით: „რომ ჩემს ლექსებს თქვენს გულში ხელმეორედ დაბადება ხვდათ წილად – უმაღლესი ბედნიერება, რომელიც შეიძლებოდა რგებოდა ოდესმე ლექსს თქვენს სამყაროში, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ გამახარა ამან“. გიტას რამდენადმე სცოდნია საქართველოს შესახებ, კერძოდ ის, რომ წმიდა გიორგი მფარველობდა და მისი ხატი უჩუქებია გრიგოლისთვის. ამით აღტაცებულ გრიგოლს კი მისთვის მიუწერია: „მწერთ: „რამდენიმე დღის წინ, როდესაც საღებავებს ვყიდულობდი, ღია ბარათი შევამჩნიე; მან უცებ თქვენი თავი გამახსენა – ხომ არის წმიდა გიორგი თქვენი სამშობლოს მფარველი? – ამიტომაც გიგზავნით“. საოცარია დეტალების ცოდნა ჩემ შესახებ. გმადლობთ. ვარ გულაჩუყებული“ და ბოლოს: „ამან შემძრა სულის სიღრმემდე. ამიერიდან თქვენც ჩემი სამშობლოს მფარველი კალთის ქვეშ გიგულებთ. სულიერად მონათესავე, თქვენი გრიგოლ რობაქიძე“. ერთი წერილიდან ვიგებთ, რომ გიტას 12 წლით ადრე დასიზმრებია, რომ შეხვდებოდა გრიგოლს, რომელმაც ეს სიზმარი ხილვას შეადარა.
წერილებიდან ჩანს, რომ გიტას არა მხოლოდ ლექსები, გრიგოლ რობაქიძის რომანებიც მოსწონდა, მათ შორის „გრაალის მცველნი“, რომლის შესახებ წერდა: „ეს წიგნი ჩემი შინაგანი შეხვედრა იყო თქვენთან, რომელიც შემდგომ ღრმა განცდად გადაიქცა. ბავშვობასა და სიყმაწვილეში ნანახი ყველა სურათი უეცარი რეალობით აღივსო. განა ეს ღრმა შინაგანი ნათესაობის შეცნობა არ იყო?“.
რობაქიძეს გაუხარდა, როცა გაიგო, რომ გიტას სიმბოლო იყო თასი, მის მარჯვენა ხელში ჩახატული ყოფილა ჯვრიანი თასი. გრიგოლს მარჯვენაზე კი მზე ჰქონდა გამოსახული. იგი წერდა: „როცა ხელს გართმევთ – ჩემი „მზის ხაზით“ ვეხები თქვენს „ფიალას“. ამით ჩვენი შინაგანი ერთობა სამუდამოდ დადასტურებულია“.
ამ წერილებში ჩანს, რას წერდა რობაქიძე, რას კითხულობდა, სამომავლოდ რას გეგმავდა. რა თქმა უნდა, ამიერიდან ყველაფერი გიტასთან იყო დაკავშირებული. მისი მონატრებით სუნთქავდა, მასზე ფიქრში ათენ-აღამებდა, ყოველ კვირაში (ხანდახან რამდენჯერმეც) წერილებს სწერდა.
თვითონ გრიგოლ რობაქიძესაც ვერ აეხსნა ეს სიყვარული, წერდა: „ამაოდ ვეძებ მსგავს სიყვარულს მსოფლიო ლიტერატურაში, უფრო ჰგავს ჩემი ნორინას სიყვარულს ლევანისადმი („გრაალის მცველნი“). შენს სიყვარულს მისტიკური საწყისი აქვს. შენ მე მიცნობდი მეტაფიზიკური სამყაროდან, გაუცნობიერებლად“.
გრიგოლი „ზებედნიერად“ გრძნობდა თავს და წუხდა: „დედამიწაზე ჩემი შენდამი სიყვარულისთვის ასე ცოტა დრო დამრჩა. დიდხანს, დიდხანს უნდა მყვარებოდი: ეს ნიშნავს, მემსახურა შენთვის“.
გიტა სწერდა გრიგოლს: „შენდამი სიყვარულში როგორც ყვავილი, ისე გავიფურჩქნე, რადგანაც შენ (შენგანვე ფარულად) ხარ ის: ჩემი არსებობის მთავარი მიზეზი“.
გრიგოლს ეშინოდა, რაიმე ბოროტი არ ჩარეულიყო მათ „საკრალურ ურთიერთობაში“. წუხდა, როცა გიტასგან პასუხი იგვიანებდა. გიტა ხშირად მოგზაურობდა, სხვადასხვა შეკვეთას ასრულებდა. როცა გრიგოლმა ნახა სურათი; „ფარაონი სეთი და ქალღმერთი ჰატჰორი“, გიტა ქალღმერთ ჰატჰორს შეადარა. თავის თავს კი ლაშარის რაინდს უწოდებდა, გიტასთვის რომ უნდა ემფარველა. ერთ წერილში კი გიტას სთხოვს, დიონისე დამიძახე, ტანჯული ღმერთის სახელიო.
1962 წლის 25 აპრილს გიტას ასეთი სიზმარი უნახავს: ის და გრიგოლი გადახვეულნი იყვნენ, გრიგოლს ორდენის მფლობელის ნაცრისფერი სამოსი ეცვა, მერე უდაბნოში საქარავნო გზაზე მიდიოდნენ. გრიგოლი უეცრად გაუჩინარდა, გიტამ კი მოულოდნელ ლანდშაფტში გადაინაცვალა, ეძახდა გრიგოლს, გაიქცა ხეებისკენ, უცებ ღობეშემოვლებულ ადგილზე აღმოჩნდა, ღობის იქით კი კბილებდაღრჭენილი ურჩხულები იყვნენ. გიტამ მათ სიყვარული მიაფრქვია, რის შემდეგაც ცხოველები ხტუნვით გარს შემოეხვივნენ და ლოკვა დაუწყეს. გრიგოლმა კი ეს სიზმარი ასე ახსნა: ისინი მიწიერი სიყვარულით შეერთდებოდნენ, მაგრამ თვითონ მალე გარდაიცვლებოდა, დაემშვიდობებოდა და მარადისობიდან შეეხმიანებოდა. გრიგოლი სწერდა გიტას: „ჩვენ ვშორდებით და კვლავ ვპოულობთ თავს ერთმანეთში. მტკივნეულია განშორება, მაგრამ მოვიგონით სტროფი ჩემი ლექსიდან: „სევდიანები“.
გრიგოლი წერილებში გიტას საქართველოზეც სწერდა, მაგალითად, ერთგან აღტაცებული აღნიშნავს, რომ დაესწრო ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებას თბილისის „დინამოსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის კალათბურთში, რომელიც ქართველებმა მოიგეს: „საქართველო ცოცხლობს! საქართველოს გაუმარჯოს!“
განსაკუთრებული მღელვარებით მოელოდა ჟენევაში „სუხიშვილების“ ანსამბლის ჩასვლას, რათა ერთად დასწრებოდნენ კონცერტს. თვითონ სამჯერ დაესწრო და აღფრთოვანება საგანგებო წერილით გამოხატა: „ქართული გენია როკვით განფენილი“. ერთ გაზეთს კი კრიტიკული სტატია დაუბეჭდავს: „ეს შავგვრემანი, მკვირცხლი, უქნარა და ტრაბახა სამხრეთელები – საბჭოთა კავშირის მარსელები – უთუოდ უაღრესად სიმპათიურნი არიან“. აღშფოთებული გრიგოლი საგანგებოდ ამ სტატიასაც გამოეხმაურა წერილით „ქართველების სავიზიტო ბარათი“. მას სურდა ამ წერილით ევროპულ-ამერიკულ სამყაროს გაეგო საქართველოს შესახებ, რადგან დღემდე ამ ქვეყანას მხოლოდ „თავაზიან“ ეთნოგრაფიულ საკითხად განიხილავენო.
გრიგოლ რობაქიძე განსაკუთრებით განიცდიდა, რომ გიტას მშობლებისთვის მისი ხელი უნდა ეთხოვა. წინასწარ მათთვის დაწერილი წერილი ჯერ გიტას გაუგზავნა, რომ მასაც შეეფასებინა. აი, რას სწერდა: „ჩვენი სიყვარული ისე განუზომლად ღრმაა, რომ ვერავითარი მიწიერი ძალა ვერ შეარყევს. თვით სიკვდილიც ვერ დაგვაშორებს ერთმანეთს, რადგანაც სამუდამოდ ვართ მისტიკურად დაქორწინებული. ამით აიხსნება, რომ არცთუ იშვიათად თავს დაძმანივით ვგრძნობთ. ვაღიარებ, რომ ნებისმიერი მესამე ადამიანი – რადგანაც გიტასთვის ძალიან ხნიერი ვარ – ჩვენს სიყვარულს არაბუნებრივად მიიჩნევს, მაგრამ გიტასეული სიზმრით, მე მას, როგორც სიყვარულს, უძველეს დროში შევხვდი. მე კი ჩემი თავი სამუდამოდ ვპოვე მის სიყვარულში. ასე რომ, ჩვენი სიყვარული უფრო ზეგრძნობადზეა დამყარებული, ვიდრე გრძნობადზე. აქ კი ასაკობრივ განსხვავებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ახლა გადავწყვიტეთ, ჩვენი სიყვარული ქორწინებით დავაკანონოთ. ვიცი, თქვენთვის ფსიქოლოგიურად ძნელი იქნება ეს მოიწონოთ და ვერც გავბედავ, გთხოვოთ. ერთს კი მაინც მოველი თქვენგან, რომ საკუთარ გულებში ჩვენი ქორწინება არ „შეაჩვენოთ“.
„ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: „ადამიანის სიყვარული ნიშნავს, დაინახო ის ისე, როგორც ღმერთმა ჩაიფიქრა“, – წერს რობაქიძე ერთ წერილში. მას სწორედ ამგვარი სიყვარულით უყვარდა გიტა: „ერთი რამ მცირედ მაღელვებს, ძალიან ხნიერი ვარ შენთვის. შესაძლოა ამის გამო შენი ქალურობა დაიჩაგროს, მაგრამ შენ სიყვარულის „ძებნისას“ უძველეს დროში შემხვდი“. „ჩვენი სიყვარული მისტერიაა. ეს არის ქმედებად ქცეული საიდუმლო, როგორც ბოძებული მაღალი წყალობა“.
როგორც ჩანს, გრიგოლ რობაქიძე ამ სიყვარულის „მოკლე ბიოგრაფიის“ დაწერასაც აპირებდა. შეიძლება, მის არქივში ინახება კიდეც ეს ხელნაწერი.
გიტას არ აკლდა ხელის მთხოვნელები. ერთ წერილში გიტას მოუწერია, რომ ვიღაც 38 წლის, ექვსი ენის მცოდნეს, ბრწყინვალე მდგომარეობისა და კარგი გარეგნობის ამერიკელს უთხოვია ხელი, ივლისში კი – 60 წლის დიპლომატს, არისტოკრატს: „განა ბედი უცნაური არაა? არჩევანის საშუალება მომცა“. გიტამ კი გრიგოლ რობაქიძე აირჩია და სულ არ აშინებდა არც ასაკობრივი სხვაობა და არც მომავალი ხელმოკლე ცხოვრება.
ამის თაობაზე გრიგოლ რობაქიძე ამშვიდებდა: რომ გათხოვილიყავი, ჩემს სიყვარულს არაფერი მოაკლდებოდა, უბრალოდ, მსუბუქი ნაღველი მომიცავდაო. სიკვდილმა მოულოდნელად დაუსვა წერტილი ამ მისტერიას, თუმცა, ვინ იცის, როგორც პავლე მოციქული წერს, სიყვარული ხომ არასოდეს მთავრდება.