კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი მონარქი იყო ბაგრატ მეხუთე და რა მოინანია მან თემურ ლენგთან ტყვეობის შემდეგ


საქართველოს ისტორიაში არიან მეფეები, რომელთა მოღვაწეობის შეფასება ერთობ რთულია. შესაძლებელია, ეს მეფე მივიჩნიოთ, როგორც გმირად, ასევე ანტიგმირად. ერთ-ერთი ასეთი მეფე იყო ბაგრატ მეხუთე. ბაგრატ მეხუთის და მისი შვილის, გიორგი მეშვიდის მოღვაწეობა არაერთგვაროვანია. ზოგიერთი მკვლევარი აღწერს მათ გმირობას და დამსახურებას საქართველოს წინაშე, ზოგიერთი კი მათ მოქმედებას სიბრიყვედ მიიჩნევს და საქართველოს დაცემაში მათ წვლილს ხედავს. ჩვენი რესპონდენტი – ისტორიკოსი, პროფესორი მირიან მახარაძე სწორედ ამ მონარქზე გვესაუბრება და მის მოღვაწეობას შეაფასებს.


– ბატონო მირიან, ბაგრატ მეხუთის მოღვაწეობა არაერთგვაროვნად არის შეფასებული. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

– ამგვარი შეფასების მიზეზი, ბაგრატ მეხუთისა და მისი ვაჟის, გიორგის მოქმედება გახლავთ მსოფლიო დამპყრობელ, თემურ ლენგთან მიმართებაში.

ბაგრატ მეხუთეს შესახებ ცნობები ძალზე მწირია. „ქართლის ცხოვრებაში“ შესული ტექსტები გადმოგვცემს ბაგრატის შებრძოლებას თემურ ლენგთან და არაფერს ამბობს მისი მეფობის წინა წლებზე. ეს უცნობი წლები კი სამ ათეულ წელს ითვლის.

– თუ არსებობს ინფორმაცია ამ უცნობ წლებში განვითარებული მოვლენების შესახებ?

– აღსანიშნავია, რომ „ქართლის ცხოვრებაში“ ბაგრატი მოხსენიებულია „დიდის“ სახელით, მაგრამ თუ რატომ ეწოდება ბაგრატს დიდი, ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. უცხოური წყაროების ანალიზის საფუძველზე, ჩვენ გარკვეული დასკვნების გაკეთება შეგვიძლია ამ მონარქის მოღვაწეობაზე.

ბაგრატი ერთიანი საქართველოს ტახტზე ადის 1360 წელს.

– რა ვითარებაა ამ დროს საქართველოში?

– ამ დროს საქართველოში ძალზე რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური ვითარებაა. სამხრეთში, ჯერ კიდევ გიორგი ბრწყინვალის პერიოდიდან მოყოლებული, მასობრივად შემოდიოდნენ თურქული ტომები, რომლებთანაც ურთიერთობის მოწესრიგება ბაგრატს მიენდო. ამას დაემატა ბაგრატის წინამორბედის, დავითის პერიოდში მომხდარი საშინელი მიწისძვრა, რომელსაც მოჰყვა არა მარტო ქვეყნის ნგრევა, არამედ ეპიდემიაც. კერძოდ, საქართველოში გავრცელდა შავი ჭირი, რომელმაც მრავალი მცხოვრების სიცოცხლე შეიწირა. რთული ვითარება იყო საქართველოს შავი ზღვის საზღვართანაც. მეთოთხმეტე საუკუნის 40-50-იან წლებში საქართველომ გავლენა დაკარგა ტრაპიზონზე, სადაც პრობიზანტიური კლანი გაბატონდა. ყოველივე ამის გამოსასწორებლად, ბაგრატს მტკიცე ზომების მიღება მოუხდა.

– რას გულისხმობთ?

– როდესაც ბაგრატი საქართველოს ტახტზე ავიდა, ქვეყნის მთიანეთში, კერძოდ, სვანეთში მოხდა დიდი აჯანყება. მეფემ ეს აჯანყება ჩაახშო, მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი, რომ მან ამბოხებულები არ დასაჯა, როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ხდებოდა, არამედ მისცა გამგებლობა ტრაპიზონის მოსაზღვრე მხარეში, კერძოდ, გურია-აჭარაში. ბაგრატს ამგვარი მოქმედება დაუფასდა. ამბოხებული ვარდანიძეები, შემდგომში გურიელებად ცნობილები, სამეფო ხელისუფლების დასაყრდენი ძალა აღმოჩნდა. მათ ენერგიულად დაიწყეს მუშაობა მოსაზღვრე ტრაპიზონში ხელისუფლების შესაცვლელად. ბაგრატის მიზანი იყო ტრაპიზონის სათავეში კვლავ პროქართული ძალა მოსულიყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მეფის ამ ქმედებების შესახებ „ქართლის ცხოვრება“ არაფერს გვეუბნება, საინტერესო ფაქტია მოყვანილი მიქაელ პანარეტოსის „ტრაპიზონის ქრონიკაში“, სადაც აღწერილია, რომ ლაზებმა ტრაპიზონის იმპერატორზე თავდასხმა განახორციელეს. შუა საუკუნეებში ლაზები ყოველთვის წარმოადგენდნენ საქართველოს ხელისუფლების დასაყრდენს. ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ლაზების მიერ განხორციელებულ შეთქმულებას ზურგს საქართველოს მეფე უმაგრებდა. ამ დასკვნის საფუძველს შემდგომში საქართველოში განვითარებული მოვლენა გვაძლევს.

– გვიამბეთ ამ მოვლენის შესახებ.

– ტრაპიზონის იმპერატორმა ალექსი მესამემ, თავისი და, მარია დედოფალი ცოლად გააყოლა „თეთრბატკნიანთა“ მბრძანებელს ქუთლუს. ამ ქორწინების შედეგად მან ზურგი გაიმაგრა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგი იყო პრობიზანტიური პარტიის წარმომადგენელი და ყველა ხერხით ებრძოდა პროქართულ პარტიას. უფრო მეტიც, მას ზოგიერთი ქართული ტერიტორია თავისად მიაჩნდა. ისარგებლა რა საქართველოში მომხდარი მიწისძვრითა და გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემიით, მისი ჯარი ქართულ ტერიტორიებს შეესია. პირდაპირი ცნობა ამ შემოსევის შესახებ არ გვაქვს, თუმცა მეტად საინტერესო ამბავია გადმოცემული ზემოთ ნახსენებ „ტრაპიზონის ქრონიკაში“. კერძოდ, ტრაპიზონის იმპერატორი არხალში გაემართა საბრძოლველად, „შავბატკნიანთა“ ტომის, დორულის გასადევნად. ყოველივე ეს იმის მანიშნებელია, რომ ალექსი უძველეს ქართულ მიწას, თავისი სამონასტრო კომპლექსით – არხალით, რომელიც ქართული განმანათლებლობის ერთ-ერთი ძლიერი კერა იყო, თავისად მიიჩნევდა. სწორედ ამ ქმედებებს ვერ შეეგუა ბაგრატ მეხუთე და შეთქმულების გზით იმპერატორის ტახტიდან ჩამოცილება გადაწყვიტა. შეშინებულმა ალექსიმ დახმარებისთვის თავის სიძეს, ქუთლუს მიმათა.

– აღმოუჩინა თუ არა იმპერატორს დახმარება საკუთარმა სიძემ?

– ქუთლუმ ალექსს დახმარება აღმოუჩინა და თავისი ჯარით საქართველოში შემოვიდა. ბაგრატმა მტერზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. შეშინებულმა ალექსიმ ნაცად ხერხს მიმართა ბაგრატთან მოსარიგებლად.

– რა ხერხს?

– ტრაპიზონის იმპერატორი, ყველა იმ გარე მოწინააღმდეგესთან, ვისგანაც კი საფრთხე მოელოდა, ქორწინების გზით აგვარებდა პრობლემას. მან არა მარტო ქუთლუს, არამედ სხვა ხუთ თურქ ემირსაც თავისი დები და შვილები მიათხოვა. ამგვარი მომრიგებლობითი დამოკიდებულება დაამყარა მან საქართველოს მეფესთანაც. 1367 წელს, მაკრიალის ტაძარში ბაგრატმა ჯვარი დაიწერა ალექსი მესამის ქალიშვილზე.

მიუხედავად ერთგვარი შემრიგებლობისა, გურიელი ბაგრატ მეხუთის დავალებით, მოსვენებას არ აძლევდა ტრაპიზონის იმპერატორს და გარკვეულ ტერიტორიებს ედავებოდა. ამიტომ, ბაგრატმა 1372 წელს გურიელი და ტრაპიზონის იმპერატორი შეარიგა. ამ ფაქტიდან, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მეფემ გააგებინა ალექსის, რომ ის, არათუ გურიელის დონის მმართველია, არამედ მასზე მაღლა დგას. შეიძლება სწორედ, ამგვარი მოქმედებების გამო, ბაგრატს სიცოცხლეშივე შეერქვა „დიდი“.

– კიდევ რა ვიცით ამ მონარქის შესახებ?

– სამწუხაროდ, როგორც აღვნიშნეთ, ქართული წყაროები ბაგრატის მეფობის პირველ ათწლეულებზე დუმს. არც უცხოურ წყაროებშია მიკვლეული რაიმე ხელჩასაჭიდი ფაქტი, რომელიც ამ მეფის მოღვაწეობას შეავსებდა. ფაქტი ერთია, რომ მსოფლიო მბრძანებლის, თემურ ლენგის საქართველოში შემოსვლის დროს, ჩვენი ქვეყანა საკმაოდ ძლიერი იყო, რაც თემურ ლენგთან განხორციელებულ პირველ შეტაკებებშიც გამოისახა.

ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ბაგრატ მეხუთე თავის ცოლთან ერთად, თემურ ლენგს ჩაუვარდა ტყვედ. იგი ვერ შეურიგდა დამარცხებას, რადგანაც მისი მეფობის წლებში ქართველი მეფე მხოლოდ გამარჯვებებს იყო ჩვეული. თემურ ლენგის შეთავაზებას, რომ მას ისლამი მიეღო, ბაგრატი დასთანხმდა. თუმცა, ამ დათანხმებაში სულ სხვა მოტივი იმალებოდა და რეალურად მას სხვა მიზანი ამოძრავებდა. მეფეს შეეძლო ჩვეულებრივად დაბრუნებულიყო, ხარკი გადაეხადა და თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობა გაეგრძელებინა. თუმცა, მას თემურ ლენგზე შურისძიების წყურვილი კლავდა.

– როგორ მოიქცა იგი?

– მსოფლიო დამპყრობელს მან 12 ათასი ჯარისკაცი სთხოვა, ვითომდა ამ ჯარით მას საქართველოში მეფობა უნდა დაებრუნებინა, რომელიც დატყვევების გამო დაკარგა. იგი ფარულად დაუკავშირდა თავის ძეს, გიორგის, შემდგომში გიორგი მეშვიდედ ცნობილს და დაავალა, ჩასაფრებოდა თემურ ლენგის მიერ მასთან გამოგზავნილ ჯარს. მართლაც, ჩასაფრების შედეგად, 12 ათასი თურქმანი ქართველებმა პირწმინდად გაჟლიტეს. აღსანიშნავია, რომ ბაგრატმა მსოფლიო დამპყრობელს სთხოვა, იმდენი ჯარი, რის ძლევასაც ქართველები ადვილად შეძლებდნენ. ეს იყო წარმოუდგენელი მარცხი ისეთი დამპყრობლისთვის, როგორიც თემურ ლენგი იყო. შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტმა გადაადგმევინა სასტიკ დამპყრობელს საქართველოს რამდენჯერმე აოხრების სურვილი. ფაქტია, რომ, იმდენჯერ მას მსოფლიოს არც ერთ კუთხეში არ განუხორციელებია ლაშქრობა, რამდენჯერაც საქართველოში. სამშობლოში დაბრუნებულმა ბაგრატმა მოჩვენებითი ისლამი უარყო, მოინანია და კვლავ მართლმადიდებლად მოექცა. ამ ფაქტის შემდეგ, ბაგრატ მეხუთეს დიდხანს არ უცოცხლია და თემურ ლენგთან ბრძოლის ასპარეზი თავის შვილს, გიორგი მეშვიდეს დაუთმო.


скачать dle 11.3