როგორ და სად დაასრულა სიცოცხლე სამხედრო პირმა, რომელმაც ტოტლებენი ამხილა
საქართველოს ისტორიაში კარგად ცნობილმა რუსეთის არმიის გენერალმა გოტლიბ ტოტლებენმა ძალზე ცუდი როლი ითამაშა ერეკლე მეორის ბიოგრაფიაში. მისმა ქმედებებმა დიდ საფრთხეში ჩააგდო პირადად ერეკლე მეორე და ქართლ-კახეთის სამეფოს ბედი. საინტერესოა, რა იყო ტოტლებენის ანტიქართული ქმედებების მიზეზი: რუსეთის სამეფო კარის ფარული ინსტრუქციების შედეგი, თვით მისი ავანტიურისტული ბუნება თუ მისი გერმანული წარმოშობის შედეგი. ამ და სხვა კითხვებს დღევანდელ ინტერვიუში ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე გასცემს პასუხს.
– ვინ იყო გოტლიბ ტოტლებენი, გერმანელი ავანტიურისტი თუ რუსეთის მიერ კარგად გაწვრთნილი ქვეშევრდომი?
– დავიწყოთ იმით, რომ 1770 წლის 19 აპრილს, ასპინძასთან, ტოტლებენმა მოულოდნელად მიატოვა ერეკლე მეორე თურქთა და ლეკთა პირისპირ და მხოლოდ ქართლ-კახეთის მეფის პირადი მხედართმთავრული ნიჭის წყალობით გადაურჩა ქართული ჯარი კატასტროფას, თვით ერეკლე კი – ტყვედ ჩავარდნას. ამ დროს კი ტოტლებენი გორში, ცხინვალში, დუშეთსა და ანანურში ძალით აფიცებდა მოსახლეობას რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. ამის შემდეგ ტოტლებენმა თავისი „მოღვაწეობა“ იმერეთში განაგრძო და იქაც სოლომონ პირველის საწინააღმდეგოდ და მასთან შეუთანხმებლად. მაგალითად: იგი დაუკავშირდა თურქთა მოკავშირესა და სოლომონის დაუძინებელ მტერს, დადიანს, ქუთაისის ციხიდან გააპარა თურქი მეციხოვნეები და ასე შემდეგ.
დიდი ხანია, ქართველი მკვლევრები მსჯელობენ იმაზე, თუ რამ განაპირობა ტოტლებენის ასეთი ქმედებები. უმრავლესობა ფიქრობს, რომ მისი ასეთი ანტიქართული, მიზანმიმართული საქციელი იყო არა რუსეთის სამეფო კარის ფარული ინსტრუქციების შედეგი, არამედ, თვით ტოტლებენის ავანტიურისტული ბუნებიდან გამომდინარეობდა და მისი გერმანული წარმოშობის შედეგი იყო.
– რა არის ცნობილი ტოტლებენის წარმომავლობისა და ცხოვრების შესახებ?
– იმისთვის, რომ უკეთესად გავერკვეთ ამ საკითხში, უფრო ვრცლად განვიხილოთ გოტლიბ ტოტლებენის წარმომავლობა და ბიოგრაფია.
გოტლიბ კურტ ჰენრიხ ტოტლებენი დაიბადა ტიურინგიაში, საშუალო შეძლების არისტოკრატიულ ოჯახში. მისი დაბადების წელი უცნობია, სავარაუდოდ, იგი მეთვრამეტე საუკუნის ოციანი წლების დასაწყისში უნდა იყოს დაბადებული. 1742 წელს იგი უკვე იუსტიციის მრჩეველია საქსონიის სამეფო კარზე, მოგვიანებით კი გრაფის ტიტული მიიღო. 1743 წელს მას პირველი მეუღლე გარდაეცვალა. ამავე წელს ტოტლებენს კორუფციაში დასდეს ბრალი და საქსონიიდან სამუდამო განდევნა მიუსაჯეს.
– ამის შემდეგ სად განაგრძობს იგი ცხოვრებას?
– 1747 წელს გოტლიბ ტოტლებენი უკვე ჰოლანდიაშია და იქ პოლკოვნიკის წოდებას უომრად იღებს. ამავე პერიოდში მან შეაცდინა უმდიდრესი მემკვიდრეობის მფლობელი, 15 წლის მარია ვიქტორი. ამის გამო შეყვარებულები იძულებული გახდნენ, ჰოლანდიიდან გაქცეულიყვნენ.
ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში ტოტლებენს ნება დართეს, პრუსიაში ეცხოვრა. ამავე დროს, მეორე მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მან მარია ვიქტორზე ოფიციალურად იქორწინა, თუმცა, ეს ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა.
1755 წელს მარია ვიქტორმა განქორწინება ითხოვა. სასამართლო პროცესს თვით პრუსიის მეფე ესწრებოდა და მარიას მხარე დაიჭირა. საპასუხოდ, ტოტლებენი არ მოერიდა პრუსიის სამეფო კარის შეურაცხმყოფელად მოხსენიებას. ამ თავხედური გამოსვლის შემდეგ მას ბერლინსა და პრუსიაში ცხოვრება აუკრძალეს. სწორედ ამის შემდეგ იწყება ტოტლებენის კონტაქტები რუსეთის იმპერიის წარმომადგენლებთან. ჩვენი აზრით, რუსეთის იმპერიაში მან თავიდანვე ფარული, კონფიდენციალური დავალებების შესრულება იკისრა.
– რატომ ფიქრობთ ასე?
– ამაზე მეტყველებს თუნდაც ის უცნაური ფაქტი, რომ 1759 წელს რუსეთის არმიაში მას პირდაპირ, რამდენიმე სამხედრო წოდების გამოტოვებით, გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭეს, ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ დროისთვის მას არავითარი სამხედრო დამსახურება არ ჰქონდა და, გაუგებარია, რუსეთის სამეფო კარმა და სამხედრო უწყებამ უცნობი და ავანტიურისტი საქსონიელისადმი ასეთი წყალობა რისთვის გამოიჩინა. ტოტლებენის პირველი სამხედრო ნათლობა დაკავშირებულია ეგრეთ წოდებულ „შვიდწლიან ომთან“. შეგახსენებთ, რომ ეს ომი მიმდინარეობდა ევროპის მთავარ სახელმწიფოთა ორ კოალიციას შორის, ევროპის გავლენის სფეროებად გადასანაწილებლად. ერთ მხარეზე იბრძოდნენ: ინგლისი, პრუსია, პორტუგალია და ასე შემდეგ. მეორე მხარეს კი: ავსტრია, საფრანგეთი, რუსეთი, საქსონია და სხვა. ტოტლებენი რუს კაზაკებს მეთაურობდა. მას დავალებული ჰქონდა ბერლინის აღება. თუმცა, დიდი მცდელობის მიუხედავად, მან ეს ვერ მოახერხა. ბერლინი აიღეს მხოლოდ გენერალ-პორუჩიკ ჩერნიშევისა და ავსტრიის კორპუსის მეთაურის, გრაფ ლასის ჯარების მოშველიების შემდგომ. ამ ოპერაციაში კიდევ ერთმა უცნაურობამ იჩინა თავი.
– კერძოდ?
– ბერლინელებმა ქალაქის ჩაბარება სწორედ ტოტლებენს შესთავაზეს, რამაც ჩერნიშევისა და ლასის გაღიზიანება გამოიწვია. საინტერესოა აგრეთვე ისიც, რომ ტოტლებენის კაზაკთა რაზმში მსახურობდა შემდეგში განთქმული რუსი მოჯანყე, ემელიანე პუგაჩოვი, რომელიც, გადმოცემის თანახმად, სწორედ ტოტლებენს მიუმსგავსებია მომავალ იმპერატორ პეტრე მესამისთვის. ამ მსგავსებამ კი პუგაჩოვს ჩაუსახა აზრი, თავი იმპერატორ პეტრე მესამედ გამოეცხადებინა და მისი სახელით დიდი ბუნტი მოეწყო.
დავუბრუნდეთ კვლავ ტოტლებენს. მის სახელს კიდევ ერთი უცნაური ამბავი უკავშირდება: 1761 წლის ივნისში გოტლიბი დააკავეს და ბრალი წაუყენეს რუსეთის იმპერიის ღალატში, კერძოდ, მას ბრალი ედებოდა პრუსიის მეფე ფრიდრიხ მეორისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებაში და 1763 წელს ტოტლებენი ამ ბრალდებით გაასამართლეს. მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ, ყველას გასაოცრად, ის შეწყალებულ იქნა პირადად ეკატერინე მეორის მიერ. ტოტლებენს მთლიანად გადაუხადეს პატიმრობის პერიოდის გენერლის ხელფასი და „სამუდამოდ“ რუსეთიდან გასახლება მიუსაჯეს. სწორედ აქ იჩენს თავს აუხსნელი შემწყნარებლობა და დიდსულოვნება ეკატერინე მეორის მხრიდან. საქმე ისაა, რომ მცირე ხანში ტოტლებენი რუსეთში დაბრუნდა. თავდაპირველად ის პატარა ქალაქ პორხოვოში დასახლდა, და საარსებოდ ხაზინიდან გამოეყო თანხა: 1 მანეთი დღეში (შეგახსენებთ, რომ ერთი გირვანქა ხორცი იმ პერიოდში 5 კაპიკი ღირდა). ასე რომ, ეს არც ისე მცირე სუბსიდია იყო, როგორც დღეს შეიძლება მოგვეჩვენოს. შემდეგ ბატონი გოტლიბი ერთი წელი ყუბანში მსახურობდა, სადაც დაუნდობლად ჟლეტდა ადგილობრივ მოსახლეობას.
საოცარი და დღემდე აუხსნელი ყველაფერ ამაში ის არის, თუ რა მოტივებით ხელმძღვანელობდა ეკატერინე მეორე, როდესაც ყველაფერი აპატია და დააწინაურა კიდეც აშკარად ავანტიურისტი და უღირსი გენერალი, რომელსაც სიკვდილი ჰქონდა მისჯილი. რუსი ისტორიკოსები ამ საკითხზე გარკვეულ ლოგიკურ პასუხამდე ვერ მიდიან. ერთადერთ ახსნად ისინი ასახელებენ ტოტლებენის გერმანულ წარმოშობას, რაც არადამაჯერებელი არგუმენტია. ეკატერინე, რუსეთში გადმოსახლების შემდეგ (1745 წელი), რუსებზე უფრო დიდი შოვინისტი გახდა და ის არასდროს ხელმძღვანელობდა მხოლოდ ვისიმე წარმოშობისა და ეროვნული კუთვნილების ნიშნით. ამასთანავე, ცნობილია, რომ უკვე ასაკოვანი ტოტლებენი არასდროს ყოფილა ეკატერინე მეორის ფავორიტთა სიაში. ზოგიერთი რუსი ავტორი (მაგალითად, იულიან სემიონოვი და ალექსანდრ გორბოვსკი) იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ, ის სამხედრო პირი (თევდორე აში), ვინც ამხილა ტოტლებენის საიდუმლო მიმოწერა ფრიდრიხ მეორესთან, სწორედ ეკატერინეს მეფობისას დააპატიმრეს. მან 19 წელი გაატარა საპყრობილეში, სიცოცხლე კი სულით ავადმყოფებისთვის განკუთვნილ მონასტერში დაასრულა.
– მაშ, რატომ ენდო ეკატერინე მაინცდა-მაინც ტოტლებენს, როდესაც 1769 წელს მას გენერალ-მაიორის ტიტული უბოძა და საქართველოში მოავლინა?
– მე მეტსაც გეტყვით: საქართველოდან ტოტლებენის გაწვევის შემდეგ, უნიჭო გენერალი ჯერ ალექსანდრე ნეველის უმაღლესი სამხედრო ორდენით დააჯილდოვეს, შემდეგ კი ლიტვაში გაამწესეს. ამის შემდეგ ის პოლონეთში მიავლინეს, სადაც ებრძოდა რუსეთის იმპერიის მტერ კონფედერატებს. ტოტლებენი სწორედ იქ, ვარშავაში გარდაიცვალა 1773 წელს.
დავუბრუნდეთ ტოტლებენისადმი ეკატერინე მეორის განსაკუთრებული ნდობის საკითხს. ჩვენი აზრით, სწორია ზევით დასახელებული რუსი ავტორების გაკვრით გამოთქმული მოსაზრება, რომ ფრიდრიხ მეორესთან მიმოწერის დროს, ტოტლებენი რუსეთის სამეფო კარის ზოგიერთი წარმომადგენლის ფარულ და უაღრესად საიდუმლო დავალებას ასრულებდა. როგორც ფაქტობრივი ვითარებიდან ჩანს, ამ საქმის გახმაურება რუსეთის სამეფო კარის ამ უცნობ ჯგუფს არაფრით არ აწყობდა. ამიტომ, ჩავარდნის შემთხვევაში, ყველაფერი პირადად ტოტლებენს უნდა აეღო თავზე. გოტლიბი მართლაც, ასეც მოიქცა. ამავე დროს, ისიც გასათვალისწილებელია, რომ მის მიმოწერაში ფრიდრიხ მეორესთან არაფერი აღმოჩნდა რეალურად ღირებული და პირველხარისხოვანი – ტოტლებენი ფრიდრიხს, თურმე, მოძველებულ და არასრულ იფორმაციას აწვდიდა. თუ გავაანალიზებთ ყოველივე ზემოთ ნათქვამს, ვფიქრობ, ერთი აზრის გამოტანა შეიძლება, კერძოდ: ამ საიდუმლო საქმეში, ჩანს, თავის დროზე ეკატერინეც მონაწილეობდა, რომელიც, მართალია, ჯერ კიდევ არ იყო იმპერატორი, მაგრამ რუსეთის სამეფო კარის ინტრიგებში კარგად იყო გარკვეული და ჩართული.
შესაბამისად, რუსეთის იმპერიის მეთაურად გახდომის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც სოფია ფრედერიკამ დაახრჩობინა საკუთარი მეუღლე პეტრე მესამე, ახალი სახელით ტახტზე ასულმა ეკატერინე მეორემ დაუფასა გოტლიბ ტოტლებენს ძველი ღვაწლი. უფრო მეტიც: ეკატერინემ გადაწყვიტა, რომ ტოტლებენი სწორედ ის ფიგურა იყო, ვინც მეტად გამოადგებოდა საქართველოში კონფიდენციალური დავალებების შესრულებაში. ამიტომაც, ამაოა ისტორიკოსების მიერ ისეთი საარქივო დოკუმენტების ძებნა, სადაც ეკატერინესა და რუსეთის გეგმები საქართველოს მიმართ ღიად იქნებოდა გადმოცემულ-გაშიფრული. აშკარაა, რომ, ყველაფერი, რაც საქართველოსთვის ძირის გამოთხრასა და იქ რუსეთის დამკვიდრებას შეეხებოდა, ცბიერმა და ჭკვიანმა იმპერატრიცამ მხოლოდ ზეპირად და პირადად დაავალა ერთგულ ქვეშევრდომს, იმ პირობით, რომ, საქმის გართულების შემთხვევაში, მას, ისევე, როგორც ადრე, ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა აეღო. ამასთანავე, გულუბრყვილო ქართველების თვალში, გარკვეული ფუნქცია ტოტლებენის გერმანულ წარმოშობასაც უნდა ეთამაშა.
ეს დავალება გოტლიბმა შესანიშნავად შეასრულა, თუმცა, ზოგ რამეში იმდენად გადაამლაშა, რომ ეკატერინემ საჭიროდ ცნო მისი უკან გაწვევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალმა გენერალმა, რუსმა სუხოტინმა, ფაქტობრივად, იგივე კურსი განაგრძო.
ამგვარად, იმ პერიოდის რუსეთის მიზნებს საქართველოს მიმართ, საიდუმლო ინსტრუქციებზე მეტად სწორედ გოტლიბ კურტ ჰენრიხ ტოტლებენის ქმედებები წარმოაჩენს.